2024 წლის 15-19 იანვარს შვეიცარიის ალპებში შეკრებილ ბიზნეს- და პოლიტიკურ ლიდერებს ფორუმმა ძირითად თემად „ნდობის აღდგენა“ შესთავაზა. განსახილველი თემები კი ოთხ ქვეკატეგორიად იყო დაჯგუფებული:
- გეოპოლიტიკური კონფლიქტები (ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა, აფრიკა)
- სამუშაო ადგილები
- ხელოვნური ინტელექტი
- ხანგრძლივვადიანი სტრატეგიის შემუშავება კლიმატის, ბუნებისა და ენერგიის საკითხებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას მონაწილეობდა ორ დისკუსიაში: „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“ და „ევრაზიის ახალი განთიადი?“
ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სისხლში ტყვიის შემცველობის პრობლემაზე ილაპარაკაპრემიერი ასევე სიტყვით გამოვიდა დახურულ ვახშამზე - „ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას“ და, როგორც თავად აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ილაპარაკა. ღარიბაშვილი მონაწილეობდა ღონისძიებაში - „დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში“.
ღარიბაშვილის თანამოაზრე ვუჩიჩი
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დისკუსიაში „ევრაზიის ახალი განთიადი?“ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მონაწილეობდა. მთელი საუბრის განმავლობაში სერბეთის და საქართველოს ლიდერები ერთმანეთს „გულითად მეგობარს“ უწოდებდნენ და თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ.
ვუჩიჩმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც ახლო კავშირი შეინარჩუნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის ეკონომიკური შედეგები მოიწონა და ირიბად გააკრიტიკა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება.
როგორც ვუჩიჩმა თქვა, მაშინ, როდესაც საქართველო „ევროპის გეოპოლიტიკის ცაზე“ ამომავალი ვარსკვლავი იყო, მისი ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.5%-ს არ აღემატებოდა.
„დღეს არავინ ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილის შესანიშნავ შედეგებზე, ისევე როგორც - ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მთავრობის. იმიტომ, რომ ჩვენ ევროპაში ასეთი შედეგებით ვერ დავიკვეხნით“, - თქვა მან.
სერბეთის პრეზიდენტს არც საქართველოს მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება გამორჩენია და ღარიბაშვილს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებიც მისცა.
„[ღარიბაშვილმა] თქვა: ახლა ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობას სტრატეგიულ დონეზე ვაყენებთ. და ძალიან მალე მას მოუწევს იმავე კითხვების მოსმენა, რასაც მე ყოველთვის ვაწყდებოდი. „რატომ აკეთებ ამას?“ „ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ თუ ევროკავშირთან?“ მან უნდა იმუშაოს თავისი ქვეყნის სასიკეთოდ. ის ვერ იმუშავებს წარმატებით ჩინური ინვესტიციების გარეშე, მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე“, - დაამატა ვუჩიჩმა.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების მიხედვით, ჩინეთს მოწინავე ადგილი არ უკავია. 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, ჩინეთი 6.1%-ით (19.3 მლნ აშშ დოლარი), მე-5 ადგილს იკავებს.
18 იანვარს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სწორედ, ჩინეთიდან საქართველოში შემოსულ ინვესტიციებს ეხება:
„...რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან“.
პრემიერის სიტყვა
დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?“ - ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. „ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში... ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ერთ პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. წელს ველით, რომ 5 პროცენტზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებაა.
ამიტომ, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, პოლიტიკურადაც სტაბილურია საქართველო... მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გასული წლის დეკემბერში და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით საქართველოში“, - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ილაპარაკა „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე. ის ასევე შეეხო ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და რკინიგზის მოდერნიზაციის საკითხებსაც. აღნიშნა, რომ საქართველოში იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობა.
„სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება.
ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინპინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა.
ჩინეთმა ინტერესი რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას ახსენა. მას დეტალურად არ უსაუბრია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
„რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას“, - თქვა მან და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკისა და ოჩამჩირის პორტის თემების აღნიშვნის გარეშე განაგრძო, - „თუმცა უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა“.
ასევე ნახეთ ილია დარჩიაშვილი დავოსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდადავოსში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს. მან განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს.
ღარიბაშვილს დავოსში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
გამოიყენა თუ არა პრემიერმა დავოსის პლატფორმა?
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას რადიო თავისუფლებასთან საუბარში „დაკარგულ შესაძლებლობას“ უწოდებს.
მართალია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ძირითადი აქცენტი ეკონომიკურ საკითხებზეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის საუკეთესო ფორუმი იმისათვის, რომ ქვეყნის წარმომადგენელმა მისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები დააყენოს.
„ [საქართველოს შემთხვევაში] ესენია: ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა, მცოცავი ოკუპაცია, ადამიანების გატაცება, სულ რამდენიმე კვირის წინ ადამიანის [თამაზ გინტურის - რ.თ.], საქართველოს მოქალაქის პირდაპირ ჩაცხრილვა საოკუპაციო ხაზთან.
აქ არის უამრავი საკითხი, რომლებზეც შესაძლებელია ისაუბროს საქართველოს წარმომადგენელმა, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაამახვილოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება საქართველოში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას; რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკას. შესაბამისად, საქართველო დააბრუნოს დღის წესრიგში.
ნებისმიერი სხვა თემა, მათ შორის, ჰაერში ტყვიის შემცველობა, რაც არ უნდა აქტუალური იყოს, ჩემი აზრით, ეს მეორეხარისხოვანია“, - გვითხრა გიგიაძემ.
დიპლომატის თქმით, ცუდი ნამდვილად არ არის ეკონომიკაზე საუბარი, მაგრამ, მისი შეფასებით, ეკონომიკური წარმატება შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე:
„საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე, მაშინ, როდესაც პოლიტიკური რეალობა არ იცვლება, საქართველო რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულია. ახლა ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ მხოლოდ ეკონომიკაზე ვისაუბროთ, ჩემი აზრით, რეალობას მოწყვეტილია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული სამუშაო განსახორციელებელი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩაგვეთვალოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც დათქმებითა და წინაპირობებით მივიღეთ. მთავარ ამოსავალ წერტილად ისევ და ისევ რჩება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა გიგიაძემ.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 19 იანვარს მთავრდება.