ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის 40 დღე და 40 ღამე

20-21 ივნისის ღამის შემდეგ, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით მოინათლა, 40 დღე გავიდა. რუსთაველის გამზირზე აქციები გრძელდება და გაგრძელდება იმ მომენტამდე, სანამ შს მინისტრი, გიორგი გახარია არ გადადგება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები.

40 დღის წინ დაწყებულმა საპროტესტო აქციამ, რომელსაც თავდაპირველად ტრადიციული, მრავალნაცადი აქციის ფორმა ჰქონდა - მიკროფონით, მეგაფონით, პლაკატებით, სიტყვით გამომსვლელებით, შეძახილებით, მსვლელობებით, სკანდირებით, შიმშილობით და ა.შ., ნელ-ნელა ფორმა იცვალა, ჯერ კონცერტი შეერია, მერე პერფორმანსი, რასაც ფლი-მარკეტი მოჰყვა და დღეს უკვე მედია პლატფორმად ტრანსფორმირდა.

ასევე ნახეთ დღე 33 - ანტისაოკუპაციო აქციები ანტისაოკუპაციო გადაცემად გადაიქცევა

ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“, გადაცემის ფორმატით ერთ კვირაზე მეტია გადის. პარლამენტის წინ მოწყობილი ინსცენირებული სტუდიიდან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამჯერად უკვე გადაცემა „სირცხვილიას“ წამყვანი შოთა დიღმელაშვილი და მისი სტუმრები, პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხსა და 30-ზე მეტი ონლაინ პლატფორმის მაყურებელს შეახსენებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ჯერ არ დაკმაყოფილებულა და შს მინისტრს ჯერ არ დაუტოვებია პოსტი.

მწვანედ მონიშნული და მოუნიშნავი მოთხოვნები

  • აქციების დაწყებიდან მეხუთე დღეს დაკმაყოფილდა აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.
  • რამდენიმე დღეში დაკმაყოფილდა 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნაც.
  • მესამე მოთხოვნა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა კი აქციის მონაწილეებს ჯერ არ მოუნიშნავთ მწვანედ იმ დიდ ბანერზე, რომელიც პარლამენტის წინაა გაშლილი უკვე მეორმოცე დღეა და რომელზეც აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნის შესახებ წერია.

„სამაგალითოდ დასჯილი დემონსტრანტები“ და „ტოქსიკური მინისტრი“

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება.

ასევე ნახეთ გახარიას საჯარო „ჩვენება“

დემონსტრაციის დაშლიდან ზუსტად სამი კვირის თავზე, 11 ივლისს, გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში აღიარა, რომ იმ ღამეს, ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებისა და ცრემლმდენი გაზის გაშვების ბრძანება, სწორედ მისი გაცემული იყო. ტრავმები კი, რომლებიც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მიიღეს, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ის ორი ახალგაზრდისთვის. მათ რუსთაველის გამზირზე, თვალები დაკარგეს.

სწორედ ამიტომ, აკრული ცალი თვალი პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცა, ანტისაოკუპაციო პროტესტი კი ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე კრეატიულ პროტესტად.

მიუხედავად იმისა, რომ აქციების მეორმოცე დღესაც მთავარი მოთხოვნა, გიორგი გახარიას გადადგომა კვლავ ღიად რჩება და აქციის ორგანიზატორთა თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ შიშის მანქანა აამუშაოს და საპატიმროში გაუშვან დემონსტრაციის მონაწილეები, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გახარია აუცილებლად გადადგება.

„ხელისუფლება შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ამით აქციების მუხტს არათუ ანელებს, არამედ პირიქით, აღვივებს“, - ამბობს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. ის რეპრესიებს უწოდებს იმ 19 დემონსტრანტის დაკავებას, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე რუსულ ოკუპაციას და ძალადობას აპროტესტებდნენ.

„სისულელეა ამ ადამიანების განსჯა იმ მუხლით, რომელიც მათ მიუყენეს. შსს-მ აბსოლუტურად არ გაითვალისწინა მთლიანი კონტექსტი და დაიწყო ნაგლეჯ-ნაგლეჯ ამოჭრილი კადრების ტრიალი და ამ კადრების საფუძველზე ხალხის დაპატიმრება. რა შეიძლება ამას დავარქვათ თუ არა რეპრესია, რომ სრულიად შეუსაბამო მუხლით არიან დაკავებულები აქციის მონაწილეები. სასაცილოა, ამ ადამიანებს სახელმწიფო ბრალდება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას“.

შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ამ 40-დღიანმა პროტესტმა, როგორც თავად პროტესტის მონაწილეებს, ისე საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ სამოქალაქო პროტესტს აქვს აზრი:

„ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი არის ჭრელი და მრავალი მსოფლმხედველობის მატარებელი. გაბრაზებული „ქოციც“ კი გვყავს. ამ პროტესტმა სწორედ ეს მოგვცა, გვერდზე გადავდეთ ჩვენი პირადი შეხედულებები და საერთო მიზნის გარშემო გავერთიანდით. ეს პროტესტი, რა თქმა უნდა, გამარჯვებით დასრულდება. მთავრობას ახლა ჰყავს ტოქსიკური მინისტრი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია. „ოცნებაშიც“ ხედავენ, რომ ყოველი ახალი დღე უდრის ახალ რეიტინგს პროტესტისთვის და ახალ დარტყმას ხელისუფლებისთვის“.

„ხელისუფლება ცუდი მოსწავლე აღმოჩნდა“

პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძეც ფიქრობს, რომ პროტესტი შედეგს გამოიღებს, რადგან მისი სიტყვებით, ადრე თუ გვიან, ხელისუფლება მიხვდება, რომ მათთვის უკეთესი იქნება გახარიას გარეშე გააგრძელონ მუშაობა. ის ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება საზოგადოებისათვის მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურას არ შეინარჩუნებს და ამაში დიდი წვლილი სწორედ 40-დღიან პროტესტს მიუძღვის:

„პროტესტმა აჩვენა, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მომწიფებული და გაზრდილია და ნაკლებად პატიობს მთავრობას იმ შეცდომებს, რასაც ადრე შესაძლოა თვალს არიდებდა ან პატიობდა. საზოგადოება ძალიან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, კარგად ესმის მიმდინარე პროცესები, აფასებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და მისთვის სულ ერთი არ არის, რა მოხდება საქართველოს პარლამენტში ან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ის ითხოვს ამ ყველაფერზე პასუხებს“.

თუმცა, მეორე მხრივ, ლევან ცუცქირიძის თქმით, აბსოლუტურად მცდარ გზას ადგას მთავრობა, როდესაც ფიქრობს, რომ პროტესტს სულ მალე მუხტი გამოელევა და მოკვდება. ის ამბობს, რომ მთავრობა ვერ აღმოჩნდა კარგი მოსწავლე:

„ფიქრობენ, დრო გავა და მობეზრდებათ, დაიშლებიან. ითვლიან აქციაზე მისულ ადამიანებს. ჰგონიათ, რომ მინისტრს თუ გადააყენებენ, ამას სისუსტეში ჩაუთვლიან და მერე სხვა რამეს მოსთხოვენ. ეს არის ის პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც აცდენილია დროს და კონტექსტს. გავიხსენოთ საპროტესტო გამოსვლების ბოლო ერთი წლის ქრონიკა - კლუბების რეიდებს მოყოლილი გამოსვლები, შემდეგ ხორავას ქუჩის საქმის გამო პროტესტი, ამჯერად ანტისაოკუპაციო აქციები. ყოველი შემდგომი გამოსვლა არის უფრო დიდი და უფრო მკაცრი. ამას, სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ ხვდება და ამ დინამიკურ პროცესს ისევ სტატიკურად უყურებს. მთავრობას სწავლის უნარი საკმაოდ დაბალი აღმოაჩნდა. საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარიც კი. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავითარ შემთხვევში არ დაუშვას შანსი, რომ დაკარგოს ძალაუფლება. და ყველაფრის მიუხედავად იცავენ შს მინისტრს და უტევენ ყველა იმ ცნობილ სახეს, რომლებმაც შესაძლოა ხელისუფლებას რაიმე სახის დისკომფორტი შეუქმნან, მაგალითად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ამბობენ, მოდით, სამაგალითოდ დავსაჯოთ ადამიანები, რომ სხვებმა გაკვეთილი ისწავლონ. ასე დასაჯეს ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი ბეჟან ლორთქიფანიძე. ის ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით ციხეში გამოამწყვდიეს, რომ მერე სხვები დაფიქრდნენ, ღირს თუ არა საკუთარი აზრის გამოხატვა. ეს ძალიან სახიფათო გზაა ქვეყნისთვის. ეს მთავრობას ძალიან ძვირი დაუჯდება“.

ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ პროტესტი იყო შანსი ხელისუფლებისათვის, რათა ეჩვენებინათ, რომ ისინი გრძნობენ საზოგადოებას, გრძნობენ საკუთარ შეცდომებს, მაგრამ ხელისუფლებამ ეს პროტესტი ნდობის აღდგენისთვის ვერ გამოიყენა და დემოკრატიული გზის ნაცვლად აირჩია სულ სხვა გზა, რკინის ხელის გზა და „ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა“.

„ამ ახალგაზრდებისთვის ბერლინია შინაური ქალაქი და არა მოსკოვი“

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზუკა ბერძენიშვილის მამაა. ასეც ამბობს, „მე ამ აქციებზე ზუკას მამა ვარ და არა პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი“.

40 დღეა თვალს ადევნებს შვილისა და შვილის მეგობრების ბრძოლას პარლამენტის წინ. ამბობს, რომ „დღეს სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული“ და პოლიტიკოსებს უწონებს საქციელს, რომ არ შეებრძოლნენ ახალგაზრდებს პირველობისთვის:

„ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მესამე ათეული წლის ბოლოსკენ, ასპარეზზე გამოსასვლელად მზად აღმოჩნდა ახალი თაობა, დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი თაობა, სოვიეტიკუსობისაგან თავისუფალი თაობა. მათთვის ბერლინია შინაური ქალაქი და არა მოსკოვი და პეტერბურგი. ისინი ზურგით დგანან რუსეთისკენ. ჩვენ ამ ხალხზე უკეთესი არაფერი გამოგვიზრდია ამ ათეული წლების განმავლობაში. იქ არ დგას სამსახურის მაძებარი ახალგაზრდობა. იქ დგას კვალიფიციური ახალგაზრდობა, რომელსაც არ აქვს სამსახურის, თავის რჩენის პრობლემა“.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ დღესდღეობით, შს მინისტრი, გიორგი გახარია პროტესტის მონაწილეებისათვის მომგებიან ფიგურად, სასარგებლო სამიზნედ იქცა, „რომელსაც დააჭერ ხელს, ბოდიშს მოახდევინებ, მასზე იხალისებ. გახარია გახდა ხელისუფლების სახე. ხელისუფლების სახე კი არის უსახური და უტყვი, ისეთივე, როგორც პარლამენტის წინ გამოდგმული გახარიას ბიუსტი“.

გიორგი გახარიას ბიუსტი მყარად დგას პარლამენტის კიბეებზე. 40-დღიანი პროტესტის შემდეგ მყარად დგას თავის პოსტზე მინისტრი გიორგი გახარიაც.

"გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი"

„გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან პოლიტიკოსებს პარლამენტში ძალით შესვლა და სახელმწიფო გადატრიალება სურდათ და „მადლობა ღმერთს, რომ გახარიამ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხებისგან, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა", - ანტისაოკუპაციო აქციების 27-ე დღეს, ამ სიტყვებით გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასა და აქციის მონაწილეების ერთადერთ მოთხოვნას, შს მინისტრის გადადგომას.

თავად აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები "ნაცმოძრაობად" და მასთან აფილირებულ პარტიებად მოიხსენია:

"არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე", ამაზე ლაპარაკობს მხოლოდ „ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული პატარა-პატარა პარტიები, რომლებიც დგანან რუსთაველის აქციის უკან და რომლებიც 200-200 კაცს ძლივს აგროვებენ და და ვერ ხვდებიან, რომ ამით კნინდებიან".

ანტისაოკუპაციო აქცია გრძელდება - აგვისტოს ბოლომდე გადაცემის ფორმატში, 20 ივნისის ღამიდან სამი თვის თავზე, 20 სექტემბრიდან კი პროტესტი ფართომასშტაბიანი აქციის სახეს იბრუნებს.