Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი" სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან „დახსნილ ადამიანებს" მიმართავს


პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი
პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმად, ახალგაზრდები „სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას, „გირჩი" განცხადებით გამოეხმაურა.

პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ მხოლოდ ის ვერ შეძლებს „ბიბლიური თავისუფლების" დაცვას და მოუწოდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან „დახსნილ ადამიანებს", ღიად გამოხატონ პოზიცია და დაიცვან „ერთხელ მოპოვებული თავისუფლება".

„ჩვენ წლებია ვებრძვით მონობას. მონობა ადამიანის ღირსებისათვის შეურაცხმყოფელია. ჯარისკაცობის იძულება (სავალდებულო გაწვევა) მონობაა.

ჯარში ის ადამიანები უნდა მსახურობდნენ, ვისაც სურს ქვეყნის დაცვა პროფესიად გაიხადოს. ხოლო პროფესია დაფასებულია, როდესაც ის ნებაყოფლობითი და მაღალანაზღაურებადია.

დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენ ოფისში მოდის, ხელს აწერს პეტიციას სავალდებულო ჯარის გაუქმების თაობაზე. 7000-ზე მეტი ასეთი პეტიცია გვაქვს დაგროვებული.

ამ თემაზე ჩვენ ველაპარაკებით პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს.

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შინაარსი კი იმაშია, რომ მთავრობას არ სურს ადამიანებს ხელფასი უხადოს და სურს იძულებით ამუშაოს ჯარისკაცებად. ამას პატრიოტიზმთან, ქრისტიანობასთან ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაგვეცვა ადამიანები სავალდებულო მონობისგან (უკვე დავეხმარეთ 50 ათასზე მეტ ადამიანს) და სანაცვლოდ მივიღეთ, ამომრჩევლის გულისწყრომა, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა და ლანძღვა, რამაც შესაძლებელი გახადა პრემიერ-მინისტრის ასეთი ტიპის განცხადება და ინიციატივა.

მიგვაჩნია, რომ მარტო „გირჩს" არ შეუძლია დაიცვას „ბიბლიური თავისუფლება“ იმ პირობებში, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა და ეკლესია ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ მოვუწოდებთ ათიათასობით მონობისგან დახსნილ ადამიანს ღიად გამოხატოს თავისი პოზიცია და ჩვენთან ერთად დაიცვას ერთხელ მოპოვებული თავისუფლება", - ვკითხულობთ „გირჩის" განცხადებაში.

საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეიცვლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" ვეღარ შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე დღეს, 12 დეკემბერს, ისაუბრა.

2017 წელს პარტია "გირჩმა" დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება". ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რომლებსაც არ უნდოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა.

მოქმედი კანონი ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.

XS
SM
MD
LG