14 ნოემბერს უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მარჯვენა ნაპირზე მოულოდნელად ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა მზად არის მშვიდობისათვის, თუ ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დამყარდება. მანამდე კი უკრაინის არმია გააგრძელებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდაჟურნალისტების კითხვაზე, საით წავა ამის შემდეგ უკრაინული არმია, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "არა მოსკოვზე... ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა ქვეყნის ტერიტორიები. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამიტომ, მე არ ვიცი, თუ რომელი [ქალაქი] იქნება შემდეგი, მაგრამ - იქნება“, - აღნიშნა ხერსონში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელსაც საზეიმო შეძახილებით შეხვდა გათავისუფლებულ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა.
რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც 9 ნოემბერს რუსეთის ჯარების მიერ ქალაქ ხერსონის დატოვებისა და თავდაცვის ხაზის მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე ორგანიზების გადაწყვეტილება მიიღო, ხერსონში ვოლოდიმირ ზელენსკის ტრიუმფალური ჩასვლა უკომენტაროდ დატოვა.
„თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა“, - მხოლოდ ეს განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ვლადიმირ პუტინმა 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. მანამდე მანვე მოაწერა ხელი ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას, იქ მოსკოვის კონტროლით გამართული რეფერენდუმების საფუძველზე.
ასევე ნახეთ კრემლმა ვერ ახსნა, რა საზღვრებში მოახდინა რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია„ამ ომის ფასი მაღალია“
ხერსონში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს, რომლებმაც აიძულეს რუსეთის არმია, რომ უკუქცეულიყო ქალაქ ხერსონის მდინარის მარჯვენა სანაპიროდან, სადაც 8 თვის განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი, დაახლოებით 20-ათასიანი, სამხედრო გარნიზონი ჰყავდა.
ასევე ნახეთ რუსეთი ხერსონს ტოვებს! რა იქნება შემდეგ?„ისე უბრალოდ არავინ არაფერს მოგცემს. ამ ომის ფასი მაღალია. არიან დაჭრილები, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამიტომ [რუსი სამხედროები] კი არ გავიდნენ, არამედ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი გაიქცნენ. ჩვენმა არმიამ მტერი ალყაში მოაქცია და ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. იყო გააფთრებული ბრძოლები და სწორედ ამის შედეგად დღეს ჩვენ ხერსონის ოლქში ვართ“, - განაცხადა 14 ნოემბერს ხერსონში მოულოდნელად ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლამდე ქალაქის ადმინისტრაციული შენობების თავზე უკრაინული დროშები აფრიალდა, მუშაობას შეუდგა ასევე უკრაინული ადმინისტრაცია და ცალკეული საქალაქო სამსახური. ქალაქი და მისი დარჩენილი მოსახლეობა უბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას. თუმცა, ხერსონი, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი მარტის თვიდან იმყოფებოდა, სამხედრო თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ ითვლება ბოლომდე უსაფრთხო ქალაქად.
„კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში ფაქტობრივად ყველაფერი დანაღმულია. გზებზე გადაადგილებაც სახიფათო იყო, დატოვებული აქვთ ე.წ. რასტიაჟკები, დანაღმული ტერიტორიები. ძალიან ბევრი ნაღმი აქვთ დატოვებული. დამიჯერეთ, ხერსონის ტერიტორია, მარჯვენა სანაპიროზეა ლაპარაკი, კარგა ხანი იქნება სახიფათო, იმდენად ბევრი ნაღმია დატოვებული. სანამ გამნაღმველები კარგად [არ იმუშავებენ], არ ვიცი, ერთი და ორი დღე არ ეყოფა ამ ყველაფრის განაღმვას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, რომელიც თავის დანაყოფთან ერთად ამ დღეებში უკრაინის სარდლობის დავალებით ხერსონის ოლქში იმყოფებოდა.
ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ. სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. ხერსონში საომარი მოქმედებების ზონაში ხელისუფლების მიერ დადგენილი მუშაობის წესების დარღვევის გამო, უკრაინის ხელისუფლება მთელი ომის განმავლობაში პირველად წავიდა არაპოპულარულ ნაბიჯზე და აკრედიტაცია გააუქმა რამდენიმე დასავლურ მედიას.
ასევე ნახეთ ხერსონში მუშაობის გამო აკრედიტაცია ჩამოერთვა რამდენიმე დასავლურ მედიასგენერალურ შტაბში არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელი მედიის ჟურნალისტებს ჩამოერთვათ აკრედიტაცია.
გამოცემა "Детектор медиа" ირწმუნება, რომ აკრედიტაცია გაუუქმეს სულ ცოტა ექვს ჟურნალისტს, მათ შორის CNN-ისა და SkyNews-ის ჟურნალისტებს. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. ვითარება არც სხვა მიმართულებაზეა უკეთესი. 14 ნოემბერს ხერსონის ოლქის ქალაქ კრივოი როგში რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაიღუპა და ერთი ჩვილი დაიჭრა.
12 ნოემბერს რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა კახოვკის რაიონის დაბა გორნოსტაევს, სადაც დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მდე სახლი დაზიანდა.
რა იქნება ხერსონის შემდეგ?
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან რუსეთის ჯარების უკუქცევის შემდეგ რუსეთი ხერსონიდან გაყვანილ ძალებს დაუმატებს მობილიზებულ ქვედანაყოფებს და გააძლიერებს შეტევით ოპერაციას დონეცკის ოლქში.
„უკრაინის სამხედრო ძალები ამ რაიონში აღმოჩნდებიან მძიმე ვითარებაში და კიევს, სავარაუდოდ, მოუწევს ჯარების გადმოსროლა რუსეთის ამ ახალი შეტევითი მოქმედებისგან თავის დასაცავად. მიუხედავად ძალისხმევის გაძლიერებისა, ნაკლებად შესაძლებელია, რომ რუსეთმა მიაღწიოს მნიშვნელოვან ოპერატიულ წინსვლას. მაგრამ სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში მათ დიდი დანაკარგის ფასად დაიკავონ ქალაქი ბახმუტი“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ თავდაცვითი პოზიციების მოწყობას სამხრეთში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და შეტევას აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი: მოწინააღმდეგემ ხერსონის ოლქში გააძლიერა საჰაერო დაზვერვაუკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 4 დასახლებულ პუნქტთან.
ამ შეტევების ფონზე, როგორც ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, უკრაინის სამხედრო ძალებს შეუძლიათ შეზღუდული წარმატების მიღწევა ლუგანსკის ოლქში. მაგრამ ეს წარმატება კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ უკრაინის არმიას ამ მიმართულებაზე ხერსონიდან გამოთავისუფლებული დამატებითი ძალები დაეხმარებიან.
ყოველ შემთხვევაში, როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მომდევნო რამდენიმე თვეში საბრძოლო მოქმედებების მთლიანად შეწყვეტა ან მათი დიდი ხნით შეყოვნება ნაკლებსავარაუდოა.
ამ მოსაზრებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერიც იზიარებს.
„უკრაინის არმიას ისეთი ტემპი აქვს აღებული, რომ ამის შეჩერება არ შეიძლება. არამც და არამც! რუსულმა არმიამ შოკიდან გამოსვლა არ უნდა მოახერხოს! მე ვფიქრობ, რომ ასევე აქტიური კონტრშეტევები უნდა დაიწყოს. ეს არის ზაპოროჟიეს ოლქი, მელიტოპოლი, ვალნავახის მიმართულება. აუცილებლად უნდა დაიწყოს და მე ვიცი, რომ ეგრეც იქნება. რამდენჯერმე ჩემი პროგნოზი გამართლდა და მე ისეთი დიდი ქალაქის გათავისუფლებას ველოდები ძალიან მალე. ხალხი რომ არ ელოდება, ისეთი ქალაქის გათავისუფლებას ველოდები ძალიან მალე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ იერიშებს ხერსონის ოლქის სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით. დაზუსტებულია, რომ 13 ნოემბერს, გამთენიისას, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელ კაირის რაიონში გაანადგურეს 40-მდე რუსი სამხედრო, საბრძოლო მასალების საწყობი, 2 ერთეული ჯავშანტექნიკა და 10 სატვირთო ავტომობილი.
ხერსონის ოლქის ეს სოფელი დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც რუსეთის სარდლობის ბრძანებით, გასულ კვირაში ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან უკუქცეული რუსეთის ჯარების დაჯგუფება დაბანაკდა.