„ტომობრივი კანონები“ - ქართველი ინსტრუქტორები გუდაურში მუშაობას უკრძალავენ უცხოელებს

საილუსტრაციო ფოტო: სათხილამურო კურორტი

გუდაურის სათხილამურო კურორტზე სეზონი მწირი თოვლით და უსიამოვნო დაძაბულობით დაიწყო: ლეგალურად სამუშაოდ ჩასულ უცხოელებს ადგილობრივები კლიენტების მომსახურებას უკრძალავენ, ზოგჯერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან მათ. ვითარების განმუხტვაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

„15-მა კაცმა შემომარტყა წრე და მითხრეს, რომ არ მაქვს სწავლების უფლება. მოვატყუე, თითქოს უბრალოდ მეგობრებთან ერთად ვიყავი. მაგრამ მითხრეს, გვახსოვს შენი სახე და თუ კიდევ დაგინახავთ აქ, პრობლემები შეგექმნებაო. დამემუქრნენ და დამაფრთხეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანგუს მაკფი, სათხილამურო ინსტრუქტორი ავსტრალიიდან.

„აქ ვერ იმუშავებ!“

მარჩინ ოლი. პოლონეთიდანაა. „გუდაურის სათხილამურო სკოლაში“ ინსტრუქტორის ვაკანსია სექტემბერში ინტერნეტში ნახა. გაგზავნა საკვალიფიკაციო დოკუმენტები, სერტიფიკატები და აიყვანეს. სკოლის ინსტრუქტორების გუნდში 15-მდე მოთხილამურეა მთელი მსოფლიოდან, ავსტრალიიდან შეერთებულ შტატებამდე, მათ შორის, რამდენიმე ქართველიც.

მარჩინმა იყიდა თვითმფრინავის ბილეთები, დაჯავშნა სასტუმრო და პირველ იანვარს უკვე საქართველოში იყო. პირველი, რაც გააკეთა, იუსტიციის სახლში მივიდა და ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა. ბანკის ანგარიშიც გახსნა. თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ მუშაობას შესდგომოდა, მაგრამ ახლა ქართულ „სათხილამურო მაფიაზე“ YouTube-ის ვიდეოებს წერს.

ყველაფერი მარტივია - ეს ქსენოფობიაა!
მარჩინ ოლი

ყოველ დილას, გუდაურის მთავარ მოედანზე იკრიბება ქართველი სათხილამურო ინსტრუქტორების დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი. ნაწილი მთის წვერში მიდის, ზოგიც დაბლა რჩება - საბაგიროსთან. როგორც კი დაინახავენ უცხო ენაზე მოლაპარაკე ჯგუფს, მიდიან და საუბარს აწყვეტინებენ - თქვენ აქ ვერ იმუშავებთ!

„არ გვამუშავებენ, რადგან არ ვართ ქართველები“, - ამბობს მარჩინი და ამატებს: „გვეუბნებიან, რომ ვტაცებთ სამსახურს, მაგრამ ასევე, გვეუბნებიან, რომ ვიპარავთ საქართველოს სუფთა ჰაერს“.

მარჩინის დამსაქმებელი ქართველია, თუმცა დაპირისპირებაში ჩარევისგან თავს იკავებს.

საქართველოს მთის კურორტებზე მუშაობას კანონი არავის უზღუდავს. ადგილობრივი გიდები, ინსტრუქტორები თუ სხვა დასაქმებულები წლებია ჩივიან, რომ არათანაბარ პირობებში არიან უცხოელი კონკურენტების მზარდ ნაკადთან.

უცხოელებისადმი უკმაყოფილება ძალადობაშიც გადაიზარდა 2018 წელს გუდაურში, სადაც რუს პარაპლანისტებს ქართველმა კონკურენტებმა ჯგუფურად სცემეს და ავტომობილები დაუზიანეს. მაშინ დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ადგილობრივებს ყველა ტურისტული ნიშის დაკავება სურდათ და ისინი კონკურენციის გამო არა მხოლოდ რუს და უკრაინელ პარაპლანისტებს აიძულებდნენ გუდაურის დატოვებას, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან სამუშაოდ ჩასულებსაც.

ვითარება ამჯერადაც, ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად, დეკემბერში დაიძაბა. 13 იანვარს კი ქართველმა ინსტრუქტორებმა გუდაურში საბაგირო გადაკეტეს და მთის წვერზე არ აუშვეს ისრაელელების დიდი ჯგუფი საკუთარი ისრაელელი ინსტრუქტორით.

იქვე იყო მარჩინიც, რომელიც ყველაფერს იღებდა.

„შეგიძლია ახვიდე და ისრიალო მარტომ“, - ეუბნება მას ერთ-ერთი ქართველი. „აქ ვერ იმუშავებ!“ - ამატებს ის.

კიდევ ერთი კაცი, რომელსაც ქურთუკზე აწერია სნოუბორდის ინსტრუქტორი, ავსტრალიელ ანგუს მაკფის რუსულად აგინებს და ემუქრება.

Your browser doesn’t support HTML5

ქართველი ინსტრუქტორი აგინებს უცხოელს

კადრებში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ასევე ჩანს თხილამურებზე შემდგარი პოლიცია, რომელსაც უცხოელები დახმარებას სთხოვენ, თუმცა ისინი დაპირისპირებაში არ ერევიან.

„პოლიცია მხოლოდ რუსულად გველაპარაკა. მკითხეს, გცემეს თუ არაო. ვუთხარი, რომ არა. გადამამისამართეს კრიმინალურ პოლიციასთან. ავუხსენი მათაც, გვითხრეს, რომ მოლაპარაკება იქნება, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ“, - ამბობს მარჩინ ოლი. და ამატებს: „ყველაფერი მარტივია - ეს ქსენოფობიაა“.

„ტომობრივი კანონები“

გუდაურში, რომელიც საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნის ერთ-ერთი საიმიჯო კურორტია, ყოველწლიურად უამრავი უცხოელი ინსტრუქტორი ჩადის სამუშაოდ. ნაწილი სათხილამურო კერძო სკოლებთან აფორმებს კონტრაქტს. თავად სკოლას კი არავინ აკონტროლებს.

უცხოელების ნაწილი ინდივიდუალურად მუშაობს, ისე, რომ არც კვალიფიკაციას უთანხმებს ვინმეს და არც გადასახადებს იხდის საქართველოში.

„[მსოფლიოს] ყველა კურორტს აქვს თავისი მოთხოვნები და წესები. სამწუხაროდ, ჩვენსას არაფერი გააჩნია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა ღლონტი, სათხილამურო გამყოლი.

ამიტომ, სამთო სათავგადასავლო ტურიზმში დასაქმებულები ერთმანეთში თანხმდებიან საქმიანობის წესებზე და ასევე თავად „აწესრიგებენ“ ურთიერთობას იმ უცხოელ კონკურენტებთან, რომელთა კვალიფიკაცია ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თუმცა წელს, ქართველებმა მუშაობა ყველა უცხოელს აუკრძალეს.

„ჩემი კვალიფიკაციით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიმუშავებ, მაგრამ ვიზა მჭირდება“, - ამბობს ანგუს მაკფი და ამატებს, რომ აქვს იაპონიაში, ავსტრიაში მუშაობის გამოცდილება და პრობლემა არასდროს ჰქონია.

„მართალია, რომ ევროპაში მარტივად ვერ იმუშავებ - იტალიაში სამუშაოდ იმ ქვეყნის სერტიფიკატი მჭირდება; საფრანგეთში ვერ ვიმუშავებ, ძალიან რთულია. მაგრამ იქ რეგულაციები მოქმედებს, აქ - არა. ესენი ცდილობენ იმოქმედონ რაღაც ტომობრივი კანონებით, რომელიც არ არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში“, - ამბობს მარჩინ ოლი.

პაატა ღლონტიც ადასტურებს, რომ უნდა არსებობდეს კანონი, რეგულაცია და ყველაფერი მთის ძირში ან მწვერვალებზე არ უნდა წყდებოდეს.

[მსოფლიოს] ყველა კურორტს აქვს თავისი მოთხოვნები და წესები. სამწუხაროდ, ჩვენსას არაფერი გააჩნია
- პაატა ღლონტი

სათავგადასავლო ტურიზმში მომუშავეები თანხმდებიან, რომ კურორტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, ფედერაცია, სადაც უცხოელი მსურველი დარეგისტრირდება, გადაიხდის გადასახადს, საწევროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მუშაობა.

„სახელმწიფომ დელეგირება უნდა გააკეთოს ორგანიზაციაზე, რომელიც შეამოწმებს და აქ, ადგილზე, შესაბამის სერტიფიკატებს გასცემს ინსტრუქტორებზე. ამის შემდეგ, სამთო პოლიციელებს შეეძლებათ მივიდნენ და უთხრან, მაჩვენე შენი საბუთი“, - ამბობს ილია ბერულავა, პროფესიულ გაერთიანება სამთო გამყოლთა ასოციაციის გენერალური მდივანი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია ახალი კანონი „ტურიზმის შესახებ“, რომელმაც სამთო კურორტებზე მუშაობის სხვადასხვა ასპექტი უნდა მოაწესრიგოს. თუმცა სანამ ეს მოხდება, უცხოელ ინსტრუქტორებს ქართველი კონკურენტები მუშაობას უკრძალავენ.

რადიო თავისუფლებამ კი ვერ მიაგნო უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს დაძაბულობის მოგვარებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ეს თემა მათ უწყებას არ ეხება.

მთის ტრასების სააგენტოში გვითხრეს, რომ მათი კომპეტენცია მხოლოდ საბაგიროებისა და სათხილამურო ტრასების მართვა-მოვლა-პატრონობაა.

„გუბერნატორი რა შუაშია ამ თემასთან…“ - მოგვწერეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნიიდან.

ქართულ „სათხილამურო მაფიაზე“ იუტუბის ვიდეოს ქვეშ კი მარჩინს უწერენ: „ეს სიგიჟე უადგილოა თანამედროვე სამყაროში, საერთაშორისო სათხილამურო კურორტზე… სირცხვილი ადგილობრივი ხელმძღვანელობის და ხელისუფლების“.

კიდევ ერთი მომხმარებელი წერს: „თებერვალში უნდა წავსულიყავი, მაგრამ რომ ვუყურებ, მაინტერესებს, გავაუქმო თუ არა ჩემი ჯავშანი…“