კატათაგვობანას თამაში სიკვდილის გზაზე - ქართველი მიგრანტების ისტორიები ირლანდიიდან

მიგრანტების დაახლოებით 10-15-კაციან ჯგუფს ნავი მხრებით მიაქვთ სანაპირომდე საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკის მახლობლად. მათ წინ დაახლოებით 34 კილომეტრის სიგრძის გზა აქვთ ბრიტანეთის ქალაქ დოვერამდე მისაღწევად. 22 სექტემბერი, 2020 წელი.

ირლანდიაში თავშესაფარს, 2023 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 3680 მოქალაქე ითხოვს. ამ ქვეყანაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა დაახლოებით იგივეა, რამდენიც ყაზბეგის ან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. ეს ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ემიგრანტების საერთო რაოდენობის 15%-ია - ბოლო ერთი წელია თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებლებში საქართველოდან წასულები ყველას სჭარბობენ, უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისეთი ქვეყნების მოქალაქეებიც კი, სადაც ომი მძვინვარებს ან უკიდურესი სიღარიბეა.

მეტი აჩვენე

- თქვენი ნება რომ ყოფილიყო, საქართველოს რომელ ეპოქაში იცხოვრებდით?

- საერთოდ არ დავიბადებოდი საქართველოში. ღვთისმშობლის კვართი თქვენთვის დამითმია, მოღალატე, ფულზე გამყიდველი ქართველებიც თქვენთვის მიჩუქნია.

დიალოგი ფეისბუკჯგუფიდანქართველები ირლანდიაში

„15 დღე გვეძინა ტყეში, მიწაზე, მშიერ-მწყურვალს, იმიტომ რომ სანაპიროს პოლიცია აკონტროლებდა დაგადაპარვისმომენტი არ იყო. ხან შტორმი იყო, ხან წვიმა და ქარბუქი. კატათაგვობანას თამაშს ჰგავდა, რამდენჯერმე დაგვიჭირეს და უკან ტყეში გაგვაბრუნეს. უამრავი მცდელობის შემდეგ მივაღწიეთ ნაპირს, იქ ისევ პოლიციამ მოგვისწრო, წიწაკის სპრეის გვასხამდნენ და ცრემლსადენი გაზის ბურთებს გვაყრიდნენ, მაგრამ თავქუდმოგლეჯილები შევვარდით ზღვაში და ნავის გაბერვა რომ ბოლომდე ვერ მოასწრეს კაცებმა, შუა ზღვაში ბერავდნენ მერე“, - ეს ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის მონაყოლია ფეისბუკის დახურულ ჯგუფში, სადაც ქართველები ერთმანეთს ირლანდიაში შესვლის, ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ.

„6 საათი ვიცურეთ სველებმა და დასიცხულებმა. 2 გოგო ვიყავით და დანარჩენი 50 კაცი. ზღვის ლომები გვაცილებდნენ, საბედნიეროდ ზვიგენი არ შეგვხვედრია. რამდენიმე თვე დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად“, - იხსენებს ახალგაზრდა ქალი.

ის აღწერს არალეგალურ და ძალიან სახიფათო გზას, რომელსაც უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ირჩევს დიდ ბრიტანეთში ან ირლანდიაში მოსახვედრად. ესაა გასაბერი ნავით რამდენიმესაათიანი ცურვა ღია ზღვაში საფრანგეთის ჩრდილოეთ ქალაქებიდან ბრიტანეთის მიმართულებით იმ იმედით, რომ სანაპირო დაცვის მაშველები მათ შეამჩნევენ და კატერით წაიყვანენ თავშესაფრის მისაღებ პუნქტებში. ამ გზით შესული მიგრანტების ნაწილი ბრიტანეთში რჩება, ნაწილი კი გაუფრთხილებლად ტოვებს დროებით თავშესაფარს, რომელიც, როგორც წესი, სასტუმროა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში მიფრინავს, საიდანაც ავტობუსით თითქმის უპრობლემოდ შედის ირლანდიაში და იქ ხელახლა ითხოვს თავშესაფარს.

2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდა გაერთიანებულ სამეფოში სატრანზიტო ვიზის აღება. ერთ-ერთი გზა, რასაც ქართველი მიგრანტები როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ირლანდიაში მოსახვედრად იყენებდნენ, იყო ისეთი ავიარეისზე ბილეთების ყიდვა ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში, რომელსაც ტრანზიტი ბრიტანეთის რომელიმე ქალაქში ჰქონდა - ეს ბილეთი იყო საშუალება ამ ქვეყნის აეროპორტებში მოსახვედრად, სადაც მესაზღვრეებს ეუბნებოდნენ, რომ გზას აღარ აგრძელებენ და აქ სურთ თავშესაფრის მაძიებლად დარჩენა. ბრიტანეთის სატრანზიტო ვიზის საჭიროება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის ინგლისის არხის არალეგალურად გადაცურვის მსურველთა რაოდენობას.

მიგრანტების ჯგუფი გასაბერი ნავით ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ გრაველინის სანაპიროს სიახლოვეს. 12 ოქტომბერი, 2022 წელი

ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, საქართველოს რამდენი მოქალაქე ირჩევს ამ სახიფათო გზას ბრიტანეთსა თუ ირლანდიაში მოსახვედრად, არ არსებობს, თუმცა იქ მცხოვრები ქართველი მიგრანტები ჰყვებიან, რომ ყველას ჰყავს რამდენიმე ნაცნობი მაინც, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში ლა-მანშის სრუტე გადაცურა. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მდებარე ეს არხი, რომლის სიგრძეც 57,8 კილომეტრია, ჩრდილოეთის ზღვას ატლანტის ოკეანესთან აერთებს. 2022 წელს ლა-მანშის სრუტე, იგივე ინგლისის არხი, 40 000-ზე მეტმა მიგრანტმა გადაცურა.

ერთ ქალს 10 თვის ბავშვი ჰყავდა, ეს ნავი აგვიყირავდა და კინაღამ დაიხრჩოო. იმდენს ტიროდა, ხმის იოგები ჩაუწყდა ბავშვს“, - გვეუბნება თამარ ლამაზოშვილი, თავადაც ემიგრანტი, რომელიც ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს ლონდონიდან უწევს იურიდიულ დახმარებას. 10 თვის ჩვილი სრუტის გადაცურვის შემდეგ 41 გრადუსი სიცხით საავადმყოფოში მოხვდა.

ასევე ნახეთ “ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში

თამაში კალეს ჯუნგლებში

ეს სიკვდილის გზაა“, - ამბობს მიხეილ ჩხეიძე, რომელმაც დიუნკერკიდან 50-მდე ადამიანთან ერთად გასაბერი ნავით 2022 წლის ზამთარში, 17 დეკემბერს გადაცურა ინგლისის არხი.

მიხეილი საქართველოდან კრიმინალურ ავტორიტეტებთან ფინანსურ დავას გაექცა - ამბობს, რომ სამშობლოში არც მისი სიცოცხლე იყო დაცული და არც უსაფრთხოება.

საქართველოდან ირლანდიაში ლტოლვილად წასვლის მსურველები ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გაიცნო და მათთან ერთად აღმოჩნდა თავდაპირველად საფრანგეთის ქალაქ კალეში. კალედან ნავით გადაცურვის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ დიუნკერკში გადავიდა, იქიდან კი - ლა-მანშის სრუტით ინგლისის ქალაქ დოვერში.

მეტი აჩვენე

განვლილ გზას მიხეილი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს.

არიან ავღანელები, რომლებსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შეიძლება იყოს 500 ევროც და 3500-, ნავით გადაყავთ ადამიანები. სანამ ნავში ჩაჯდები, გიწევს ღია ცის ქვეშ დაძინება იქ, რასაც თვითონ ჯუნგლებს ეძახიან. ესაა დაახლოებით ორი საფეხბურთო სტადიონისხელა ტერიტორია, სადაც ამ ავღანელებს აქვთ კარვები გაშლილი და ელოდებიანთამაშს”. თამაშს ეძახიან ზღვაში გასვლას და მთელ იმ მოძრაობას, რაც მიწაში ჩაფლული ნავის ასაწყობად და სანაოსნოდ გასამზადებლად არის საჭირო“, - გვიყვება მიხეილი.

