გამოძიება მას 25 წლის ქალზე ძალადობას ედავება, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული და არსებითი განხილვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი.
29 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, კრივში საქართველოს ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი, წარსულში რუსეთში ნასამართლევი, გასული წლის 25 ოქტომბერს მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
რას ჰყვებოდა ქალი რადიო თავისუფლებასთან 9 თვის წინ
მაშინ დაზარალებული ქალი, რომელსაც სხეულზე არაერთი დაზიანება, ნაკაწრი და სისხლნაჟღენთი ჰქონდა, რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ მას გიორგი ყუშიტაშვილმა 23 ოქტომბერს, გვიან ღამით, ვარკეთილში, მანქანაში სცემა:
„გვიან ღამით მის სახლთან რომ მივედით, სახლში ასვლა შემომთავაზა, თუმცა, არ მინდოდა აყოლა და ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე. სანამ ტაქსის გამოვიძახებდი, წავკამათდით. ამ კამათის მიზეზმა გააღიზიანა, მეცა თმაში და თავი მარტყმევინა. ამ მომენტში, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიდეოს ჩართვა მოვახერხე და ვიდეოსთან ერთად "ფლეშიც" ჩაირთო. ამაზე სულ გაგიჟდა, ტელეფონის წართმევა უნდოდა, მირტყამდა. ძალიან შემეშინდა და ჩემი ხელით ვაჩვენე ტელეფონი, რომ ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი და ცოტა დამშვიდდა, გადავიდა მანქანიდან“.
ქალმა 112-ში დარეკა. თუმცა, როგორც ის ჰყვება, როდესაც გიორგი ყუშიტაშვილმა გაიგო, რომ 112-ის ოპერატორს ელაპარაკებოდა, მეორედ დაესხა თავს:
„ფეხებით გადმომათრია მანქანიდან, მათრია ხრეშიან ასფალტზე 3-4 მეტრი. მუცელში ამომარტყა ფეხი. სავარაუდოდ, 112-ის ოპერატორს ჩაწერილი უნდა ჰქონდეს ჩემი ხმა, როგორ ვეხვეწები, არ მომიახლოვდე, ელექტროშოკი მიჭირავს-მეთქი. ამის შემდეგ მკრა ხელი, გადამაბიჯა, მანქანა ჩაკეტა და ავიდა სახლში“.
ასევე ნახეთ მეცა თმაში... მახოხიალა - მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი ქალზე ძალადობაშია ბრალდებულისასამართლო განხილვა
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყუშიტაშვილის ბრალდების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თვის წინ გადაეცა, ამ დრომდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.
ნუცა თოფურია, დაზარალებული ქალის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სხდომა რამდენჯერმე გადაიდო:
„დაახლოებით სამი თვის წინ გადაეცა სასამართლოს ეს საქმე და ამ პერიოდში, უკვე რამდენიმე სხდომა მაინც უნდა იყოს ჩატარებული.
პროკურორმა მითხრა, [რომ] ერთხელ სხდომა მათი ინიციატივით გადაიდო, მეორედ ბრალდებულის ადვოკატების ინიციატივით. გადადების მიზეზი არ დაზუსტებულა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვის ნიშნები პროკურატურასთან, რა ხდება, რატომ ჭიანურდება პროცესი.
გასული წლის ოქტომბერში, როდესაც პროკურატურაში ვიყავით დაბარებულები, გაგვესაუბრნენ, გვითხრეს, რომ ამ საქმით, როგორც ქალზე ძალადობის საქმით, იყვნენ დაინტერესებულები და პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ საქმეს, თუმცა, შედეგი არ ჩანს“.
ნუცა თოფურია ამბობს, რომ რაკი სპორტსმენი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ბრალდებულის სტატუსს ატარებს და მოსამართლეს მისთვის არც საზღვრის კვეთა შეუზღუდავს, მას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებებში, თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზეზით, მართლმსაჯულების პროცესი უსასრულოდ გაიწელოს.
გიორგი ყუშიტაშვილის ადვოკატი, გიორგი ჭოჭუა გვეუბნება, რომ სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 3 ოქტომბერს დაინიშნა, სხდომების გადადების მიზეზი კი, მისი თქმით, მოკრივის სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა გახდა:
„ზუსტი თარიღი არ მახსოვს, როდის იყო დანიშნული სხდომა, მაგრამ გადაიდო იმიტომ, რომ ის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. პირველი სხდომა 3 ოქტომბერს ჩატარდება. ჩემი ვარაუდით, გიორგი ყუშიტაშვილი მოახერხებს სხდომაზე დასწრებას, რადგან ოლიმპიური თამაშები უკვე დასრულებული იქნება“.
გიორგი ჭოჭუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის:
„და ამას ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ სასამართლო პროცესზე“.
რაც შეეხება ბრალდებული მოკრივის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, ამბობს:
„პირის ბრალდებულად ყოფნა, ვფიქრობ, რომ შემაფერხებელი ფაქტორი არ არის, რომ დატოვოს ქვეყანა, წავიდეს ტურნირებზე. მით უმეტეს, რომ გიორგის საზღვრის კვეთა არ აქვს შეზღუდული“.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია
„რა თქმა უნდა, ამ ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ელგუჯა ბერიშვილი.
მისი თქმით, ემოციური და მორალური თვალსაზრისით, მომხდარი სრულიად მიუღებელია ოლიმპიური კომიტეტისთვის, თუმცა, რაკი მართლმსაჯულებას მოკრივე ჯერჯერობით დამნაშავედ არ უცნია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას მას ვერ შეუზღუდავდნენ:
„ჩემი პირადი დამოკიდებულება, როცა ეს ამბავი გახდა ცნობილი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, იყო ძალიან უსიამოვნო, ძალიან სამწუხარო და უფრო მეტიც.
ჩვენ ვადევნებდით თვალს ამ სიტუაციას, ველოდებოდით, რა მოხდებოდა. გამოძიება დაიწყო. ამ ბიჭს, დღეს ბრალდებულის სტატუსი არ ზღუდავს, რომ მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში, ამიტომ ჩვენ ვერ დავბლოკავდით მის ლიცენზიას.
ემოციურად, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო ფაქტია, ამას ვაფიქსირებთ, ამას ვაღიარებთ, სხვანაირად არც შეიძლება, რომ იყოს. მართლმსაჯულების პროცესი ჯერ მიდის, ამასობაში დაიწყო ოლიმპიური თამაშებიც და ჩვენ ვერ დაველოდებოდით სასამართლოს დასრულებას“, - ამბობს ელგუჯა ბერიშვილი.
გაჭიანურებული პროცესი - ამ ტიპის საქმეების მთავარი პრობლემა
გიორგი ყუშიტაშვილი არ არის პირველი სპორტსმენი, რომელიც ქალზე ძალადობის საქმეშია ბრალდებული და რომელიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში სწორედ ბრალდებულის სტატუსით მონაწილეობს.
ამ სტატუსით მონაწილეობდა შეჯიბრებებში ყოფილ ცოლზე ძალადობის ერთ-ერთი გახმაურებული საქმის ბრალდებული და მოგვიანებით, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გამართლებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ერთი მხრივ, თავად ბრალდებულის სტატუსი სპორტსმენს არ უზღუდავს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლებას, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ტიპის საქმეების მთავარი პრობლემა გაჭიანურებული სასამართლო პროცესი და ამ მიზეზით გადადებული სხდომებია.
მისი აზრით, ის იდეა, რომ სპორტსმენს კარიერაში არ შეეშალოს ხელი, არა მსხვერპლის, არამედ დანაშაულში ბრალდებულის ინტერესზე მორგებული მიდგომაა:
„ბალანსი უნდა იქნას დაცული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში, რომელიც ცალსახად, პრიორიტეტად ამბობს, რომ უპირატესია მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის განხორციელება. ეს მიდგომა, ცხადია, არ გულისხმობს ბრალდებულის უფლებების დარღვევას, მაგრამ გულისხმობს, რომ დროული, ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულება განხორციელდეს დაყოვნების გარეშე.
ერთხელ და ორჯერ შეიძლება გადაიდოს სასამართლოს სხდომა, მაგრამ თუ სასამართლო მომართულია იმისკენ, რომ როცა ბრალდებული მოიცლის, მაშინ ჩავატაროთ სხდომა, როგორც ამას აკეთებდა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს ვერ აკმაყოფილებს მართლმსაჯულების სტანდარტებს და ხარისხს და არ არის მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა“, - ამბობს ანა თავხელიძე და იხსენებს, რომ ბასილაშვილის საქმეში, ათობით სხდომა გადადეს იმიტომ, რომ სპორტსმენს წარმატებაში ხელი არ შეშლოდა.
„ალბათ ახლა ყველა იმას ელოდება, რას იზამს [გიორგი ყუშიტაშვილი] ოლიმპიადაზე, რომ მაგის მიხედვით გასამართლდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დაზარალებული ქალი, რომლიც მოკრივე ოლიმპიელს ძალადობაში ადანაშუალებს.
პროკურატურაში არ გვიპასუხეს, რა მიზეზით გახანგრძლივდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყება.
წერილობით პასუხში ჩვენს კითხვებზე მხოლოდ ისაა მითითებული, რომ 2023 წლის ოქტომბერში პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, სასამართლომ კი მას პატიმრობა 10 ათასი ლარის გირაოთი შეუცვალა.