„ჩვენ გვაქვს სოციალური და არა პოლიტიკური  მოთხოვნები“ -  საპროტესტო აქცია ბათუმში 

სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბათუმში რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დემონსტრანტებს ამის საშუალება არ მისცა.

პროტესტის ამ ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ შეხვდა. მთავრობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე დემონსტრანტებს მთავრობის აპარატის წარმომადგენლები დახვდნენ, რის გამოც აქტივისტებმა მოლაპარაკებების მაგიდა მალევე დატოვეს.

სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით გაერთიანებული მოქალაქეები 15 თებერვალს მეორედ შეიკრიბნენ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სოციალური ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემა აწუხებთ, გაერთიანდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოთხოვნები ერთიანად წაუყენეს.

რა კორონათი მოვმკვდარვართ და რა შიმშილით, აქვს ამას აზრი? თუ კეტავ, შენს ხალხს უნდა მიხედო. ევროპაშიც ასეაო, რომ ამბობენ, იმათ კომპენსაციას აძლევენ და არანაირი დარდი არ აქვთ...
მადონა შაინიძე

ამ აქციაში მონაწილეობდნენ რეგიონში სხვადასხვა პრობლემის მქონე მოქალაქეები. მათ შორის იყო მარინა ბერიძე, რომელიც ე. წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულთა ინტერესებს წარმოადგენს. დასახლებაში 1700-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი უკანონოდ აქვს მოწყობილი. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ამ ადგილას სოციალური საცხოვრისი აშენდება პირველ ჯერზე მხოლოდ 600-მდე ოჯახისთვის. მარინე ბერიძე ამბობს, რომ ყველა ოჯახი ითხოვს საცხოვრებლით გარანტირებულ დაკმაყოფილებას და კრიტერიუმების დადგენას:

„ჩვენი მოთხოვნაა, 1740-ვე ოჯახთან გაფორმდეს ხელშეკრულება და დავიჯერებ, რომ მართლა გააკეთებენ, რასაც მოსახლეობას ჰპირდებიან. სიტყვები არ გვინდა, სიტყვებით ბატონი ბიძინაც იყო, მაგრამ არ შესრულდა“, - ამბობს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მარინა ბერიძე.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ აგრეთვე თურქეთში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო გასული წლის მარტში დაკარგეს - მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთის საზღვარი დაიკეტა. მადონა შაინიძე ამბობს, რომ პანდემიამდე 9 წელი თურქეთში, საქართველოს საზღვართან, მაღაზიაში მუშაობდა. დილით თურქეთში მიემგზავრებოდა, საღამოს კი შინ ბრუნდებოდა. როგორც ის ამბობს, უმუშევრად დარჩენილს კომპენსაცია ერთხელ მისცეს სამასი ლარის ოდენობით. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს იმ ასეულობით თვითდასაქმებულის სახელით, რომელთა მოთხოვნაა გაიხსნას საქართველო-თურქეთის საზღვარი:

„ვიზით ვერ დავდივართ, იმიტომ რომ მაშინ ოჯახში უნდა იმუშავო და ჩვენ ქემალ ფაშას მაღაზიებში ვმუშაობთ. მთელი ზაფხული მთავრობას საზღვრის გახსნას ვთხოვდით, ახლა კი კატეგორიულად მოვითხოვთ, რადგან თურქეთი გვიხსნის. რა კორონათი მოვმკვდარვართ და რა შიმშილით, აქვს ამას აზრი? თუ კეტავ, შენს ხალხს უნდა მიხედო. ევროპაშიც ასეაო, რომ ამბობენ, იმათ კომპენსაციას აძლევენ და არანაირი დარდი არ აქვთ“, - ამბობს მადონა შაინიძე.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მცხოვრები მოქალაქეები. ისინი კუთვნილი მიწების სანაცვლოდ დაპირებულ კომპენსაციას ითხოვენ. მიწების დათმობა კირნათელებს სოფელში ჰესის მშენებლობის გამო მოუხდათ. როგორც ამბობენ, ათასობით კვადრატულ მიწის ნაკვეთებში 80-ზე მეტ ოჯახს მხოლოდ ნაწილი გადაუხადეს. კირნათელები, წელიწადზე მეტია, სახელმწიფო კომისიის შექმნას და საქმის შესწავლას სთხოვენ ადგილობრივ ხელისუფლებას. დაპირება მიიღეს, თუმცა საქმის შემსწავლელი კომისია ამ დრომდე არ არსებობს. სწორედ ამის გამო შეუერთდნენ დღეს ბათუმში საპროტესტო აქციას:

ჩვენ არ გვაინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც მათი მომავალი და ბედი. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მომავალი და სოციალური პრობლემები, რომელიც გვაწუხებს...
თამაზ ბაკურიძე

„ჰესის მშენებლობაზე მოგვატყუეს. ნაწილი ანაზღაურება მოგვცეს საკუთრებაში არსებული მიწების სანაცვლოდ, ნაწილი კი ეტაპობრივად უნდა გადაეხადათ, მაგრამ მოგვატყუეს. ახლა საქმე გაჩერებულია. სულ 211 ოჯახია. ნაწილს მთლიანად გადაუხადეს, ნაწილი კი დარჩენილი ვართ ბედის ანაბარა. ინვესტორი გადახდას არ აპირებს“, - ამბობს მუჰამედ ცინცაძე.

„ჩემს სახლთან საკარმიდამო მიწაა, რითაც ვსარგებლობდით. ჩვენც ვირჩენდით თავს და მთელ სანათესაოს ვარჩენდით. იმდენი სიმინდი, ბოსტნეული და ყველაფერი მოდიოდა, ვცხოვრობდით. ახლა არაფერი არაა. გავყურებ მიწას, ცარიელია და ვერ ვამუშავებთ, სამი წელია, - კომპანიისააო. ფული არ აქვს გადახდილი და რანაირადაა კომპანიის?“ - ამბობს ნათელა ჯიხაძე.

სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით აჭარის მთავრობის შენობასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ მათი აქცია აპოლიტიკურია. აქტივისტმა თამაზ ბაკურიძემ ამის შესახებ აქციაზე გამოსვლისას რამდენჯერმე განაცხადა და მედიის ნაწილსაც დასდო ბრალი:

„მე ვიცი, რომ მთავრობის მიერ მართული ტელევიზიები კუდს გამოაბამენ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენი აქციის მოთხოვნა არ არის პოლიტიკური. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მომავალი და სოციალური პრობლემები, რომელიც გვაწუხებს“, - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, თამაზ ბაკურიძემ.

საპროტესტო აქცია დღის ბოლოს დაიშალა. დემონსტრანტებმა აჭარის მთავრობას 10-დღიანი ვადა მისცეს. თუ მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით გაერთიანებულ აქტივისტებს არ შეხვდება, მოქალაქეები აქციის განახლებას აპირებენ.