Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 000 არიდება: თავდაცვის რეფორმა მიზანში იღებს „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას


საილუსტრაციო ფოტო: ქართველი ჯარისკაცები. 2020 წ.
საილუსტრაციო ფოტო: ქართველი ჯარისკაცები. 2020 წ.

მთავრობა აანონსებს თავდაცვის ახალ კოდექსს, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ემუქრება „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას.

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს. მისივე თქმით, თავდაცვის რეფორმა 2025 წლიდან შევა ძალაში და საერთო ჯამში, 80 მილიონი ლარი დაჯდება.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ“, - თქვა მან მთავრობის სხდომაზე.

თავდაცვის ახალი კოდექსით, რომელზეც მთავრობა რამდენიმე წელია მუშაობს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.

წვევამდელებს აღარ მოუწევთ ჯარის მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც, ძირითადად ყარაულებად მუშაობდნენ, ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე.

სამივე უწყებაში - თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში და პენიტენციურ სამსახურში - ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ხელფასი არ აღემატება 52 ლარს.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, პენიტენციური სამსახურის N17 განყოფილებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფთა ანაზღაურება მხოლოდ 5 ლარი იყო.

სამხედრო სამსახურის ვადა მცირდება მინიმუმ 6-თვემდე, ასევე იქნება 8 და 11 თვიანი ალტერნატივაც. სამხედრო სამსახური სრულდება რიგითის წოდებით.

ახალი კოდექსი მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს სტუდენტებისთვის. ის, ვინც 23 წლამდე გადაწყვეტს უნივერსიტეტში სწავლისას გაიაროს სამხედრო სამსახური, წელიწადში ერთთვიან ინტენსიურ წვრთნას გაივლის, ოთხი წლის მანძილზე. მათ რეზერვის რიგითი სამხედროს წოდება მიენიჭებათ.

„10 წლის შემდეგ, როცა სრულად ამოქმედდება ეს პროგრამა (ალბათ მანამდეც), მინიმუმ 100 ათას კაციანი რეზერვი გვეყოლება“, - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერი კიდევ ერთხელ დაემუქრა „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარში წასვლის გადავადების პირობებს, მათ შორის, მღვდელთმსახურებას. ეს გამონაკლისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებზე იყო გათვლილი, თუმცა კანონი კონფესიას არ აკონკრეტებს. „გირჩის“ წევრებმა 2017 წელს რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დაარეგისტრირეს და მღვდელთმსახურის მოწმობების გაცემა დაიწყეს.

„ეს იყო პრივილეგია მართლმადიდებელი მღვდელმსახურების. ჩვენ ავიღეთ და დიდი რაოდენობით ადამიანებზე გავავრცელეთ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ვახტანგ მეგრელიშვილი, „გირჩიდან“. „თუ პრივილეგიას ჩახსნიან, ბუნებრივია, ყველა ორგანიზაციის მღვდელმსახურს მოუწევს ჯარში წასვლა. ეს შეეძლოთ პირველივე დღეს გაეკეთებინათ, როცა ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ“.

„ბიბლიური თავისუფლებას“ წლებია, მწვავედ აკრიტიკებს როგორც ხელისუფლება, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესია.

ორგანიზაციას „სიმახინჯე“ უწოდა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ. მხოლოდ წელს, მისი მეშვეობით, 10 ათასმა ადამიანმა აარიდა ლეგალურად თავი სამხედრო სამსახურს. საერთო ჯამში კი, „ბიბლიურმა თავისუფლებამ“, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი გაათავისუფლა ჯარისგან.

„ეს არ არის არც ლოგიკური, არც კანონიერი და არც სამართლიანი. არ შეიძლება, რომ ასეთი საშუალება დავტოვოთ ჩვენ ქვეყანაში, ეს პირდაპირპროპორციულად აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებას“, - თქვა მან.

12 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა „ბიბლიურ თავისუფლებას“ უწოდა „მავნებლური, უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ“. მისივე თქმით, ეს იყო ფიქციური, ვითომ რელიგიური ორგანიზაცია.

„ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე“, - თქვა მან და თქვა, რომ საკანონმდებლო ხვრელი აღმოფხვრება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებულია.

„ეს არის სეკულარიზმის პრინციპის ძალიან უხეში დარღვევა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ედუარდ მარიკაშვილი, იურისტი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე.

„საკითხები, რაც კანონმდებლობის მიღებას და სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრას ეხება, თანხმდება რელიგიურ ორგანიზაციასთან, ამ შემთხვევაში საპატრიარქოსთან. ეს არის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა და იმის აღიარება, რომ დღეს ხელისუფლება ხელმძღვანელობს რელიგიური ორგანიზაციების დღის წესრიგით“, - ამბობს მარიკაშვილი.

საპატრიარქოში რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხეს.

კონკრეტულად რა ფორმით შეიზღუდება „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც ახალ კოდექსს პარლამენტში წარადგენენ. თავდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს „უახლოეს მომავალში“ მოხდება. უწყება ამავეს ამბობდა რეფორმაზე 2021 წელსაც.

მღვდელმსახურების, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლის ამოღება სურდა დეპუტატ ირაკლი სესიაშვილსაც. ამავე ინიციატივით, გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას შეეხებოდა. თუმცა პარლამენტშიც და მის გარეთაც მწვავე კრიტიკის გამო, კანონპროექტის განხილვა თავად სესიაშვილმა შეაჩერა 2019 წელს.

„მე მგონი, საერთოდ აღარ იქნება სასულიერო პირების გათავისუფლება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დამფუძნებელი, გიორგი ანდრიაძე. „ჩვენ კი არა, შეეხება აბსოლუტურად ყველას“.

გიორგი ანდრიაძემ 2019 წელს „გირჩის“ საპირწონედ, მართლმადიდებელი ეკლესია დაარეგისტრირა.

განცხადებები იმაზე, რომ იგეგმება რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის აკრძალვა ან შეზღუდვა, უფლებადამცველებს უჩენს განცდას, რომ სახელმწიფო შეეცდება რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციის „შინაარსობრივ რეგულაციას“ - დეფინიციების შეტანას კანონმდებლობაში.

„იმისთვის, რომ თქვა, რომ რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია არ არის რელიგია, ან არ მუშაობს რელიგიის საკითხებზე, ჯერ უნდა შეაფასო შინაარსობრივად“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი და ამატებს: „სახელმწიფოს კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერები არ აქვს. და ამის შემოტანა ნიშნავს რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციების შინაარსში შესვლას და განსაზღვრავს მათ არსს, იმისთვის, რომ იქიდან ვიღაცები გამორიცხო. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს რელიგიის თავისუფლების მიმართ“.

შეიძლება თუ არა კანონით განისაზღვროს კონკრეტული ტრადიციული, ყველაზე ცნობილი და დიდი კონფესიები, რომელთაც მსახურებსაც არ შეეხება ჯარში გაწვევა? მარიკაშვილის მტკიცებით, ეს იქნებოდა „ცალსახა დისკრიმინაცია და რელიგიის თავისუფლების დარღვევა“.

„რელიგია იმდენად სუბიექტური თემაა, რომ შეუძლებელია სახელმწიფომ ისინი განასხვავოს. რწმენაზეა საუბარი და იმაზე, შენი რწმენიდან გამომდინარე როგორ უყურებ შენ გარშემო არსებულ მოვლენებს. ისტორიითა და ტრადიციებით რელიგიის განსხვავება არის ძალიან სახიფათო“, - ამბობს ის.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG