ზარი ცხინვალიდან
მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხიდან ბიძას დაუკავშირდა და უამბო, რომ დე ფაქტო პარლამენტი ამნისტიის შესახებ დადგენილებას ამზადებს და ეს პროცესი მასაც შეეხება.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის მამუკა ჩხიკვაძის შეწყალების შესახებ ინფორმაცია პირველად აპრილში გავრცელდა- თითქოს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მის შეწყალებას სააღდგომოდ აპირებდა, თუმცა პროცესი მაისისთვის გადაიდო და ჩხიკვაძეს ციხეშიც ურჩიეს, რომ ამნისტიის გამოცემას დალოდებოდა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი ამნისტიის აქტის განხილვას მარტის თვიდან დაუბრუნდა და მის გამოცემას 9 მაისისთვის, ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავზე აპირებს.
რადიო თავისუფლებას მამუკა ჩხიკვაძის ბიძა შმაგი ჭანკვეტაძე ესაუბრა, რომელსაც ერგნეთის შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ინფორმაციის დადასტურებას ოფიციალური არხებით ელოდებიან.
„მქონდა კონტაქტი. მამუკაც დამიკავშირდა და ხელისუფლებიდანაც. დაახლოებით 9 მაისისთვის ელოდებიან იქ ამნისტიას. მამუკამ მე მითხრა, რომ დავინტერესდი და ადმინისტრაციას ვკითხეო, რამდენი დამრჩაო (სასჯელი) და იმათ ეგონათო, რომ რაღაცის დაწერას (შეწყალების თხოვნა) ვაპირებდიო და მითხრეს, არაფერი დაწეროო, დაახლოებით 9 მაისისთვის ველოდებით ამნისტიასო. მე ხელისუფლებიდანაც ეს დამიდასტურეს, მითხრეს, მსგავსი ინფორმაცია გვაქვს ჩვენც, მაგრამ სანამ ევროკავშირი არ დაგვიდასტურებსო (ცხელი ხაზით), ცხინვალს არ ვენდობითო“.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა. შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზეც იმსჯელეს.
ასევე ნახეთ IPRM-ის მრავალსაათიანი შეხვედრა ერგნეთში - თბილისი ჭვრინისის ინციდენტის მონაწილეების დასჯას მოითხოვსპოზიტიური სიგნალი ცხინვალიდან
შეხვედრის დასრულების შემდეგ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების თვალსაზრისით პოზიტიური სიგნალი აქვთ, თუმცა დეტალებს არ გაამხელს.
„გაჟღერდა გარკვეული სიგნალები, რაც შესაძლებელია რომ განვითარდეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მე ოჯახებს გავუზიარებ ინფორმაციას, თუმცა, ვიდრე ყველაფერი არ იქნება გაზიარებული ურთიერთობის არსებული არხების მეშვეობით, მანამდე ვერ გავამხელ ვერცერთ დეტალს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
რადიო თავისუფლების მიერ დასმულ კითხვაზე - იგეგმება თუ არა მამუკა ჩხიკვაძის ახლო მომავალში გათავისუფლება, ანთაძემ არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია.
„ძალიან ბევრი ხმა მუსირებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე ყველაფერი არ დადასტურდება კომუნიკაციების ოფიციალური არხებით, მანამდე ამაზე შეფასების გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, - თქვა ირაკლი ანთაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ციხის უკანონო პატიმრის ბიძა, შმაგი ჭანკვეტაძე რადიო თავისუფლებას იმასაც ეუბნება, რომ წითელი ჯვრის დახმარებით ნათესავები ცხინვალში იმყოფებოდნენ და იქ მამუკა მოინახულეს, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო.
ასევე ნახეთ ლევან მაჩაბელი თავისუფალია, მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის ციხეში ნათესავები შეახვედრესამნისტიის და შეწყალების აქტები ოკუპირებულ ცხინვალში
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას 2017 წლის შემდეგ ამნისტია არ გამოუცია. 2021 წელს იყო მცდელობა, რომ დადგენილება მიეღოთ, თუმცა ის მაშინ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის მომხრე უმრავლესობამ ჩააგდო, რადგან ოპოზიცია ციხეში მყოფი, ხელისუფლების ოპონენტის, გიორგი კაბისოვის გათავისუფლებას მოითხოვდა.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი ზაზა გახელაძეს გამოუტანეს. მას თავისუფლება 12 წლით და 6 თვით აღუკვეთეს. გახელაძეს ბრალად ედებოდა ე. წ. საზღვრის დარღვევა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. თუმცა გახელაძე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ამ პრაქტიკას დე ფაქტო პრეზიდენტები საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლადაც მიმართავდნენ.
პატიმრობის პირობები ცხინვალში, დაკავების იზოლატორი სარდაფში
ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში პატიმრები აუტანელ პირობებში იმყოფებიან, ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ღიად საუბრობენ. მაგალითად, წინასწარი დაკავების იზოლატორი განთავსებულია სარდაფში და ადამიანები იქ თვეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იმყოფებიან, მხოლოდ სასამართლოს მიერ ე.წ. სასჯელის განსაზღვრის შემდეგ გადაჰყავთ ისინი ციხეში, სადაც მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ერთად იხდიან სასჯელს.
„ისინი ამნისტიით რომ გამოუშვან, გარკვეულწილად იქნებოდა კომპანსაცია იმ არაჰუმანური, მძიმე გარემოსთვის, რომელშიც იმყოფებიან საშიში დანაშაულის ჩამდენებთან ერთად. უნდა დატოვონ ისინი, ვინც სასჯელს ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის იხდის, მკვლელობისთვის და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ სხვების გამოშვება შეიძლება“, - განაცხადა ფატიმა მარგიევამ, ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა.
როგორ უმძიმებენ ე.წ. დანაშაულს საქართველოს მოქალაქეებს?
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ძირითადად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ. ე.წ. სასჯელის დამძიმების მიზნით მათ მოგვიანებით ნარკოტიკების გადატანის ბრალდებასაც უყენებენ ხოლმე.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი ჯარისკაცი მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან.
14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
დე ფაქტო სასამართლოს ვერდიქტი
მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში, ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ჩხიკვაძის ცხინვალელმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ჩხიკვაძე წელიწად-ნახევარია უკვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება, იქაური კანონმდებლობით პატიმრობის 2 დღე, 3 დღედ ითვლება, ამიტომ გამოდის, რომ ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.
მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის გასამართლებული.
მამუკა ჩხიკვაძის ნათესავები ოკუპირებული ცხინვალიდან ამნისტიის გამოცემის შესახებ ახალ ამბავს ელოდებიან.
ასევე ნახეთ ვინ, სად, როდის - საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები