რა ელის მაუწყებლებს? ყველაფერი ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ "ოცნების" კანონპროექტებში

სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას

სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას

“გაგუდვა”, “მორჯულება”, “ცენზურის, თვითცენზურის დაწესება”, “ხალხის იგნორირება” - მედიამენეჯერები და ექსპერტები ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს ახსენებენ “ქართული ოცნების”ახალი საკანონმდებლო პაკეტის შესახებ საუბრისას. "ოცნება" საერთაშორისო სტანდარტებზე ლაპარაკობს.

სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას - თითქმის სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.

მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომელსაც „ოცნება” კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს. სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი.

„ქართული ოცნება” „ბრიტანული სტანდარტების” დამკვიდრებაზე ლაპარაკობს და მიზნებად - უცხოური გავლენების შემცირებას, ხარისხის ზრდასა და ეთიკური სტანდარტების დაცვას ასახელებს. ამტკიცებენ, რომ ახალი არაფერია და მედიას სიზუსტისა თუ მიუკერძოებლობის დაცვა მანამდეც ევალებოდა; მაგრამ ჟურნალისტების საქმიანობაში ახალი აკრძალვებიც იგეგმება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მიუთითებს, რომ ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.

რა იცვლება? რა იკრძალება?

დაფინანსება

ცვლილებათა ერთი პაკეტის მიხედვით, მაუწყებელი [ტელევიზია, რადიო - მედიაორგანიზაცია სამაუწყებლო ლიცენზიით] ვეღარ მიიღებს „უცხოური ძალის” დაფინანსებას - ვერც პირდაპირ და ვერც ირიბად - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის ფორმით.

უცხოურ ძალა განმარტებულია, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირები, რომლებიც წარმოადგენენ.

  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის სუბიექტს;
  • ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში არ არის დაფუძნებული;
  • ასევე ნებისმიერ ფონდს, ასოციაციას, კორპორაციას, კავშირს ანდა პირთა ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის დაფუძნებული.

იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა - პროგრამების მომზადებისა და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება, თანადაფინანსებაც.

იკრძალება ყველანაირი დაფინანსება, განურჩევლად კონკრეტული პროექტების საჭიროებისა. გამონაკლისია მხოლოდ კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროდუქტის განთავსება პროგრამაში.

განმარტებით ბარათში წერია, რომ - მაუწყებლის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა „უზრუნველყოფს უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირებას”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება”.

  • ამავე პროექტით, ასევე, მაუწყებლებს ეკრძალათ დაფინანსების მიღება სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, რაც მაგალითად რეგიონული ტელევიზიების შემთხვევაში - ხშირად ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს.

რეგულაციები

ცვლილებათა მეორე პაკეტში თავმოყრილია ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებს [ტელევიზია, რადიო], ფაქტების ჯეროვანი სიზუსტისა და სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებებით, ახალ შეზღუდვებს უწესებს.

52-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების თანახმად:

  • მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბების ბლოკში -„დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება”;
  • ხოლო სხვა სახის გადაცემებში - „დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება”.

54-ე მუხლი, რომელიც მოქმედ კანონში მხოლოდ ორი პუნქტისგან შედგებოდა, ახალ პროექტში ათი პუნქტით არის წარმოდგენილი. მე-5 პუნქტით იკრძალება:

  • ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.
  • პროგრამაში „რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”.

სხვა ცვლილებების თანახმად, მაუწყებლებს ბალანსი მოეთხოვებათ საავტორო პროგრამებშიც და უნდა გაკონტროლდეს პირდაპირ ეთერში შესული ზარებიც.

  • საავტორო პროგრამაში „ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“ და „თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება”.
  • შერჩევა „სამართლიანობის პრინციპის დაცვით” უნდა მოხდეს - „რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება“.
მოქმედ კანონს ემატება ორი სპეციალური მუხლი [541 და 542] - „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა” და „ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა” - რომლებიც ჟურნალისტებს არაერთ შეზღუდვას უწესებს.

მხოლოდ „საჯარო ინტერესის” არსებობის შემთხვევაში შეუძლია ჟურნალისტს:

  • ვიდეო-აუდიოჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე - როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულების ტერიტორიაზე;
  • სიუჟეტის მომზადება „სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში” - უფლებამოსილი პირისა და ადგილზე მყოფი იმ პირების ნებართვის გარეშე.

ერთი მხრივ, [მე-6 პუნქტით] მაუწყებლისთვის დაშვებულია საჯარო ადგილებში ინტერვიუს აღება და ვიდეოგადაღება, მაგრამ, მეორე მხრივ, [მე-7 მუხლში] მითითებულია, რომ - ეთერში გადაცემამდე, „მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილას გადაღებული კადრი, სიტყვა ან ქმედება არ არის პირადი ცხოვრების ისეთი ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის წინასწარ თანხმობას“.

ფარული ჩაწერის მეთოდებთან დაკავშირებით დაგეგმილია შემდეგი ნორმების ამოქმედება:

  • კერძო საკუთრებაში ფარული ჩაწერის დროს საჭიროა უფლებამოსილი პირის თანხმობა. ხოლო თანხმობის გარეშე შესაძლებელია „მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” შემთხვევაში და „საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება”.
  • სატელეფონო საუბრის ჩაწერა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე, რესპონდენტს ჟურნალისტმა საკუთარი თავი წარუდგინა და ასევე „განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს“.
  • თუ ჟურნალისტს რესპონდენტი წინასწარ არ გაუფრთხილებია, თანხმობა უნდა მიიღოს მასალის [ეთერში] გაშვებამდე, „თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის”.

კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, „წინასწარი გაფრთხილების გარეშე” დაუშვებელია ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა [ეთერში განთავსების მიზნით] – გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას”.

ასევე ნახეთ ინტერვიუს გაუფრთხილებლად ჩაწერისთვის ტელევიზიებს სანქციები დაუწესდებათ - „ოცნების“ კანონპროექტი მედიაზე

„კანონპროექტის მიღება განაპირობა მედიამომსახურების სფეროში ხარისხიანი და ობიექტური მაუწყებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისთვის მედიამომსახურების ბრიტანული მოდელის საქართველოს საკანონმდებლო აქტში დამკვიდრების მიზნით განსახორციელებელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა”, - ასეა მითითებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მედიის საქმიანობის ხარისხის ასამაღლებლად „ბრიტანული მოდელის” დანერგვის აუცილებლობაზე ხშირად მიუთითებს „ქართული ოცნება”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” [TI] თვლის, რომ „ქართული ოცნების” პარლამენტში დაგეგმილი ცვლილებები „უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას”.

TI-ის შეფასებით, კანონში არაერთი ბუნდოვანი ნორმაა, რაც „შეიძლება გახდეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი“.

ბევრ ნორმას, რომელიც ცვლილებათა ახალ პაკეტში წერია, დღემდე მედიის თვითრეგულაციის მექანიზმი განსაზღვრავს.

„ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ის ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.

რა რის შემდეგ უნდა თქვას?

ზვიად ქორიძე

TI-ის წარმომადგენელი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მედიის ხარისხს აუდიტორია აფასებს, „მედიის მორჯულებისთვის“ დაგეგმილი ახალი ცვლილებებით კი - ხალხის უფლებები საერთოდ იგნორირებულია:

