ბათუმის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს დააკმაყოფილა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი, რომელიც სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვდა. სასტუმრო „ველმონდი“ მანამდე “ლეოგრანდის”სახელით მუშაობდა. სახელის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასული წლის შემოდგომაზე ხანძრის შედეგად შენობაში 11 ადამიანი დაიღუპა, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან კი სასტუმროს მენეჯმენტმა რებრენდინგი გამოაცხადა და სახელი შეიცვალა. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროს შენობაში ისევ რჩება ძველი პრობლემები, დაკავშირებული სახანძრო უსაფრთხოებასთან.
Your browser doesn’t support HTML5
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ სამსახურისსპეციალისტებმამიმდინარე წელს სასტუმროსა და სამორინე „ველმონდში“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) სახანძრო უსაფრთხოება სამჯერ შეამოწმეს, რის შემდეგაც გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულდა:
„ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას შენობაში და ეს არის ყველაზე კრიტიკული მომენტი, რადგან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სწორედ აღნიშნული სისტემების არარსებობამ ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა განაპირობა და დღეს სასტუმროში არსებული ინფრასტრუქტურა და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, სპეციალისტების შეფასებით, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი ადამიანებს არ დაუტოვებს უსაფრთხო ევაკუაციის საშუალებას“.
მიშა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ სასტუმრო „ველმონდი“ რამდენჯერმე გააფრთხილეს, შემდეგ კი 200 ლარით დააჯარიმეს კიდეც, თუმცა სასტუმროს მენეჯმენტმა შენობაში სახანძრო უსაფრთხოების გამოსწორებისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქმიანობის განმავლობაში პირველად, სასამართლოში უჩივლა დაწესებულებას და ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვა:
„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, რომ ისინი იყვნენ დაცულები. ბოლო სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ხანძრების რაოდენობა, ასევე გაზრდილია ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ჩვენ ყველა ეტაპი შენობის ადმინისტრაციასთან უკვე გავიარეთ, გავეცით რეკომენდაცია, დამატებით შევამოწმეთ, კიდევ გავეცით რეკომენდაცია და პრობლემის მოსაგვარებლად მივეცით ვადები, მესამე შემოწმების დროს კი დავაჯარიმეთ. ამ ყველაფრის შემდეგ კი, როცა არ ხდება პრობლემის მოგვარება, გადავდგით ნაბიჯი, რომ სასამართლოს გადაეწყვიტა, რამდენად რელევანტურია არსებობდეს ასეთი შენობა ბათუმში“.
ჩვენთვის მიმართვა მოულოდნელი იყო, ვინაიდან სისტემატურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და მათთვის ცნობილია, რა გაკეთდა და რა არის დასასრულებელი წლის ბოლომდე გაწერილ ვადებზე...კახაბერ წერეთელი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასტუმროს საქმიანობის შეჩერების შესახებ არ ეთანხმება სასტუმრო „ველმონდის“ მენეჯმენტი და სააპელაციო სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს. სასტუმრო „ველმონდის“ ადვოკატის, კახაბერ წერეთლის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ისე მიიღო რომ, მოპასუხე მხარის არგუმენტები არც კი მოისმინა. მისივე თქმით, მითითებების დიდი ნაწილი, რომელიც სასტუმროს მენეჯმენტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მისცა, შესრულებულია. დარჩენილია სამუშაოების მხოლოდ 20%, რომელიც, შეთანხმებისამებრ, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს:
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მიმდინარე წლის 2 აპრილს გაფორმდა დოკუმენტი, სადაც გაიწერა 41 შესასრულებელი მითითება. ამ რეკომენდაციების ნახევარზე მეტი შესრულებულია. ყველა რეკომენდაციას აქვს თავისი შესრულების ვადა, საბოლოო ვადა კი მიმდინარე წლის დეკემბერია. მოთხოვნაში კი, რომლითაც მიმართეს სასმართლოს, მითითებულია, რომ თითქოს არაფერია გაკეთებული. ჩვენთვის მიმართვა მოულოდნელი იყო, ვინაიდან სისტემატურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და მათთვის ცნობილია, რა გაკეთდა და რა არის დასასრულებელი წლის ბოლომდე გაწერილ ვადებზე. დარჩა დასამონტაჟებელი მეორე საევაკუაციო კიბე, აგრეთვე კვამლის გამწოვი სისტემებია დასამონტაჟებელი, არის სერიოზული საკითხები მოსაგვარებელი, თუმცა სწორედ ამიტომ, შეთანხმებით ჩვენ მოგვეცა გონივრული ვადა ამ ყველაფრის დასასრულებლად. ჩვენ არ ვიცით, რა იყო მათი მიზანი. ჩვენ ვხედავთ შედეგს, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ბიზნესისთვის“.
ყოფილ სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდში“, რომელიც მიმდინარე წლის მაისიდან „ველმონდის“ სახელწოდებით აგრძელებს მუშაობას, 280-ზე მეტი დამსვენებელია. როგორც სასტუმროს იურისტი ამბობს, განთავსების ობიექტს საქმიანობის გასაგრძელებლად არ დასჭირდა სპეციალური ნებართვა.
თავის მხრივ კი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობის ექსპლუატაციაში შესვლას, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია.