შიდა ქართლი - COVID-19-ის სამი შემთხვევა ბოლო ორ დღეში

ბოლო ორ დღეში შიდა ქართლში ახალი სახეობის კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში დაფიქსირდა. 32 წლის მამაკაცი, რომელიც 12 აპრილს სამსახურში გამოცხადდა, იქიდან კი კლინიკური ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა და საპატრიარქოს გარე პერიმეტრს იცავდა. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა საპატრიარქომ.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის, ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ წევრებს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდათ შეხება, კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შესასვლელს აკონტროლებდა და მას შენობის შიდა ნაწილთან შეხება არ ჰქონია.

ზოგადად, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს, ჩაუტარდა კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ინფიცირებულ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა, არ ჰქონდა“, - წერს ჯაღმაიძე.

სოფელ ხოვლეში, სადაც კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ხდება ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა...
გიორგი ხოჯევანიშვილი

როგორც ხოვლეს მცხოვრებნი აცხადებენ, დაცვის თანამშრომელი სამსახურში სოფლიდან სხვა პირებთან ერთად ერთი მანქანით დადიოდა. 14 აპრილს სოფელში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ჩავიდნენ. შეხვდნენ ინფიცირებულის ოჯახის წევრებს და ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანებს. მათი ნიმუშები უკვე გაიგზავნა ლაბორატორიაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონალური ხელმძღვანელი, ეკა ქორჩაშვილი, სხვა ეპიდემიოლოგებთან ერთად ხოვლეში ჩავიდა. მისი თქმით, სოფელში ვითარებას სწავლობენ.

სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის შესასვლელთან იყო, როცა სოფელ ხოვლეს ამბავი შეიტყო. მისი თქმით, კასპის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად ჩავიდნენ.

„სოფელ ხოვლეში, სადაც კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ხდება ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა და არსებული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ასევე ნახეთ დახურული ბაზრები და თვითდასაქმებულთა მდგომარეობა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური, მეორე დღეა, ჩაკეტილია. სოფლის შესასვლელ-გასასვლელებს პოლიციელები იცავენ და ადგილობრივ მოსახლეობას მითითება აქვს მიცემული, რომ თვითიზოლაციის პირობები მკაცრად დაიცვან და, თუ აუცილებელი არ არის, სახლიდან გარეთ არ გავიდნენ.

გომის თემის სოფელ ხიდისყურში, სადაც 21 ოჯახი ცხოვრობს, არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ხიდისყურელები პროდუქტების საყიდლად სოფელ გომის მაღაზიებში დადიოდნენ. ახლა იმ მაღაზიებში, სადაც ინფიცირებულები პროდუქტებს ყიდულობდნენ, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

ასევე ნახეთ ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა 

ხიდისყურში COVID-19 ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 12 აპრილს დადასტურდა. ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ოჯახთან ერთად ხიდისყურში აგარაკზე იმყოფებოდა. ის თარჯიმანია და ხშირი შეხება ჰქონდა უცხოელებთან. მეორე ქალი კი, რომელსაც ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირება 13 აპრილს დაუდასტურდა, ამ ქალის ნათესავი და მეზობელია. ამ ორი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საპოლიციო ძალებით სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება.

ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. მოგვიანებით გაირკვევა, ისეთივე რეჟიმი გამოცხადდება თუ არა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში.