"შვებულება არ გექნებათ" - საპარლამენტო ბრძოლა თავდაცვის ახალი კოდექსისთვის

ქართული ჯარი

„გირჩის“ დეპუტატები „თავდაცვის კოდექსის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალ მოდელს კვლავ „მონობის დაკანონებად“ თვლიან.

ყველა, ვისაც „მონობა არ მოსწონს“, „გირჩმა“ 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, მორიგ აქციაზე დაიბარა. შეკრების მთავარი მოთხოვნა იყო - არ დამტკიცდეს ახალი „თავდაცვის კოდექსი“. აქციაზე შეკრებილებმა ხელი მოაწერეს პეტიციას - პრეზიდენტს მათ წინსწრებით მოუწოდეს ვეტო დაადოს კანონპროექტს.

ხმაურიანი დაპირისპირების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ ამ დრომდე ვერ შეძლო თავდაცვის კოდექსის მეორე მოსმენით დამტკიცება. ამაში „გირჩს“ ოპოზიციონერი კოლეგებიც ეხმარებიან.

„მინდა, რომ ასჯერ მეტი იყოთ აქ. ჩვენ პროფანაციას და ტყუილს ვაპროტესტებთ... იმას კი არ ვაპროტესტებთ, რომ „ვიშკაზე“ [გუშაგად] დადგომა არ გვინდა. ეს „ვიშკა“ მაგალითია უბრალოდ იმის, რომ სიცრუეში ვცხოვრობთ და ამ სიცრუეში ცხოვრება არ გვინდა“, - მიმართა მიტინგის მონაწილეებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მიტინგზეც გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება“ თავდაცვის კოდექსს, არჩევნებისთვის ახალგაზრდებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებს: „ბიჭებს ეტყვიან - შემოხაზე 41, თორემ ჯარში წაგიყვანთ!“.

აქციაზე შეკრებილებმა, „გირჩის“ ლიდერების მოწოდებით, პრეზიდენტისთვის განკუთვნილ პეტიციას ხელი იმ მოლოდინით მოაწერეს, რომ [მანდატების რაოდენობის გათვალისწინებით] „ქართული ოცნება“, ადრე თუ გვიან, მაინც შეძლებს თავდაცვის კოდექსის დამტკიცებას.

სადავო „თავდაცვის კოდექსს“, აპრილის შემდეგ, პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაუბრუნდა. გაიმართა საკომიტეტო და საპარლამენტო სხდომები - თუმცა 5 ივლისის ხმაურიანი სხდომა ჩაიშალა - კვორუმი ვერ შედგა.

4 ივლისს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თითქმის მთელი დღის განმავლობაში იდგა ტრიბუნაზე და ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილო კომენტარებსა და შეკითხვებს ისმენდა.

გიორგაძე თვლის, რომ ახალი კოდექსი საფუძველს დაუდებს „უმნიშვნელოვანეს რეფორმას“, რომელიც სამხედრო სამსახურს „თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს“ გახდის და შექმნის „თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს“.

„შედეგად ჩვენ მივიღებთ ტოტალური თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე მეტ მომზადებულ ადამიანს, რაც თავისთავად გააძლიერებს თავდაცვისუნარიანობას“, - თავდაცვის სამინისტროს ამ პოზიციას „გირჩი“ კატეგორიულად არ იზიარებს. პარტიის დეპუტატებისთვის წარმოუდგენელია, რა უნდა ჯარში იძულებით წასულ, არამოტივირებულ ახალგაზრდას, რომელსაც ბოლოს მაინც „მხოლოდ ვიშკაზე“ მოუწევს დგომა და არც ქვეყანას გამოადგება, როგორც ჯარისკაცი.

დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი „სუიციდის რისკებზე“ ლაპარაკობს, რასაც თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგის მომსახურებაზე მითითებით პასუხობს.

გაზაფხულის შემდეგ, კოდექსის პროექტის ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევიდა:

  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება, თავიდან განსაზღვრული 10 ათასი ლარის ნაცვლად [ამჟამად 2000 ლარია - 18 თვით გადავადებისათვის]
  • გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებსაც სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება ექნებათ. ამ წრეში შედიან, მაგალითად - თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა თუ სახელმწიფო დაცვის სამსახურების თანამშრომლები. ცვლილება შეეხებათ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორ-პროკურორად დასაქმებულ პირებს.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სრულიად გაუგებარია - რატომ უნდა შეეძლოთ თავდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება მაშინ, როდესაც სწორედ ამ ჯგუფის პასუხისმგებლობაა ქვეყნის თავდაცვა.

  • ახალი თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ, „გირჩის" „ბიბლიური თავისუფლება”​ ვეღარ შეძლებს ათასობით ახალგაზრდის ჯარიდან დახსნას. მღვდელმსახურებს ალტერნატიული სამსახურის მოხდის ვალდებულება ეკისრებათ.

ასევე, „თავდაცვის კოდექსის“ თანახმად:

  • სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.
  • წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი.
  • სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის იქნება 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებსა და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე.
  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება: სამუშაო ადგილი, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; ანაზღაურება საჯარო დაწესებულებაში.
  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის იქმნება გამწვევი კომისია. მის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. გამწვევი კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს, სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ამ თემაზე დეპუტატების სკეპტიკურ შეკითხვებსა და კომენტარებს მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ გამწვევი კომისია კომპეტენტური, პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტდება.

თავდაცვის კოდექსი, მის თანმდევ 40-ზე მეტ კანონთან ერთად, დამტკიცების შემთხვევაში, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება მორიგი რიგგარეშე სხდომა და როდის უყრიან კენჭს პროექტების პაკეტს, მეორე მოსმენით.

5 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა.

„გირჩელი“ დეპუტატები შეთანხმებული იყვნენ სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომ - 5 ივლისს, სხდომაზე რეგისტრაცია არ გაევლოთ.

შესაბამისად, „გირჩის“ ლიდერებმა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში დასდეს ბრალი ზოგიერთ ოპოზიციონერ დეპუტატს და განსაკუთრებით - ენმ-ის ყოფილ წარმომადგენელს, როსტომ ჩხეიძეს - რომელიც, მათი თქმით, არათუ მხოლოდ საკუთარი, არამედ - სხვა დეპუტატების [ნიკა მაჭუტაძის, თაკო ჩარკვიანის, გუბაზ სანიკიძის] სახელითაც ცდილობდა რეგისტრაციის გავლას.

მამუკა მდინარაძე 5 ივლისს დაემუქრა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მშვიდი შვებულება არ ეღირსებათ, რადგან მათ შეიძლება სხდომაზე ნებისმიერ დროს დაუძახონ, როცა „ფრანკოფონიის ღონისძიებები დასრულდება“ და „უმრავლესობის დეპუტატები უცხოეთიდან დაბრუნდებიან“.

„იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა“, - თქვა მდინარაძემ.

„გირჩი“ დანებებას არ აპირებს და მხარდამჭერებს პირობას აძლევს, რომ, პარლამენტში თუ მის კედლებს მიღმა, ბოლომდე იბრძოლებს კოდექსის მიღების წინააღმდეგ.