ქართველები ავღანეთიდან ჯერ ვერ გამოდიან - რას ჰყვებიან ისინი?

ზაურ ჯაყელიძე ქაბულში

ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ჯერ ისევ უშედეგოდ ელიან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავღანეთში ამჟამად იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა, ვიდრე ეს თავდაპირველად ითქვა. სავარაუდოდ, ამ მომენტისთვის ავღანეთში, სულ მცირე, საქართველოს 24 მოქალაქე იმყოფება: 16 - ქაბულის გარეუბანში, 6 - ქაბულის აეროპორტში და კიდევ 2 - ქაბულის აეროპორტთან ახლოს.

ბათუმის მკვიდრი, ზაურ ჯაყელიძე ავღანეთში თითქმის 4 წლის განმავლობაში ბრიტანულ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა.

ამჟამად ის საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქესთან და ავღანეთის დატოვების მომლოდინე ათასობით ადამიანთან ერთად, ქაბულის აეროპორტთან ახლოს, ნატოს ბაზაზე, ამერიკელი სამხედროების დაცვის ქვეშ იმყოფება.

ჯაყელიძე გვეუბნება, რომ გაუმართლა, რადგან მისმა კომპანიამ სადაზვერვო ინფორმაცია წინასწარ მიიღო, ვიდრე თალიბები ქაბულს აიღებდნენ და თანამშრომლების ევაკუირებაც დროულად მოასწრო:

„ქაბულის აეროპორტიდან დაახლოებით 7 კილომეტრში ვიყავით, საკუთარ სახლებში, როცა 15 აგვისტოს გამთენიისას მოვიდა სადაზვერვო ინფორმაცია და გვითხრეს, რომ იყო საფრთხე და სასწრაფოდ უნდა გადავსულიყავით ნატოს ბაზაზე.

ახლა ქაბულის აეროპორტთან ახლოს ვართ მე და კიდევ ერთი ქართველი. ჩვენ ორნი ვმუშაობდით ამ ბრიტანულ კომპანიაში, სადაც სულ 25 ადამიანი იყო. აქამდე ჩვენ შესახებ ინფორმაციას არ ვასაჯაროებდით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ახლა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ირგვლივ სიმშვიდეა. გაყვანას ელოდება რამდენიმე ათასი ადამიანი და ჩვენს რიგს ველოდებით“.

ჯაყელიძემ მოგვაწოდა 17 აგვისტოს გადაღებული ვიდეო, თუ როგორ ემზადებიან ავღანური ოჯახები საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. ამ ოჯახების წევრები ავღანეთში ნატოს ქვეყნებსა და კოალიციასთან თანამშრომლობდნენ. თალიბების ხელში მათი დატოვება ძალიან სარისკოა და ამიტომ ევროპის ქვეყნები და ამერიკა მათ ევაკუაციას ახდენენ.

Your browser doesn’t support HTML5

ზაურ ჯაყელიძე

ზაურ ჯაყელიძისა და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ქართველის ავღანეთიდან გაყვანასა და შემდეგ - საქართველოში დაბრუნებას თავიდან ბოლომდე ბრიტანული კომპანია უზრუნველყოფს. სავარაუდოდ, ეს ხვალ ან ზეგ მოხდება.

შესაბამისად, ამ ორ ადამიანს აღარ მოუთხოვია დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. თუმცა დახმარება ჯერჯერობით ვერც მათ მიიღეს, ვინც მიმართა ხელისუფლებას და გარკვეული დაპირებაც მიიღო.

  • რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საქართველოს 16 მოქალაქეს, რომლებიც აეროპორტიდან მოშორებით, ქაბულის გარეუბანში მდებარე ბაზაზე იმყოფებიან, თურქეთის სამხედრო წარმომადგენლობა ჯერ მხოლოდ დისტანციურად დაუკავშირდა და ამ დრომდე არ გამოჩენილან ჯავშანმანქანები, რომლებსაც, საგარეო უწყების 16 აგვისტოს ინფორმაციით, ქართველები აეროპორტამდე უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ.
  • 16 აგვისტოს საღამოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, მინისტრი, დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზე იყო თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
  • ასევე საგარეო უწყებამ 16 აგვისტოს გაახმოვანა დაპირება - რომ ქართველების ჩამოსაყვანად ავღანეთში სპეციალური თვითმფრინავი გაიგზავნებოდა.
  • ავღანეთში მყოფი ქართველები გვეუბნებიან, რომ ფრენასთან დაკავშირებული საკითხი საგარეო უწყებამ მოაგვარა და პრობლემა ამ ეტაპზე მხოლოდ აეროპორტამდე მიღწევაა.

მოგვარდა თუ არა და რა გზით მოგვარდა ფრენის საკითხი?

რადიო თავისუფლებამ პასუხები ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღო და ვერც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA), რომელსაც ფრენის ნებართვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ევალება. GCAA-მ ეკონომიკის სამინისტროსკენ გადაგვამისამართა, თუმცა პასუხი ვერც იქ მივიღეთ.

ასევე ნახეთ ვინ არის მოლა ბარადარი - ყველაზე ცნობილი თალიბი?

როგორც რადიო თავისუფლებას თურქი სამხედროების ამაოდ მომლოდინე ქართველების ჯგუფში საღამოს 8 საათისთვის უთხრეს, არ იციან ზუსტი მიზეზი - რატომ არ ჩანან თურქი სამხედროები.

პარალელურად, ამერიკული კომპანია აეროპორტამდე გადაადგილების სხვა რესურსის მოძიებას ცდილობდა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ამ ჯგუფში შემავალი საქართველოს მოქალაქეები ამერიკული უსაფრთხოების კომპანიის კერძო კონტრაქტორები არიან. როგორც რადიო თავისუფლებას აუხსნეს, თავიანთი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მათ ვერ მოახერხეს ქვეყნის უფრო ადრე დატოვება, ავღანეთში დასაქმებული 150-მდე სხვა თანამემამულის მსგავსად.

ისინი ე.წ. მწვანე ზონაში მუშაობდნენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ფუნქციონირებდა და დიპლომატიური მისიების გასვლამდე, სამუშაო ადგილს ვერც ქართველი კონტრაქტორები დატოვებდნენ.

ასევე ნახეთ "აეროპორტიდან 50 წუთის სავალზე ვართ" - ინტერვიუ ავღანეთში მყოფ ქართველთან

მართალია, თალიბები ბოლო დღეებში სისასტიკესა და აგრესიას აღარ იჩენენ, მაგრამ ავღანეთში დარჩენილი ქართველების თქმით, ვითარება არაპროგნოზირებადია.

  • გზებზე განლაგებულია თალიბების ბლოკპოსტები და აეროპორტამდე მისვლა შეუძლებელია შეიარაღებულ პირებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე;
  • შეიარაღებული თალიბები ჩხრეკენ ავტომობილებს და ზოგიერთი წყაროს ცნობით, პასპორტებსაც ხევენ;
  • ქუჩებში დადიან აგრესიულად განწყობილი უკონტროლო ჯგუფებიც;
  • ამჟამად აეროპორტის ტერიტორია ყველაზე უსაფრთხო ადგილია, რადგან მას ძირითადად ამერიკელი სამხედროები იცავენ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ნატოს წევრობის მიუხედავად, თურქეთი ავღანეთში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს და ავღანეთიდან გასაყვანი ხალხის ყველაზე ეფექტიანი დახმარება სწორედ მას შეუძლია.

ეს არ უკვირს „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს. როგორც ის გვეუბნება, თურქეთი ნატოს კოალიციაში შემავალი ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანაა და თალიბებისთვის ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ თურქებიც მათსავით სუნიტები არიან.

ამასთან, ტელეკომპანია „ალჯაზირას“ ინფორმაციით, თალიბებმა იციან, რომ ნატოს კოალიციაში თურქეთის სამხედრო კონტინგენტი (500 ჯარისკაცი) უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ იყო ჩაბმული და მხოლოდ აეროპორტის უსაფრთხოების დაცვასა და ავღანელი სამხედროების წვრთნაში მონაწილეობდა.

ასევე, თურქეთი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში თალიბებსა და ავღანეთის აწ უკვე დამხობილ ხელისუფლებას შორის.

ასევე ნახეთ "თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთის ახალ სახელმწიფო წყობას მალე განსაზღვრავს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ მივიღეთ პასუხი - ისევ უნდა გვქონდეს თუ არა თურქი სამხედროების იმედი.

ქართველების 16-წევრიან ჯგუფთან მუდმივ კონტაქტშია ზაურ ჯაყელიძეც. როგორ და რანაირად იქნება, არც მან იცის, მაგრამ იმედი აქვს, რომ ჯგუფი ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ გადაადგილებას „ამ ორ დღეში“ შეძლებს. მისი აზრით, გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი - ვერტმფრენი იქნებოდა.

ჯაყელიძეს არა აქვს ინფორმაცია ქაბულის აეროპორტში მყოფ სავარაუდოდ კიდევ 6 საქართველოს მოქალაქეზე. თუმცა მათი იქ ყოფნა რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ერთ-ერთმა სამხედრო პირმა გვითხრა, რომ მათთან დაკავშირება ინტერნეტის პრობლემების გამო ოჯახსა და მეგობრებსაც უჭირთ.

ასევე ნახეთ ავღანელმა ქალებმა ქაბულში საპროტესტო აქცია გამართეს თავიანთი უფლებებისთვის (ვიდეო)

ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს სრულად თალიბების ხელში გადავიდა. პროგნოზიც სხვანაირი იყო და დასავლეთში არავინ მოელოდა, რომ დასავლეთის მიერ მილიარდობით დოლარით დაფინანსებული და ყოველმხრივ მხარდაჭერილი ავღანური არმია ფარ-ხმალს ფაქტობრივად უბრძოლველად დაყრიდა.

17 აგვისტოს თალიბანმა თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა. „ალჯაზირას“ ინფორმაციით, დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა სამშვიდობო მესიჯი გააჟღერა - „ჩვენ არ გვჭირდება არც შიდა და არც გარე მტრები“.