მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საქართველოს პრემიერი ნამდვილად მონაწილეობს კონფერენციაში “ძალა ერთობაშია”.
„ასოშიეიტიდ პრესის“ თანახმად, ორდღიანი თავყრილობა ბუდაპეშტში, რომელიც წელს მეორედ იმართება უნგრეთში, ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის, ევროპაში დიდწილად იზოლირებულ, ავტოკრატიულ მთავრობას შორის კავშირების გაღრმავებას.
„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მისი აზრით, საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც აქვს ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებები. გენდერული პროპაგანდა არც საქართველოს ზოგავს, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, ხოლო ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, პროტესტანტ ლგბტქ ზეწოლას“, - ასე წარადგენს ღარიბაშვილს კონფერენციის ორგანიზატორი „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრი“.
ღარიბაშვილის კონსერვატორების კონფერენციაში მონაწილეობის ფაქტს გამოეხმაურა უნგრეთის ელჩი საქართველოში, ანა მარია შიკო. მისი შეფასებით, საქართველო იზიარებს ქრისტიანობის, ტრადიციული ღირებულებების, ოჯახისა და კავშირების ღირებულებებს, თუმცა ამ კონფერენციაზე მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი, სპიკერებს შორის სრული მსოფლმხედველობრივი თანხმობა იყოს.
„როდესაც გაქვთ სუფრა, თქვენ ეპატიჟებით ბევრ ხალხს, არ არის აუცილებელი, მიიწვიო ისინი, ვინც ეთანხმება ყველაფერს, რასაც ფიქრობთ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიწვევა ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, რომელიც ეხება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ. ვფიქრობ, საქართველო ასევე იზიარებს ქრისტიანობის ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახისა და კავშირების ღირებულებებს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ასევე განიხილული იქნება კონსერვატიული პლატფორმის ფარგლებში. ყოველთვის არის მსგავსებები და განსხვავებები. ისევე, როგორც საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შეხედეთ იმას, რაც იქ არის და არა იმას, რაც იქ არ არის. ნუ ფიქრობთ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, იფიქრეთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ვფიქრობ, რომ ეს არის გზა, როდესაც კავშირი შეიძლება ყოველთვის იყოს პოზიტიური“, – ანა მარია შიკოს ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ასევე ნახეთ უნგრული გაკვეთილი „უცხოეთიდან დაფინანსებასა“ და „აგენტებზე“რა მიზანს ემსახურება კონსერვატორთა კონფერენცია?
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) ამერიკაში 1974 წლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება და მასში დონალდ ტრამპსაც მიუღია მონაწილეობა. ამერიკელი კონსერვატორების ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროპაში მეორე წელია, რაც ფეხის მოკიდებას ცდილობს.
გასულ წელს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კონფერენციის გახსნაზე, რომელსაც 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, უნგრეთს “კონსერვატიული ქრისტიანული ღირებულებების უკანასკნელი ბასტიონი” უწოდა და ამერიკელ კონსერვატორებს მოუწოდა, ისევე დაემარცხებინათ “პროგრესული ლიბერალების დომინირება საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, როგორც ეს მან თავის ქვეყანაში შეძლო.
„ფრიდომ ჰაუსის“ 2022 წლის ანგარიშის, „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, თანახმად, უნგრეთის დემოკრატიის ხარისხი, 100-ბალიან სკალაზე 45 ქულას შეადგენს. ეს ქულა მას განაწესებს „ჰიბრიდული რეჟიმების“ რიგებში - „დემოკრატიულსა“ და „ავტოკრატიულს“ შორის.
ვიქტორ ორბანის მთავრობას მმართველობის 13-წლიან პერიოდში გატარებული აქვს მკაცრი პოლიტიკა უმცირესობებისა და ჩაგრული ჯგუფების, მათ შორის, იმიგრანტებისა და ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, მმართველ პარტია „ფიდესის“ მმართველობისას მიღებული ცვლილებები არღვევს ოპოზიციური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, უნივერსიტეტებისა და სხვა დაწესებულებების უფლებებს, რომლებიც მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულები არიან, ან რომელთა შეხედულებებიც „ფიდესს“ არ მოსწონს.
ბუდაპეშტში კონფერენციას, რომელსაც წელსაც უნგრეთის პრემიერი გახსნის, „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრი“ მასპინძლობს. CPAC-ის უნგრეთის ვებგვერდის თანახმად, ღონისძიება კონცენტრირებულია შემდეგი ღირებულებების გარშემო: „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ძალა ერთობაშია”.
უნგრეთში კონფერენციის მომწყობი ორგანიზაცია ეჭვქვეშ აყენებს რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობას და აქტიურად უჭერს მხარს უნგრეთის პრემიერის პოლიტიკას.
50 სპიკერიდან, ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთი უცხოელი მოქმედი პრემიერ-მინისტრია, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობს.
ასევე ნახეთ დემოკრატიის უკუსვლისთვის გაკრიტიკებული ორბანი გამოდის ევროპარლამენტის დაშლის მოწოდებითრას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერის მონაწილეობა კოსერვატორთა კონფერენციაში?
“არ გამიკვირდება, რომ შემდეგი მოწვევა ღარიბაშვილმა ჩრდილოეთ კორეიდან მიიღოს”, - ასე გამოეხმაურა ნონა მამულაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოჩენას კონსერვატორთა კონფერენციის სპიკერების სიაში.
“ქართული ოცნების ხელისუფლება დემონსტრაციულად და მიზანმიმართულად აზიანებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს”, - მიიჩნევს თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან. ის ამბობს, რომ ჰომოფობიურ, ანტიგენდერულ კონფერენციაში ღარიბაშვილის მონაწილეობა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მინიჭების წინ გაუმართლებელია.
“ეს კონფერენცია არის დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის წინააღმდეგ მიმართული და ებრძვის გამოგონილ მტრებს. მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მათთვის აქტუალურ პრობლემად ასახელებს უმუშევრობას, სიღარიბეს და სხვა სოციო-ეკონომიკურ საკითხებს, “უმრავლესობის” სახელით გამოგონილ პრობლემებზე საუბარი არის პოპულიზმი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ კვარაცხელიამ, “თბილისი პრაიდის” თანადირექტორმა. ღარიბაშვილის მონაწილეობა კონფერენციაში, რომელიც ღიად უპირისპირდება ევროკავშირსა და მის ღირებულებებს, მარიამისთვის საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს ჰგავს.
“არ მიკვირს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქტივისტი გიორგი თაბაგარი და იხსენებს 2021 წლის 5 ივლისის დილას ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ “მიზანშეუწონელი” იყო “ღირსების მარშის” ჩატარება, ვინაიდან ამას მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგებოდა. ღარიბაშვილის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-მდე ჟურნალისტს რუსთაველის მოედანზე და დაარბიეს “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.
ასევე ნახეთ ქუჩაში საშიშია, სახლში საშიშია - როგორ შეიცვალა ქვიარების ცხოვრება“ამ კაცის ღირებულებები ყველაზე კარგად ასეთ საკითხებში ჩანს და საქართველოს ისტორიაში ალბათ ის არის ყველაზე შავბნელი პოლიტიკოსი. არავის არ მოსწონს ვიქტორ ორბანი დასავლეთში და ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ევროკავშირიდან აქტიური ურთიერთობა აქვს ღარიბაშვილს, სწორედ ვიქტორ ორბანია. ეს კარგად მეტყველებს მის ღირებულებებზე”, - ამბობს გიორგი, რომელიც ასევე საბოტაჟად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ბუდაპეშტში დაგეგმილ კონფერენციაზე.
“იმ ფონზე, როცა აქ აქციები მიმდინარეობს, [აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების] დედები ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და ამ დროს ღარიბაშვილი მიდის ანტიგენდერულ, ანტილიბერალურ კონფერენციაზე, აჩენს ეჭვს, რომ ეს ხელისუფლება დაშორდა გენდერული თანასწორობის გაცხადებულ პოლიტიკას და არის პრობლემა, რომ ჩვენ ამ ტიპის ვიზიტებით და გამოსვლებით ვაზიანებთ ჩვენი ევროპული მომავლის პერსპექტივასაც და ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების სტანდარტსაც”, - უთხრა რადიო თავისუფლებას იდა ბახტურიძემ, ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF) თანადირექტორმა.
ასევე ნახეთ აქონდროპლაზიის წამალი - რა ვიცით VOXZOGO-ზე, რომელიც ბავშვებისთვის შეიქმნა?კონფერენციაში მონაწილეობა თუ უფრო მეტი?
სამოქალაქო აქტივისტები და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ადამიანები შიშობენ, რომ ღარიბაშვილის გამოჩენა ამ კონფერენციაზე ახალი ჰომოფობიური და რეპრესიული ტალღის დასაწყისის ნიშანია. ეს ჯგუფები მოელიან, რომ “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, წინასააარჩევნოდ ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეეცდება გაიმეოროს უნგრეთისა და რუსეთის ნაბიჯები და დღის წესრიგში დააყენოს ლგბტქ+ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.
უნგრეთის პარლამენტმა 2021 წლის ზაფხულში მიიღო კანონი, რომლითაც არასრულწლოვნებში ლგბტქ+ პროპაგანდა აიკრძალა. აკრძალვა შეეხო წიგნებს, ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იყოს ქვიარ ადამიანების მხარდამჭერად. აკრძალვის მიზეზი შეიძლება გახდეს არამეინსტრიმული გენდერული იდენტობის მქონე პერსონაჟი, ან სულაც ცისარტყელას დროშის გამოსახულება. ეს კანონი მკაცრად გააკრიტიკეს და შეადარეს რუსეთის მიერ 2013 წელს მიღებულ კანონს, რომელიც „გეი პროპაგანდას“ კრძალავს.
2017 წელს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთში მიღებულ კანონზე თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „გაამყარა სტიგმა და წაახალისა ჰომოფობია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის მახასიათებელ თანასწორობასთან, პლურალიზმსა და ტოლერანტობასთან“. 2018 წელს HUMAN RIGHTS WATCH-მა ამ კანონს პოლიტიკური ჰომოფობიის კლასიკური მაგალითი უწოდა და რუსეთს მისი გაუქმება მოსთხოვა.
ასევე ნახეთ როგორ "იცავს" პუტინი გეებისგან რუსეთსა და უკრაინასუნგრეთი “გეი პროპაგანდის” ამკრძალავი კანონპროექტის მიღებისთვის ევროკომისიამ ევროკავშირის კანონმდებლობის დამრღვევად მიიჩნია. ვიქტორ ორბანის პასუხი კრიტიკაზე იყო ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება, რომელიც შემდეგ წელს დაგეგმილ არჩევნებს მიაბა - “ხრიკი” მას არჩევნებზე მოსახლეობის მობილიზებაში დაეხმარა. საბოლოოდ რეფერენდუმი უჩვეულოდ დიდი ოდენობის გაუქმებული ბიულეტენების გამო ჩავარდა. ორბანი კი მეოთხე ვადით გახდა უნგრეთის პრემიერი 2022 წელს გამართულ არჩევნებში.
ასევე ნახეთ „ევროკავშირში გაწევრიანება იქნება კატასტროფა” - ჰომოფობებს დასავლეთი არ უნდათ