ჯუნგლები, რომელსაც ის ახსენებს, საფრანგეთის ქალაქ კალეს აღმოსავლეთით, ყოფილი ნაგავსაყრელის მახლობლად, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2015 წელს, მაშინ მოექცა, როდესაც მიგრანტების კრიზისი პიკში იყო და „კალეს ჯუნგლების მოსახლეობა“ ათასობით ადამიანს ითვლიდა. ამ დოკუმენტურ ფილმში აღწერილია, როგორ ეხმარებიან მოხალისეები იქ მყოფ მიგრანტებს.

საფრანგეთის პოლიცია არაერთი წელია ჯუნგლების „გაწმენდას“ ცდილობს, ბოლო „წმენდა“ „კალეს ჯუნგლებში“ 2023 წლის 10 ოქტომბერს ჩატარა. ამ დროს იქ 700-მდე ლტოლვილი ელოდა ნავით ზღვაში გასვლის რიგს.

სანაპიროზე დაფრინავენ ღამის ვერტმფრენები ღამის ხედვის საშუალებებით და თუ გადაადგილდები, გპოულობენ. სახმელეთო კონტროლიც აქვთ ჯავშანმანქანებით და კვადროციკლებით. ეძებენ აღჭურვილობას, რაც ნავის ძრავის ასაწყობად არის საჭირო. როცა ჯგუფს პოულობენ, ეძებენ იმ ადამიანს, ვისაც ეს აღჭურვილობა აქვს ჩანთაში - მას იჭერენ, ჯგუფის დანარჩენი წევრები, როგორც მსხვერპლები, ისე მიყავთ სანაპიროსგან მოშორებით“, - მიხეილი ასეთ რეიდებს გადაურჩა.

მიგრანტების კარვები ქალაქ კალესთან. აეროგადაღება, 16 სექტემბერი, 2023 წელი

ნავები მიწაშია ჩაფლული და სანამ იმ ადგილამდე მიდიხარ, დაახლოებით 8 კილომეტრის გავლა გიწევს ფეხით ტრასაზე და მერე უკვე ტყეში დადიხარ“ - ეს გზა მიხეილმა დიუნკერკში შუა ზამთარში გაიარა.

ყველაზე რთული იყო, როცა ორი დღის განმავლობაში ბუნკერებში მოგვიწია ღამის გათენებამ უწყლოდ, საჭმლის და ყველანაირი პლედების და სათბურების გარეშე ყოფნამ ყინვაში. იმ დროს, როცა ჩვენ ამ ბუნკერებში გასვლას ველოდებოდით, 14-ში [14 დეკემბერს] ღამე, სირიელების და ავღანელების ნავი ჩაიძირა უკვე ინგლისის ტერიტორიულ წყლებში. საყრდენი რაც აქვს, იატაკი, ის არის ფიცრებისგან დამზადებული და ჩატყდა და ჩაიკეცა ნავი წყალში. ოთხი ადამიანი მოიყოლა. შეიძლება, ეგ ხალხი ჩვენ ვყოფილიყავით“, - ამბობს ის. ნავზე 47 ადამიანი იყო. მათგან 4 დაიღუპა, დანარჩენები წყლიდან ბრიტანელმა და ფრანგმა მაშველებმა ამოიყვანეს.

მიგრანტების დაჩუტული ნავი, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 14 დეკემბერი, 2022 წელი

ამ ამბის გაშუქებისას ბრიტანული „გარდიანი“ წერდა, რომ მხოლოდ 2022 წელს გასაბერი ნავით 45 ათასზე მეტმა ადამიანმა სცადა თავშესაფრის მისაღებად ბრიტანეთში შეპარვა:

არავინ დააყენებს საკუთარ სიცოცხლეს ასეთი რისკის ქვეშ, თუ არ იცის, რომ სხვა გზა არ აქვს დარჩენილი. ზამთრის ყინვაში ამ გზის გავლა აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილები არიან ადამიანები“, - თქვა ამ შემთხვევის შემდეგ ბრიტანეთის წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა, ალექს ფრეიზერმა.

ლამანშის სრუტის გადალახვის მსურველი მიგრანტების ნივთები ქალაქ დიუნკერკთან ახლოს სანაპიროზე. 12 ოქტომბერი, 2022 წელი.

მე ზღვის დაავადება აღმომაჩნდა, თან ცუდი ამინდი დაგვემთხვა, იყო ძალიან დიდი, მეტრანახევრიანი, ორმეტრიანი ტალღები. საფრანგეთის სასაზღვრო პოლიცია წამოგვეწია და ისე ცუდად ვიყავი, ვითხოვდი, რომ ავეყვანე თავის ნავზე, მაგრამ უარი მითხრეს. წყალში საშუალოდ ატარებ მინიმუმ 5 საათს და მაქსიმუმ - არ ვიცი, რამდენს. ჩვენ 8 საათი ვიყავით. ნავზე იგებ, რომ მენავე ვინც არის, იმან ნავის მართვა არ იცის. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი იღებს თავის თავზე, ხშირად იმ პირობით, რომ თანხას არ აძლევს გადამყვანებს“, - ჰყვება მიხეილ ჩხეიძე. ინგლისში მიხეილს უკვე ჰქონდა საემიგრაციო სამსახურთან ინტერვიუ - სადაც მოსთხოვეს მტკიცებულებების წარდგენა იმის დასადასტურებლად, რომ სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ახლა ის პეტერბოროში ცხოვრობს და ელოდება გადაწყვეტილებას, მისცემენ თუ არა ლტოლვილის სტატუსს.

თუკი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება 2023 წლის დეკემბრამდე არ იქნება, ანუ ქვეყანაში მისი შესვლიდან ერთ წელიწადში, მიხეილს შეუძლია სამუშაოს უფლება მოითხოვოს - დასაწყისში კვირაში 16 საათი.

ბევრი ვეცადე, მაგრამ

ისეთ ქვეყანას ვარჩევდი, სადაც დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნობდი თავს და ადამიანის უფლებები იქნებოდა დაცული. მაგ ნიშნით ავარჩიე ირლანდია - ძალიან არ მინდოდა წამოსვლა ქვეყნიდან, ბევრი ვეცადე, მაგრამ ისეთი სიტუაცია შემექმნა სამსახურში, ჩემი უფროსებისგან, ჩემი აქტიურობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომ მომიწია ქვეყნის დატოვებამ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯაბა ხადური. ბოლოს ის „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობდა, საიდანაც 2018 წელს წამოვიდა. მერე ბიზნესის აწყობა სცადა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა მარტივი - რამდენიმე წელიწადში პარტნიორებმა წილის გასხვისება აიძულეს. საქმე სასამართლომდე მივიდა.

ირლანდიაში 2022 წლის ზაფხულში გადასახლდა, უკვე აქვს მუშაობის უფლება და ელოდება პასუხს დევნილის სტატუსის მიღებაზე. ჯაბამ საქართველოში ორი შვილი და ცოლი დატოვა და იმედი აქვს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ ოჯახსაც წაიყვანს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ირლანდიაში თავშესაფარს როგორც პოლიტიკური დევნილი, ისე ითხოვს. საქართველოდან წაიღო დოკუმენტები სასამართლოში თავისი დავების შესახებ.

ჯაბას მაშინ ველაპარაკეთ, როცა ახალ სამსახურში გასაუბრებიდან მოდიოდა. „ამაზონის“ მიტანის სერვისი, სადაც აპირებს მუშაობის დაწყებას, მისი მესამე სამსახური იქნება. ირლანდიაში 3-4 დღეში იმდენს უხდიან, რამდენიც საქართველოში ერთ თვეში ჰქონდა.

„21 წლიდან ვმუშაობდი, ჩემი ბიზნესიც მქონდა, არასოდეს მყოფნიდა ხელფასი. ბორჯომის რკინიგზის სადგურის უფროსი რომ ვიყავი, 720 ლარს ვიღებდი“, - ამბობს ჯაბა.

ირლანდიაში მინიმალური ანაზღაურება საათში 12 ევროა. გარდა ხელფასისა, სახელმწიფო თავშესაფრის მაძიებლებს აძლევს კვირაში 38 ევროს პირველადი საჭიროებებისთვის, მათ კი, ვისაც უკვე მოპოვებული აქვთ სტატუსი და მუშაობის უფლება, მუნიციპალიტეტი ბინის ქირის გადახდაშიც ეხმარება.

