მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და ერევანმა დაპირისპირების მორიგ სერიაში ერთმანეთს დააკისრეს პასუხისმგებლობა ყარაბაღის ჰუმანიტარულ კრიზისზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა:
- „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა რუსეთზე სომხეთის უსაფრთხოების სექტორის დამოკიდებულებას;
- განაცხადა, რომ რუსეთს ახლა თავად სჭირდება იარაღი, - და საჭიროა სომხეთის უსაფრთხოების სექტორის დივერსიფიკაცია;
- თქვა, რომ „რუსეთი გადის რეგიონიდან“.
ფაშინიანის განცხადებების შემდეგ სომხეთი, 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის დღიდან პირველად, უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.
რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, სომხეთის პირველი ლედი ანა ჰაკობიანი უკრაინაში, კიევში მიემგზავრება.
ამავე დროს, სომხეთის მთავრობამ:
- პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარუდგინა რომის წესდება, - რომლის ძალითაც ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გამოცემული;
- გაიწვია მუდმივი წარმომადგენელი რუსეთის გარშემო შეკრული ალიანსიდან, „კუხოდან“.
„სტრატეგიული შეცდომა“
„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურის 99.999% რუსეთთან იყო დაკავშირებული, მათ შორის, იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის შესყიდვების მიმართულებით, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ თავად რუსეთს სჭირდება იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2 სექტემბერს.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ „რომც სურდეს, რუსეთის ფედერაცია ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს“.
იტალიურ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ (La Repubblica) ამავე ინტერვიუში ფაშინიანმა ასევე თქვა: „ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოების საკითხებში მხოლოდ ერთ პარტნიორზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა“.
სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და, უსაფრთხოების სექტორის გარდა, დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორებში. თუმცა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვითარება პერიოდულად იძაბება ხოლმე.
ამჟამად სომხეთს მოსკოვზე განაწყენების რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის უმთავრესია:
- 2022 წელს აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის ფაქტობრივი უარი, სომხეთს დახმარებოდა. იგივე გააკეთა რუსეთის გარშემო შექმნილი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამაც“;
- ბაქო-ერევანი-მოსკოვის 2020 წლის შეთანხმებით, სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქს, სტეფანაკერტს შორის მდებარე ერთადერთ დამაკავშირებელ გზას, ლაჩინის დერეფანს რუსეთი უნდა აკონტროლებდეს. მაგრამ ახლა იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან - კონტროლის ბერკეტები ბაქოს ხელშია.
ასევე ნახეთ რუსეთი ყარაბაღის კრიზისში ფაშინიანს ადანაშაულებს
ფაშინიანის თქმითვე, „ამ შეცდომის დაშვების შემდეგ, პოსტ-ფაქტუმ, მწარე ხილის დაგემოვნების შემდეგ, გვაქვს მცდელობები, მოვახდინოთ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაცია, და მათ შორის სხვა თვალით ვუყურებთ ჩვენს რეგიონს“.
„რუსეთი თავად გადის რეგიონიდან“
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ამავე ინტერვიუში თქვა, ჩვენი რუსი კოლეგები ძალიან ბევრს საუბრობენ სომხეთის დასავლელ პარტნიორებსა და დასავლურ ქვეყნებზე, რომლებიც თითქოს „უბიძგებენ სომხეთის მთავრობას, გააძევოს რუსეთი რეგიონიდანო“, მაგრამ, მისი თქმით, რუსეთი თავად ტოვებს რეგიონს:
„[პირიქით], ვხედავთ, რომ რუსეთი, არაერთი ნაბიჯის გადადგმით თუ გადაუდგმელობით, თავად ტოვებს რეგიონს. და ამის მიზეზები ჩვენთვის უცნობია“.
„მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს. რომ ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ გავიღვიძოთ და დავინახოთ, რომ რუსეთი აქ აღარ არის“, - დასძინა ფაშინიანმა.
