ქუთაისი - ხალხმრავლობა სავაჭრო ცენტრებში და ხალხის ნაკლებობა ღია კაფეებში

ქუთაისი

„მყავს მოზარდი შვილები და 3 თვე მათთვის დიდი დროა. პირველ რიგში, ეს აისახა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე და ველოდი მაღაზიების გახსნას, რათა საჭირო ნივთები შემეძინა“, - გვითხრა ქუთაისელმა ანა შალიკიანმა, რომელმაც ქალაქში 1 ივნისიდან ისევ გახსნილ სავაჭრო ცენტრში 6 და 11 წლის შვილებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინა.

დარღვევებს ჯერ ვერ ვხედავ. ყველა პირბადით დადის, ყველგან გაკრულია, რომ პირბადე უნდა ჰქონდეს და დაიცვას დისტანცია.
თეა ტოფაძე

ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში დილიდან ხალხმრავლობა იყო. ცენტრ „ქარვასლაში“ შესულ მომხმარებლებს დაცვის სამსახურის თანამშრომლები დისტანციური თერმომეტრით ტემპერატურას უზომავდნენ და ნიღბების გამოყენებისკენ მოუწოდებდნენ. სავაჭრო ცენტრის დირექტორის, ზურაბ სალდაძის, ინფორმაციით, ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა ყველა მაღაზია, მათ მფლობელებს და თანამშრომლებს კი წინასწარ აცნობეს სავალდებულოდ დასაცავი წესების შესახებ. „ქარვასლის“ 150 მაღაზიაში 700-მდე თანამშრომელია დასაქმებული:

„თერმოსკრინინგის გარეშე ვერც თანამშრომელი შემოდის შენობაში და ვერც მომხმარებელი, ყველამ უნდა გაიაროს დეზობარიერი. პირბადის გარეშე, ასევე, არავინ დაიშვება და არის ნიშნულები, რომ დაიცვან დისტანცია“.

სავაჭრო ცენტრი

„ქარვასლაში“ მდებარე საჩუქრების მაღაზიის მფლობელი თეა ტოფაძე ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან წესების დაცვა კონტროლდება. თეა ტოფაძის თქმით, მყიდველიც და გამყიდველიც ვალდებულია, პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესები გაითავისოს, დარღვევის შემთხვევაში კი ერთმანეთს შენიშვნა მისცენ:

„დარღვევებს ჯერ ვერ ვხედავ. ყველა პირბადით დადის, ყველგან გაკრულია, რომ პირბადე უნდა ჰქონდეს და დაიცვას დისტანცია. დარღვევის შემთხვევაში ჩვენ შევახსენებთ აუცილებლად“.

ღია კაფე

ქუთაისის ისტორიულ უბანსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიხსნა ღია ტიპის რამდენიმე კაფეც, თუმცა დღის განმავლობაში თითქმის ცარიელი იყო. ასეთი კაფეების ნაწილი ისევ დაკეტილია და ჯერჯერობით ღია სივრცეებს აწესრიგებენ. რიონის სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ „არგოს“ მენეჯერი გიორგი ვარდანიძე გვეუბნება, რომ ღია ტერასების გახსნას რამდენიმე დღეში აპირებენ. მენეჯერის თქმით, იმის გამო, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა ჯერჯერობით არ განახლებულა, თანამშრომელთა ნაწილი ქალაქში ვერ დაბრუნდა:

ჩვენი ბიზნესი ტურიზმზეა გათვლილი ძირითადად და იმედი გვაქვს, ივლისის ბოლოს შემოვლენ ტურისტები და შემოსავალი მოიმატებს.
გიორგი ჭელიძე

„სამი თვის განმავლობაში სრულად დახურული ვიყავით, არც მიტანის სერვისი გვქონდა და ჩვენი მომსახურე პერსონალი დათხოვნილი იყო. მათი ნაწილი სტუდენტია და სხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ახლა ვცდილობთ შევკრიბოთ თანამშრომლები და გავხსნათ კაფე“.

მუშაობა უკვე განაახლა ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე კაფე „აურამ“. მის ღია სივრცეში ამჟამად სამი მაგიდაა. კაფეს მენეჯერის, გიორგი ჭელიძის, თქმით, თითქმის სამთვიანი იძულებითი შესვენებისა და შემოსავლის დაკარგვის გამო, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად საჭირო საშუალებების შეძენა გაუჭირდათ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მუშაობის განახლება ამჯობინეს. გიორგი ჭელიძე ამბობს, რომ მის კაფეს ძირითადად ტურისტები სტუმრობდნენ და იმედი აქვს, რომ ტურიზმის განახლების შემდეგ კაფე სრული დატვირთვით ამუშავდება:

„ჩვენი ბიზნესი ტურიზმზეა გათვლილი ძირითადად და იმედი გვაქვს, ივლისის ბოლოს შემოვლენ ტურისტები და შემოსავალი მოიმატებს“.

ქუთაისის კაფეებისა და რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ დამატებითი ხარჯი და პროდუქტის გაძვირება მათ მომსახურებაზეც აისახება და ნაწილობრივ ფასებს თავადაც გაზრდიან.