ქუთაისის მერიამ კომპანია „ალმა-რუს საქართველო“ 185 307 ლარით დააჯარიმა ქალაქის ისტორიულ „თეთრ ხიდზე“ არაჯეროვნად შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას საქალაქო სასამართლოში უჩივლა. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის, ინფორმაციით, მერიამ კომპანიას ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეუწყვიტა, რეკონსტრუქციის ვადის რამდენჯერმე გახანგრძლივების შემდეგ. ირაკლი გიორგაძის განმარტებით, ქუთაისის მერიამ კომპანიას ჯარიმა დააკისრა არა მხოლოდ სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების, არამედ უხარისხოდ შესრულებისთვისაც:
Your browser doesn’t support HTML5
„არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მაგალითად, სანათები და შუშები არ მოეწყო ისე, როგორც ეს პროექტში იყო გათვალისწინებული; ე.წ. საღებავი-ლაქი იყო უხარისხო და ა.შ. ეს ყველაფერი ინსპექტირების ჯგუფს აღწერილი აქვს, ხარვეზები აისახა ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარჩელში და მივმართეთ სასამართლოს“.
ქუთაისის მერიის პრეტენზიები შესრულებული სამუშაოს ხარისხი მიმართ მიუღებელია კომპანია „ალმა -რუს საქართველოს“ ხელმძღვანელის, მერაბ გაბუნიასთვის. მისი ინფორმაციით, სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია 10-წლიანი საგარანტიო ვადა და კომპანია მზად არის გამოვლენილი ხარვეზები გამოასწოროს. გაბუნია მართებულად არ მიიჩნევს ქუთაისის მერიის განცხადებას ხარვეზების გამოსასწორებლად ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ. კომპანიის ხელმძღვანელი პირგასამტეხლო და საჯარიმო თანხას არარეალურად თვლის და აცხადებს, რომ ხიდის რეკონსტრუქცია დადგენილ ვადაში ვერ მოესწრო მერიის მიერ პროექტში რამდენჯერმე შეტანილი ცვლილების გამო.
„ჯარიმა არ მეკუთვნოდა. მერიის ბრძანებაში წერია, რომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა პროექტში ცვლილებების გამო, მაგრამ სამუშაოების შესრულებისთვის ვადა არ გახანგრძლივდა, რაც არალოგიკურია. პირგასამტეხლოს ოდენობაც არარეალურია“, - აცხადებს მერაბ გაბუნია.
ქუთაისის „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია გასული წლის ივნისში დაიწყო და, სატენდერო პირობებით, აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 434 ათასი ლარი იყო, შეიცვალა ხიდის საფეხმავლო ნაწილი და ხის ნაცვლად თუნუქისა და მინის საფარი განთავსდა. ამჟამად შუშის საფეხმავლო ნაწილი შემოსაზღვრულია, რადგან ორი კვირის წინ ერთი ფილა დაზიანდა. მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახიას, განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, მინის ფილა მექანიკურად დაზიანდა, თუ გაზრახ დააზიანეს.
„ეჭვი არსებობს, რომ შუშა იყო ფიზიკური ზემოქმედებით დაზიანებული და ამიტომ ჩავრთეთ სამართალდამცველი ორგანოები და გამოძიება გასცემს პასუხს კითხვებს. ასევე მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა და დადგინდება, არის თუ არა სახიფათო ხიდის შუშის ზედაპირი“, - განმარტავს ზვიად ჯავახია.
ასევე ნახეთ მერიის კაბალური პირობები თუ უხარისხოდ რეკონსტრუირებული „თეთრი ხიდი“„თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ოფიციალურად 3 ნოემბერს გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ხიდი მოსახლეობის მოთხოვნით გაიხსნა, რადგან ის ფეხით გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია. „თეთრ ხიდზე“ ხარვეზებმა თავი გახსნიდან მალევე იჩინა. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია „ალმა-რუს საქართველოს“ ბიუჯეტიდან გადაერიცხა, დაახლოებით, 300 ათასი ლარი. მერია კომპანიისგან ამ თანხის ნაწილის - 185 307 ლარის - დაბრუნებას მოითხოვს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე „თეთრ ხიდს“, მისი საფეხმავლო ნაწილის შეფერილობის გამო, ქუთაისში „ჟანგის ხიდიც“ კი უწოდეს.