ღვარცოფით დაზარალებულებს კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ

შოვი, სტიქიის ზონა - საილუსტრაციო ფოტო

თუ ღვარცოფის შედეგად დაზარალებულები გადაწყვეტენ სასამართლოს მიმართონ, მათ შეეძლებათ მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვონ.

3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი შეეწირა. 17 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 27 ცხედარი, ეძებენ კიდევ 6 დაკარგულს. ათობით ადამიანი სტიქიის ზონიდან ადგილობრივებმა და მაშველებმა გამოიყვანეს.

ისინი, ვინც ღვარცოფს ცოცხლები გადაურჩნენ, ჰყვებიან, რომ სამშვიდობოს გაღწევა დიდი გაჭირვებით მოახერხეს. ვერტმფრენი სამი საათის დაგვიანებით მიფრინდა, მაშველების მისვლამდე კი სტიქიაში მოყოლილებს ადგილობრივები დაეხმარნენ. ღამე ვერტმფრენები აღარ მუშაობდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ იმ დროისთვის ცოცხალი უკვე აღარავინ იყო.

შეუძლიათ თუ არა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ შოვში ღვარცოფის დროს სახელმწიფომ მათზე სათანადოდ არ იზრუნა, მორალური ან/და მატერიალური კომპენსაცია მოითხოვონ?

რა ევალებოდა სახელმწიფოს?

სახელმწიფოს ევალება მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და შეატყობინოს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ - იურიდიულ ენაზე ამას პოზიტიური ვალდებულება ჰქვია.

„მე თუ გზავნილი მომივიდა, რომ მდინარე ადიდებულია და მაინც წავედი, აქ სახელმწიფოს ვალდებულება აღარ ვრცელდება, მაგრამ სახელმწიფო დამნაშავეა, როცა არ აქვს ინფორმაცია, სად რა სტიქია შეიძლება განვითარდეს და არ აქვს სტიქიური უბედურებების მართვის გეგმა“, - ამბობს სამართლის დოქტორი მაკა ნუცუბიძე.

მას სტრასბურგის ერთი გადაწყვეტილება მოჰყავს მაგალითად - ადამიანის უფლებათა სასამართლომ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იმის გამო დააჯარიმა, რომ მდინარესთან, სადაც ბანაობა სახიფათო იყო და ადამიანი დაიხრჩო, შესაბამისი აბრა არ ეკიდა.

„21-ე საუკუნეში გაფრთხილების ბევრი საშუალება არსებობს, თუნდაც ის, რომ ტელეფონის ნომრებზე, რომლებიც სახიფათო ზონაში დაფიქსირდებიან, შეტყობინებები გაიგზავნოს. ავსტრიას 8500 სირენა აქვთ დამონტაჟებული. სირენის დამონტაჟების გარდა, საჭიროა მოქალაქე ინფორმირებულიც იყოს, რას ნიშნავს ეს სირენა და როგორ უნდა მოიქცეს მისი ჩართვის შემდეგ“.

ასევე ნახეთ მიატოვა თუ არა განსაცდელში სახელმწიფომ მოქალაქეები შოვში? - რა მუხლებით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება

მაკა ნუცუბიძე ამბობს, რომ საქართველო არის ორჰუსის კონვენციის მონაწილე, შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქეს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოს შესახებ, რომელშიც მას უწევს ცხოვრება.

„გარდა ამისა, კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფოს ავალდებულებს, მიიღოს ნორმატიული აქტი, რომელშიც ყველა დეტალი იქნება გაწერილი - ქვეყნის ზონირება, სახიფათო ადგილები და ასე შემდეგ.

ეს დოკუმენტი 2018 წლის 1 იანვარს მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი მიღების ვადა 2026 წლამდე გადაწიეს. მიზეზი ისევ ის არის, რომ არ გვაქვს ზონირების რუკა, არ გვაქვს უწყება, რომელიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აიღებს და არ გვაქვს დროული შეტყობინებების სისტემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, - ამბობს მაკა ნუცუბიძე.

როგორ და სად შეიძლება ჩივილი?

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ბრალეულობის დასამტკიცებლად საჭიროა დადგინდეს, რომ სტიქია პროგნოზირებადი და კონტროლირებადი იყო.

„ამას ძალიან ბევრი ექსპერტიზა დასჭირდება, მაგრამ თუ დადგინდა, რომ სტიქია კონტროლირებადი იყო, დავის წამოწყება ძალიან პერსპექტიული საქმეა, მით უფრო, თუ სტრასბურგამდე მივა. სტრასბურგს რამდენიმე მსგავსი საქმე აქვს განხილული“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

მისი თქმით, უფრო ადვილი დასამტკიცებელია ის გადაცდენები, რომლებიც უშუალოდ სტიქიის შემდეგ მოხდა, მით უფრო, რომ ხელისუფლების განცხადებები თავად ქმნის მტკიცებულებებს:

„სამი საათი რატომ დასჭირდა ვერტმფრენს? გასაჩივრების დროს, შესაძლოა, ვარაუდის დონეზე წამოაყენო, რომ სტიქიის ღამეს, როდესაც ვერტმფრენებით ძებნა შეწყვიტეს, შეიძლებოდა ვინმე ჯერაც ცოცხალი ყოფილიყო. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზის დასკვნას, როგორ და რა ვითარებაში იპოვეს ცხედრები. მნიშვნელოვანია, გაასაჩივროს ისეთმა ადამიანმა, რომელსაც ზიანი მიადგა ამ დაგვიანების გამო. კიდევ უფრო კარგია, თუ კოლექტიური საჩივარი დაიწერება“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. თუმცა დაზარალებულებს შეუძლიათ გამოძიების დასრულებამდეც მიმართონ სასამართლოს და მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.

მორალური ზიანი შესაძლოა, სიმბოლური 1 ლარიც იყოს და მილიონებიც. დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს ისიც, რომ სახელმწიფომ სტიქიის ადგილას პრევენციული ზომები მიიღოს. ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ საჩივრის წარდგენისთვის ახლა, სანამ ექსპერტიზების ჩატარება ჯერ კიდევ შესაძლებელია, საუკეთესო დროა.

გაბიტაშვილის საქმე

სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა სასამართლომ 2015 წლის 13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში, მომხდარი სტიქიის საქმეზე. სასამართლოს მაშინ ერთ-ერთი მსხვერპლის ძმამ მიმართა.

40 წლის დავით გაბიტაშვილი 14 ივნისს, ღამით, დაიღუპა. მისი ცხედარი 3 დღის შემდეგ პარკ „მზიურთან“ იპოვეს, მანქანა კი - ვერეს ხეობის საპირისპირო მხარეს, ხილიანის ქუჩის ასასვლელთან.

ასევე ნახეთ 13 ივნისს დაღუპულის საქმე: სააპელაციომ საპატრულო პოლიციას ზიანის ანაზღაურება დააკისრა

დავითის ოჯახმა სასამართლოში იმავე წელს იჩივლა. გაბიტაშვილების ოჯახი დაუდევრობაში ადანაშაულებდა ოთხ სახელმწიფო უწყებას: შსს-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოებს.

ოჯახი აცხადებდა, რომ 13 ივნისს საპატრულო პოლიციას სტიქიის ზონისკენ მიმავალი გზა რომ გადაეკეტა, დავით გაბიტაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

2023 წლის 18 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ოჯახის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

ამ შემთხვევაში კომპენსაციის თანხა, ოჯახის გადაწყვეტილებით, სიმბოლური 13 ლარი და მანქანის საფასური იყო.