მეტი აჩვენე

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა წამოვედი

„ვერ ვიტყვი, რომ მწვავე ეკონომიკური მდგომარეობა მქონდა და ეს იყო მიზეზი. ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად ვიყავი გადაღლილი. მქონდა უპერსპექტივობის და უიმედობის განცდა. ფაქტიურად, არათუ მომავლის, მომდევნო დღის გეგმაც კი არ გამაჩნდა. მივყვებოდი დინებას და ეს მდგომარეობა ძალიან შემაწუხებელი იყო ჩემთვის“, - რენა ფერცელაძე, ირლანდიაში 2019 წელს წავიდა „ორი წლით“ და ახლაც დუბლინში ცხოვრობს. ლეგალურად მუშაობს სასტუმროში. აქვს ბინადრობის ნებართვა და სწავლის უფლება, შეუძლია ისევე ისარგებლოს თითქმის ყველა სოციალური სერვისით, რაც მოქალაქეებს ეკუთვნით.

"მე პირადად, ხანგრძლივი პროცესი დამჭირდა დროებითი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად. 2021 წლის დეკემბერში ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ერთჯერადი აქტი, რის საფუძველზეც ყველა ემიგრანტს, რომლებიც ამ აქტის მიღებამდე მინიმუმ 2 წელი იმყოფებოდნენ ირლანდიაში, მიეცათ საშუალება დამღლელი და დროში გაწელილი პროცედურების გარეშე, მიეღოთ ორი ან სამ წლიანი ბინადრობის ნებრთვები, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ყველა მათგანისთვის" - გვიყვება რენა. რაც დრო გადის, ის რწმუნდება, რომ საქართველოდან ემიგრაციაში არა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, არამედ „უბრალოდ, საქართველოში ცხოვრების სურვილის აღარქონის გამო მიდიან“.

რენა საქართველოში სხვადასხვა დროს მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, იყო ადვოკატი, მაგრამ ირლანდიაში უფრო პროდუქტიული და ბედნიერია.

„როცა ჩამოვედი, სახლის მეპატრონე, სადაც ვცხოვრობდით, ყოველდღე მეუბნებოდა - გაიღიმე. არც შემიმჩნევია, რომ ღიმილს გადაჩვეული ვიყავი… მაისის დასაწყისში ვიყავი საქართველოში, მეტროთი ვიმგზავრე, მეორე ხაზზე გადავედი ვაგზლის მოედანზე, მანდ დიდი ნაკადია ხოლმე ხალხის, დაახლოებით 400 ადამიანის სახემ გამიარა წინ და ოთხი იღიმოდა მხოლოდ“, - გვიყვება რენა. მას საკუთარი სია აქვს ორ ქვეყანას შორის იმ განსხვავებების, რაც შვებას გვრის.

„საქართველოსგან განსხვავებით, აქ ვერ ნახავთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე მოთხოვნას - “სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი”. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სახანძრო თუ სამშენებლო უსაფრთხოების წესებს. დამსაქმებელი, სანამ სამსახურში აგიყვანს, აუცილებლად გთხოვს შესაბამისი კურსების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. მეხუთე წელია აქ ვარ და ჯერ არ გამიგია, რომ მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. საქართველო არასტაბილური ქვეყანაა. ომი რომ არ არის, ეგ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მანდ ცხოვრება უსაფრთხოა. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ტყვიით დავიღუპები, ვიღაც არანორმალური გამიტანს გადაჭარბებული სიჩქარით თუ მოწამლული ჰაერით დაავადებული მოვკვდები“.

მეტი აჩვენე

2022 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი იყო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სხვა ქვეყნებში წავიდა თავშესაფრის საძიებლად - თითქმის 30 000. ირლანდია მეოთხე ადგილს იკავებს საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის შემდეგ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ქართველები ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ.

მეტი აჩვენე

ემიგრაციის გამოცდილება ყველასთვის ისეთი შვების მომგვრელი არ არის, როგორც რენასთვის. ირლანდიასა და სხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები პერიოდულად ერთმანეთს შესჩივიან - უჭირთ გარკვევა ბიუროკრატიაში, ენატრებათ ახლობლები, ვერ ქირაობენ სახლს და უჭირთ სამსახურების პოვნა. ირლანდიაში განსაკუთრებით რთული სახლის ქირაობაა - ფასები მაღალია, მოთხოვნა დიდი და პროცესი ხანგრძლივი. ზოგიერთი გამოსავალს ერთი ბინის რამდენიმე ემიგრანტზე გაზიარებაში ხედავს, ზოგი სახელმწიფოს სთხოვს თანადაფინანსებას. რაც შეეხება სამსახურებს, ყველაზე ადვილი ქალებისთვის დამლაგებლის სამუშაოა, კაცები ძირითადად ქარხნებში საქმდებიან - ორივე მძიმე ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს. უფრო საინტერესო სამსახურებისთვის, როგორც წესი, გადამზადება და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებათ.

მიგრანტების კარვები დუბლინის ცენტრში. 2023 წელს ირლანდიამ გარდა უკრაინიდან დევნილების დიდი ტალღისა, 13 000 თავშეაფრის მაძიებელი მიიღო, რის გამოც თავშესაფრებში ადგილების დეფიციტი შეიქმნა და მათ ნაწილს ღია ცის ქვეშ, კარვებში უწევთ ცხოვრება. 12 ივნისი, 2023 წელი

შენი შრომა შესაბამისად ფასდება

რაც ჩამოვედი, არცერთხელ არ მიფიქრია, ხომ არ ჯობდა საქართველოში დავრჩენილიყავი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თაკო ბენიძე და განაგრძობს: ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ სამსახურებში შენს მენტალურ ჯანმრთელობასაც და უსაფრთხოებასაც. ბავშვის გაზრდაც უფრო მარტივია. ორსულობის პირველ თვეებში, ექიმებთან ვიზიტებსა და მედიკამენტებში საქართველოში 4000 ლარზე მეტი დამეხარჯა, აქ რომ ჩამოვედი, იმის მერე ცენტი აღარ გადამიხდია, ყველაფერი უფასო იყო. ბავშვებს 5 წლამდე მაქსიმალურად უზრუნველყოფს სახელმწიფო“.

თაკო დუბლინში 2018 წლიდან ცხოვრობს ოჯახთან ერთად. თავის ემიგრანტულ გამოცდილებაზე იუტუბსა და ინსტაგრამზე პოსტავს - ეს მისთვის საქართველოს მონატრებასთან გამკლავების საშუალებაა. თაკოს მშობლები ირლანდიაში მის ბავშვობაში გადასახლდნენ, თვითონ 20 წლის იყო, როცა პირველად ჩავიდა და კოლეჯში მედიამენეჯმენტის სწავლა დაიწყო. მეორედ, უკვე 24 წლის ორსული წავიდა ქმართან ერთად სასწავლო ვიზით და ხანგრძლივად დარჩენის გეგმებით. ის ახლა იმავე საბავშვო ბაღში მუშაობს, სადაც მისი შვილი დადის და ეს, გარდა პროფესიული განვითარებისა, ოჯახისთვის ბაღის უფრო დაბალ გადასახადსაც ნიშნავს. მონტესორის სისტემით მომუშავე საბავშვო ბაღს აქვს გახანგრძლივებული ჯგუფიც სკოლის მოსწავლეებისთვის და თაკო სწორედ მათ ასწავლის.

თაკო სამსახურში

საქართველოში სამსახურის პოვნა გაუჭირდა და რასაც პოულობდა, იქაც იმაზე მეტს სთხოვდნენ, ვიდრე ევალებოდა. ირლანდიაში მუშაობის პარალელურად სწავლას განაგრძობს და იმედი აქვს, რომ მომდევნო წელს უკვე უნივერსიტეტის დაფინანსებასაც მოიპოვებს.

ბევრს გონია, რომ ჩამოვა და ეგრევე სამსახურს ნახავს, ინგლისური თუ არ იცის, რაღაც გამოჩნდება, იმიტომ რომ აქედან ბევრი აძლევს იმედს, ჩამოდი და ყველაფერი იქნება. ეგრე არ არის, ყველა უნდა იყოს იმისთვის მზად, რომ აქ ძალიან დიდი გზის გავლა და ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს, თუნდაც საბუთებისთვის. იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება ქუჩაში მოგიწიოს დაძინებამ, ან რამდენიმე დღე საჭმელი არ გქონდეს, მით უმეტეს, თუ არალეგალური გზით მოდიხარ“, - გვეუბნება თაკო.

ბოლო ერთი წელია, ემიგრანტების რაოდენობის ზრდას ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება მოჰყვა. გართულდა თავშესაფრის მინიჭების პროცედურაც. თაკოს ყოველდღე ათობით ადამიანი სწერს იუტუბსა და ინსტაგრამზე კითხვით, როგორ მოხვდნენ ირლანდიაში.