მანამდე, ნორვეგიული გამოცემა VG 15 აგვისტოს იტყობინებოდა, რომ ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა სტიან იენსენმა ერთ-ერთ შესაძლო სცენარად განიხილა უკრაინის ტერიტორიების დათმობა, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ.
მეორე დღეს იმავე VG-სთან ინტერვიუში, იენსენმა ნათქვამს შეცდომა უწოდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
მწვავე დისკუსიები კვლავ გრძელდება. ექსპერტთა წრეებში არ სჯერათ, რომ აპარატის უფროსი განცხადებას ზემდგომებთან შეუთანხმებლად გააკეთებდა.
რას ცვლის შეცდომის აღიარება?
„ჩემი განცხადება იყო უკრაინის მომავლის შესაძლო სცენარებთან დაკავშირებული უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი და მე ასე არ უნდა მეთქვა. ეს იყო შეცდომა“, - უთხრა სტიან იენსენმა 16 აგვისტოს VG-ს, მას შემდეგ, რაც ამავე გაზეთის მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას უმწვავესი დისკუსიები მოჰყვა და დღემდეც გრძელდება.
ასევე ნახეთ კიევმა მკაცრად უპასუხა ტერიტორიული დათმობის შესახებ ნატოს გენმდივნის აპარატის უფროსის ნათქვამს„მე ხაზი გავუსვი, რომ თუკი მივალთ წერტილამდე, როცა მოლაპარაკებების დაწყება გახდება შესაძლებელი, აბსოლუტურად ცენტრალური საკითხი იქნება საბრძოლო სიტუაცია, ვინ რა ტერიტორიას აკონტროლებს და აუცილებლად ექნება გადამწყვეტი ზეგავლენა იმაზე, თუ როგორი იქნება ამ ომის შესაძლო შედეგი. სწორედ ამ მიზეზით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი უკრაინელების მხარდაჭერა, მათთვის საჭირო საშუალებებით“, - განმარტავს იენსენი და ამატებს, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას აუცილებლად დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ხოლო ნატო დაინტერესებულია, ომი აღარ განმეორდეს.
ამჯერად მას უკრაინის ნატოში გაწევრიანების პირობები და შესაძლებლობები აღარ დაუკონკრეტებია.
რა ითქვა მანამდე?
„ვფიქრობ, საკითხის გადაწყვეტა შეიძლება იყოს ის, რომ უკრაინამ უარი თქვას თავის ტერიტორიებზე და სამაგიეროდ, მიიღოს ნატოს წევრობა... მე არ ვამბობ, რომ ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს საკითხის გადაწყვეტა“, - VG-ის თანახმად, ეს იენსენის სიტყვებია, წარმოთქმული 15 აგვისტოს, არენდალის კონფერენციაზე დისკუსიისას.
თვლის თუ არა თავად ნატო, რომ უკრაინამ უნდა დათმოს თავისი მიწა რუსეთთან მშვიდობის დასამყარებლად და ნატოს მომავალი წევრობისთვის? იმავე VG-ის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, იენსენმა განაცხადა, რომ „ომის შემდეგ [უკრაინის] შესაძლო სტატუსის [ნატოს წევრობა] განხილვა უკვე მიმდინარეობს, ხოლო რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის საკითხს სხვები წამოსწევენ“.
საკითხის ამგვარ განმარტებას ჟრიამული მოჰყვა რუსულ სოციალურ ქსელებში. "ნატო უკრაინის მიწებს თმობს", "დახმარებაზე უარს ამბობს", - იენსენის სიტყვები ასეთი ინტერპრეტაციით გაავრცელეს.
- ნატოს მაღალჩინოსნის სიტყვებს „საინტერესო იდეა“ უწოდა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა და ახალი ულტიმატუმიც წამოაყენა - რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, უკრაინას კიევის დათმობა და დედაქალაქის ლვოვში გადატანა მოუწევს.
ასევე ნახეთ თეთრი სახლი უარყოფს ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მოლაპარაკება მიმდინარეობდეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, მისი ტერიტორიების ნაწილის რუსეთისთვის დათმობის სანაცვლოდ. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 16 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა.
სტიან იენსენის ნათქვამს უკრაინა სახიფათოდ მიიჩნევს თავად ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ თუკი უკრაინა ტერიტორიებს რაიმე მიზეზით დათმობს, ეს უკვე ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას; გამარჯვებული რუსეთი კი ახალი ძალებით მოემზადება ომისთვის.
„რუსეთი იქცევა ცოფიან ძაღლად, რომელიც ყველას ეცემა. ეს არის უტოპიური სცენარი კატასტროფული შედეგებით... არ შეიძლება იმ ადამიანის [პუტინის] სახის შენარჩუნებაზე იფიქრო, რომელმაც გაანულა თქვენივე წესები “, - თქვა პოდოლიაკმა 16 აგვისტოს Delfi-ს ეთერში.
საზოგადოების გამოცდა?
ნატოს მაღალჩინოსნის ხმაურიან გამონათქვამებს ნიადაგის მოსინჯვის მცდელობად მიიჩნევს აშშ-ში მცხოვრები პოლიტოლოგი რამის იუნუსი. უკრაინულ იუთუბ-არხზე ის ურჩევს კიევს, რომ იენსენი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს.
„აპარატის უფროსი ნატოს გენერალური მდივნის მარჯვენა ხელია და თანამდებობრივად მის მოადგილეზე მაღლა დგას. აპარატის უფროსმა იცის, ვინ შედის და გამოდის გენმდივნის კაბინეტიდან, რა საკითხებია მთავარი, დღის წესრიგს განსაზღვრავს...ასე უბრალოდ არ წამოროშავდა და თუ წამოროშა, მაშინ ასეთი იდიოტი რატომ არის თანამდებობაზე?! შეუძლებელია... ესე იგი, ეს ზონდირებაა, საზოგადოებრივი აზრის გამოცდის მცდელობა“, - პოლიტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ იენსენის თანამდებობიდან გათავისუფლება დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რათა მსგავსი რამის თქმა სხვამ ვეღარ გაბედოს.
უკვე 17 აგვისტოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ის და უკრაინის პრეზიდენტი მუდმივ კავშირზე არიან ნატოს გენერალურ მდივანთან და მისი პოზიცია უცვლელია - „უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება".
- რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას უკრაინა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ["მშვიდობის ფორმულა"] ფარგლებში ხედავს.
- ეს გეგმა უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებას გულისხმობს, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.