მთავრობაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიყვანილი აზარაშვილი ირაკლი კობახიძემ გაუშვა.
აწ უკვე ყოფილი მინისტრი გავლენიან ბიზნესჯგუფებზე და სისტემაში მის მისვლამდე არსებულ "სავალალო" მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ოპოზიციაში მის განცხადებებს „სკანდალურს“ უწოდებენ.
რა თქვა, ვინ დაადანაშაულა
4 მარტს, ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა - ორწლიანი მუშაობა ფეისბუკპოსტში შეაჯამა და „ქართულ ოცნებაში“ მადლობა მხოლოდ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გადაუხადა - ნდობისა და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ტექსტში ის საერთოდ არ ახსენებს მოქმედ პრემერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
„ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა“, - წერს მინისტრი, რეფორმებს ჩამოთვლის და, ისე ჩანს, რომ საკუთარ საქმიანობაში მხოლოდ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და მიღწევების ახსნის ნაკლებობას ნანობს:
„ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა“.
ზურაბ აზარაშვილი წინამორბედების საქმით უკმაყოფილოა.
წერს, რომ სამინისტროში მოსვლისას ჯანდაცვის სისტემაში საშინელი მდგომარეობა დახვდა - და კერძოდ - „კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები“ და დაუპირისპირდა - „სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას“.
ის ხაზს უსვამს - „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების“ არსებობასაც და მაგალითად - ათეულობით ონკოლოგის მიერ საბიუჯეტო მილიონების მითვისებას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმის წარმოება დაწყებულია.
„ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთა“, - გვეუბნება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე. თვლის, რომ ზურაბ აზარაშვილმა, 4 მარტს გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტით, „ხაზი გადაუსვა „ქართული ოცნების“ თითქმის 10-წლიან საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში" და სახელისუფლებო განხეთქილებაც დაადასტურა.
„მან [აზარაშვილმა] ფაქტობრივად თქვა, რომ იყო დიდი ჩავარდნა, რაც მხოლოდ მისი 2-წლიანი მუშაობის შედეგად გამოსწორდა... ის ლაპარაკობს გავლენიან ბიზნესჯგუფებზე, რომლებსაც შეუძლიათ, რომ პროცესები პირადი ინტერესებით მართონ...
ზურაბ აზარაშვილი ღარიბაშვილის კაცია და მისი ეს გამოსამშვიდობებელი განცხადება, ფაქტობრივად, არის ღარიბაშვილის განცხადება. მისი შინაარსი ჯანდაცვის სფეროს ფარგლებს სცილდება. ფაქტია, რომ ღარიბაშვილმა ბრძოლა გამოუცხადა კობახიძეს“, - რომან გოცირიძე მოელის, რომ, თავის მხრივ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიყვანილ ყველა მინისტრს გაუშვებს.
ასევე ნახეთ ვინ გაჰყვება ღარიბაშვილს, ვის მოიყვანს კობახიძე, და არის ეს მნიშვნელოვანი?როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ვარაუდობდნენ, რომ განახლებულ მთავრობაში აღარ იქნებოდა მასთან დაახლოებული ოთხი მინისტრი:
- ილია დარჩიაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი;
- ზურაბ აზარაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი;
- ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი;
- რატი ბრეგაძე - იუსტიციის მინისტრი.
ეს მოლოდინი პირველ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა და გამოაცხადეს, რომ პოსტიდან წასვლის სურვილი მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გამოთქვა. განახლებულ მთავრობაში, რომელიც კობახიძემ დამტკიცებისას წარადგინა, ახალი მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი იყო.
მაგრამ მეტი ცვლილების მოლოდინი კვლავ დარჩა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, არასრულ ერთ თვეში, ამ სიიდან კიდევ ერთი მინისტრის საკითხი გაირკვა - აღმოჩნდა, რომ ერთმანეთის პოზიციებს არ იზიარებენ ახალი პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი.
სადავო რეფორმები და სიამაყე
„ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა“, - წერს ზურაბ აზარაშვილი თავის განცხადებაში და ჩამოთვლის მთელ რიგ რეფორმებს - მედიკამენტებზე ფასების შემცირების, ონკოპაციენტების მკურნალობისა თუ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებით.
ექსმინისტრის სიამაყე აკვირვებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტს, სერგო ჩიხლაძეს, რომელიც ამბობს, რომ ზურაბ აზარაშვილის რეფორმები არაეფექტიანი იყო.
„მთავარი ის კი არ არის, რა რეფორმებს დაიწყებ, არამედ - როგორ შეასრულებ და რას გააკეთებ... მაგალითად, რაღაცეებზე კი შემცირდა ფასი, მაგრამ მედიკამენტები ხშირად დეფიციტურია. როცა სახელმწიფო ამბობს - მე შევისყიდიო, კერძო სექტორი აღარ ყიდულობს და შავ ბაზარზე უწევს ადამიანს ძებნა... პირობითად, შეიძლება ერთი პაციენტისთვის გაიაფდა რაღაც მედიკამენტები, მაგრამ ათისთვის სხვა რაღაცეები გაძვირდა. რეფერენტულ ფასებზეც არაფერი აქვს საამაყო ბატონ აზარაშვილს“, - ეუბნება სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლებას და აუდიტის სამსახურის მიერ 1 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნასაც იხსენებს, რომელშიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სერიოზულ დარღვევებზეა ლაპარაკი - იქნება ეს მასშტაბური დებიტორული დავალიანებები თუ ინვენტარიზაცია.
„მთლიანობაში ასეულობით მილიონი ლარის ფინანსური დოკუმენტაციის ხარვეზებზეა ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ... აუდიტის სამსახური წერს, რომ რწმუნება ვერ მიიღო მთელი რიგი მიმართულებებით“, - ამბობს ჩიხლაძე.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი "რესპუბლიკურის" დანგრევაზე - "ახლა შეიცვალა ეს ვითარება", "მე სხვა პიროვნება ვარ"
გასულ შაბათს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ზურაბ აზარაშვილს გულითადი მადლობა გადაუხადა აწ უკვე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თქვა, რომ საჯარო მადლობის სურვილი ჰქონდა, რადგან ზურაბ აზარაშვილმა „ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ხალხისთვის და ქვეყნისთვის“.
„ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს თავისი შეხედულებები, რომლებსაც არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი ან პირიქით“, - ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება“, „არავითარი დაპირისპირება არ არის“ და მედია სკანდალს ტყუილად ეძებს.
ასევე ნახეთ კობახიძესთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა - მთავრობის პრესსამსახური„რესპუბლიკურის“ საბედისწერო საკითხი
ოფიციალური ინფორმაციით - ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა, მაგრამ 1 მარტს ირაკლი კობახიძემ მკაფიოდ მიანიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილის პოსტიდან წასვლა მისი არჩევანი იყო და მიზეზი რესპუბლიკურ საავადმყოფოს უკავშირდებოდა.
„არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ დავინახე ხარვეზები“, - ირაკლი კობახიძემ დააზუსტა, რომ მინისტრს „მართვის კომუნიკაციას“ უწუნებდა.
4 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ზურაბ აზარაშვილმა მიანიშნა, რომ კობახიძის მიერ შერჩეული გეგმა უფრო ხარჯიანია.
„მჯერა, რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით, რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე“, - წერია ზურაბ აზარაშვილის განცხადებაში.
იყო თუ არა დასანგრევი? არ იყო დასანგრევი? - ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას პირდაპირ არ პასუხობს. 2 მარტს მხოლოდ ის თქვა, რომ საავადმყოფოს მომავალზე მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
„ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა“, - თქვა მან და დაამატა - „მე სხვა პიროვნება ვარ“.
ვინ არის მეოთხე?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მესამე მინისტრი იყო. მისი წინამორბედები იყვნენ - დავით სერგეენკო და ეკატერინე ტიკარაძე - ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ექიმები.
ზურაბ აზარაშვილის 4 მარტის განცხადებით, გამოდის, რომ სწორედ მათ დაუპირისპირდა, როცა თქვა, რომ მის მისვლამდე სისტემაში „სავალალო“ მდგომარეობა იყო.
ახლა მეოთხე მინისტრი უნდა დასახელდეს, როგორც ითქვა - "პოლიტიკური კონსულტაციების" შედეგად.
მედიაში გავრცელებული და ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯანდაცვის მომავალი, მეოთხე მინისტრი, სავარაუდოდ - არჩილ თალაკვაძე იქნება, "ოცნების" დეპუტატი და ამჟამად პარლამენტის ვიცე-სპიკერი. თავად ის ამ ინფორმციას არ ადასტურებს, მაგრამ - არც უარყოფს.
არჩილ თალაკვაძის კარიერაში მინისტრობა ყველაზე მაღალი თანამდებობა არ იქნება, რადგან - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ის ორჯერ აირჩიეს - მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში.
თალაკვაძემ თანამდებობიდან გადამდგარი ირაკლი კობახიძე 2019 წლის ივნისში შეცვალა. კობახიძე პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომამ ხალხის მღელვარება გამოიწვია.
ხოლო თავად თალაკვაძე 2021 წელს გადადგა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც - პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა, და მათ შორის - "ქართულმა ოცნებამ", ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ასევე „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი. ამ შეთანხმებას მმართველი პარტია რამდენიმე თვეში ცალმხრივად გაემიჯნა და დღემდე აუგად მოიხსენიებს.
ჯანდაცვის სისტემასთან კავშირი ჰქონდა არჩილ თალაკვაძის ძმას, ავთანდილ თალაკვაძეს, რომელიც 2015 წლიდან 2020 წლამდე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი იყო. 2020 წლის ნოემბერში ის თანამდებობიდან გადადგა და მაშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, ამის მიზეზი ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან კონფლიქტი გახდა, კოვიდის პანდემიის დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო.
ასევე ნახეთ არჩილ თალაკვაძე: თანამდებობები “ქართული ოცნების” გუნდში არავის თვითმიზანი არ გახლავთრადიო თავისუფლებას პარლამენტში უთხრეს, რომ - არჩილ თალაკვაძის შესაძლო გამინისტრების შესახებ მათაც ჭორის დონეზე სმენიათ და რეალური ნიშნები ჯერ არ ჩანს. ყველას ესმის, რომ - ჯანდაცვის სამინისტროსთვის ხელმძღვანელის შერჩევა ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე ვერ ჩაივლის.
ასევე ნახეთ რატომ გადადგა მინისტრი - შიდა კარის ინტრიგები თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა?