ავღანელი ქალების მცირე ჯგუფმა აქცია გამართა ქაბულში და მოითხოვა საკუთარი უფლებების დაცვა.
„მუშაობა, განათლება და პოლიტიკური მონაწილეობა ყველა ქალის უფლებაა“, - აცხადებენ ისინი.
აქციის ვიდეოს ტვიტერზე ავრცელებს ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის უფროსი საგარეო კორესპონდენტი რიჩარდ ენგელი.
15 აგვისტოს თალიბანმა ქაბული დაიკავა. ადამიანის უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ავღანელი ქალების უფლებები სერიოზულად შეიზღუდება. ასე იყო თალიბანის წინა მმართველობის პერიოდში 1996-2001 წლებში. მაშინ გოგონებს არ ჰქონდათ სწავლის უფლება, ქალებს კი ეკრძალებოდათ მუშაობა, მამაკაცების გარეშე გადაადგილება, ხალხში სახის გამოჩენა, მაკიაჟის გამოყენება.
ახლა თალიბები აცხადებენ, რომ ქალებს შეუძლიათ ისწავლონ და იმუშაონ, ასევე დამოუკიდებლად გადაადგილდნენ. ამასთან, სავალდებულო იქნება ბურკის ჩაცმა - მუსლიმური სამოსისა, რომელიც სახეს ფარავს.
გაერო იტყობინებოდა ქალების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მკვლელობების შესახებ რაიონებში, რომლებიც თალიბანმა დაიკავა აგვისტოს იერიშის დროს.