რა ჯანსაღად გასრულდა ზაფხული!
მნიშვნელობა არ აქვს, შეეხე თუ არა ზღვის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ზღვაცაა თითქოს, - ოღონდ თუ ასე გაგრძელდა, მალე რუსულს უწოდებენ ალბათ, - სნეულებისგან მაინც ვერაფრით დაიცავ თავს!
რუს ადამიანს ზოგადად არაფერს ვერჩი, მაგრამ იმას კი ვეღარაფერს მოვუხერხებ, რომ პუტინის რუსეთიდან ჩამოსულ ყველა რუსს ეჭვის თვალით ვუყურებ და საფრთხედ მივიჩნევ, როგორც ჩვენი მშვიდობის, ასევე დემოგრაფიისთვისაც... და ეს ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი, არამედ თავად რუსების, რომელთაც ვერაფერი შეცვალეს თავიანთ კოშმარულ სახელმწიფოში და არც მოუნდათ რაიმეს შეცვლა! უფრო სხვათა შეცვლა - თავიანთი სახელმწიფოს სასარგებლოდ...
თუმცა სინამდვილეში პრობლემა ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი ქაოსი, უწესრიგობა და მოღალატეობრივი გულგრილობაა!
აგერ მრავლდებიან ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები ზღვისპირეთში (და არა მხოლოდ მანდ) და მრავლდება მრავალი ახალი კორპუს-სასტუმრო ყველაზე უადგილო ადგილასაც კი, ოღონდ კი ზღვა იყოს ახლოს და დინებაც ისეთი, რომ ლაღად წაიღოს ამ ახალ თუ ძველ შენობათა კანალიზაციიდან გამოდენილი ტონობით ფეკალური მასა...
Your browser doesn’t support HTML5
ერთი ყოფილი მყვინთავი ჰყვებოდა, ჩვენს წილ შავ ზღვაში აღარ ჩაისვლება, ყველა სიბინძურე მანდ ჩაედინება და ზღვა კი არა, ფეკალომასააო...
და მოდის ეს ფეკალიები რატომღაც შეგუებულ და ზაფხულის ბუნებრივ შემადგენლად დაკანონებულ ენტეროვირუსად, დიარეად და ღებინებად, მაღალ სიცხეებად და ჟრჟოლად... თითქოს ასეც უნდა იყოს და თითქოს ეს ყოფილა დასვენების ჯანსაღი კულმინაცია...
ჩვენი ზღვაა, ჩვენი კანალიზაციაა, ჩვენი და ჩვენი ახალმოსახლეთა განავალიცაა და, მთავარია, შუშის კოლბის მიღმა მცხოვრები კაცი იყოს ბაქტერიათაგან დაცული, თორემ რაც მეტ ადამიანს წაახდენს ისტორიული ფეკალოკრატია თუ, პირდაპირი მნიშვნელობით, ზღვიდან ნაყლაპი ქაქი, იქნებ უკეთესიც კი იყოს კოლბაში მყოფისთვის - უკმაყოფილოთ ენტეროვირუსი დასცემს ან გასაქცევად გაუხდის საქმეს, რაც არის კიდეც შუშის დიქტატორის უმთავრესი რუსული ოცნება!
და აი, გორავენ ზაფხულგამოვლილი ადამიანები მაღალი სიცხეებით კლინიკებსა თუ დავირუსებულ სახლებში, უსამართლო ფაღარათით თუ ღებინებით გატანჯულები, ფეკალოწყალნაყლაპები და ხელისუფლების მიერ მისჯილი „სტუმართმოყვარეობით“ დასჯილები!
და ეს ბუნებრივია?
ბუნებრივია ავადმყოფობის, ვირუსის ნორმად ქცევა?
ნუთუ შესაძლებელია ყველაფერთან ადაპტაცია? ზღვაში ჩამავალ ქაქთან და ისტორიულ ქაქთანაც?!
შესაძლებელია ადაპტაცია გაცხადებულ ღალატთან და დაავადებასთან, რომელსაც თუკი დროულად არ უმკურნალებ, ოქტომბრამდე ნამდვილად არ გავა აგვისტოს ენტეროვირუსივით!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.