„თვითრეგულირების მექანიზმს ორი მხარე ჰყავს - მედია და აუდიტორია. აუდიტორია თუ თვლის, რომ მედიაპროდუქტი არ ვარგა, არ არის ზუსტი, არ არის ობიექტური, მოქალაქე თვითრეგულირების მექანიზმს იყენებს და აღწევს იმას, რომ მედიამ აღიაროს შეცდომა ან ზურგს შეაქცევს მას. ეს არის დემოკრატიის მატრიცა. მაგრამ როცა ის, რაც თვითრეგულირებაში უნდა მოწესრიგდეს, გადმოგაქვს რეგულირებაში, შენ [ხელისუფლება] ეუბნები აუდიტორიას - შენი საქმე არ არის, მე მივხედავ მედიას, მე ვასწავლი [მედიას], როგორ უნდა გააკეთოს სიუჟეტი, რა რის შემდეგ უნდა თქვასო... ვფიქრობ, რომ ეს კანონი [თუკი დამტკიცდება] მედიაზე მეტად აუდიტორიას, მთელ საზოგადოებას დააზიანებს“, - ზვიად ქორიძე გვეუბნება, რომ დაწესებული შეზღუდვებით ზოგი მედიასაშუალება დაიხურება, ხოლო ზოგიდან კარგი ჟურნალისტები წავლენ, რადგან - „მათ ურჩევნიათ არ აკეთონ არაფერი, ვიდრე აკეთონ ის, რაც მთავრობას უნდა“, რადგან „ეს აღარ არის მედია“.

„აი, ძალიან სწორად, ზუსტად იყო შერჩეული საბჭოთა ჟურნალისტიკის სახელი - ყველა გაზეთი, ტელევიზია ფორმალურად კი იყო მედია, მაგრამ - ერქვათ პრესისა და პროპაგანდის საშუალებები. ისინი არ მალავდნენ, რომ ეს არის პროპაგანდის საშუალება. „ქართული ოცნების“ მთავრობა ახლა ეუბნება მედიას - მე გავაკეთებ თქვენგან პროპაგანდის საშუალებებს“- ამბობს ქორიძე.

სად და როგორ განსჯიან ჟურნალისტების საქმიანობას?

თუკი აქამდე სიზუსტესთან თუ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებულ მუხლებზე რეაგირება მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი და ახლა „რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ან კომისიის ფარგლებში” და „დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას”.

ასევე, პირს შეუძლია კომისიაში ან სასამართლოში გაასაჩივროს მაუწყებლის უარი მისთვის ეთერის დათმობაზე:

  • როცა დაინტერესებული პირი ჩათვლის, რომ „მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით” შესაძლოა შეელახოს - მათ შორის, რეპუტაცია და სახელი;
  • ხოლო მაუწყებელმა არ მისცა საშუალება თავად შეასწოროს ან უარყოს „(მცდარი) ფაქტი“ მაუწყებლის ეთერში [ამისათვის მაუწყებელმა მას უნდა დაუთმოს იგივე დრო, დღე-ღამის იმავე მონაკვეთში].

დარღვევებისთვის - გაფრთხილების შემდეგ, დარღვევას ჯარიმა მოჰყვება. ჯარიმა შეადგენს მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ს ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა. კიდევ განმეორების შემთხვევაში, ჯარიმების ოდენობა ორმაგდება და მაუწყებელს შესაძლოა - ლიცენზია/ ავტორიზაცია შეუჩერდეს.

კრიტიკული მედია და ექსპერტები კომუნიკაციების კომისიას არ ენდობიან - წლების განმავლობაში მოღებული გადაწყვეტილებების გამო ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულად თვლიან

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ბიზნესმენი კახა ბექაური, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციით, შეყვანილია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ პირთა სიაში, რომლებზეც სანქცირების რეკომენდაცია გაიცა.

მისი გვარი იყო მოხსენიებული აშშ-ის კონგრესიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისთვის გაგზავნილ სიაში - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“.

ბექაური სანქცირებულია ლიეტუვისა და უკრაინის მიერ.

კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლები ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, რომლებზეც ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის უფლება გააუქმა.

ჩართულია თუ არა კომუნიკაციების კომისია ახალი პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებულ პროცესებში და როგორ აფასებს ახალ კანონპროექტში ასახულ ნორმებს? - კომისიას რადიო თავისუფლებისთვის რამდენიმე დღეა არ უპასუხია.

განმარტებები მედიასთან „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა: „ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არცერთი პუნქტი არ იცვლება… ბრიტანული მოდელიდან იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, მოდიფიცირებული, საქართველოს რეალობაზე მორგებული, ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში" - ამბობს მამუკა მდინარაძე.

რატომ არ ენდობა "ოცნება" მედიის თვითრეგულირების მექანიზმს?

მედიის თვითრეგულირების მექანიზმები, ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა გაერთიანებამ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დანერგა. მიზანი პროფესიული, ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების გზით - „მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაა”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლია ჩახუნაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არსებობის 15 წლის განმავლობაში ქარტიის საბჭომ ჟურნალისტურ დარღვევებზე 800-მდე განცხადება განიხილა.

ლია ჩახუნაშვილი

„ჩვენი გადაწყვეტილებები შესაძლოა არცერთ მხარეს არ ტოვებდა კმაყოფილს და გახარებულს - ზოგ შემთხვევაში ჟურნალისტს დაუდგინდებოდა დარღვევა და ზოგ შემთხვევაში გამართლდებოდა. რეგულირებისგან განსხვავებით, თვითრეგულირება სადამსჯელო პროცესი არ არის - როდესაც დარღვევა დადგინდება, ეს არის გაკვეთილი კონკრეტული ჟურნალისტისთვისაც და სხვა ჟურნალისტებისათვისაც, რომლებიც გაფრთხილდებიან სამომავლოდ და ეცოდინებათ, როგორ სიტუაციაში როგორი გადაწყვეტილების მიღება იქნება სწორი [გადაწყვეტილებები საჯაროა]”, - ლია ჩახუნაშვილი გვეუბნება, რომ განმცხადებლებს შორის ნახევარზე მეტი იყვნენ მოქალაქეები და ასევე იყვნენ საჯარო მოხელეები, მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა თუ სამღვდელოების წარმომადგენლები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა. სხვადასხვა მედიასაშუალების 137-მა ჟურნალისტმა, როგორც რეგიონიდან, ისე დედაქალაქიდან, ხელი მოაწერა 11 პრინციპს და მისი დაცვის ვალდებულება აიღო. მოქალაქეებს კი მიეცათ საშუალება, ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიემართათ ქარტიისთვის. ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს 9-წევრიანი საბჭო განიხილავს. საბჭოს წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ.

ლია ჩახუნაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა მედიის თვითრეგულირების სფეროში იჭრება, რაც მედიის საქმიანობაში უხეში ჩარევაა. ამავე დროს, მაგალითად, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტში ასახულ ნორმებს საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ ჟურნალისტურ სტანდარტთან.

„ეს არის “ქართული ოცნების” მცდელობა, რომ თავიანთი ჩინოვნიკების კიდევ უფრო იზოლირება მოახდინონ მედიისგან. ჩვენ ვიცით, რა რთულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ლამის შეუძლებელიც; პარლამენტში მედიას დაუწესეს შეზღუდვები - თუ როგორ შეიძლება ელაპარაკონ პოლიტიკოსებს იქ… გამოდის, რომ ამ ახალი ცვლილებებით ჟურნალისტებს საერთოდ აღარ ექნებათ წვდომა საჯარო მოხელეების კომენტარზე”, - გვეუბნება ლია ჩახუნაშვილი.

ქარტია საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსობრივ მხარეს შეისწავლის და ახლო მომავალში სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს.

რას მოელიან მაუწყებლებში?

„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, საგამოძიებო პროგრამა „მელაძის შაბათის” ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას ამზადებს და „საფრთხეები ხელის გულზე დევს”.

„მათ უნდათ ორი რამ: საბოლოოდ გაგუდონ კრიტიკული მედია და თვითცენზურა ჩააბეტონონ ჟურნალისტებში; რომ შეკითხვის დასმის დროს ჟურნალისტმა იმაზე კი არ იფიქროს, როგორ მიიღოს ამომწურავი პასუხი ან როგორც დაუსვას კონტრშეკითხვა რესპონდენტს, რომელიც იქ და იმ მომენტში ტყუილს ამბობს, არამედ იმაზე იფიქროს - ახლა თუ მე ამ შეკითხვის ჩამოყალიბებისას აზრს გამოვთქვამ და, ვთქვათ, პარალელს გავავლებ, ჩამეთვლება ახალი რეგულაციის დარღვევად და დამიბარებს კახა ბექაური”, - ნოდარ მელაძე დარწმუნებულია, რომ გამიზნულად შემოაქვთ განსაკუთრებული შეზღუდვები ახალი ამბების მიმართულებისთვის, რადგან „შეკითხვებს ველზე ძირითადად ახალი ამბების ჟურნალისტები სვამენ, რადგან ისინი [“ქართული ოცნება”] სტუდიებში დიდი ხანია აღარ დადიან”.

განმარტებითი ბარათში წერია, რომ „იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) პოზიციის გამოხატვა”.

ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე გვეუბნება, რომ „კომუნიკაციების კომისია ხელისუფლების ხელში ტაბელური იარაღია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ” და შეუძლებელია მედიის სტანდარტების ამაღლების მიზანზე ლაპარაკი, როცა „ყველასათვის ცნობილია [კომისიის მიერ] არაერთი უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმა და დაწესებული შემზღუდველი ზომები” და ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ „საქართველოში სამართლიანი პრაქტიკულად არ არსებობს”.

ასევე ნახეთ ომზე „ქართული ოცნების“ რეკლამის არგაშვების გამო „მთავარი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ სასამართლომ დააჯარიმა
ასევე ნახეთ სასამართლომ „TV პირველი“ 5 000 ლარით დააჯარიმა

ფარულ ჩანაწერებთან თუ ე.წ. კამუფლაჟთან [რესპონდენტს სხვა სახელით ეცნობი] დაკავშირებული ცვლილებები, ნოდარ მელაძის შეფასებით, პირდაპირ დაარტყამს საგამოძიებო ჟურნალისტიკას; რადგან მტკიცებულებების სხვა გზით მოპოვება ხშირად უბრალოდ შეუძლებელია, ხოლო ამ ხერხების გამოყენების მართებულობა ისევ კომისიამ უნდა განსაზღვროს.

„ჩვენს ერთ-ერთი რეზონანსულ გამოძიებაში, ადამიანები გვარებით და სახელებით ჰყვებოდნენ, როგორ მისცეს არჩევნებზე ხმები ფულის სანაცვლოდ - ახალქალაქში, ნინოწმინდაში თუ კახეთში. მათ ეუბნები, მაგალითად, რომ - ხარ “ქართული ოცნებიდან” და ამოწმებ, მივიდა თუ არა გამოგზავნილი ფული; როცა არ იცის [რესპონდენტმა], რომ ჟურნალისტს ელაპარაკება… ისინი [“ქართული ოცნება”] ამბობენ - მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ასეთი რაღაცეები, როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ამ თემის მიმართო. როგორ განსაზღვრავს კახა ბექაური [კომუნიკაციების კომისია], რომელი თემაა მაღალი ინტერესის და რომელი არა?! ჩათვლიან, რომ არჩევნების თემაზე მაღალი ინტერესია”, - გვეუბნება მელაძე.

რაც შეეხება უცხოური პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსების აკრძალვას, ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ „TV პირველის” დაფინანსება ფონდებიდან ყოველთვის ძალიან მწირი იყო. თუმცა ტელეკომპანია სარგებლობს გარკვეული ტექნიკური დახმარებით.

„საპროტესტო აქციების დროს, სპეცრაზმმა დაგვიმტვრია კამერები, პირდაპირი ჩართვის აპარატურა, სხვადასხვა აღჭურვილობა. დამიზნებით ხდებოდა წყლის ჭავლის მიშვება [აპარატურაზე], რომ გაგვთიშოდა ლაივსიგნალები… ვწერდით მერე პროექტებს, ვასაბუთებდით და ვიღებდით მცირე დახმარებებს - ერთი-ორი კამერის ან რამდენიმე მიკროფონის სახით. არასოდეს ყოფილა ლაპარაკი ტელევიზიის დაფინანსებაზე, ვინმესთვის ხელფასის გადახდაზე”, - ნოდარ მელაძე ფიქრობს, რომ, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მათ ასეთი შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

მაუწყებლებში ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება” იჭერს თადარიგს და წინასწარ კეტავს გზებს, რადგან დასავლეთის მხრიდან იყო განცხადებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის მეტ დაფინანსებაზე, „ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის შეწყვეტილი დახმარების პარალელურად.

რამაზ სამხარაძე

„ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული ცვლილებები პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, რუსეთთან დაახლოებული ვიქტორ ორბანის უნგრეთს ახსენებს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს, რამაზ სამხარაძეს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების სამიზნე მის კომპანიასაც მოიცავს.

კომპანია „ჰერეთი” სამ რადიოარხს მართავს, ესენია - „რადიო თბილისი”, „რადიო ციტრუსი” და „რადიო ჰერეთი”.

„ნამყოფი ვარ უნგრეთში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 10 წლის წინ და ზუსტად ვიცი, რა უნდა ახლა “ქართულ ოცნებას”. იქ პირდაპირ მოქმედებს მედიის ცენზურის რაღაც ტიპის საბჭო, რომელიც განიხილავს თითოეულ მასალას, რა გადის ეთერში და მერე სჯიან მათ. ამის შესახებ ლაპარაკობდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, მაუწყებლები, რადიოსადგურების წარმომადგენლები… დაახლოებით ასეთი ტიპის მექანიზმის შექმნა უნდათ აქ. ყველასათვის ცნობილია, რომ ძალიან მჭიდროა უნგრეთთან “ქართული ოცნების” მეგობრობა”, - გვეუბნება რამაზ სამხარაძე.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2024 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ უნგრეთში მარეგულირებელი ორგანოები მმართველი პარტიის სრულ კონტროლს ექვემდებარებიან და მათ, 2021 წელს, თვითნებურად აუკრძალეს მაუწყებლობა ბოლო მსხვილ დამოუკიდებელ რადიოსადგურს - Klubradio.

2011 წლიდან - ევროკავშირი მკაცრად აკრიტიკებდა ორბანის უნგრეთს მედიის შესახებ რეპრესიული კანონისთვის, რომელიც საგრძნობლად აძლიერებდა სახელმწიფოს უფლებამოსილებას, მონიტორინგი გაუწიოს და დააჯარიმოს კერძო მედიასაშუალებები, ბუნდოვანი მიზეზების გამო.

რამაზ სამხარაძის კომპანიის არსებობა 2015 წლიდან მხოლოდ კომერციულ სარეკლამო შემოსავლებზეა დამოკიდებული, მაგრამ თებერვალში შემოსავალი პრაქტიკულად ნულს უტოლდება - რადგან „ბიზნესკომპანიები თავს იკავებენ თანხის დახარჯვაზე”.

„უკვე მიღწეული შეთანხმება ორმა კომპანიამ გაგვიუქმა, დიდი ბოდიშებით, რომ კრიზისი აქვთ და ცდილობენ - გადარჩნენ”, - ამბობს მედიამენეჯერი.

ასეთ პირობებში ყველანაირი უცხოური დაფინანსების აკრძალვა და გამკაცრებული კონტროლის პირობებში მოსალოდნელი ჯარიმები - სამხარაძისთვის მედიის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. შიშობს, რომ ქვეყანა დიდი ხნით ემშვიდობება უცხოელ ინვესტორებსაც, რომლებსაც შესაძლოა ფულის შემოტანა უნდოდეთ.

რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება” უცხოური დაფინანსების დემონიზებას ცდილობს, მაშინ, როცა კომპანია „ჰერეთმა”, გერმანული აკადემია - „დოიჩე ველესგან” მიღებული ფინანსებით, ქვეყნისთვის ძალიან საჭირო გადაცემები მოამზადა - სატრანსპორტო პოლიტიკის სფეროში.

სამხარაძის თქმით, 25 000 ევროს მოცულობის ეს დაფინანსება „ჰერეთისთვის” ბოლო წლებში პირველი და უკანასკნელი უცხოური დაფინანსება იყო, რომელიც 2024 წელს დასრულდა და მსგავსი პროექტების გაგრძელება, დღევანდელ ვითარებაში, სულ უფრო ემსგავსება ილუზიას.

ასევე ნახეთ სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება, მაგრამ პროექტები ჰაერშია გამოკიდებული - გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს

„ისინი [“ქართული ოცნება“] ჭრიან მედიის დაფინანსების საშუალებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იციან, რომ კომერციული რეკლამა ფაქტობრივად მკვდარია და ახლა, ამ ცვლილებებით გაგვიუქმეს სოციალური რეკლამის გაყიდვაც, რომელიც ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, განსხვავებით გრანტებისგან, რაც შემოსავლების 5%-საც არ შეადგენს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, ნათია კუპრაშვილი და ამატებს, რომ „ქართული ოცნება” თანდათანობით, მიზანმიმართულად ავიწროებდა მაუწყებლებს - ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვით, სარეკლამო დროის შემცირებით, გაუქმებითა თუ სპონსორობის სივრცის შეზღუდვით.

ნათია კუპრაშვილი

ამჟამად რეგიონებში 24 ტელევიზიაა, რომლებიც საინფორმაციო გადაცემებს ამზადებენ. ისინი თბილისის გარდა მთელ საქართველოს ფარავენ.

„გრანტებზე არ არის მხოლოდ. ახლა ეს ცვლილებები შეეხება ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას უცხოელთან, მათგან არა მხოლოდ ფინანსების, არამედ სხვა სახის მატერიალური სარგებლის მიღებასაც - ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული. არ არის ეს ნორმალური, არ ხდება არცერთ ნორმალურ ქვეყანაში“, - ნათია კუპრაშვილის თქმით, მედიების დახურვის „ოცნებისეული“ გზა - დაფინანსების ყველა გზის გადაჭრასა და მედიისთვის მიმზიდველობის დაკარგვაზე გადის; ხოლო რაც შეეხება მაუწყებელთა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს - „როცა რესპონდენტთან საუბრისას ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის კონტროლი უნდათ, ეს მათ სახეს უფრო უჩვენებს“, თორემ ამა თუ იმ მაუწყებლისთვის „შარის მოდება და ადმინისტრაციული წარმოებით გაჩერება“ მანამდე მიღებული არაერთი რეგულაციითაც შეეძლოთ.

ნათია კუპრაშვილი გვეუბნება, რომ რეგიონული ტელევიზიების თანამშრომელთა დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე, ენთუზიაზმზე მუშაობს. არ გამორიცხავს, რომ ზოგი ტელევიზია და რადიო დაიხუროს, დანარჩენები კი, იმედი აქვს, რომ მაინც გადარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას.

„ამ ტელევიზიების რაღაც ნაწილი დაფუძნებულია საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს, რომ მოეყოლათ, დამოუკიდებლობისთვის როგორ ვიბრძოდით. რა ვიცი, ალბათ გავიხსენებთ არადემოკრატიულ გარემოში მუშაობის ამ ძველ უნარებს და ვეცდებით, რომ მუშაობა გავაგრძელოთ“, - გვეუბნება ნათია კუპრაშვილი.