„ქილების გამოცვლის სისტემამ არ იმუშავა“ - კამილა ვალიევას ტრაგედია

კამილა ვალიევა

გამოძიება რუსი ფიგურისტის, კამილა ვალიევას გარშემო გრძელდება და კარგა ხანს გასტანს. 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სადოპინგო სააგენტო ვალიევასთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებს, რათა ფიგურისტის გარემოცვიდან შეამოწმოს მისი მწვრთნელები, ექიმები და სხვა სრულწლოვანი პირები. ამ საქმეს იძიებს თვითონ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოც. ვალიევას და სხვა ფიგურისტებს წვრთნის ეთერ თუთბერიძე, რომლის გუნდი თანამშრომლობს ექიმთან, რომელიც უკვე ორჯერ გაეხვია სკანდალში დოპინგის გამო.

ვალიევას სისხლში ნაპოვნ ნივთიერებას რამდენად შეეძლო მას სპორტულ შედეგზე ზემოქმედება, ამის თაობაზე ექიმების აზრები იყოფა: ერთნი თვლიან, რომ ის პლაცებოა და არ აქვს ზემოქმედება, სხვების აზრით, პრეპარატს შეეძლო ვალიევასთვის გარკვეული უპირატესობა მიენიჭებინა მეტოქეებთან შედარებით.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილებით, რომელიც სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო, ვალიევას ნება დაერთო გააგრძელოს ასპარეზობა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე. ამდენად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ანტისადოპინგო საერთაშორისო სააგენტოს აპელაცია და ვალიევა 15 თებერვლიდან ერთეულთა შორის შეჯიბრებაში ჩაერთვება. ამასთან, თუ ვალიევამ საპრიზო ადგილები მოიპოვა, მისი, ისევე როგორც გუნდების დაჯილდოების ცერემონია, გადაიდება მანამ, სანამ დოპინგთან დაკავშირებული გამოძიება არ დასრულდება.

ვალიევას „დავიწყებული“ სინჯი

მოარული ხმები, რომ რუსეთის წარმომადგენელ ფიგურისტ გოგონას, კამილა ვალიევას შარდის ანალიზში, რომელიც მან შარშან 25 დეკემბერს, რუსეთის ჩემპიონატის წინ ჩააბარა, აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერება, ტრიმეტაზიდინი, სპორტის ოფიციალურმა მოხელეებმა დაადასტურეს მხოლოდ 11 თებერვალს.

ტესტირების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) გაავრცელა შესაბამისი განცხადება. ეს ახალი ორგანო შეიქმნა 2018 წელს, მას მერე, რაც რუსეთის დოპინგის პროგრამის გარშემო დიდი სკანდალი მოხდა.

სააგენტო შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს ეგიდით, რათა შესუსტდეს სახელმწიფოს დაფინანსებით მოქმედი, რუსეთის სააგენტოს მსგავსი, ანტისადოპინგო უწყებების ზეგავლენა.

დე ფაქტო ტესტირების საერთაშორისო სააგენტო ასრულებს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მთავარი ორგანოს როლს ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სახელით, თუმცა, ოფიციალურად, სააგენტო დამოუკიდებელია კომიტეტისგანაც და საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოსაგანაც.

სპორტის ბევრი საერთაშორისო ფედერაცია ტესტირების სააგენტოს ენდობა, მაგრამ მათ რიცხვში არ არის ციგურაობის ფედერაცია.

კამილა ვალიევა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე, გუნდურ შეჯიბრებაზე გამოსვლის შემდეგ. 7 თებერვალი, 2022 წელი

ვალიევასგან აღებულ სინჯში ნაპოვნი ნივთიერება ეკუთვნის კლასს, რომლის საერთაშორისო სიმბოლოა S4 და მასში გაერთიანებულია ჰორმონები და მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ნივთიერებები. S4 ერთ-ერთი ყველაზე მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული ჯგუფია. მისი გამოყენება აკრძალულია შეჯიბრებებისგან თავისუფალ დროსაც. ამ ჯგუფის ნივთიერებათა გამოყენებისთვის სპორტსმენს ძირითადად 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნის.

ფიგურისტ გოგონას სინჯი აუღეს დეკემბერში, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიას ჩამორთმეული აქვს საერთაშორისო სააგენტოს აკრედიტაცია, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ სინჯი გაგზავნა შვედეთში, ლაბორატორიაში, რომელსაც აკრედიტაცია აქვს.

როგორც ტესტირების სააგენტო წერს, რუსეთის სააგენტომ ანალიზის პასუხი მიიღო 8 თებერვალს (რუსული ვერსიით, 7 თებერვალს), იმავე დღეს, როცა ფიგურულ ციგურაობაში - გუნდურ შეჯიბრებაში გამარჯვებულები უნდა დაეჯილდოებინათ. ცერემონია გადაიდო.

შვედეთის ლაბორატორიამ ანალიზის პასუხის დაგვიანება ახსნა კორონავირუსის გამო ბევრი სამუშაოთი, თუმცა კონკრეტული კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მოიხმო რა ანტისადოპინგო კოდექსი.

რუსეთის სააგენტომ ავტომატურად გამოუტანა ვალიევას განაჩენი და შედეგებზე ამცნო საერთაშორისო სააგენტოს. სპორტსმენი გოგონა ოლიმპიადის ყველა შეჯიბრებას ჩამოაშორეს, აეკრძალა ვარჯიშიც.

სინჯები, რომლებიც აღებულია არა ოლიმპიური თამაშის დროს, არ შედის არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და არც ტესტირების სააგენტოს იურისდიქციაში, ამიტომაც ვალიევას წარმომადგენლებმა რუსეთის ანტისადოპინგო უწყების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ამავე სააგენტოს ანტისადოპინგო დისციპლინარულ კომიტეტში. შეჯიბრებიდან ვალიევას ჩამოშორების გადაწყვეტილება გაუქმდა.

ამ დროს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის წარმომადგენლად გამოდიოდა ტესტირების სააგენტო, გაასაჩივრა რუსეთის სააგენტოს გადაწყვეტილება და მიმართა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს. ამ გასაჩივრებას შეუერთდნენ ანტისადოპინგო საერთაშორისო სააგენტო და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი. როგორც ითქვა, საქმე განიხილეს და 13 თებერვალს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ონლაინრეჟიმში, დახურული ფორმატით გამართულ სხდომაზე, რომელიც შვიდ საათს გაგრძელდა, გადაწყვიტა, ვალიევა დაუშვას ერთეულთა ტურნირზე იმის გამო, რომ ის „დაცული პირია“, ვინაიდან 16 წლამდე ასაკისაა. ეს სტატუსი კრძალავს ტურნირებიდან დროებით მოხსნას. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის აკრძალვა ვალიევას გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს. სპორტულმა არბიტრაჟმა ასევე მიუთითა „სერიოზულ პრობლემებზე“ იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტსმენს დროულად არ შეატყობინეს დოპინგის ტესტის შედეგები.

სასამართლოს ვალიევას დოპინგის ტესტის საკითხი არ განუხილავს არსებითად, ანუ შესაძლოა, საქმის განხილვა ოლიმპიადის შემდეგ გაგრძელდეს.

ვალიევას ინტერესებს იცავდა შვეიცარიის იურიდიული ფირმა Schellenberg Wittmer Ltd., რომელიც ადრე რუსეთის სააგენტოს ადვოკატად წარდგა საერთაშორისო სააგენტოს წინააღმდეგ.

მომავალი გამოძიების დროს სპორტსმენმა გოგონამ და მისმა იურისტებმა, სანქციების თავიდან ასაცილებლად, უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალული ნივთიერების მიღება არ იყო წინასწარ განზრახული ქმედება.

ვალიევას ორგანიზმში რომ აკრძალული ნივთიერება ოლიმპიური თამაშების დროს აღმოეჩინათ, რუსეთის გუნდს ავტომატურად ჩამოერთმეოდა გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებული ოქრო. ახლა, როცა სინჯი აღებულია ბევრად უფრო ადრე, თავის როლს თამაშობს დამატებითი ფაქტორები, აკრძალული ნივთიერების კონცენტრაცია და შესაძლებლობა, ზეგავლენა იქონიოს შედეგზე. თუ ეს დადასტურდა, მოქმედი წესებით, რუსეთის გუნდს მოაკლდება ვალიევას ქულები.

თავის პრესრელიზში ტესტირების უწყებამ ადრევე აღნიშნა, რომ 15 წლის ვალიევა არასრულწლოვანია და ის საერთაშორისო ანტისადოპინგო კოდექსით, „დაცული პირია“.

ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არც მისი ვინაობა უნდა გაემხილათ და არც საქმის დეტალები. სააგენტომ თავისი ქმედება, როცა დაასახელა ვალიევას ვინაობა, იმით გაამართლა, რომ მედიასაშუალებებმა არ გაითვალისწინეს ეს წესი და ვალიევას გვარი დოპინგის კონტექსტში არაოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე უკვე გახდა ცნობილი, როცა პეკინის ოლიმპიადაზე მედლებით დაჯილდოების ცერემონია გადაიდო, ტესტირების სააგენტომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის გამო, რომ „დიდი იყო საზოგადოებრივი ინტერესი“.

რუსეთში 2016 წელს მიიღეს კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ მათ მიმართ, ვინც სპორტსმენს დოპინგის მოხმარებისკენ უბიძგებდა. 2022 წელს ამ კანონის გამკაცრება იგეგმება.

უსაფრთხო და უმტკივნეულო: რას ამბობენ ექიმები

ტრიმეტაზიდინი, რომელიც ვალიევას აღმოუჩინეს დეკემბერში აღებულ სინჯში, საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების მიერ აკრძალული პრეპარატების სიაში შეიტანეს 2014 წელს. იმავე წლის ნოემბერში მისი მოხმარებისთვის დაისაჯა ჩინელი მოცურავე სუნ იანი. ჩინეთის ცურვის ფედერაცია ცდილობდა, მომხდარი გადაებრალებინა ჩინეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის, რომ მან დროზე არ თარგმნა საერთაშორისო სააგენტოს მიერ აკრძალული პრეპარატების სია.

ტრიმეტაზიდინი ცნობილია, როგორც პრეპარატ "პრედუქტალის" მოქმედი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიისას და ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა გულის იშემიური დაავადების მკურნალობისას.

იმის მიუხედავად, რომ ის განკუთვნილია 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, ექიმები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა ფორმალურია - მწარმოებელ კომპანიას უბრალოდ არ ჩაუტარებია კლინიკური გამოკვლევა არასრულწლოვნებზე, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ამ პრეპარატის "სამიზნე ჯგუფს".

მთლიანობაში, მედიკოსები თანხმდებიან, რომ ტრიმეტაზიდინი, როგორც ნივთიერება, უსაფრთხოა, და მის მოხმარებასაც განსაკუთრებული აზრი არ აქვს, თუკი წამალს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს შევადარებთ. ამასთანავე, სამეცნიერო კვლევაში, რომელიც 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, ყურადღება ექცეოდა მის საშიშ თანმდევ მოვლენებს, მაგალითად, პარკინსონის დაავადების განვითარების დაჩქარებას ხანდაზმულ ადამიანებში.

ანტონ როდიონოვის, ექიმ-კარდიოლოგის, სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატის და მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიის მასწავლებლის თქმით, "პრედუქტალი" "ყველაზე უსარგებლო პრეპარატია კარდიოლოგიაში":

"ის ბაზარზე XX საუკუნის 90-იან წლებში გამოიტანეს და ერთადერთი, რისი დამტკიცებაც მოხერხდა, ის არის, რომ გულის იშემიით (სტენოკარდიით) დაავადებულები, რომლებიც ტრიმეტაზიდინს იღებენ, 40 წამით უფრო დიდხანს ატრიალებენ ველოერგომეტრის სატერფულებს იშემიის განვითარებამდე“. როდიონოვი თვლის, რომ სტანდარტული ოპტიმალური თერაპიის მიუხედავად, თუ პაციენტს უნარჩუნდება სტენოკარდია, მას სტენტირება ან შუნტირება არ ასცდება.

ყველა მცდელობა - დაემტკიცებინათ "პრედუქტალის" გავლენა პროგნოზზე - უცვლელად მარცხით მთავრდებოდა, აცხადებს მოსკოველი კარდიოლოგი.

"პრედუქტალი", საბჭოთა კავშირში გამომუშავებული და ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოპულარული "მილდრონატისგან" განსხვავებით, საფრანგეთში იწარმოება. სწორედ ფრანგული ქარხნის კონვეიერზე წამლების შესაძლო "შერევით" ხსნიდნენ ფედერალური მედიკო-ბიოლოგიური სააგენტოს რუსი მოხელეები ტრიმეტაზიდინის აღმოჩენას ბობსლეისტი ნადეჟდა სერგეევას შემთხვევაში, რომელიც 8 თვით იქნა დისკვალიფიცირებული 2018 წელს კორეაში, ფიონგჩანგის ოლიმპიადის შემდეგ.

მათი ვერსიით, ტრიმეტაზიდინი სერგეევას სისხლში იმავე ქარხანაში დამზადებულ, ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატთან, "მეტიონინთან" ერთად მოხვდა. მოგვიანებით, სერგეევამ ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეძლო იმის დამტკიცება, რომ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა აკრძალული პრეპარატის არსებობის შესახებ კვების დანამატში, რომელიც მან მიიღო. შემდეგ ეცადა, ეჩივლა ფედერალური მედიკო-ბიოლოგიური სააგენტოსთვის, მაგრამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

"რამდენად არის შესაძლებელი, რომ ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები შეიცავდეს არადეკლარირებულ შენაერთებს? ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების რუტინული კონტროლი არ ხორციელდება, და კანონი თვითონ მწარმოებლებისგანაც არ მოითხოვს მათი ინგრედიენტების უსაფრთხოების - მით უფრო, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - დამტკიცებას.

იმ ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების შემთხვევაშიც კი, რომელთა ეტიკეტზეც მითითებულია ინგრედიენტების რაოდენობა, შემოწმებამ აჩვენა უხეში დარღვევები: ჟენშენიანი დანამატების სერიის ანალიზისას, მისი კონცენტრაცია რეალურად შეადგენდა შეფუთვაზე მითითებულისგან 0%-დან 300%-მდე ​განსხვავებას. შეიძლებოდა თუ არა, აღმოჩენილიყო ტრიმეტაზიდინი ბიოლოგიურად აქტიურ საკვები დანამატში? დიახ. შემთხვევით, თუ ის შეგნებულად ჩადო მწარმოებელმა? არ ვიცი, მაგრამ ეს არც არის პრინციპული.

პრინციპული სხვა რამაა: ნებისმიერი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ რამეს, თანამედროვე ანალიტიკური მეთოდები კი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ სპორტსმენები და მათი ექიმები პარანოიდულად ფრთხილად უნდა იყვნენ ამასთან დაკავშირებით", - ასეთი კომენტარი გააკეთა თავის ბლოგში იური კისელიოვმა, ნორვეგიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დოცენტმა, კამილა ვალიევას დოპინგზე დადებით ტესტთან დაკავშირებულ სკანდალზე.

ტრიმეტაზიდინის ეფექტიანობაზე სხვა მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად, საფრანგეთში მცხოვრები ვლადიმირ ვეკსლერი, გულის დაავადებათა განვითარების მექანიზმების სპეციალისტი, შეგვახსენებს, რომ სპორტული მაჩვენებლები დამოკიდებულია გამძლეობაზე და კუნთების ეფექტიან მუშაობაზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია კუნთების მიერ ენერგეტიკული ადენოზინტრიფოსფორმჟავას მოლეკულის ​წარმოებაზე.

"ამის წარმოებისთვის აუცილებელია ჟანგბადი, ამიტომ პროცესი შეზღუდულია ჟანგბადის კუნთებისთვის მიწოდებით. ჟანგბადი მიეწოდება სისხლთან ერთად, რომელსაც ორგანიზმში გული ტუმბავს.

ადამიანის გული ყველაფერს შთანთქავს, მაგრამ ყველაზე მეტად ცხიმოვანი მჟავები უყვარს, იმიტომ, რომ როცა ჟანგბადის ნაკლებობა არ არის, უჯრედში ბევრი ადენოზინტრიფოსფორმჟავა წარმოიქმნება, სწორედ ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის შედეგად. ყველაფერი იცვლება ექსტრემალურ პირობებში, ანუ, ავადმყოფობისა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას.

ავადმყოფი ორგანიზმის სისხლში ჟანგბადი ცოტაა, ფილტვების ან თავად გულის (გულსაც მიეწოდება სისხლი კორონარული არტერიებით) ცუდი მუშაობის გამო.

ფიზიკური დატვირთვების დროს ჯანმრთელთა სისხლშიც ცოტა ჟანგბადია, მაგრამ სხვა მიზეზით - აქტიური კუნთები ბევრ ჟანგბადს შთანთქავენ და მისი კატასტროფული ნაკლებობაა.

ასეთ პირობებში, უფრო ეფექტიანია ისეთ რეჟიმზე გადასვლა, როცა ატფ-ის (ადენოზინტრიფოსფორმჟავის) გამომუშავება უფრო ნაკლები ჟანგბადით ხდება. სწორედ ამას აკეთებს ტრიმეტაზიდინი".

„შარდის ქილების გამოცვლის სისტემამ, აშკარაა, არ იმუშავა და შეიძლება ბავშვს რეპუტაციაც გაუფუჭონ და სპორტული კარიერაც დასაწყისშივე. ბავშვი-სპორტსმენი ჭამს იმას, რასაც მას მწვრთნელები და სპორტის ექიმები აძლევენ. ის, რომ პრედუქტალი (ტრიმეტაზიდინი), რომელიც ბავშვმა მიიღო, უსარგებლოა, ერთი ამბავია, მაგრამ ვინც ის ბავშვს მისცა, მინდა ვკითხო: და მაინც - რატომ?

ის, რომ პრეპარატი შეტანილი იყო ანტისადოპინგო უწყებების მიერ აკრძალული ნივთიერების სიაში, მათ უნდა სცოდნოდათ. სულელებსა და არამზადებთან ბრძოლაა საჭირო. მოზრდილები, ვინც ამის უკან დგას, უნდა დაისაჯონ“, წერს ფეისბუკზე ილინკსის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ალექსეი ჟივოვი, რომლის აზრით, არაოფიციალური ნაწილი ამ სასჯელისა უკვე ისაა, რომ მათ, სულ მცირე, "სპორტული ცხოვრება დაუნგრიეს უდანაშაულო და ერთობ ნიჭიერ გოგონას".

ვალიევას ექიმი: დოპინგთან დაკავშირებული ორი სკანდალი და მადლობა პუტინისგან

2021 წელს კამილა ვალიევამ გაიმარჯვა ტურნირზე Finlandia Trophy ფინეთის ქალაქ ესპოოში. თავისუფალ პროგრამაში მან სამი ოთხმაგი ნახტომი გააკეთა, ისეთივე, როგორმაც გამარჯვება და საერთო აღიარება მოუტანა პეკინის ოლიმპიადაზე. ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ვალიევას ახლდნენ არა მწვრთნელები (ეთერ თუთბერიძეს ვიზის გამო პრობლემა შეექმნა), არამედ რუსეთის მოციგურავეთა ნაკრების ექიმი ფილიპ შვეტსკი.

გამოცემა „ჩემპიონატი“ მას უწოდებს ეთერ თუთბერიძის სპორტსმენების „კონსულტანტს“. ინსტაგრამზე შვეტსკის გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის იანვარში გადაღებული რამდენიმე ფოტო და ვიდეო ვალიევასთან ერთად ჰეშტაგით: #roadtobeijing – "გზა პეკინისკენ".

შვეტსკი სპორტის სხვადასხვა სახეობაშია ნამუშევარი და რამდენჯერმე გაეხვია დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალებში.

თავის მთავარ სამუშაო ადგილად ის ასახელებს ომის ვეტერანთა ჰოსპიტალს, სადაც 2020 წელს მადლობა აქვს მიღებული ვლადიმირ პუტინისგან, „კორონავირუსთან ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის“.

როგორც თვითონაც აღიარებს, სპორტული ექიმი შემთხვევით გახდა. პერმის სამედიცინო აკადემია აქვს დამთავრებული და ლაზერული მედიცინის სფეროში დაიცვა დისერტაცია. დიდ სპორტში კი ასე მოხვდა: „ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ ნიჩბოსნების გუნდი ექიმს ეძებდა. მივედი დეტალების გასაგებად და მაშინვე შემომთავაზეს, შანხაის ოლიმპიადაზე გავყოლოდი გუნდს. ასე დაიწყო 2005 წელს ჩემი სპორტული კარიერა“, უთხრა შვეტსკიმ „ლიტერატურნაია გაზეტას“ შარშან თებერვალში. მაგრამ მას არ უხსენებია სკანდალი, როცა რუსეთის გუნდმა 2008 წელს ოლიმპიადისთვის საგზური მოიპოვა. 2007 წელს სასტუმროსთან, სადაც გუნდი იმყოფებოდა, იპოვეს სისხლის გადასხმის აღჭურვილობა. ამგვარ ჩარევას კრძალავს საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტო და რუსეთის გუნდი დისკვალიფიცირებულ იქნა. რუსეთის ნიჩბოსანთა ნაკრების წევრები ძალიან უარყოფითად იხსენებენ გუნდის ექიმს. შვეტსკი თავს დამნაშავედ არ გრძნობდა და „როსია 1“-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ ეს იყო „აკადემიურ ნიჩბოსნობაში რუსეთის ნაკრების და რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია“.

ამ ამბიდან შვიდ წელიწადში მისი გვარი კვლავ გაისმა უკვე მოციგურავე ქალთა გუნდთან დაკავშირებული სკანდალის კონტექსტში. მაშინ ორი სპორტსმენი არ დაუშვეს მსოფლიო ჩემპიონატზე. შვეტსკი თავის კავშირს ამ სკანდალთან უარყოფდა და გაზეთ „სპორტ-ექსპრესს“, რომელიც იტყობინებოდა, რომ სწორედ ის იყო გუნდის სამედიცინო მრჩეველი, უჩივლა. რადიო თავისუფლების თხოვნაზე ინსტაგრამის გზით, კომენტარი გაეკეთებინა, ფილიპ შვეტსკიმ არ უპასუხა.

ხშირად გაიგონებთ, რომ ციგურაობა არ არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც დოპინგს აქვს მნიშვნელობა მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საეჭვო ეფექტიანობის პრეპარატებს, როგორებიცაა მილდრონატი და ტრიმეტაზიდინი. „ევროსპორტს“ ამის შესახებ უთხრა რუსმა მოციგურავემ, ეკატერინა ბობროვამ, რომელიც გახვეული იყო ხსენებულ სკანდალში და ასპარეზობას ჩამოაშორეს. მისი თქმით, „ფიგურულ ციგურაობაში დოპინგი არ არის. საქმე მარტივადაა: რა აბიც უნდა მიიღო, მაინც ვერ ახტები მეოთხედ. ამის გაკეთება ან შეგიძლია, ან არა“.

ითლება, რომ ციგურაობაში დოპინგის გამო სკანდალები იშვიათია. როგორც სპორტსმენები თვითონ ამბობენ, ამ სახეობაში გამოსვლისას მთავარია სტაბილურობა და ეს მიიღწევა გარკვეული, „სწორი“ საშუალებებითაც.

რუსეთის მთავრობამ თავისი რეაქცია უკვე გამოხატა კამილა ვალიევას გარშემო სკანდალის შესახებ თავისთვის დამახასიათებელ სტილში. რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ მომხდარის უკან წარმოიდგინა რომელიღაც სპეცსამსახურები, ხოლო ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, ვალიევას ამბავი „გაუგებრობად“ გამოაცხადა.

თუმცა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო ვალიევას საქმეს იკვლევს, მაგრამ უწყების პრესსამსახური მხოლოდ დოპინგის წესების „შესაძლებელ“ დარღვევაზე წერს.

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის სპორტსმენები რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოდიან, რადგან მათ სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის გამოყენება ეკრძალებათ დოპინგთან დაკავშირებული მრავალი დარღვევისა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო.