უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "სრულიად მიუღებელი" უწოდა გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარს.
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არაერთმა მედიასაშუალებამ, ნორვეგიულ გამოცემა VG-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე დაყრდნობით, ნატოს გენერალური მდივნის აპარატის უფროსის, სტიან იენსენის განცხადება გაავრცელა. იენსენის აზრით, როგორც VG წერს, ომის დასრულების ერთ-ერთი ეტაპი შეიძლება იყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის უარი თავისი ტერიტორიის ნაწილზე.
ამის შესახებ, როგორც VG წერს, იენსენმა არენდალში განაცხადა დებატების დროს. თავად ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, როგორც ნორვეგიული გამოცემა აღნიშნავს, არაერთხელ თქვა, რომ ოკუპაციის დასრულების შესახებ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს.
"ყოველთვის ვთვლიდი, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით. ნატოს ოფიციალური პირების მონაწილეობა იმ ნარატივის ფორმირებაში, რომ უკრაინამ შეიძლება, დათმოს თავისი ტერიტორიები, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად რუსეთს აძლევს ხელს", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო თავის ფეისბუკის გვერდზე.
- უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ("მშვიდობის ფორმულა“) თანახმად, მოსკოვთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის, მათ შორის ანექსირებული ყირიმის, დაბრუნების და ყველა ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ.
- რუსეთმა უარი თქვა "მშვიდობის ფორმულის" გარშემო მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე.