22 ივლისიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ფორმას იცვლის და გადაცემების სახეს იღებს.
ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორების თქმით, დღეიდან პროტესტი ახალ, უპრეცედენტო ეტაპზე გადადის და პარლამენტის წინ მდებარე სცენიდან გადაცემები იწყება:
„სანამ გიორგი გახარია შს მინისტრის პოზიციაზე რჩება, ქვეყანაში მუდმივად იქნება კერა, სადაც ადამიანები ყოველდღე გაიგებენ, რატომ უნდა დატოვოს მან თანამდებობა და ამასთანავე, რა შეცდომებს უშვებს მმართველი გუნდი. პარლამენტთან შეკრებილი თითოეული ადამიანი ავტომატურად ხდება გადაცემის მონაწილე და ექნება შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება უფრო მეტ ადამიანს გააგებინოს“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
მათი თქმით, თავდაპირველად, გადაცემა სხვადასხვა ონლაინ მედია გამოცემაში გავა, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან პერიოდში, ახალი ტელევიზიის შექმნას ჩაეყაროს საფუძველი.
პარლამენტის წინ მოწყობილი სცენიდან პირველი გადაცემა 22 ივლისს, 20 საათსა და 20 წუთზე გავა და ერთ საათს გაგრძელდება.
პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები "სირცხვილია" 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
აქციების 33-ე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.