„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იუწყება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა ორგანიზაციას ჩააბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. საიას მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინათ, არ დაკმაყოფილდა.
„ოლქები ... არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა, დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს“, - წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუკზე.
ასევე ნახეთ დიპლომატები დამკვირვებლებს და ოპოზიციას შეხვდნენ საარჩევნო დარღვევებზე სასაუბროდ„24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს“, - აღნიშნავს იგი.
საიამ საოლქო კომისიებს 30 ოქტომბერს წარუდგინა საჩივრები, რომლებითაც ითხოვს იმ 2263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა.
ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.
როგორც საიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე დავები საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს, შემდეგ საქმეები საერთო სასამართლოებში გადავა.
„საიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე“, - აცხადებს საია.
26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, ხმები კი ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 53.931%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%;
- „ძლიერი საქართველო“ - 8.81%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე გვერდზეც ჩანდა, რის გამოც ხმის ფარულობა მასობრივად დაირღვა, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები, დამკვირვებლები და ამომრჩევლები. საია ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
ასევე ნახეთ მსუყე ლაქები ბიულეტენის მეორე გვერდზე - „ა, დათვი და ა, კვალი“ ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები