პოლიტიკური სპექტრი ძირითადად დანაწილდა ხუთ რაზმად ან გემად, რომელთაგან თითოეულს 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალისტური შანსი აქვს.
ერთი გემი სახელისუფლებოა, დანარჩენი ოთხი - ოპოზიციური. არის კიდევ სხვა ერთეულები - დავარქვათ მათ „ნავები“; ზოგი მათგანი კიდევ შეიძლება რომელიმე გემს მიებას; სხვები ამაყად და დამოუკიდებლად გააგრძელებენ ცურვას და ვინ იცის, იქნებ რომელიმემ სანატრელი 5%-იანი ნიშნულიც გადალახოს. ისიც სავსებით შესაძლებელია, ოქტომბრამდე რომელიმე დიდი გემი ბარიერს ქვევით ჩაიძიროს.
მაგრამ გაჩნდა განცდა, რომ „ესაა, რაცაა“: უკვე ვიცით, კონკრეტულად ვისა და ვისს შორის გვექნება ასარჩევი. შეგვიძლია ვიკითხოთ: რატომ დალაგდნენ პოლიტიკური მოთამაშეეები ასე და არა სხვაგვარად?
მარაოდ გაშლილი ორპოლუსიანობა
ცხადია, რომ ეს იდეოლოგიური ნიშნით არ მომხდარა. ზოგ „ნავს“ აქვს პრეტენზია მწყობრ პოლიტიკურ ხედვაზე, მაგრამ ვერცერთ „გემზე“ ამას ვერ ვიტყვით. რაც ახალი ქართული პოლიტიკა გვახსოვს, ასე იყო; ეს შეიძლება სამწუხარო იყოს, მაგრამ ამაზე მეათასედ წუწუნი უაზროა.
მიუხედავად ამისა, ხუთგემიან სტრუქტურას საკმაოდ ნათელი ლოგიკა აქვს. ის სხვა არაფერია, თუ არა ნაცნობი ორპოლუსიანობის („ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ) მარაოსებრი გაშლა.
ეს ორი პოლუსი კვლავ ყველაზე დიდი გემების სახითაა წარმოდგენილი (თუმცა დანარჩენებისგან განსხვავება საგრძნობლად შემცირდა). სხვების იდენტობა ამ ორთან მიმართებით განისაზღვრება: განხიბლული „ქოცები“ (გიორგი გახარია), განდგომილი ყოფილი „ნაცები“ („კოალიცია ცვლილებებისთვის“) და „ლელოს“ გარშემო გაერთიანებული უმწიკვლო „შუაშისტები“ („არც ბიძინასთან ვყოფილვართ, არც მიშასთან, ერთი-ორი გამონაკლისი გვაპატიეთ“). იდენტობის მთავარი საფუძველი პოლიტიკური ბიოგრაფია ან მისი არქონაა.
რატომ დალაგდა სისტემა სწორედ ასე? ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ პარტიის ლიდერებმა იხელმძღვანელეს ამომრჩეველთა განწყობებით - ან საკუთარი ვარაუდებით იმაზე, ერთმანეთისგან როგორ ასხვავებს ამომრჩეველი პოლიტიკურ ძალებს.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის გასაგები სიდიდეებია: ეს ყოფილი და დღევანდელი სახელისუფლებო პარტიებია, ამიტომ თითოეული მოქალაქის აღქმაში მათ გამოცდილებასთან, ანუ რაღაც რეალურთან ასოცირდება. ყველა დანარჩენზე მხოლოდ მათი ლაპარაკით შეიძლება იმსჯელო; პოლიტიკურ ლაპარაკს კი შედარებით ნაკლები ადამიანი უსმენს და, კაცმა რომ თქვას, რომც მოუსმინო, პარტიებს შორის განსხვავებას მაინც ვერ გაიგებ.
გარდა სახელისუფლებო გამოცდილებისა, ქართულ პოლიტიკაში არის კიდევ ერთი ხელშესახები სიდიდე: ქუჩის აქტივიზმი. მან ჩვენს ისტორიაში დიდი როლი ითამაშა. ამ წლის გაზაფხულ-ზაფხულის აქციებმაც საგრძნობლად შეცვალეს შიდაპოლიტიკური ატმოსფერო.
ამიტომ პოლიტიკური იდენტობები შეიძლება ქუჩაშიც აიგოს. მაგალითად, 2003 წლის ნოემბრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ქუჩამ აქცია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერიდან ედუარდ შევარდნაძის მთავარ ალტერნატივად.
თუმცა, ბოლო წლების მოპროტესტეთა უმრავლესობა აქტიურად ეწინააღმდეგებოდა არა მარტო არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირს, არამედ საზოგადოდ პოლიტიკური პარტიის იდეას. შესაბამისად, ამ მოძრაობიდან ახალი პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზაციები არ დაბადებულა.
ნაწილობრივი გამონაკლისი შეიძლება იყოს „თავისუფლების მოედანი“; მაგრამ ის „ლელოს“ გემს მიუერთდა, სანამ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა. არცერთი პოლიტიკური ძალის იდენტობა ახალგაზრდულ პროტესტს პირდაპირ არ უკავშირდება.
პოლიტიზებული უმცირესობა და მდუმარე უმრავლესობა
პოლიტიკური ელიტის მიერ შერჩეული მარაოსებრი სტრუქტურა გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის მომავალი არჩევნების ძირითად საკითხთან.
ზემოთ ვთქვი, რომ მოთამაშეები იდეოლოგიური ნიშნით არ დალაგებულან. მაგრამ ამ არჩევნებს, როგორც არასდროს, აქვთ გამოკვეთილი ღირებულებითი შინაარსი. ერთ მხარეს დგას "ქართული ოცნების" მზარდად ანტიდასავლური და ავტორიტარული ხედვა (ობიექტურად პრორუსული ან რუსული, აღიარებენ თუ არა ამას ხელისუფლების ლიდერები), მეორე მხარეს - პროდასავლური და პროდემოკრატიული ოპოზიცია.
ეს ნიშნავს, რომ გვაქვს რეალური ორპოლუსიანობა კონკრეტული პოლიტიკური პრინციპების გარშემო. მისი ლოგიკური გამოხატულება იქნებოდა არა ხუთწევროვანი ხუთგემიანი მარაო, არამედ ორი სია: ერთი რუსულ-ავტორიტარული, მეორე - დასავლურ-დემოკრატიული.
რატომ არ წავიდა ოპოზიცია ამ თითქოს უფრო ლოგიკური გზით და მარაოდ გაშლა ამჯობინა?
ეს შეიძლება სხვადასხვა სუბიექტური მიზეზით ავხსნათ, რომელთა შორის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის პერსონისადმი რთული და არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
აქ ყურადღებას ამ დილემის უფრო ფართო საზოგადოებრივ განზომილებაზე გავამახვილებ. „ედისონ რისერჩის“ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის საგრძნობი უმრავლესობა, ორი მესამედი, ერთიან სიას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ანგარიშგასაწევი უმცირესობა (მესამედი) საპირისპირო აზრზეა.
აღნიშნული კვლევა არაფერს გვეუბნება იმაზე, რა მახასიათებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ერთიანი სიის თუ „მარაოს“ მომხრეები, მაგრამ ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ. შეიძლება, აქ რაღაც კორელაცია გვქონდეს სხვაობასთან პოლიტიზებულ უმცირესობასა და შედარებით პასიურ, „მდუმარე“ უმრავლესობას შორის.
ეს განსხვავება ყველა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად დაუფასებელი. პოლიტიზებული უმცირესობა სხვადასხვა ფორმით აქტიურად გამოხატავს თავის განწყობებს და არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკურ ელიტაზე, მის დღის წესრიგზე, იმაზე, თუ რა თემები ხდება მედიაში განხილვის საგანი და ა.შ. მაგრამ არჩევნების ბედს, საბოლოო ჯამში, მდუმარე უმრავლესობა წყვეტს.
ქართული პარტიები, ჩემი დაკვირვებით, ზედმეტად არიან დამოკიდებული პოლიტიკურად აქტიურ უმცირესობაზე და შედარებით მოწყვეტილი - მდუმარე უმრავლესობას.
ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებები შედარებით გასაგებია აქტიური უმცირესობისთვის, რომელიც უფრო ყურადღებით ადევნებს თვალს პოლიტიკურ დისკუსიებს, მეტ-ნაკლებად ახსოვს სხვადასხვა პირის თუ ჯგუფის წარსული ქმედებები და სხვადასხვა დროს დაკავებული პოზიციები, უფრო ამჩნევს ნიუანსურ განსხვავებებს მათ შორის და ა.შ.
მდუმარე უმრავლესობისთვის ოპოზიციურ პარტიათა მრავალფეროვნებაში გარკვევა უფრო რთულია. მის ყურადღებას მხოლოდ ერთი-ორი მსხვილი, საკვანძო და გარკვეული საკითხით მიიპყრობ. ის შეჩვეულია არჩევანს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ბუნებრივად ურჩევნია, ოპოზიციაც ასე დალაგდეს.
„ასეთი რამ არასოდეს ყოფილა“
დაბოლოს, რას მოასწავებს პოლიტიკური ძალების მარაოსებრი და არა ორწევროვანი ორწევრიანი დანაწილება მომავალ არჩევნებში მხარეების შანსების თვალსაზრისით?
ოპოზიციის ზოგი მომხრე ასე ან თითქმის ასე აყენებს საკითხს: ოპოზიციის ერთიანი სია გამარჯვების ფორმულაა, ხოლო ახლანდელი დაქსაქსვა - დამარცხების.
მიუხედავად იმისა, რაც წინა მონაკვეთში ვთქვი, ასეთი მიდგომა არსებითად არასწორად მიმაჩნია.
ერთიანი სიის მომხრეები არგუმენტად იყენებენ ისტორიულ გამოცდილებას: ოპოზიცია არჩევნებში წარმატებული ყოფილა მხოლოდ მაშინ, როცა ერთი გამოკვეთილი ძალით იყო წარმოდგენილი - ანუ 2012 წელს. ზოგი 1990 წელსაც იხსენებს.
საპირისპირო მაგალითია 2003 წლის გაუქმებული საპარლამენტო არჩევნები: მაშინ დღევანდელზე უფრო მაღალი, 7-პროცენტიანი ბარიერის პირობებში ის ექვსმა პარტიამ გადალახა (აქედან ოთხმა ოპოზიციურმა).
იმის თქმა, რომ ის არჩევნები „არ ითვლება“, რადგან ისინი გაყალბდა და შემდეგ გაუქმდა, დამაჯერებელი არაა: გაყალბება ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ ნამდვილად არ მომხდარა.
მოკლედ, ჩვენი ისტორიული გამოცდილება მეტისმეტად მწირია ცალსახა დასკვნების გამოსატანად. საერთაშორისო პრაქტიკა კი გვაჩვენებს, რომ ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში 5-6 პარტიის პარლამენტში მოხვედრა ჩვეულებრივი ამბავია.
„მარაოსებრ“ სტრუქტურას რისკი ნამდვილად ახლავს: თუმცა დღეს, იმავე „ედისონ რისერჩს“ თუ დავუჯერებთ, ოთხივე ძირითად ოპოზიციურ რაზმს ხუთ პროცენტზე, სულ მცირე, ორჯერ უკეთესი რეიტინგი აქვს, ეს არ არის გარანტია, რომ ყველა მათგანი ოქტომბერში ბარიერს გადალახავს. ამას კი ჩვენი ისტორია უეჭველად გვასწავლის.
მაგრამ პირობებში, როდესაც ოპოზიციას ერთი გამოკვეთილი პიროვნული ლიდერი არ ჰყავს (განსხვავებით 1990 ან 2012 წლებისგან), მისი ხმების რამდენიმე სუბიექტზე შედარებით თანაბარი გადანაწილება უფრო რეალისტურია.
კამათი: ერთიანი სია თუ „მარაო“ სრულიად ლეგიტიმურია. მაგრამ ახლა ეს ცენტრალური თემა აღარ უნდა იყოს. ძირითადია, რომ ორივე შემთხვევაში ოპოზიციას გამარჯვების რეალისტური შანსი აქვს.
ამ ბოლო წინადადებას ბევრი სკეპტიკურად შეხედავს იქიდან გამომდინარე, რომ „ივანიშვილი წაგებას მაინც არ აღიარებს“, „იმდენს დაიწერს, რაც სჭირდება“ და ა.შ.
ვნახოთ. მხოლოდ ერთს დავაზუსტებ: თუ არჩევნები დემოკრატიულობის დაახლოებით ისეთი, საკმაოდ დაბალი სტანდარტით ჩატარდება, როგორც ეს 2020 წელს იყო, ოპოზიციას მაინც ექნება გამარჯვების რეალისტური შანსი (თუმცა არა გარანტია).
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.