"ღამის ქოთანი", "ბოგანო" - რას უწოდებს საჯარო მოხელე ზუგდიდელ აქტივისტებს

ფოტოილუსტაცია: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია საჯაროდ შეურაცხყოფს პოლიტიკურ ოპონენტებს.

„გაურკვეველი სქესის წუნწუხი”, „ღამის ქოთანი”, „უვიცი”, „ბოგანო”, „ჭიაფსელა”, „ქუჩის ქალები”, „პრიმიტივი გოგო” - ამ შეურაცხმყოფელ შეფასებებს იყენებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე რამდენიმე ქალზე საუბრისას.

შეურაცხმყოფელი სიტყვებით საჯარო მოხელე ზუგდიდელ სამოქალაქო აქტივისტებს - ცაბუნია ვართაგავას, ივდო ოტობარს და ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრ მარიამ სიჭინავას მიმართავს.

საჯარო მოხელემ ქალების ლანძღვა ფეისბუკზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ზუგდიდელმა აქტივისტებმა ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებზე ტყუილების გავრცელების გამო გააკრიტიკეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია, რომელიც პოეტიცაა, ფეისბუკზე ძირითადად თავის ლექსებს აქვეყნებს. ბოლო დღეებია ის ჰომოფობიურ და სექსისტურ ტერმინოლოგიას აქვეყნებს ქალებზე საუბრისას.

სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ლაშა გვასალიამ გამოაქვეყნა ყალბი ფოტო, სადაც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც უჭირავს ფოტოშოპით დამუშავებული ბანერი წარწერით: „მე და ჩემი ქმარიც აქ ვდგავართ, რუსებო“.

ცაბუნია ვართაგავამ სხვა აქტივისტებთან ერთად საჯარო მოხელეს ყალბი ფოტოს წაშლა მოსთხოვა და ფოტოს ორიგინალური ვერსიაც გაუგზავნეს. მიუხედავად ამისა, ლაშა გვასალიამ ფოტო ფეისბუკზე დატოვა.

„ამას მოჰყვა ჩემი პოსტი, სადაც უცენზუროდ მოვიხსენიე ის და ამის შემდეგ გამოაცხო ის უზარმაზარი პოსტი... თუმცა ბოლო რამდენიმე წელი, რაც მე ამ კაცის არსებობის შესახებ ვიცი, ძალიან ქალთმოძულეა. ყველა ქალს ერთნაირად ვულგარულად და უზრდელურად ესაუბრება, რაც მე მინახავს...“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, კაცი პოლიტიკოსების მხრიდან გახშირდა აქტიური მოქალაქეების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც დაუსჯელობის სინდრომითაა გამოწვეული.

ასევე ნახეთ სექსისტური უხამსობის სინდრომი პარლამენტში - არის თუ არა საკმარისი დეპუტატ ოდიშარიას ბოდიში

ცაბუნია ვართაგავას აზრით, იმის გამო, რომ პარლამენტარებიც კი არ ისჯებიან სექსისტური და მიზოგინიური ფრაზებით გაჯერებული ტექსტებისთვის, შედარებით დაბალი თანამდებობის პირები კიდევ უფრო მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს:

ოღონდ რატომღაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და წევრებს ეხებათ ეს დაუსჯელობა, თორემ მე რომ იგივე გავაკეთო, რასაც ესენი აკეთებენ, ძალიან კარგადაც მომთხოვენ პასუხს...რასაც ვაკვირდები ტენდენციას, ერთი არის ქალების მიმართ სიძულვილი და ჰგონიათ, რომ პასუხს ვერ გავცემთ და მაგიტომ არიან ასე, და მეორე - კაცების მიმართ იყენებენ ჰომოფობიურ ენას.

ცდილობენ კაცი აქტივისტების ენა შეფუთონ ისე, თითქოს გეი აქტივისტია და იმიტომ საუბრობს ასე. ორივე შემთხვევაში - ერთი არის ქალთმოძულეობა - მიზოგინია და მეორე შემთხვევაში არის ჰომოფობია. ამ ორ სიძულვილის იარაღს იყენებს „ქართული ოცნება“ მათი მოწინააღმდეგეების მიმართ“.

ოპოზიციური პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა მიიჩნევს, რომ ლაშა გვასალიას განცხადებები არა მხოლოდ მის პირად, არამედ „ქართული ოცნების“ პოზიციას გამოხატავს:

ლაშა გვასალია არის "ოცნების" კოლექტიური სახე, რომელსაც "ოცნება" სუსთან ერთად იყენებს იმ ადამიანების და აქტიური აქტივისტების მარგინალიზაციისა და გასაშავებლად, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. კარგად იციან, რომ ჩვენ ვერ მოგვისყიდიან და ცდილობენ რაღაცნაირად გაგვტეხონ“, - თქვა მარიამ სიჭინავამ.

სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ლაშა გვასალიას მსგავსი განცხადებების გამო პასუხს არავინ მოსთხოვს: „თანამდებობიდან რომც გადააყენონ, სადმე სხვაგან უპოვიან ადგილს. იმიტომ, რომ ასეთ დითირამბებს რომ წერს ოცდამეერთე საუკუნეში, და ადამიანი, რომელიც ასეთი პროპაგანდისტია, ამას არავინ დაუკარგავს და დაუფასდება. მე არ მაქვს ამ მთავრობისგან ის მოლოდინი, რომ საერთოდ ან საყვედურს მიიღებს, ან რამე“, - გვითხრა ზუგდიდელმა აქტივისტმა ივდო ოტობარმა.

თავის მხრივ, ლაშა გვასალია აცხადებს, რომ ოჯახის ღირსების შელახვას არავის აპატიებს და „არსად არავის რომ არ გაუგია, ისე დასჯის“ გარდაცვლილი მამის შეურაცხმყოფელი წერილის ავტორს. საჯარო მოხელის თქმით, აქტივისტებმა მამამისის ხსოვნა შეურაცხყვეს, რასაც არ აპატიებს და მზად არის ამის გამო დაისაჯოს, თუნდაც ეს სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.

რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას სამოქალაქო აქტივისტებმა ყალბი გვერდიდან მისწერეს მამის ღირსების შეურაცხმყოფელი წერილი:

„ამათზე გიჟი მე ვარ, როცა ჩემს ოჯახს შეეხება საქმე. მე ამათ ვაჩვენებ, სიგიჟე როგორ უნდა და ეს უზნეობა როგორ უნდა იმას...მე არაფრის არ მეშინია. ...მე არავინ არ მინდა, ჩემს ოჯახს მე დავიცავ და მერე თუ დასასჯელი ვიქნები, ალბათ მივიღებ საკადრისად ყველაფერს. ... მე ახლა ვეძებ იმ ფეიკს.

უფალსაც ვევედრები, რომ ეს ფეიკი ვიპოვოთ და თქვენ გაიგებთ იმას, რომ არსად რომ არ გაგონილა, ისე დავსჯი მას. ისეთ რაღაცას გავუკეთებ, რომ ლეგენდად დარჩეს ეს ყოველივე. მე ვგულისხმობ იმას, ვინც ეს მომწერა მამაჩემზე. ვინც მამაჩემს შეეხება, ის დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ის“.

რა იგულისხმება გაუგონარ დასჯაში, გვასალია არ აკონკრეტებს. არც იმას, მიიღო თუ არა შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო შენიშვნა ან საყვედური რწმუნებულისგან. არც სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში გაგვცეს ამაზე პასუხი.

თავის მხრივ, აქტივისტები ვარაუდობენ და ემზადებიან იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის წევრები და მათი მხარდამჭერები კიდევ უფრო უხეში ფორმებით დაესმებიან თავს პოლიტიკურ ოპონენტებს.