ქუთაისის ისტორიულ უბანში განახლდა თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც ორი დღის წინ უნდა დასრულებულიყო და რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 ათასი ლარია გამოყოფილი. მშენებელი კომპანია, რომელიც სამუშაოებს მესამე თვეა ასრულებს, გრაფიკის დარღვევისთვის მერიამ 8 900 ლარით დააჯარიმა და ხიდის რეკონსტრუქციის დასასრულებლად ორი კვირის ვადა მისცა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხიდზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც სამოქალაქო სექტორი არ ეთანხმება და მერიას მოუწოდებს რეკონსტრუქციის პროცესი მკაცრად გააკონტროლოს.
ქუთაისის ისტორიულ უბნაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, „თეთრი ხიდის“, სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა. ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის 22 აგვისტოს უნდა გახსნილიყო, მაგრამ კომპანია „ალმა რუსმა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და სამუშაოები დაუსრულებელია. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ტარიელ ნუცუბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რეკონსტრუქციის დროულად დასრულებაში ხელი შეეშალათ წვიმიანი ამინდებისა და სამუშაოს სირთულის გამო. ტარიელ ნუცუბიძის განცხადებით, ხიდზე მუშაობა ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს. თითქმის დასრულდა რკინის კონსტრუქციის დაგრუნტვა, აღდგა და ახლით შეიცვალა მოაჯირების დაზიანებული ნაწილები, უახლოეს დღეებში კი დაიწყება ხიდის საფარის, იმიტირებული თეთრი ქვების მონტაჟი. პროექტის მიხედვით, თეთრ ქვებს ძელსკამების ფუნქცია ექნებათ.
მოძრაობა "თეთრ ხიდზე"
- „თეთრი ხიდის“ რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და, ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით, დაამონტაჟეს მანამდე არსებული ხის ხიდის სანაცვლოდ, რომლის ბურჯები 1860 წელს წყალდიდობამ დააზიანა.
- ხის ხიდი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზის სახელობის იყო, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ახალ ხიდს კი „თეთრი“ მისი შეფერილობის გამო უწოდეს.
- „თეთრი ხიდი“ ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე რიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე გრიშაშვილისა და პუშკინის ქუჩებს.
დაუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად, ხიდი სიმბოლურად გახსნეს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „ ევროპა ჩვენი სახლია“ და, როგორც თავად განაცხადეს, აქცია-პერფორმანსით ის გროტესკული განწყობა გადმოსცეს, რომელიც ქალაქის მოსახლეობას და ვიზიტორებს აქვთ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია გოქაძე ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს ტურისტულ სეზონზე ისტორიულ ხიდზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაუსრულებლობისა და იმ თანხის გამო, რომელიც ხიდის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს. გია გოქაძის განცხადებით, 7 წლის წინ რეკონსტრუირებულ „თეთრ ხიდზე“ საფარის მხოლოდ ნაწილი იყო შესაცვლელი და აუცილებელი არ იყო ქალაქის ბიუჯეტიდან 436 000 ლარის დახარჯვა.
„თეთრ ხიდზე“ ამ დროისთვის მიმდინარე სამუშაოების ტემპი მიუღებელია თორნიკე ბარათაშვილისთვის, რომელიც წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპა ჩვენი სახლია“.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ქალაქის მერიას მკაცრად გააკონტროლოს რეკონსტრუქციის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ბრალდებების პასუხად არაფერს ამბობენ ქუთაისის მერიაში, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ კომპანია „ალმა რუსს“ ორკვირიანი ვადა მისცეს ხიდის რეკონსტრუქციის დასასრულებლად. მერიამ „თეთრ ხიდზე“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ვადის დარღვევისთვის კომპანია 10 დღის წინ 8 900 ლარით დააჯარიმა და თუ კომპანია ორ კვირაში ვერ დაასრულებს ხიდის რემონტს, ის განმეორებით დაჯარიმდება.
ქალაქის ისტორიულ უბანში პუშკინის და გრიშაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი თეთრი ხიდის რეკონსტრუქციით უკმაყოფილოა მოსახლეობაც, „რადიო თავისუფლების“ რესპონდენტების თქმით, თითქმის სამი თვეა ხიდი დაკეტილია, რის გამოც შორი მანძილის გავლა უწევთ, ამასთან ხანგრძლივად ხიდის დაკეტვა აზარალებს ახლომდებარე მაღაზიების და კაფე -ბარების მფლობელებს, ტურისტები კი ხშირად გაურკვევლობაში არიან.
ასევე ნახეთ ქუთაისის მერიამ დააჯარიმა „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქციაზე მომუშავე კომპანიათეთრი ხიდის რეკონსტრუქციის იდეა, ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას ეკუთვნის, მისი თავდაპირველი გადაწყვეტილებით ხიდის ხის საფეხმავლო საფარი შუშით უნდა შეცვლილიყო, თუმცა იდეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწუნა, ამჟამად მიმდინარე პროექტის მიხედვით კი ხიდის საფარის ძირითადი ნაწილი ლითონის კონსტრუქციის იქნება, რომლებზეც ქუთაისთან დაკავშირებული 80 ფრაზა ამოიტვიფრება. ხიდზე ასევე განთავსდება იმიტირებული თეთრი ქვები, რომლებიც ბრონირებული შუშის ზედაპირზე დამონტაჟდება.
„თეთრი ხიდი“ ბოლო 10 წელია დაკეტილია საავტომობილო მოძრაობისთვის იგი ქუთაისში, მდინარე რიონზე მდებარე ხუთი ხიდიდან ერთერთი უძველესია, ხიდის რკინის კონსტრუქცია 1872 წელს საფრანგეთიდან ჩამოიტანეს და ინჟინერ ზეზელმანის პროექტის მიხედვით დაამონტაჟეს, ხიდს „თეთრი“უწოდეს შეფერილობის გამო.