20 წელი ციხეში - ყირიმელი თათრების ყოფა ანექსირებულ მიწაზე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ანექსირებულ ყირიმში 50-ზე მეტი ახალი პოლიტპატიმარი გაჩნდა. პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა ორი მესამედი ყირიმელი თათარია. მათ ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ჯერ კიდევ 2015 წლიდან ადანაშაულებენ და საკმაოდ ბევრსაც უსჯიან. ახლა ყირიმელი თათრები ახალი მუხლებიც არიან ეჭვმიტანილები. სულ მცირე, ერთი საქმე მაინცაა, რომელიც შპიონაჟის ბრალდებით აღიძრა. უფლებადამცველები განმარტავენ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ დასდევს, ვინც სამოქალაქო პოზიციას გამოხატავს.

ყირიმელ თათრებს დღევანდელი დევნა ახსენებს 1944 წლის მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ყირიმელი თათრები ნახევარკუნძულიდან გადაასახლა.

სამოქალაქო ჟურნალისტიკიდან ტერორისტობამდე: რემზი ბეკიროვას ამბავი

„ქალაქ ჯანკოიში დავიბადე, მეც და ჩემი ძმებიც. ყირიმში დაბადების საშუალება გვქონდეს - ეს იშვიათობაა“, - ამბობს ჰალიდე ბეკიროვა.

ჰალიდეს დაბადების წელი - 1988. მისი ბებია და ბაბუა ყირიმში მის გაჩენამდე 20 წლით ადრე ჩავიდნენ. 1968 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დეპორტირებულ ყირიმელ თათრებს ნება დართო, უზბეკეთიდან ნახევარკუნძულზე დაბრუნებულიყვნენ. დაბრუნების საფუძველი შრომითი ხელშეკრულებები იყო. მაშინ საბჭოთა ბიუროკრატია საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეში მუშა ძალის მოზიდვით იყო დაკავებული. როგორც „მემორიალი“ წერს, იმ წელს ხელისუფლებამ 148 ოჯახის დაბრუნების ნებართვა გასცა. შედარებისთვის, მხოლოდ უზბეკეთის სსრ-ში 1953 წელს 128 ათასი ყირიმელი თათარი ცხოვრობდა, 1979-ში კი - 117 ათასი.

ჰალიდე ჰყვება, რომ ყირიმელი თათრების იმ მცირე ნაწილმაც კი ვერ შეძლო სრულუფლებიან მოქალაქედ ქცეულიყო, რომლებიც ლეგალურად დაბრუნდნენ, რომ არაფერი ვთქვათ იმ ათასობით ადამიანზე, ვინც უნებართვოდ ცდილობს დაბრუნებას. „დედა, მშობლებთან ერთად ყირიმში რომ დაბრუნდა, 11 წლის იყო. სკოლაში აქ სწავლობდა, უნივერსიტეტშიც აქ ჩააბარა. სამედიცინოზე უნდოდა, მაგრამ მისი ეროვნების გამო არ იღებდნენ. ასე დისკრიმინაციულად ეპყრობოდნენ სხვა დაბრუნებულებსაც“.

ჰალიდეს ქმარი რემზი ბეკიროვი სამოქალაქო ჟურნალისტი და მოძრაობა „ყირიმული სოლიდარობის“ აქტივისტია. ის 1985 წელს უზბეკეთში დაიბადა. მისი მშობლებიც იქ არიან დაბადებულები. ყირიმში ოჯახი მხოლოდ 1992 წელს დაბრუნდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

2014 წელს ყირიმელი თათრები, ისევე როგორც ნახევარკუნძულის სხვა მცხოვრებლები არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ - დარჩენილიყვნენ რუსეთის მიერ დაპყრობილ ყირიმში თუ წასულიყვნენ. რემზი ბეკიროვმა გადაწყვეტილება წინაპრების გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო.

„რემზის მშობლები დარდობდნენ ჩვენზე. დაჟინებით ითხოვდნენ, ყირიმი დაგვეტოვებინა, მით უფრო, რომ ხედავდნენ, რემზი ჩუმად არ იჯდა - ვიდეოებს იღებდა, სასამართლოებსა და ჩხრეკებს ინტერნეტით გადასცემდა. მაგრამ რემზიმ ყირიმში დარჩენა მყარად გადაწყვიტა. ჩვენი მშობლებისთვის ძალიან რთული იყო აქ დაბრუნება. ყირიმი ჩვენი სახლია, ჩვენი ბაბუების და წინაპრების სახლი, წინაპრების ბევრი თაობის სახლი. გადავწყვიტეთ, დავრჩენილიყავით და ჩვენი ხალხის დასაცავად რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა“, - ჰყვება ჰალიდე ბეკიროვა.

ჰალიდე და რემზი ბეკიროვები ბავშვებით

ყირიმში დაპატიმრებები მისი ანექსიისთანავე დაიწყო. ხანდახან ხალხი უკვალოდ ქრებოდა. 2023 წლის აპრილში საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ყირიმელი თათრების რესურსცენტრმა“ გაუჩინარებულების სტატისტიკა გამოაქვეყნა: „რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაკარგულია 21 ადამიანი, მათგან 15 - ყირიმელი თათარია“.

2015 წლიდან ყირიმელ მუსლიმებს ისლამურ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან („ხიზბ უტ-ტახრირი“) კავშირის ბრალდებით აკავებდნენ. ეს ორგანიზაცია უკრაინაში ლეგალურია, მაგრამ ზოგ ქვეყანაში - არა (მათ შორის, თურქეთში, პაკისტანსა და ბევრ არაბულ ქვეყანაში, ასევე გერმანიაში). რუსეთში უზენაესმა სასამართლომ 2003 წელს ის ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა. რუსულმა პროექტმა „პოლიტპატიმრების მხარდაჭერა - მემორიალი“ გამოაცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და უკანონოა. „გადაწყვეტილებაში არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ ორგანიზაცია ტერორისტულია, მაგრამ ბოლო წლებში ამ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით ასობით მუსლიმი გაასამართლეს. თან ყოველწლიურად უფრო და უფრო მკაცრ სასჯელს უსჯიან“, - აღნიშნავენ უფლებადამცველები.

ყირიმელები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს „ხიზბ უტ-ტახრირის“, ყირიმის ანექსიის შემდეგ საკანონმდებლო ხაფანგში მოექცნენ - ყოველგვარი დანაშაულის გარეშე ისინი „ტერორისტული ორგანიზაციის წევრები“ აღმოჩნდნენ. 2016 წელს კანონის მიღმა აღმოჩნდა ორგანიზაცია „ყირიმელი თათრების მეჯლისიც“: რუსეთის მთავრობამ ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

რემზი ბეკიროვი

რემზი ბეკიროვი დაპატიმრებული ყირიმელი მუსლიმების ოჯახებს ინფორმაციის გავრცელებით ეხმარებოდა: მათ შესახებ ჰყვებოდა. მაგრამ მხოლოდ ეს არ უკმარია, მაგალითად, 2017 წელს ხალხს მოუწოდა, პატიმარ თემურ აბდულაევის სახლის მშენებლობა დაესრულებინათ. რუსი ძალოვნები რემზით პირველად მაშინ დაინტერესდნენ.

„ჯერ სამი დღით დააპატიმრეს, სოციალურ ქსელში პოსტის გამო, რომელიც მაშინ უკვე წაშლილი ჰქონდა. ჩვენთვის გასაგები იყო გზავნილი, სურდათ, ჟურნალისტური საქმიანობა შეეწყვიტა. ამ დაპატიმრებამ ვერ შეაჩერა. იმავე წელს, მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, არასანქცირებული მიტინგი მოაწყოო. სინამდვილეში ხალხი, ვისთვისაც ყველაფერი სულერთი არაა, მარლენ მუსტაფაევას სახლთან შეიკრიბა. მის სახლს ჩხრეკდნენ, რის შესახებაც რემზი ინტერნეტით გადასცემდა. მაშინ 9 აქტივისტი ხუთ-ხუთი დღით დააკავეს. აბრალებდნენ, ქუჩაში ხალხს გზას უღობავდითო, რაც არ მომხდარა. ეს მეორე გზავნილი იყო. რემზის პირდაპირ ეუბნებოდნენ, თუ არ შეწყვეტ გადაღებებს, ადმინისტრაციული საქმის ნაცვლად შენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებაო“, - იხსენებს ჰალიდე ბეკიროვა.

მესამე ადმინისტრაციული საქმე 2019 წელს აღძრეს: რემზი მეუღლესთან ერთად უკრაინის სახმელეთო საზღვარზე დააკავეს. ოჯახი ხერსონში გასვლას ცდილობდა, რომ უკრაინის საზღვარგარეთის პასპორტი აეღო და იმავე დღეს დაბრუნებულიყო.

„დაგვაკავეს, პასპორტები გაგვიფუჭეს, რემზის წინააღმდეგ კი აღძრეს საქმე, თითქოსდა მას გაფუჭებული რუსული პასპორტი ჰქონდა. ხერსონში არ გაგვიშვეს. ჯერ ვერ ვიგებდით, ამას რატომ აკეთებდნენ, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი ცხადი გახდა: ყირიმიდან არ გაგვიშვეს, რადგან ძალოვნებმა იცოდნენ, რომ იმ ღამეს ჩვენს სახლს გაჩხრეკდნენ“, - ამბობს ჰალიდე.

ჰალიდე ბეკიროვი

ჩხრეკა 2019 წლის 27 მარტს ჩატარდა. რემზი ბეკიროვი დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში. იმავე დღეს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რუსეთის გვარდიამ კიდევ 22 ადამიანი დააკავა. „მემორიალმა“ ყველა დაკავებული, მათ შორის ბეკიროვი, პოლიტიკურ პატიმრად აღიარა.

„205.5 მუხლის ბრალდებით („ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება“ - რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი) ყირიმში უკვე ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს. ამასთან, ვერცერთ მათგანს ვერც ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს, ვერც იარაღი, ვერც საბრძოლო მასალა. რემზის 278-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობას გულისხმობს. გავიმეორებ, ვერცერთს ვერც გეგმა უპოვეს, ვერც რამე სქემა, თუ როგორ უნდა დაემხოთ რუსეთის ხელისუფლება. ანუ ეს ორი მუხლი სრულიად აბსურდული და გამოგონილია“, - ამბობს ჰალიდე ბეკიროვა.

2022 წლის 10 მარტს სამხედრო სასამართლომ დონის როსტოვში რემზი ბეკიროვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რემზის მხარი დაუჭირა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (რემზი რუსული დამოუკიდებელი პორტალის „გრანის“ შტატგარეშე თანამშრომელი იყო). ევროპარლამენტმა და „ფრიდომ ჰაუსმა“ რუსეთის მთავრობას მოსთხოვეს, განაჩენისთვის გადაეხედათ და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ. 2023 წლის მარტის ბოლოს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მაინც ძალაში დატოვა.

ახლა მსჯავრდებული ნოვოჩერკასკის საგამოძიებო იზოლატორშია, თავისი სახლიდან 700 კილომეტრის მოშორებით. ოთხ წელზე მეტი გავიდა და ოჯახს ჯერ ერთხელაც არ დართეს პატიმრის ნახვის ნება. ჰალიდე შიშით ელოდება, რომ მის ქმარს ციხეში გადაიყვანენ. რუსეთში გადაყვანის პროცედურა შეიძლება თვე გაგრძელდეს, ახლობლებს კი არ ატყობინებენ პატიმარი საით წაიყვანეს.

ჰალიდემ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტს ქმრის ციხის ჩანაწერები გაუზიარა. რემზი 1944 წლის ყირიმელი თათრების დეპორტაციასა და დღევანდელ დევნას ერთმანეთს ადარებს.

„ჯერ კიდევ გუშინ ჩემი ბებიებისა და ბაბუების სახლებში „ენკავედეშნიკები“ და ჯარისკაცები იჭრებოდნენ და მათ ღალატში სდებდნენ ბრალს. მოსამზადებლად 15 წუთს აძლევდნენ. არც ქალების ცრემლებს უყურებდნენ, არც მოხუცების სისუსტეს, არც ბავშვების ყვირილს. დღეს უშიშროების ფედერალური სამსახური გვიმტვრევს კარს, დილის 6 საათზე და იმავეს აკეთებს. მიჰყავთ ქმრები, ძმები, მამები. არც დედების ტირილი, არც დაზაფრული ბავშვების ყვირილი, არც მუსლიმების უდანაშაულობა მათ არ აჩერებთ. უბრძანეს! როგორც შორეულ 1944 წელს. გუშინ ჩემს წინაპრებს ეძახდნენ სამშობლოს მოღალატეებს. ახლა მე და სხვა ყირიმელ მუსლიმებს მოგვაკრეს ტერორისტებისა და ექსტრემისტების იარლიყი“.

თავად ჰალიდე დღევანდელ დევნას „ჰიბრიდულ დეპორტაციას“ უწოდებს. „შეიარაღებული ხალხი ჩვენს სახლებში იჭრება. ჩვენი ძმები, შვილები, ქმრები მიჰყავთ, ვაგონებში სხამენ და რუსეთის ციხეებში აგზავნიან“.

ახალი „რისკის ჯგუფი“ და „ჯაშუშ“ ლენიე უმეროვას საქმე

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ახლა მისი ოფისი კიევშია) აცხადებს, რომ ნახევარკუნძულზე სულ მცირე 182 პოლიტიკური პატიმარია. მათგან 116 ყირიმელი თათარია. 55 ადამიანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დააპატიმრეს.

დაახლოებით იმავე ციფრებს ასახელებს ლუტფიე ზუდიევა, ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები ჟურნალისტი და უფლებადამცველი.

„რუსულ კანონმდებლობაში ახალი მუხლები გაჩნდა. ამ მუხლებით ადამიანს ცხრაზე მეტი წელი შეიძლება მხოლოდ იმის გამო მიესაჯოს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის რაღაც ქმედებას არ ეთანხმება. თან როგორც ადრე აკავებდნენ ყირიმელ თათრებს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5-ე მუხლით, ისე აკავებენ ახლაც. ერთ წელიწადში 12 ადამიანი ჩასვეს ციხეში. როგორც ადრე იჭერდნენ იეღოვას მოწმეებს, ახლაც ისე იჭერენ. ახლაც დევნიან ყირიმელი თათრების მოხალისეების ბატალიონთან კავშირისთვის, ეს ბატალიონი ხერსონის რეგიონშია“.

ომთან ერთად ყირიმში ახალი ტენდენციები გამოიკვეთა. სიმფეროპოლის საგამოძიებო იზოლატორებში იმ ადამიანების მოყვანა დაიწყეს, რომლებსაც ძალოვნები უკრაინის სხვა (ასევე ოკუპირებულ) ტერიტორიებზე აკავებენ. ასე მოხდა აქტივისტისა და IT-სპეციალისტის ირინა გორობცოვას შემთხვევაში. ის 2022 წლის 13 მარტს ხერსონში მოიტაცეს. მაშინ ქალაქს ჯერაც რუსეთის ჯარი აკონტროლებდა. უკვე წელია საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, მაგრამ მასთან ჯერ არც ადვოკატი შეუშვიათ, არც ის უთქვამთ, რაშია ბრალდებული.

2022 წლიდან რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმში ხალხის დაჭერა „დისკრედიტაციისა“ და „ფეიკების“ მუხლითაც დაიწყო. თან კანონმდებლობაში განმეორებით დისკრედიტაციისთვის კიდევ ცალკე მუხლიცაა. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობა ყირიმში აცხადებს, რომ ნახევარკუნძულზე უკვე 300 ადმინისტრაციული საქმეა აღძრული. რამდენჯერმე სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვითაც გამოიტანეს სასჯელი. ერთ-ერთი განსასჯელი, ბელოგორსკის ტექნოლოგიური კოლეჯის ყოფილი პედაგოგი ანდრეი ბელოზეროვია. თავდაპირველად ის კოლეჯიდან გარიცხეს, რადგან უკრაინული სიმღერა „ბაირაქთარი“ გაკვეთილზე ჩართო. შემდეგ, 14 დღით დააკავეს - „ვკონტაქტეს“ გვერდზე სიმღერა „ჩერვონა კალინა“ განათავსა. 2023 წლის მარტში გაასამართლეს, რადგან დაწერა, რუსული ჯარი დონბასში უკრაინელებს ხოცავსო. სიმფეროპოლის სასამართლომ, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშაა, ყოფილი პედაგოგი დაავალდებულა 100 ათასი რუბლი (1 300 დოლარი) გადაიხადოს. ასევე ორი წლით აეკრძალა საიტების ადმინისტრირება.

ლუფტიე ზუდიევა წლების განმავლობაში აკვირდებოდა რუსი ძალოვნების მოქმედებას დაპყრობილ ყირიმში. ამბობს, რომ ციხეში მოხვედრის ალბათობა მაღალია მათთვის, ვინც აქტიურად გამოხატავს თავის სამოქალაქო პოზიციას.

ლუფტიე ზუდიევა

ლუფტიე ჰყვება 25 წლის ყირიმელი თათრის ლენიე უმეროვას შესახებ. 2015 წლიდან ის კიევში ცხოვრობდა. უნივერსიტეტი დაამთავრა და უკრაინული ტანსაცმლის ბრენდისთვის მარკეტოლოგად მუშაობდა. წელიწადში ერთხელ ყირიმში ჩამოსვლისას ადმინისტრაციულ საზღვარს ოფიციალური გამშვები პუნქტების გავლით კვეთდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსულმა ჯარმა ხერსონის ნაწილი დაიკავა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ლენიეს მამას კიბო ჰქონდა. მისი მდგომარეობა გართულდა, ამიტომ გოგონამ გადაწყვიტა, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და რუსეთის გავლით წამოსულიყო. 2022 წლის 4 დეკემბერს უმეროვა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ჩამოართვეს უკრაინის პასპორტები - შიდა და საზღვარგარეთის, ტელეფონში კი, მისი მამის სიტყვებით, ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფოტოები უპოვეს. მათზე სამხედრო ტექნიკა იყო გამოსახული.

მესაზღვრეებმა ლენიე ვლადიკავკაზთან მდებარე სასტუმროში გაუშვეს. დაჰპირდნენ, რომ დილით დაელაპარაკებოდნენ. ტაქსით მიმავალი გზად ინსპექტორმა გააჩერა და ოქმი გამოუწერა. ოქმში მითითებული იყო, რომ ლუნიე მიდიოდა სოფლის გზებზე, რითაც დაარღვია რეგლამენტირებულ ზონაში უცხოეთის მოქალაქეების ყოფნის რეჟიმი.

4 დეკემბერს სასამართლომ მას ჯარიმა და რუსეთიდან გაძევება მიუსაჯა. სანამ დაცვის მხარე განაჩენს ჯერ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებდა და შემდეგ საკასაციოში, ლენიე უცხოეთის მოქალაქეების დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებოდა. 2023 წლიდან მოყოლებული მის სახელზე კიდევ ოთხი ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

„მიზეზები სასაცილო იყო. ხან თითქოს მანქანიდან არ გადმოდიოდა და სასამართლომ ეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფად მიიჩნია. ამის გამო 15 დღე მისცეს. ხან თითქოს იზოლატორში მამას ტელეფონით ელაპარაკებოდა. ამისთვის რამდენიმე წუთი არის ხოლმე გამოყოფილი და თითქოს დროულად არ დაუბრუნა ტელეფონი განყოფილების თანამშრომელს. ამის გამო კიდევ 15 დღე დაუმატეს. ხან თითქოს მანქანაში არ ჯდებოდა... უკვე მაშინ იყო ცხადი, რომ განზრახ აჩერებენ, მის წინააღმდეგ გაცილებით სეროზული, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იგეგმებოდა“, - ჰყვება ლუფტიე ზუდიევა.

ლუნიე უმეროვა

2023 წლის მაისის დასაწყისში ლენიე უმეროვა ჩრდილოეთ ოსეთიდან მოსკოვში გადაიყვანეს. სასამართლომ ის შპიონაჟში დაადანაშაულა. გოგონას 20 წლით პატიმრობა ემუქრება. 16 მაისს რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ნოვოსტიმ“ უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მიწოდებული ვიდეო გამოაქვეყნა „უკრაინელი შპიონის დაკავების“ კადრებით. „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა ამ კადრებში ლენიე უმეროვა ამოიცნეს.

„როდესაც ამ გოგოს სურათს უყურებ, იცი მისი ამბავი, მის მშობლებს შეხვედრიხარ, რომლებიც ყველა წვრილმანს გიყვებიან, აანალიზებ, თუ რამდენად აბსურდულია ეს სიტუაცია. გოგონა უბრალოდ ყირიმში მშობლების სანახავად მოდიოდა. მამას კიბო სჭირს და უნდოდა, მათთან ყოფილიყო“, - ამბობს ლუტფიე ზუდიევა.

დაპატიმრებული ყირიმელებისთვის ვადამდელი გათავისუფლების ალბათობა მინიმალურია. ბოლოს გაცვლა ყირიმელებს 2019 წლის სექტემბერში შეეხოთ. მაშინ გათავისუფლდნენ რეჟისორი ოლეგ სენცოვი, ანტიფაშისტი ალექსანდრ კოლჩენკო, აქტივისტი ედემ ბეკიროვი.

„ჯგუფი მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტის ოფისმა შეადგინა. ვიცით, რომ რუსულ მხარეს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე დიალოგი არ ეხალისება. ყველა სია მოლაპარაკების ჯგუფს აქვს, პრეზიდენტის ოფისში. ყველა პატიმრის შესახებ ვიცით, რომელი რომელ საგამოძიებო იზოლატორშია, რომელ კოლონიაში, ვის როგორი ჯანმრთელობა აქვს, რა პრობლემები. უკრაინა მუდმივად გათავისუფლებაზე საუბრობს, პრინციპით „ყველა ყველაზე“. რუსეთი ამაზე არ თანხმდება“, - ამბობს ტამილა ტაშევა, უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმში.

უკვე ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც 2014 წელს გასამართლებულებმა სასჯელი სრულად მოიხადეს. 2023 წლის აპრილში, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა „ხიზბ უტ-ტახრირის“ ერთ-ერთი პროცესის მონაწილე, ყირიმელი თათარი არსენ ჯეპაროვი. ის იალტის გარეუბანში, 2016 წელს დააკავეს. მიზეზი - უარი განაცხადა დაებეზღებინა და მოწმედ გამოსულიყო უფლებადამცველის ემირ-უსეინ კუკუს და სხვა ყირიმელი თათრების წინააღმდეგ. სასჯელი მოიხადა ქალაქ სალავატში, ბაშკორტოსტანში, რომელიც მისი სახლიდან 2500 კილომეტრითაა დაშორებული.

„სასამართლოს დარბაზში ხელით აჰყავდათ“ - ჯემილ გაფაროვის საქმე

2023 წლის 10 თებერვალს ნოვოჩერკასკის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა ყირიმელი თათარი ჯემილ გაფაროვი. ის 60 წლის იყო. გაფაროვი 2019 წლის 27 მარტს დააკავეს, სწორედ იმ დღეს, როდესაც რემზი ბეკიროვი და სხვები დაიჭირეს. ჯერ კიდევ მაშინ მესამე ხარისხის ინვალიდობა ჰქონდა: 2017 წელს მოიკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. ასევე ჰქონდა თირკმლის უკმარისობის (ქრონიკული) დიაგნოზიც. იზოლატორში მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა და პატიმარს ინვალიდობის მეორე ჯგუფი მიანიჭეს.

