ფრანკფურტში, დამოუკიდებელი სტენდით - მწერალთა სახლი წიგნის ბაზრობაში ისევ არ მონაწილეობს

საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ქართული გამომცემლობები და მწერლები 2024 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელსაც დამოუკიდებელი სტენდითა და კონცეფციით წარდგნენ. ევროპის უდიდეს წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველოს სლოგანია: „განსხვავებულები - საერთო მიზნისკენ“.

ქართული ანბანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართულ სტენდთან

საერთო მიზანი - ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებაა, ხოლო ქართული ლიტერატურა, ქართული სტენდის ორგანიზატორების რწმენით, ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი.

„სიტყვა "განსხვავებულებით" კი გვინდოდა გვეთქვა, რომ ჩვენთვის მიუღებელია როგორც "რუსული კანონი", ისე ე. წ. ანტილგბტქ კანონი, რომელიც, ჩვენი გაგებით, არის "ცენზურის კანონი". ცენზურა კი შეუძლებელია არ იყოს მიუღებელი საგამომცემლო საზოგადოებისათვის, ზოგადად, ლიტერატურის სფეროსათვის. ცენზურის პირობებში ლამის საუკუნე ვიცხოვრეთ და უკან დაბრუნება აღარ გვინდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა გვანცა ჯობავამ.

ასე გამოიყურება ქართული გამომცემლობების სტენდი დღეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

საქართველოს სახელით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობს ოთხი დიდი ქართული გამომცემლობა: სულაკაურის, არტანუჯი, ინტელექტი და პალიტრა L.

ბესიკ ხარანაულისა და სხვა ქართველი ავტორების გერმანელი გამომცემელი მარიო პშერა საქართველოს სტენდზე ზვიად კვარაცხელიასა და გვანცა ჯობავასთან ერთად.

შეზღუდული ფინანსების გამო, წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მხოლოდ რამდენიმე ქართველი ავტორი და მთარგმნელი ჩავიდა. მათ შორის, მწერლები ლაშა ბუღაძე და ივა ფეზუაშვილი, ასევე, მთარგმნელი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი.

ქართულ კოლექტიურ სტენდს სტუმრობენ გამომცემლები უკრაინიდან და მეზობელი ქვეყნებიდან

გვანცა ჯობავას სიტყვებით, შარშანდელის შემდეგ კიდეც უფრო მეტად აინტერესებთ ქართული სტენდი. იქ მისულმა ბევრმა ადამიანმა უკვე იცის, როგორი პოლიტიკური ვითარებაა ახლა საქართველოში. აქვთ ინფორმაცია კულტურის სფეროში სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკაზეც.

„ჩემმა ერთ-ერთმა იტალიელმა კოლეგამ მითხრა კიდეც, ქართული სტენდი სიტყვის და გამოხატვის თავისულების ნათელი დასტურიაო. ემპათიას და მხარდაჭერას ვგრძნობთ ყველასგან, განსაკუთრებით კი, ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან“.

უკრაინის სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

საქართველო ახსენეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ტრადიციული გახსნის ცერემონიაზე, როდესაც წამყვანმა გაიხსენა ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების ბოლო დროის სამი ყველაზე შთამბეჭდავი დევიზი: ბრაზილიის და სლოვენიის გვერდით ახსენა 2018 წელს, საქართველოს, როგორც ბაზრობის საპატიო სტუმრის მთავარი დევიზიც - „ანბანით მოთხრობილი საქართველო“.

„ჩვენთვის ეს ძალიან ემოციურიც იყო და თან იმის დასტურიც, რომ ამდენი წლის შემდეგაც ფრანკფურტს ახსოვს ჩვენი წარმატებული პროექტი“, - გვითხრა გვანცა ჯობავამ.

Your browser doesn’t support HTML5

„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ - ქართული პავილიონი ფრანკფურტში

ქართველი მწერლები ფრანკფურტში შეხვედრებს დღეიდან, 18 ოქტომბრიდან მართავენ. ბოლო, 20 ოქტომბერის შეხვედრაზე ლაშა ბუღაძე და ივა ფეზუაშვილი ისაუბრებენ არა მხოლოდ ქართული მწერლობის, არამედ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელითაც. და სიმბოლურია, რომ ეს გამოსვლა დაემთხვევა თბილისში დაგეგმილ საპროტესტო მარშს სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

საქართველოს მწერალთა სახლი, რომელსაც ასზე მეტი ავტორი, გამომცემელი, მთარგმნელი და ლიტერატორი მეორე წელია ბოიკოტს უცხადებს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, შარშანდლის მსგავსად, ისევ არ მონაწილეობს.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რატომ თქვეს უარი ევროპის უდიდეს წიგნის ბაზრობაში მონაწილებაზე, სადაც სწორედ ქვეყნები წარადგენენ თავიანთ ლიტერატურას და არა ცალკეული გამომცემლობები, მივიღეთ პასუხი, რომ მწერალთა სახლს ახლა „სხვა პრიორიტეტები აქვს“ და, რომ „ემზადებიან სხვა ქვეყნების ლიტერატურულ ფესტივალებში მონაწილეობისათვის, სადაც საქართველო ჯერ მიწვეული არ ყოფილა“.

რომელია ეს ქვეყნები და ფესტივალები, რომლებისთვისაც მწერალთა სახლი ემზადება, ჯერ უცნობია. როგორც გვითხრეს, მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

თუმცა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოცემული ორი ქართველი მწერლის წიგნის პრეზენტაცია მაინც იმართება:

ერთია ქართველი ავტორის, ნათო ყიფიანის ინგლისურად დაწერილი რომანი „მოგონებების ტყე” (გამომცემლობა BookLand Press) და მეორე - მარიამ წიკლაურის საბავშვო წიგნის, „რა ჰქვია შენს მეგობარს“ გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია (გამომცემლობა Pop-Verlag).

მარიამ წიკლაურის წიგნი გერმანულად თარგმნა გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა პოეტმა ირმა შიოლაშვილმა, წიგნი მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში გამოიცა. ფრანკფურტში ამ ღონისძიებას დამოუკიდებლად მართავს თავად გამომცემლობა.

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იტალიაა.

რაც შეეხება საქართველოს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო.

ასევე ნახეთ „დაუმორჩილებელი ქართული ხასიათი“: საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე