„საქართველოს მხარეზე გადმოგვდევენ (საოკუპაციო ძალები) და უკვე ვეღარა ვრისკავთ. შეიძლება არის მომენტი, რომ გადმოიპარო, მაგრამ უკვე ისე გვეშინია, რომ... ბევრი შემთხვევები გვქონდა დაჭერისა. ვეღარა ვრისკავთ, ძალიან გვეშინია. ჯარიმებიც გაზარდეს და ეს ფულიც ჰაერზე ხომ არ მოდის?!“
დიდხანს ფიქრობდა, დალაპარაკებოდა თუ არა ჟურნალისტს. მასში შიში, გაჭირვება და აუტანელი მდგომარეობა ერთმანეთს ებრძოდა - შიში იმისა, რომ გაუგებდნენ ამ საუბარს და დარტყმის ქვეშ დააყენებდა მთელ ოჯახს, ასევე სოფელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ბოლო დროს უკიდურესად გართულებულმა მდგომარეობამ გადააწყვეტინა, რომ ელაპარაკა.
მარინა (სახელი შეცვლილია) ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევში ცხოვრობს. ეს არის შერეული სოფელი, სადაც ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობენ. სოფელში ათამდე ქართული ოჯახია დარჩენილი. სოფლის ცენტრშია განთავსებული რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა.
რუსეთის მესაზღვრეები აკონტროლებენ გზებს და იმ მავთულხლართებს და ღობეებს, რომლებიც ოკუპირებულ არცევში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაამონტაჟეს. ზემო არცევს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ესაზღვრება. არცევსა და ქვეშს შორის ბაღებსა და ვენახებში შემოვლითი გზები არსებობდა და ამ გზებით გადმოპარვას ადგილობრივები პერიოდულად ახერხებდნენ ხოლმე, თუმცა ადგილზე ვითარება გამკაცრდა და ახლა თითოეული ბუჩქის ძირას რუსეთის ჯარისკაცია. ისინი ქვეშისკენ გადაპარვის მსურველებს ხშირად აკავებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.
ბოლო დროს ჯარიმაც 2 000 რუბლიდან (80 ლარი) 20 ათას რუბლამდე (800 ლარი) გაიზარდა. ზემო არცევში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ იმ ნათესავების დახმარების იმედზე დარჩნენ, რომლებიც ტელეფონისა და ელექტროენერგიის გადასახადს ურიცხავენ.
მარინა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. სოფელში დარჩენილებს ექიმთან ვიზიტი, მედიკამენტები და პროდუქტები სჭირდებათ; ენატრებათ ნათესავები, რომლებიც მავთულხლართების მეორე მხარეს არიან დარჩენილი. ოსურ ხელისუფლებასაც მიმართეს გზის გახსნის თხოვნით, მაგრამ მათი არავის ესმის, არც საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობს მათზე. გული სწყდებათ, რომ მხოლოდ ახალგორის პრობლემები შუქდება, მაგრამ ახალგორზე უფრო რთული ვითარება ზემო არცევშია.
ახალგორელები თუ 4-5 თვე იტანჯებიან, ჩვენ, 11 წელია, ამ მდგომარეობაში ვართ, მარა ხმას ვერ ვიღებდით, გვეშინოდა, მაგრამ ახლა უკანასკნელ დონემდე ვართ, აღარ შეგვიძლია
„როგორც ახალგორი, მინდა რომ გავახმოვანოთ და ზემო არცევის საკითხიც იყოს მოლაპარაკებებში ჩართული. თუ ახალგორის გზა გაიხსნა, მაშინ ზემო არცევის გზაც გაიხსნას. ისინი (ახალგორელები) თუ 4-5 თვე იტანჯებიან, ჩვენ, 11 წელია, ამ მდგომარეობაში ვართ, მარა ხმას ვერ ვიღებდით, იმიტომ რომ გვეშინოდა, მაგრამ ახლა უკანასკნელ დონემდე ვართ, აღარ შეგვიძლია. შვილები გვყავს, შვილიშვილები გვყავს და, ფაქტიურად, ვერა ვხედავთ. ტელეფონში ზოგს ძმა, ზოგს მშობელი, ზოგს შვილი გვირიცხავს. შუქის გადასახადებსაც ნათესაობა გვირიცხავს. ერთმანეთის ნახვაც ხომ გვინდა, არა? ჩვენა საერთოდ არა ვჩანვართ ჰორიზონტზე, ცხინვალის რეგიონის სოფელი ზემო არცევი, რომელიც 11 წლის განმავლობაში... აღარც ვიცი, როგორ ვთქვა... ახალგაზრდობაც აღარ არის აქ. შვილები, შვილიშვილები იქით (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე) გვყავს და გვენატრებიან“.
მარინა გვეუბნება, სოფელში ორი მეათეკლასელი მოსწავლეა, მოზარდები ქვეშის სკოლაში გადასვლას შემოვლითი გზებით იშვიათად ახერხებენო. 15 იანვრის შემდეგ ისინი სკოლაში აღარ წასულან, შემოვლით გზებს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკონტროლებენ, მშობლებს კი ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინიათ. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ არცეველი მოსწავლეები მეორე სემესტრში ქვეშის სკოლაში აღარ მისულან.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართულ სკოლაში გადაპარული მოსწავლეები. ახალი სკოლა ქვეშშიმარინას თქმით, იზოლაციის გამო სოფელში ადამიანები ისე იღუპებიან, რომ ექიმთან წასვლასაც ვერ ახერხებენ: „ავად რომ გავხდებით, ვერც იქით მივდივართ და ვერც აქეთ და თუ გავიპარეთ და დაგვიჭირეს, იმდენი გვიჯდება, რომ ექიმის ფული აღარ გვყოფნის. ასე ბევრი დაგვეღუპა. ახალგაზრდა გოგო დაგვეღუპა სიმსივნით. თბილისში გაწერეს, მაგრამ ვერ გავიდა. შიშით ვერ გავიდა. დარჩა, დარჩა და დაიღუპა ორი შვილის დედა. ბევრნი დაიღუპნენ ეგეთები, ვინც ვერ გავიდა. ცხინვალიც ძალიან შორს არის. საბუთიანებიც (დე ფაქტო პასპორტის მქონეები) კი ვერ ახერხებენ ხოლმე გადასვლას. ერთ-ერთს გული აწუხებდა და ვერ იმკურნალა, გადადი-გადმოდი და არც საშუალება ჰქონდა და დაიღუპა. გორი კიდევ ერთ ნაბიჯზე გვაქვს. აქვე, ქვეშთან ვართ და ერთი კანაო გვყოფს. კვირაში ერთი ან ორი დღე მაინც გაგვიხსნან გზა“.
ოკუპირებული არცევის მოქალაქეებმა ცხინვალის ხელისუფლებასაც მიმართეს და ახალგორისა და ზარდიაანთკარის მსგავსი რეჟიმის ამოქმედებისკენ მოუწოდეს. ახალგორში გამშვები პუნქტია და, დიდი პრობლემების მიუხედავად, ბოლო დროს პენსიონერებს მაინც მისცეს გადაადგილების უფლება. ზარდიაანთკარში კი ერთ-ერთ ღობეზე ჭიშკარია ჩაყენებული, რომელიც ზარდიაანთკარში მცხოვრები ეთნიკური ოსებისთვის იხსნება ხოლმე და ისინი საშვების მეშვეობით ცხინვალისკენ და უკან გადაადგილებას ახერხებენ, ზემოარცეველებს კი ურჩევენ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან და იმ შეღავათებით ისარგებლონ, რაც დე ფაქტო მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული. მარინა ამბობს, რომ სოფელში სოციალურად ყველას ერთნაირად უჭირს, მაგრამ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისი მხოლოდ ადგილობრივ ოსებს ეხმარება.
გვეუბნებიან, მოიტანეთ პასპორტი და საქართველოზე წერილობით უარი თქვითო და შეიძლება საბუთი მოგეცეთო. ვაიმე, რა ვქნა? მეცა და აქა ვინც ვართ ქართველები, ვერ ვიძახით საქართველოზე უარს, სიტყვითაც ვერ ვიტყვი და რა ვქნა?
„არ უნდათ, ჩვენთან ლაპარაკიც კი არ უნდათ. შერეული სოფელია და ოსებსაც, ვინც მთავრობაშია, ლაპარაკი არ უნდათ. იმის გაგებაც არ უნდათ, როგორ გვიჭირს. არ გვეხმარება ჩვენი მთავრობა, რომ ცხინვალში წამოგვყვეს და სიტყვა შეგვაწიოს. თვითონ აქვთ საბუთები და თუნდაც ლარსზე წავლენ. საქართველოში მკურნალობენ და ზღვაზე ისვენებენ. და ჩვენ რომ გავაკეთოთ საბუთი, 200 ათასი (რუბლი) ჯდება და არა გვაქვს საშუალება. საქართველოს მოქალაქეები ვართ. ახლა გვეუბნებიან, მოიტანეთ პასპორტი და საქართველოზე წერილობით უარი თქვითო და შეიძლება საბუთი მოგეცეთო. ვაიმე, რა ვქნა? მეცა და აქა ვინც ვართ ქართველები, ვერ ვიძახით საქართველოზე უარს, სიტყვითაც ვერ ვიტყვი და რა ვქნა? როგორცა ვარ, ვიყო ასე. შეიძლება მაგათ უსწორდებათ, ბოდიში ამ სიტყვაზე, რომ უარი გვათქმევინონ საქართველოზე და მათი პრინციპის საკითხი იყოს, მაგრამ ამის სიამოვნებას არ მივანიჭებ“.
ზემო არცევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლიდან წლამდე ბაღ-ბოსტნებში მოწეული მოსავლითა და მათი რეალიზაციით არსებობენ, მაგრამ საკვების გარდა მათ უამრავი რამ სჭირდებათ. მარინას აზრით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ ზემო არცევის ჰუმანიტარული კრიზისისა და იზოლაციაში მოქცეული საქართველოს მოქალაქეების შესახებ სასწრაფოდ დაიწყოს გადამჭრელი ზომების ამოქმედება და არცევის საკითხი მოლაპარაკების პროცესშიც ჩართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკუპირებულ სოფელში მალე საქართველოს მოქალაქე საერთოდ აღარ დარჩება.