შვილებზე მეოცნებე ქალებს სახელმწიფო ვერ ხედავს

მეორე ცდაზეც რომ უარყოფითი პასუხი მივიღე, ძალიან ცუდად გავხდი. ერთი შანსი მქონდა დარჩენილი და არ ვიცოდი, რა იქნებოდა

რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ დახურულ ფეისბუკჯგუფში, რომელსაც 10 ათასამდე წევრი ჰყავს, დავპოსტე - სტატიის მომზადებას ვფიქრობ უშვილობასთან ბრძოლის ხარჯებზე და თუკი დალაპარაკების სურვილი გექნებათ, იქნებ მომწეროთ-მეთქი.

არ მახსოვს თემა, რომელზეც აქამდე მიმუშავია და რომელსაც ასეთი ინტერესი გამოეწვიოს. გზავნილები რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდებოდა. ათობით ქალი, ზოგი ორი წინადადებით, ზოგიც უფრო ვრცლად, მიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, ემოციებს, იმედგაცრუებას, შიშს, მოლოდინს, იმედს. ზოგს ანონიმურად სურდა ლაპარაკი, ზოგი, პირიქით, ამბობდა, რომ პრობლემებზე, რომლებსაც ამ გრძელ გზაზე აწყდებიან, ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ.

ასე მომწერა იამაც - მოვალ, კამერის წინაც ვილაპარაკებ, არაფერი გვაქვს დასამალიო.

ია ლომსაძე 42 წლისაა. ექვსი წელია უნაყოფობას ებრძვის.

ია, რომელიც დარწმუნებულია, რომ აუცილებლად გააჩენს შვილს

იმ საღამოს სტუდიაში ია ქმართან ერთად მოვიდა. ქურთუკი და ჩანთა კამერის მიღმა დარჩენილ ქმარს გადააბარა. მათ ყველა მოძრაობაში, ერთმანეთის გვერდით დგომა იკითხება.

36 წლის იყო, რომ დაქორწინდნენ. ექვსი თვის თავზე, როცა ორსულობა არ დადგა, ექიმს მიაკითხეს. იმ დღიდან დაიწყო წყვილის ექვსწლიანი ბრძოლა, რომელიც დღესაც გრძელდება.

ამ ექვს წელს ია ორ ნაწილად ყოფს. პირველი სამი წელი, როდესაც ბუნებრივი გზით ცდილობდა დაორსულებას და მეორე სამი წელი, ფაზა, რომელშიც ახლა იმყოფება და შვილის გაჩენას ინ ვიტრო განაყოფიერებით ცდილობს:

„ექვსი უშედეგო მცდელობა მქონდა. არ დაგვიტოვებია არცერთი გინეკოლოგი, ექიმი, ექიმბაში, ტაძრები, მოლოცვა. სად აღარ ვიყავით, ყველა გვეუბნებოდა, რომ არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ იყო არც ჩემთან, არც ჩემს მეუღლესთან. სამი წელი რომ გავიდა და 39 წლის გავხდი, გადავწყვიტე, რომ მიგვემართა ინ ვიტრო პროცედურისთვის. პირველ სამ წელში იმდენი თანხა დაიხარჯა და ისე ტყუილად, თავიდანვე რომ ერჩიათ ჩვენთვის ინ ვიტრო განაყოფიერება, იქნებ აქამდე შედეგიც დამდგარიყო“, - სინანულით მეუბნება ია, რომელმაც 3 წელიწადში ათეულობით ათასი ლარი დახარჯა.

ხელოვნური განაყოფიერება, ანუ ინ ვიტრო განაყოფიერება, უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, ხოლო მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა სამ ძირითად ფაზას მოიცავს:

  • საკვერცხეების სტიმულაცია;
  • ფოლიკულებიდან საკვერცხეების გამოტანა და კულტივაცია;
  • ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ერთი სრული პროცესი - კვლევებიდან დაწყებული, მომზადებითა და ემბრიონის გადატანით დამთავრებული, 12 ათასიდან 18 ათას ლარამდე ჯდება.

„მხოლოდ ბარათით 65 ათას ლარამდე გადავიხადეთ. ნაღდი ანგარიშსწორებები, დამატებით კიდევ 10 ათას ლარზე მეტია. რა თქმა უნდა, კრედიტის გარეშე ამას ვერ მოვახერხებდით. ამას გარდა, გავყიდეთ რამდენიმე ძვირფასი ნივთიც“, - ამბობს ია, რომელსაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროცედურებს კერძო დაზღვევა არ უფინანსებს, არადა, წლებია სამსახურშიც დაზღვეულია და მეუღლის კორპორაციული პაკეტიც აქვს:

„მათგან ხელის შეშლის მეტი არაფერი მინახავს… არ უნდა დაგცდეს, რომ ინ ვიტრო პაციენტი ხარ. ამ დროს კუჭი რომ გეტკინოთ, იმასაც ამ პროცესს დაუკავშირებენ და არ დაგიფინანსებენ. ამას ემოციების გარეშე ვერ ვამბობ, არაერთგზის მიჩხუბია, მიკამათია, მაგრამ შედეგი ნული“.

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესს განსაკუთრებით აძვირებს იმ ინიექციების ღირებულება, რომელიც მომზადების პროცესში კეთდება. თითო ინიექცია 500-დან 1500 ლარამდე ღირს და 7-დან 10 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად კეთდება.

ასეთია ინ ვიტრო განაყოფიერების სრული ღირებულება:

  • წყვილის კვლევები - 1500-2000 ლარი;
  • საკვერცხეების სტიმულაცია, მათ შორის, მედიკამენტები, ვიტამინები - 4000 ლარი;
  • პუნქცია (სხეულის რაიმე ღრუს გაჩხვლეტა სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მიზნით) - 2500-3500 ლარი;
  • კულტივაცია - ემბრიონის გაყინვა - 1500 ლარი;
  • ემბრიონის გადატანა 2000-2500 ლარი;

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესს აძვირებს კვლევები, მათ შორის, ემბრიონის გენეტიკური კვლევა.

იმ შემთხვევაში, თუკი წყვილს დონორი (კვერცხუჯრედის, სპერმის) ესაჭიროება, ხარჯი კიდევ უფრო ძვირდება.

ქალები, რომლებიც უშვილობით იტანჯებიან, არა მარტო მტკივნეულ ფიზიკურ, არამედ მძიმე ფსიქოემოციურ გზასაც გადიან.

„პირველი და მეორე ცდა რომ უშედეგო აღმოჩნდა, მართლა აღარაფერი მინდოდა ცხოვრებაში. წარმოუდგენლად დიდი ტკივილია, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ყოველთვის ჩემს გვერდითაა, მაინც ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ, შეიძლება უცნაურ რამეს ვამბობ, მაგრამ თითქოს მივეჩვიე. ჯგუფებში გოგოები წერენ ხოლმე, მორჩა, აღარ ვცდი, აღარ მაქვს ამის ძალა. ეს მდგომარეობა ძალიან რთულია მენტალურად, აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ უიმედობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. ვიღაცას შეიძლება არ სჯერა, რომ შვილი მეყოლება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შვილი აუცილებლად მეყოლება და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ“, - მეუბნება ია.

იკის რებეკა

იკისა და რებეკასთან გორში ჩავედით. იკი ქოთოლაშვილი 42 წლისაა, მისი რებეკა - 2-ის.

მუქ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი, დიდთვალება რებეკა, კარში გვეგებება, დანახვისთანავე გვიმეგობრდება. ისეთი გულუხვია, საკუთარ სათამაშოებსაც გვითმობს და დიალოგიც ეწყობა.

მშობლები რებეკას ხუთი წელი ელოდნენ.

„არ მახსოვს ღამე, რომ არ მეტიროს. მივიდოდი ხან ერთ ექიმთან, ხან მეორესთან. მერე ვიღაც რაღაცას მირჩევდა, ჩემი ახლობელი აქ მივიდა, იქნებ ისიც სცადოო. შევიცვალე უამრავი ექიმი, უშედეგო მკურნალობის უამრავი გზა. უშვილობასთან ბრძოლა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ყველაფერს ეჭიდები, ყველა ხავსს, შარლატანებთანაც კი დადიხარ“, - მიყვება იკი.

34 წლის იყო, რომ იქორწინა. ექიმთან წასვლა გარშემომყოფების „გადამეტებულმა ინტერესმა“ გადააწყვეტინა: „არ დასრულდა ხალხის კითხვები, აბა, რას შვრები? არ ხარ ორსულად? არ მიხვედი ექიმთან?“

წლები გავიდა, სანამ იკიმ და მისმა მეუღლემ ინ ვიტრო განაყოფიერება გადაწყვიტეს. პროცედურისთვის მზადება, შემდეგ ემბრიონის გადატანა - მისი ოჯახისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთი იყო. იმ პერიოდში იკი 200-ლარიან სამსახურში მუშაობდა. მაღალი ხელფასი არც მის ქმარს ჰქონდა.

„10 ათასი ლარი მაინც უნდა გქონდეს, რომ ემბრიონის მხოლოდ ერთი გადატანისთვის მოემზადო. თან არც იცი, გამოგივა თუ არა“.

კვლევები, მედიკამენტები იმდენად ძვირი იყო, რომ იკის და მის ქმარს, ერთი მხრივ, კრედიტის აღება მოუწიათ, მეორე მხრივ, საქველმოქმედო ფონდის დახმარება, რომლის არსებობა შემთხვევით გაიგო - გოგოებმა უთხრეს ფეისბუკში. ფინანსურად სხვა ქალებიც დაუდგნენ გვერდში.

„პირველი ინ ვიტრო რომ გავიკეთე და წარუმატებელი აღმოჩნდა, ვიფიქრე, არა უშავს, კიდევ მყავს ორი ემბრიონი-მეთქი. მეორე ცდაზეც რომ უარყოფითი პასუხი მივიღე, ძალიან ცუდად გავხდი. ერთი შანსი მქონდა დარჩენილი და არ ვიცოდი, რა იქნებოდა“, - იკი ლაპარაკს წყვეტს, ცდილობს ცრემლები გადაყლაპოს.

მესამე ცდაზე, როცა რებეკაზე ორსულობა დადასტურდა, იკი შეშინდა:

„ხო უნდა გამხარებოდა, არა? მაგრამ შემეშინდა და არ ვიცი, რისი. ვიჯექი და ვტიროდი. მერე გამახსენდა ჩემი მეგობრები, ვინც ამ გზას გადიან, მათ როგორ უნდა ვუთხრა-მეთქი“...

შვილისთვის ხუთწლიანი ბრძოლის პროცესში იკი შფოთვით აშლილობამდე მივიდა, პანიკური შეტევები დაეწყო, ინ ვიტრო განაყოფიერების პირველ ცდაზე ექიმს ისიც კი უთხრა, ვეღარ შევძლებ გაგრძელებასო. იკი დღემდე სვამს წამლებს.

„მთელი ეს პროცესი იმდენად რთულია ემოციურად, რომ არც მინდა ხოლმე ვთქვა, სხვა ქალები რომ არ შევაშინო, მაგრამ ხალხმა ხომ უნდა გაიაზროს, რა გზას გადიან ქალები. გოგოები წერენ ხოლმე, ხმას არ ვიღებთ, არ გავდივართ გარეთ და არ ვსაუბრობთო. მთელი ამ ბრძოლით იმდენად დაღლილი ხარ, ვერ გახვალ გარეთ, პარლამენტის წინ ვერ დადგები და ვერ დაიწყებ ყვირილს, დაგვიფინანსეთ მკურნალობა. არ შეგიძლია, ვერ მოაბამ თავს“.

