ღვინო და პოლიტიკა

მონტენეგრო არც პირველია და არც უკანასკნელი, რომლის ღვინოსაც მოსკოვის რისხვა დაატყდა.

რუსეთის განმარტებით, მიზეზი იყო მეტალაქსილი - პესტიციდი, რომლის შემცველობაც ნორმას აჭარბებდა, ამიტომ აკრძალა საქართველოში კარგად ცნობილმა „როსპოტრებნადზორმა“ ღვინის იმპორტი მონტენეგროდან, კერძოდ, კომპანია „პლანტაჟესაგან“.

ეს ამბავი 2017 წლის აპრილში მოხდა. აკრძალვა ძალაში შევიდა 26 აპრილს - ორი დღით ადრე, ვიდრე მონტენეგროს პარლამენტში მოხდებოდა ნატოში ბალკანეთის ამ ქვეყნის წევრობის რატიფიცირება.

2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი. მანამდე მოსკოვმა ბევრჯერ და სხვადასხვა კონტექსტში შეახსენა პოდგორიცას, რომ ნატოში ინტეგრაცია წინააღმდეგობაში მოდის ორი სლავური, მართლმადიდებელი ერის მრავალსაუკუნოვანი „ძმური ურთიერთობის“ ტრადიციასთან.

ასევე ნახეთ მოსკოვი მონტენეგროს აკრიტიკებს, მაგრამ რუსები მაინც მიაშურებენ მის სანაპიროებს

ისევე როგორც მეზობელ სერბეთს, მონტენეგროსაც ენა და კულტურა აკავშირებს რუსეთთან და რუსებთან, მათ შორის კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქთან, ოლეგ დერიპასკასთან, რომელმაც მსხვილი ინვესტიციები ჩადო ამ ქვეყანაში.

მაგრამ იმავე კრემლში გულზე არ ეხატებათ ბალკანეთის ქვეყნების მისწრაფება ალიანსსა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ.

მონტენეგრო არც პირველია და არც უკანასკნელი, რომლის ღვინოსაც მოსკოვის რისხვა დაატყდა.

2013 წელს, როცა კრემლი უკმაყოფილო დატოვა ევროკავშირისაკენ მოლდავეთის სწრაფვამ, აიკრძალა ამ ქვეყნიდან რუსეთში ღვინისა და სპირტიანი სასმელების იმპორტი - თითქოსდა, მათი არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო.

ახლა კი "როსპოტრებნადზორის“ ყურადღება ისევ ქართულმა ღვინომ მიიპყრო:როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა.

ასევე ნახეთ „როსპოტრებნადზორი“ ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხზე კონტროლს ამკაცრებს

ბოლო ხუთ წელს რაც შეეხება, რუსეთში 2013 წელს განახლდა საქართველოდან ღვინის იმპორტი, რომელიც აკრძალული იყო 2006 წლიდან - ოფიციალურად, სანიტარული ნორმების დარღვევის გამო.

ახლა, „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ კომპანიები „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

პოლიტიკური კონფლიქტი არაფერ შუაშია - აცხადებს კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი თბილისში ანტისამთავრობო და ანტიოკუპაციური საპროტესტო აქციების ფონზე.