იმ დღეებში სულ 25 ადამიანი დააპატიმრეს: 23 კაცი ძალოვნებმა ჩხრეკის დღესვე აიყვანეს, ორი - მოგვიანებით. გამომძიებელმა პატიმრები ხუთეულებად დაყო. ჯემილ გაფაროვი ბოლო ხუთეულში აღმოჩნდა. მისი განაჩენი მხოლოდ 2023 წლის იანვარში გამოაცხადეს. პროცესი გაიჭიმა, რადგან ხუთეულიდან ორი ადამიანის ჯანმრთელობა სავალალო იყო: ჯემილ გაფაროვის და სერვეტ გაზიევის (ის ახლა 63 წლისაა). სასამართლოში ხშირად სასწრაფო დახმარების ბრიგადებს იძახებდნენ. პატიმრები რამდენჯერმე საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

ჯემილ გაფაროვი

ჯემილ გაფაროვის ქვრივი ჰყვება, რომ როდესაც მისი ქმარი დააკავეს, იმ დღესვე უშიშროების სამსახურში მივიდა და მისი ავადმყოფობის შესახებ განცხადება დაწერა. ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, გაფაროვი შინაპატიმრობაში გადაეყვანათ. მაგრამ სასამართლომ ის იზოლატორში გაუშვა.

„ოთხი წლის განმავლობაში ადვოკატი სასამართლოს ყოველ სხდომაზე აყენებდა შუამდგომლობას, რომ ჯემილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სახლში გაეშვათ. მისი მდგომარეობა სულ უფრო რთულდებოდა. მოსამართლე ამბობდა: „ჯემილ აბდულაევიჩ, თუ ცუდად ხართ, სკამზე წამოწექით, სხდომას ასეც ჩავატარებთ“. თავად ჯემილიც ყოველ ჯერზე განცხადებას წერდა, რომ სასამართლო ამდენი ხანი არ გაგრძელებულიყო, საკნებიდან დილის 5-6 საათზე გამოჰყავდათ, მერე საგამოძიებო იზოლატორის ან სასამართლოს მისაღებებში აჩერებდნენ და უშუალოდ სასამართლო დარბაზში 10-12 საათზე შეჰყავდათ ხოლმე. სხდომა 2-3 საათი გრძელდებოდა, მიუხედავად მათი მდგომარეობისა“, - ამბობს რაზიე გაფაროვა.

სისტემასთან ბრძოლის მცდელობებზე რაზიე ცრემლების გარეშე ვერ ლაპარაკობს. იხსენებს, რომ თავიდან დაუმალეს კიდეც პატიმრის დონის როსტოვში გადაყვანა. არც იმას ანებებდნენ, წამლები გადაეცა.

„თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. რადგანაც იზოლატორში სისხლს ვერ უწმენდდნენ, მისი გადარჩენა მხოლოდ „პოლისორბს“ შეეძლო. დღეში სამ-ოთხჯერ უნდა მიეღო, რომ შხამი ორგანიზმიდან გამოსულიყო. ეს პრეპარატი ფხვნილის სახითაა. მისი შეტანის უფლებას არ მაძლევდნენ. ადვოკატმა სიმფეროპოლის საგამოძიებო იზოლატორს, როსტოვის იზოლატორს სასამართლოში უჩივლა. ყველა უწყებას მივმართე, რომ გამოეყვანათ, გაესინჯათ, გამოეკვლიათ, მესმოდა, რისკენ მიდიოდა ყველაფერი... სტენოკარდიის შეტევები გახშირდა, დღეში ხუთი-ექვსი შემთხვევა მაინც იყო. ბოლო სხდომაზე, კაცებმა, რომლებსაც მასთან ერთად ასამართლებდნენ, სასამართლოს დარბაზში ხელით შეიყვანეს. შესვენებაზე ამბობდა, რომ მკერდი სტკიოდა, რაღაც უჭერდა ისე, თითქოს გამონგრევას ცდილობსო. ამბობდა, ცუდადაა საქმე, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებო. ანალიზების ფული გადავიხადეთ, შევთანხმდით, რომ მას კარდიოლოგი და ნეფროლოგი გასინჯავდნენ - ის სპეციალისტები, რომლებიც დაავადების მიხედვით სჭირდებოდნენ. მაგრამ, როდესაც ადვოკატმა გადახდილი ფულის ქვითრები და განცხადება მიიტანა, სამედიცინო განყოფილების უფროსმა ზედაც არ შეხედა, თვალთმაქცობსო“, - ამბობს რაზიე გაფაროვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯემილ გაფაროვს 13 წელი უნდა მოეხადა, მაგრამ სააპელაციო საჩივრის განხილვამდეც არ უცოცხლია. სიკვდილამდე ორი დღით ადრე ციხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გაფაროვი დონის როსტოვიდან ნოვოჩერკასკში გადაეყვანა. რაზიე გაფაროვა ამბობს, რომ ამ ორ ქალაქს შორის 40 წუთის სავალი გზაა, მაგრამ ისინი 15 საათს მოუნდნენ: „ისეთ ადგილებში ჰყავდათ, სადაც ვერც წამოწვებოდა და ვერც წამალს დალევდა“.

ჯემილის გარდაცვალების დღეს მისმა ადვოკატმა ედემ სემედლიაევმა როსტოვის N5 საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელის პაველ ლაზარენკოსგან წერილი მიიღო. მასში ეწერა, რომ პატიმარი „სამედიცინო განყოფილების დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშაა“.

გაკვეთამ აჩვენა, რომ ჯემილი გულის მწვავე უკმარისობით მოკვდა, რაც გულის ათეროსკლეროზმა გამოიწვია. ექიმების დასკვნაში კიდევ ორი დიაგნოზი იყო მითითებული: „პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი“ და „მიოკარდის ფრაგმენტაცია“. ეს დაავადებები იმ გულის შეტევის შედეგად განვითარდა, რომელიც გაფაროვმა იზოლატორში 2022 წლის ნოემბერში გადაიტანა. ამის შემდეგ ის თითქმის აღარ დგებოდა საწოლიდან, მკერდის არეში ტკივილები ტანჯავდა.

ცხედრის წამოსვენება ოჯახმა ორი დღის შემდეგ შეძლო. ჯემილ გაფაროვს ერთი შვილობილი და ორი ღვიძლი შვილი დარჩა, 17 და 12 წლისები.

„იმდენად მატერიალურად არაა მძიმე, რამდენადაც მორალურად, განსაკუთებით ბავშვებისთვის. მამა სჭირდებათ, ვერ მოასწრეს მასთან ურთიერთობა, - ამბობს რაზიე გაფაროვა, - რთულია ეს გაიგო, ამხელა უსამართლობა. კაცი მთელი ცხოვრება მუშაობდა, 40 წლის შტაჟი აქვს. ცდილობდა სამართლიანად, პატიოსნად ეცხოვრა და იძულებული გახდა ასე წასულიყო ოჯახიდან. ვეცადეთ, დავხმარებოდით, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატებოდა. ჯემილი სასამართლოში ამბობდა: „თქვენ აშავებთ, მე მაინც მაშინ მოვკვდები, როცა ამას ღმერთი გადაწყვეტს, მაგრამ თქვენ კაცს კლავთ იმით, რომ სამკურნალოდ არ მიშვებთ“. რა იოლი იყო მოსამართლისთვის, ეთქვა: „ადამიანი ცუდადაა, ყველა სხდომაზე ამას იძახის, წაიყვანეთ და გასინჯეთ“.

2023 წლის 7 მაისს ადვოკატმა რიფატ იახინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ჯემილ გაფაროვის ფაქტზე განცხადება შეიტანა. ის ითხოვს შემოწმდეს, იყო თუ არა საგამოძიებო იზოლატორის ქმედებასა თუ უმოქმედობაში დანაშაულის ნიშნები: უარი ავადმყოფის მკურნალობაზე, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა. ადვოკატს პასუხი ჯერ არ მიუღია.

/p>