სხვადასხვა მონაცემით, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად პირველი ბავშვი, ლუიზ ბრაუნი, 1978 წლის 25 ივლისს, დიდ ბრიტანეთში დაიბადა. ლუიზი ახლა 45 წლისაა და ბრისტოლში, ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. შვილები მან ბუნებრივი გზით გააჩინა.
2019 წელს, გამოცემა El Pais-ისთან საუბრისას, მან თქვა: „ჩემი დაბადებიდან 41 წლის შემდეგაც კი, ამ თემას კვლავ ტაბუ ადევს. უამრავი ადამიანია, რომლებიც ცდილობენ, დამალონ, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების გზას ადგანან. ეს ძალიან რთული გზაა და მათ დახმარება სჭირდებათ“.
2024 წლის მონაცემებით, ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მსოფლიოში 8 მილიონი ბავშვია დაბადებული. წელიწადში, საშუალოდ 2,5 მილიონი ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ტარდება, რასაც საშუალოდ 500 ათასი ბავშვის დაბადება მოსდევს.

ათვალიერებ საწოვარებს, სამოსს, მაგრამ გეშინია, ყიდვას ვერ ბედავ

30 წლის სოფოსთან* შეხვედრა მეორე დილისთვის დავთქვი. შევთანხმდით, რომ ინტერვიუს ანონიმურად ჩავწერდი. წინასწარ განვიხილეთ საუბრის დეტალები.

მოგვიანებით კი მომწერა: „ბოდიში, პირისპირ სალაპარაკოდ, მგონი, არ ვარ მზად. იმ თვეში მიწევს ინ ვიტროს გაკეთება, სამი წელი მამზადებდნენ... თუ შენთვის მისაღებია, წერილობით მოგწერ. პირადად შეიძლება ამეტიროს“.

კითხვებზე პასუხები სოფოსგან მალევე მივიღე. ქალის ემოციური მდგომარეობა ყველა წინადადებაში იკითხება:

„შესაძლოა, ექიმის რიგში იდგე, ექოსკოპიის კაბინეტიდან კი მუცლად მყოფი ბავშვის გულის ფეთქვის ხმა გაიგო, ამ დროს ცრემლები გდის და საკუთარ თავს ეკითხები, გაიგებ კი ოდესმე შენი შვილის გულის ფეთქვის ხმას შენც? ყოველთვის გეპარება თვალი ორსულისკენ, ახალშობილისკენ.

ათვალიერებ ბავშვების პაწია წინდებს, საწოვარებს, სამოსს, მაგრამ ყიდვას ვერ ბედავ, გეშინია, რომ მას შენ ვერ გამოიყენებ... შენს დიაგნოზს ფონად სულ ის შეგრძნება გასდევს, რომ რაღაცაში საკმარისი არ აღმოჩნდი“.

რატომ წავიდა ნადია თურქეთში

31 წლის ნადია ქარდავა რამდენიმე თვეა ქმარ-შვილთან ერთად იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ნადია ინგლისური ენის პედაგოგია და ახლა უკვე იტალიაში ასწავლის.

ნადია შვიდი წელი ებრძოდა უშვილობას. დღეს მას ორი შვილი ჰყავს. უფროსი გოგო სტამბოლში დაიბადა ინ ვიტრო განაყოფიერებით. მეორე შვილი მალევე, ბუნებრივი გზით გაუჩნდა.

ნადია და მისი ქმარი 20 წლისები იყვნენ, რომ დაქორწინდნენ. გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ შვილი მაშინვე გაეჩინათ. თუმცა, ერთი წლის თავზე, ორსულობა კვლავ რომ არ დადგა, ექიმთან წავიდნენ:

„ორივე ვიყავით ჯანმრთელები. ექვსი თვე ვიმკურნალეთ მედიკამენტებით, გავიდა კიდე ერთი წელი და ისევ არ დადგა ფეხმძიმობა. დავიწყე ახალი ექიმის და კლინიკის მოძიება და ასე გავიდა შვიდი წელი“.

შვიდწლიანი მკურნალობის თავზე, როცა წყვილს ექიმებმა ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება ურჩიეს, ნადიამ ბანკიდან სესხი გამოიტანა, ფული დედამთილმაც დაუმატა და სტამბოლში წავიდა.

„[საქართველოში] იმდენი კლინიკა და იმდენი ცნობილი ექიმი მოვიარეთ, რომ ისევ იმავე წრეზე ვეღარ წავიდოდი. ჩემი დედამთილი ემიგრაციაშია, რომელიც არ იშურებდა ფინანსებს, ოღონდ შვილი გაგვეჩინა. წარმოიდგინეთ, კლინიკიდან კლინიკაში ერთი და იმავე ანალიზს სულ თავიდან რომ იწყებ და ეს ციკლი არ მთავრდება წლების განმავლობაში. კვლევები კი იმდენად ძვირია, ძალიან ცოტასთვის თუ იქნება ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეზობელ ქვეყნებში კლინიკების შესწავლა და არჩევანი თურქეთზე შევაჩერეთ“.

ნადიას პირველივე ჯერზე გაუმართლა.

შვილი, რომელსაც ნათია 12 წელია ელის

უკვე ორი წელია, რაც აჭარის ჯანმრთელობის სამინისტრო უშვილო წყვილებს სამედიცინო სერვისებს - დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უფინანსებს. წყვილებს ერთჯერადად 10 000-ლარიან ვაუჩერს აძლევენ. ეს ერთადერთი ასეთი სახელმწიფო პროგრამაა საქართველოში.

გასულ, 2023 წელს, ამ პროგრამაზე 700 000 ლარი დაიხარჯა, 2022-ში კი ვაუჩერი 89 წყვილს მისცეს.

„აჭარაში უკვე რამდენიმე ასეული ბავშვია დაბადებული საპილოტე პროგრამის დახმარებით. თავად ვარ ამ პროცესის მონაწილე“, - მეუბნება ქართულ-გერმანული კლინიკის ხელმძღვანელი, ემბრიოლოგი ნინო მუსერიძე.

34 წლის ნათია სანიკიძე, რომელიც 12 წელია ებრძვის უნაყოფობას, ბათუმში ცხოვრობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ვაუჩერი გასულ წელს სთხოვა, თუმცა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და დაფინანსებაზე უარი მიიღო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წყვილებს ვაუჩერს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს, თუკი ისინი აჭარაში არიან რეგისტრირებულნი, სულ მცირე ერთი წელია გასული, რაც ქორწინება გააფორმეს, არიან სოციალურად დაუცველები, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

პროგრამის მიღმა დარჩენილმა ნათიამ ხელოვნური განაყოფიერებისთვის მზადება, ამ ეტაპზე, შეწყვეტა:

ნათია სანიკიძე

„წინა ინ ვიტრო განაყოფიერების მცდელობისთვის აღებული ბანკის ვალიც კი არ დამიფარავს ჯერ. ჩემი და ჩემი ქმრის ნამუშევარი, ყველაფერი, ამ საქმეზე მიდის. სიმართლე გითხრათ, გული რომ არ ამიცრუვდეს, არ ვითვლი, რა თანხა დავხარჯეთ ამ წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, ბინის ფასი გვაქვს გადახდილი, აღარაფერს ვამბობ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე“, - მომწერა ნათიამ.

კიდევ ერთი ამბავი, უფრო ზუსტად კი დარდი, რაზეც უნაყოფობასთან ბრძოლაში ჩართული ქალები ლაპარაკობენ, სამსახურში შექმნილი სირთულეებია. ამის შესახებ მწერდა ყოველი მეორე ქალი.

როდესაც ქალი ხელოვნური განაყოფიერების პროცესისთვის ემზადება, თითქმის ყოველდღე უწევს ექიმთან სიარული, რაც დასაქმებული ქალებისთვის დამატებითი თავსატეხია.

„დავჯდებოდი მანქანაზე, გავვარდებოდი კლინიკაში, მერე იქიდან, ისევ თავქუდმოგლეჯილი ვბრუნდებოდი სამსახურში, სულ მეგონა, რომ ერთ დღესაც რაღაცას შევასკდებოდი ამ სიჩქარეში, დავიმტვრეოდი და ამით დავასრულებდი ბრძოლას… ძალიან ძნელია სამსახურიდან გამოსვლა. არცერთ დამსაქმებელს არ სიამოვნებს, როდესაც თანამშრომელი ხშირად გადის სამსახურიდან. ამიტომ მიწევდა გაცდენილი დროის ანაზღაურებაც, ან ხელფასი უნდა ჩამოეჭრათ“, - მიყვება მაკა*, რომელსაც ინ ვიტრო განაყოფიერებით 4 თვის წინ ტყუპი ბიჭი შეეძინა. მან ანონიმურად დარჩენა არჩია.

რას ამბობს სახელმწიფო?

ყველა ქალი, რომელსაც ველაპარაკე, ამბობს, რომ მათთვის, როგორც უშვილობასთან მებრძოლებისთვის, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, უკიდურესად მნიშვნელოვანია:

„თუკი მოხდება სასწაული და სახელმწიფო დაგვეხმარება, თუნდაც იმ დოზით, როგორც ეხმარება ონკოპაციენტებს, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, ჩვენც თუ დაგვიფინანსებს თუნდაც ნაწილობრივ, დიდი შვება იქნება.

არ ვიცი, ამას მოასწრებენ თუ არა ჩემს შემთხვევაში, შეიძლება მე დავასწრო და უკვე მყავდეს შვილი, მაგრამ რამდენი წყვილი დგას ჩემს უკან. მე მხოლოდ ჩემი სახელით არ ვლაპარაკობ“, - მეუბნება ია ლომსაძე.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზაზა ლომინაძემ თქვა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი, როგორც დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილი, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს:

„ეს დაამტკიცებს ჩვენს ზრუნვას ოჯახების და ქვეყნის მომავალზე“, - თქვა მან.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ თემაზე სასაუბროდ რესპონდენტის შერჩევა ვთხოვე, ბევრ საკითხთან ერთად ყველაზე მეტად იმის დაზუსტება მინდოდა, ხომ არ გეგმავს სახელმწიფო და თუ კი, როდის - რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მათ შორის, დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების დაფინანსებას?

რამდენიმე დღის თავზე, როდესაც არავინ გამომეხმაურა, ჯანდაცვის სამინისტროს ისევ მივმართე.

„უახლოეს პერიოდში არაფერი იგეგმება“ და, შესაბამისად, სათქმელიც არაფერია - ზეპირად განმიმარტეს პრესსამსახურში.

არადა, ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დირექტორი, მეუბნება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დარგის სპეციალისტებთან ამ საკითხზე კონსულტაციებს გადიან:

ნინო მუსერიძე

„ითვლება, რომ 2025 წლიდან ეს პროგრამა უნდა დაიწყოს. როდესაც მონახაზი გაკეთდა, საუბარი იყო კვლევების დაფინანსებაზე, შესაძლოა, საუბარი იყოს სრულ დაფინანსებაზეც. სადაზღვევო კომპანიებთანაც მქონდა ამ თემაზე ლაპარაკი. განა რამდენი ადამიანი ჰყავთ დაზღვეული კორპორატიული დაზღვევით, მათ შორის კი რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებსაც ამ ტიპის პრობლემა აქვთ? წარმოიდგინეთ, რამდენად კონკურენტუნარიანი ხდები, როდესაც ამ შეთავაზებას დებ შენს პაკეტში“.

დღეს არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო კომპანიები ინ ვიტრო განაყოფიერების არცერთ საფეხურს, მათ შორის, არც მედიკამენტების საფასურს არ ანაზღაურებენ. არადა, ხელოვნური განაყოფიერების პროცესში, ძალიან ძვირი ჯდება სწორედ ის წამლები, რომლებიც ამ ციკლის წარმატებით დასრულებაში ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ასრულებენ.

„რამდენჯერ ავსულვარ ასე, გორის ტრასაზე. დავხვედრივარ თურქეთიდან მომავალ ავტობუსს, რომ შედარებით იაფად მეყიდა წამალი. ამ დროს კი არ მქონია გარანტია, რომ წამალი ისე იყო ჩემამდე ჩამოტანილი, როგორც მისი შენახვის პირობებს შეესაბამებოდა“, - მიყვება იკი ქოთოლაშვილი.

„ინ ვიტრო განაყოფიერება არ არის ის პროცედურა, რომ მივედი, გავიკეთე, გამოვიდა ყველაფერი და წამოვედი. შესაძლოა ქალს რამდენიმე პროცედურა დასჭირდეს, ამიტომ დაფინანსება ყოველთვის ყველასთვის საჭიროა. ჩვენმა კლინიკამ მოვახერხეთ, რომ პაციენტებს ვუფინანსებთ მედიკამენტების 50%-ს, რატომ არ შეუძლია ეს გააკეთოს სახელმწიფო პროგრამამ?“, - ამბობს ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული კლინიკის ხელმძღვანელი.

მისი ინიციატივით და ქართულ-გერმანული კლინიკის ბაზაზე, 2019 წელს შეიქმნა ფონდი „შენთვის“. ეს არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი ფონდი, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, უშვილო წყვილებს, რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით, სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს.

ხუთი წლის განმავლობაში, ფონდის თანადაფინანსებით, 800-მდე ბავშვი დაიბადა:

„თანხებს გვირიცხავენ ფარმაცევტული კომპანიები, ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გააჩინეს შვილები, ჩვენი კლინიკის თანამშრომლები. პროცესს ძირითადად 50%-ით ვაფინანსებთ, თუმცა, გვყავს რამდენიმე ათეული პაციენტი სრული დაფინანსებითაც“, - მეუბნება ნინო მუსერიძე.

რას ამბობს საერთაშორისო გამოცდილება

მაგალითად, საფრანგეთში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკურნალობას და მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერებას, სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

რევაზ ბოჭორიშვილი, საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი, კარგად იცნობს არა მხოლოდ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების დაფინანსების თვალსაზრისით:

რევაზ ბოჭორიშვილი

„საფრანგეთი ინ ვიტრო განაყოფიერებას 100%-ით აფინანსებს როგორც სახელმწიფოს ბაზაზე არსებულ კლინიკებში, ისე კერძო კლინიკებში. კერძო კლინიკებს ხანდახან უფრო მეტი ხარჯი აქვთ, ამიტომ, თუკი ლიმიტი გადაცდება სახელმწიფო პროგრამის ხარჯს, მას უკვე, როგორც წესი, კერძო დაზღვევა აფინანსებს“.

საფრანგეთში სრულად ფინანსდება ინ ვიტრო განაყოფიერების 4 მცდელობა, 43 წლის ასაკის ჩათვლით ქალებისთვის.

2022 წლიდან ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის ჩატარების უფლება ჰომოსექსუალ (ქალები) წყვილებსა და მარტოხელა დედებსაც მისცეს. ამიტომ, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურების მომლოდინეთა რიცხვმა საფრანგეთში მნიშვნელოვნად იმატა:

„ხშირად, წყვილები, ან ქალები, რომლებსაც არ სურთ ერთწლიან რიგში დგომა, სხვა ევროპულ ქვეყნებში მიდიან, თუმცა იქაც საფრანგეთის ნაწილობრივი დაფინანსებით, მათ შორის, ბელგიაში“, - მეუბნება რევაზ ბოჭორიშვილი.

ბელგიაში კიდევ უფრო ლიბერალური სისტემაა და იქ 50 წლამდე შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების პროგრამით სარგებლობა. ეს მიმართულება კარგადაა განვითარებული ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველ მეექვსე ადამიანს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, WHO აცხადებს, რომ აუცილებელია, გაიზარდოს უნაყოფობის მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების პროცედურებზე.

„როდის გამოქვეყნდება სტატია? - მომწერა რამდენიმე დღის წინ იამ, - იმდენი ქალი ელოდება, იმდენი, იქნებ გაიგოს ვინმემ ჩვენი ხმა“...