Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 ქართველი ოლიმპიელი პარიზისკენ მიემგზავრება


ქართველი სპორტსმენები პარიზში გამგზავრების წინ ცერემონიების სასახლეში შეიკრიბნენ, 16 ივლისი, 2024 წელი
ქართველი სპორტსმენები პარიზში გამგზავრების წინ ცერემონიების სასახლეში შეიკრიბნენ, 16 ივლისი, 2024 წელი

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება. საქართველოდან პარიზში უახლოეს დღეებში გაემგზავრება 28 სპორტსმენი, მათგან 7 ქალი.

ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა - ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ლუბა გოლოვინა, ნინო სალუქვაძე და ანა ნიჟარაძე
ლუბა გოლოვინა, ნინო სალუქვაძე და ანა ნიჟარაძე

ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე ნაკლები მონაწილე იასპარეზებს. საქართველოდან სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა (40 სპორტსმენი), 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მედროშეები პარიზში ოლიმპიური ჩემპიონები, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე იქნებიან.

საქართველოს დელეგაცია პარიზში 4 ოლიმპიური ჩემპიონით იასპარეზებს.

  • ნინო სალუქვაძე - ტყვიის სროლა (სეული 1988)
  • ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა (რიო-დე-ჟანეირო 2016, ტოკიო 2020)
  • ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდო (ლონდონი 2012)
  • ლაშა ბექაური - ძიუდო (ტოკიო 2020)

ოლიმპიური ჩემპიონების გარდა საქართველოს დელეგაციას ჰყავს 8 მსოფლიო ჩემპიონი სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ქართველი სპორტსმენები მედლებისთვის ბრძოლას 27 ივლისიდან დაიწყებენ. პირველი ასპარეზობაში ჩაერთვება 21 წლის ძიუდოისტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის დებიუტანტი გიორგი სარდალაშვილი.

საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით 1996 წლიდან მონაწილეობს (ატლანტა).

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ჩემპიონი 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური გახდა.

ყველაზე მეტი - 3 ოქროს მედალი ქართველმა სპორტსმენებმა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს (მანუჩარ კვირკველია, ჭიდაობა; ირაკლი ცირეკიძე, ძიუდო; რევაზ მინდორაშვილი, ჭიდაობა).

მედლების რაოდენობით საუკეთესო შედეგი ქართველ სპორტსმენებს ტოკიო 2020-ზე ჰქონდათ - 8 მედალი - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან მონაწილეობენ. ჰელსინკის ოლიმპიადიდან მოყოლებული, საქართველოს ჰყავს 37 ოლიმპიური ჩემპიონი.

ძიუდო

სახეობების მიხედვით ყველაზე დიდი დელეგაცია პარიზში ძიუდოს ეყოლება - 10 სპორტსმენი, მათგან 3 ქალი.

ისტორიაში პირველად ძიუდოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრშიც გამოვა.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიურ ფიცს კითხულობს
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიურ ფიცს კითხულობს

ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენების უმრავლესობა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნები არიან. ვაჟთა ნაკრებში 2 ოლიმპიური (ლაშა ბექაური, ტოკიო 2020 და ლაშა შავდათუაშვილი - ლონდონი 2012), 4 - მსოფლიოს და 6 - ევროპის ჩემპიონია.

  • გიორგი სარდალაშვილი (-60კგ.)
  • ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.)
  • ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.)
  • ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.)
  • ლაშა ბექაური (-90 კგ.)
  • ილია სულამანიძე (-100 კგ.)
  • გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)
  • ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).
  • ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ.)
  • სოფიო სომხიშვილი (+73 კგ.)

მეორედ იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე 24 წლის ეთერ ლიპარტელიანი, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლდა.

ეთერ ლიპარტელიანი, ძიუდოისტი
ეთერ ლიპარტელიანი, ძიუდოისტი

2023 წელს ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორია გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებთან ერთად.

ჭიდაობა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის ამ სახეობაში, ორივე დისციპლინაში, ტიტულოვანი სპორტსმენები - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები წარსდგებიან.

  • გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)
  • ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)
  • გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
  • გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
  • რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
  • რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
  • ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)

მოჭიდავეთა გუნდის გამორჩეული ლიდერია 30 წლის გენო პეტრიაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი.

გენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი

მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ბოლო წამებზე დამარცხდა 21 წლის ამერიკელ გეიბლ სტივსონთან.

მას დიდი შანსი აქვს პარიზში მოიპოვოს ოქროს მედალი და გახდეს ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედლის მფლობელი.

ტყვიის სროლა

ნინო სალუქვაძე, ტყვიის მსროლელი
ნინო სალუქვაძე, ტყვიის მსროლელი

ოლიმპიური ჩემპიონის, 55 წლის ნინო სალუქვაძისთვის „პარიზი 2024“ მეათე ოლიმპიური თამაშები იქნება. ეს ქალთა შორის მსოფლიო რეკორდია და ამასთანავე გაიმეორებს ლეგენდარული კანადელი ცხენოსნის იან მილარის რეკორდს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე 1972-დან 2012 წლის ჩათვლით გამოდიოდა და გამოტოვა მხოლოდ ერთი, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშები, რომელსაც კანადამ ბოიკოტი გამოუცხადა.

ძალოსნობა

  • ლაშა ტალახაძე (+ 109 კგ)
  • შოთა მიშველიძე (61 კგ)
  • ირაკლი ჩხეიძე (102 კგ)
ლაშა ტალახაძე. ძალოსანი
ლაშა ტალახაძე. ძალოსანი

30 წლის ლაშა ტალახაძეს აქვს უნიკალური შანსი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვოს მესამე ოქროს მედალი და გაიმეოროს ოლიმპიურ თამაშებზე ყველა დროის საუკეთესო ქართველი ოლიმპიელის, ვიქტორ სანეევის (მძლეოსნობა) შედეგი და გახდეს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

ფარიკაობა

სანდრო ბაზაძე - გულშემატკივარი დიდ იმედს ამყარებს ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო პრიზიორ 30 წლის მოფარიკავეზე. მისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები მესამე ოლიმპიადა იქნება.

ბატუტზე ხტომა

ლუბა გოლოვინა - 34 წლის სპორტსმენისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშები იქნება. ევროპის ჩემპიონატების პრიზიორის საუკეთესო მაჩვენებელი ოლიმპიურ თამაშებზე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული მეექვსე ადგილია.

კრივი

საქართველოს დელეგაციას კრივში ოლიმპიური ჩემპიონი არასდროს ჰყოლია.

პარიზის ოლიმპიადაზე ამ სახეობაში ორი სპორტსმენი იასპარეზებს - 27 წლის ლაშა გურული, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი და 29 წლის გიორგი ყუშიტაშვილი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი.

ცურვა

მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ამ სახეობაში ქართველმა სპორტსმენებმა ვერცერთ დისციპლინაში ვერ მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზია, საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოსთვის ე.წ. "ველური ბარათით" 2 საგზური გამოყო.

ანა ნიჟარაძე, მოცურავე
ანა ნიჟარაძე, მოცურავე

15 წლის ანა ნიჟარაძე - (100 მეტრი ბატერფლაი) - ის ოლიმპიური თამაშების დებიუტანტია. ის ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე პატარა წევრია.

ნოე ფანცხავა - (100 მეტრი გულაღმა ცურვა) - პირველად იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე.

მძლეოსნობა

ლიკა ხარჩილავა - 23 წლის მორბენალი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიდის. ის პარიზში ე.წ. „ველური ბარათით“ მოხვდა და 100 მეტრზე სირბილში იასპარეზებს.

ოლიმპიელების წარდგენა, ცერემონიების სასახლე, 16 ივლისი
ოლიმპიელების წარდგენა, ცერემონიების სასახლე, 16 ივლისი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიმპიური ოქროს მფლობელი ჯილდოდ ერთ მილიონ ლარს მიიღევს. ვერცხლის მედალოსანი 500 ათას ლარს. ბრინჯაოს მფლობელს 250 ათასი ლარი გადაეცემა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG