Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონში მუშაობის გამო აკრედიტაცია ჩამოერთვა რამდენიმე დასავლურ მედიას


უკრაინა, გზა ხერსონისკენ და ზეიმი ქალაქში. 13 ნოემბერი, 2022 წელი
უკრაინა, გზა ხერსონისკენ და ზეიმი ქალაქში. 13 ნოემბერი, 2022 წელი

რამდენიმე დასავლურ მედიას აკრედიტაცია გააუქმეს, უკრაინაში საომარი მოქმედების ზონაში ხელისუფლების მიერ დადგენილი მუშაობის წესების დარღვევის გამო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს.

როგორც უწყების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიის ზოგი წარმომადგენელი „არსებული აკრძალვებისა და გაფრთხილებების უგულებელყოფით“ აწარმოებდა „საინფორმაციო საქმიანობას ქალაქ ხერსონში სტაბილიზაციის ღონისძიებების დასრულებამდე“, რაც შეფასდა სამხედრო ხელისუფლების მოთხოვნების უხეშ დარღვევად. გენერალურ შტაბში არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელი მედიის ჟურნალისტებს ჩამოერთვათ აკრედიტაცია.

გამოცემა "Детектор медиа" ირწმუნება, რომ აკრედიტაცია გაუუქმეს სულ ცოტა ექვს ჟურნალისტს, მათ შორის CNN-ისა და SkyNews-ის ჟურნალისტებს. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

ამ მედიებმა გააშუქეს ხერსონში რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ ადგილობრივების და უკრაინელი სამხედროების საზეიმო შეხვედრის კადრები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

ხერსონში არა მხოლოდ უცხოური, არამედ უკრაინელი მედიის ჟურნალისტებიც მუშაობდნენ, მათ შორის ტელეკომპანიების Suspіlne-ისა და Hromadske-ის წარმომადგენლები. ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი.

XS
SM
MD
LG