მოსკოვის უავტორო პასუხი
მოსკოვმა ფაშინიანის ინტერვიუს 5 სექტემბერს გასცა პასუხი, - „ანონიმურად“. სამთავრობო გამოცემა „ტასში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, „მოსკოვში ანონიმური დიპლომატიური წყარო აცხადებს“, რომ:
- „მართლაც, [დასავლეთი] ცდილობს, ხელოვნურად გააძევოს რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან, ერევნის გამოყენებით;
- რუსეთი, როგორც სომხეთის უახლოესი მეზობელი და მეგობარი, არ აპირებს, დატოვოს რეგიონი;
- თუმცა, ამან ორმხრივად უნდა იმუშაოს: სომხეთი არ უნდა გახდეს იარაღი დასავლეთის ხელში რუსეთის წინააღმდეგ“.
„ანონიმურმა დიპლომატიურმა წყარომ“ „უსაფუძვლო თავდასხმები“ უწოდა ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკას ლაჩინის დერეფანში განთავსებული რუსი ჯარისკაცების მიმართ, - რომლებიც სამშვიდობოების მანდატით იმყოფებიან რეგიონში.
ამ საკითხზე წინა კვირაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა ერთმანეთს.
პესკოვი: „რუსეთი არსად წავა“
მოსკოვის შეტევა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანზე სამშაბათს კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის კომენტარებით გაგრძელდა. პესკოვის თქმით, რუსეთი „აბსოლუტურად უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამ რეგიონში, და, ასე რომ, არსად არ წავა. რუსეთი ვერსად ვერ წავა“.
„რუსეთში იმაზე მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თვითონ სომხეთში, და მათი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის სამაგალითო, პატრიოტი მოქალაქეა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა მან.
პესკოვმა სომხეთს ასევე შეახსენა, რომ სომხეთის 2022 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში „უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა რუსეთთან ახლო ეკონომიკურმა ურთიერთობებმა“.
2022 წელს, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის ფონზე, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 12.6%-ით გაიზარდა.
ზახაროვა ფაშინიანზე: ეს ცუდი მოცეკვავის ისტორიას ჰგავს
5 სექტემბერსვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ეს საჯარო რიტორიკა, რაც უხამსობას წააგავს, არ შეშვენის სომხეთის პოლიტიკურ მოღვაწეებს“:
„თუ უნდათ საექსპერტო და პოლიტიკურ დონეზე საუბარი, არის საამისო არხებიც... მესმის, რომ ყველას როლი უკვე გაწერილი აქვს, ვინ რა და როგორ რა უნდა თქვა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ შეშვენით იმ ადამიანებს, ვინც სომეხ ხალხს წარმოადგენს“.
მარია ზახაროვა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკას ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ადამიანი პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ ქმედებებზე, და სხვაგან არ უნდა ეძებდეს დამნაშავეებს, და სულ ასე არ უნდა იქცეოდეს, როცა ამის შანსი მიეცემა... სხვანაირად, ეს, ცოტა არ იყოს, მოგვაგონებს ცუდი მოცეკვავის ისტორიას“.
საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებითვე, მოსკოვმა უკვე მოითხოვა ახსნა-განმარტება ერევნისგან რომის წესდების რატიფიცირების პროცედურის დაწყების გამო.
„მომდევნო ნაბიჯებს ერევნის პასუხის მიხედვით გადავწყვეტთ“, - დასძინა მან.
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის მარტში აუნთო მწვანე შუქი რომის წესდების რატიფიცირებას, ახლა კი მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი შეუერთდება ჰააგის სასამართლოს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ასევე ნახეთ დაიჭერენ თუ არა პუტინს, თუკი სომხეთში ჩავა?
ერევანმა მზერა კიევს მიაპყრო?
ერევნისა და მოსკოვის მორიგი დაპირისპირების ფონზე, სომხეთის ხელისუფლება უკრაინისკენ პირველ მეგობრულ ნაბიჯებს დგამს.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის წყაროების ცნობით, სომხეთის ხელისუფლება, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის 2022 წლის შეჭრის შემდეგ პირველად, კიევს გაუგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა, წყაროების ცნობითვე, დახმარებას უკრაინელებს ჩაუტანს ანა ჰაკობიანი, სომხეთის პირველი ლედი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე 6 სექტემბერს კიევში დაესწრება უკრაინის მხარდამჭერ სამიტს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების მეუღლეები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტი (სახელწოდებით Kyiv Summit of First Ladies and Gentlemen) ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენა ზელენსკამ დააფუძნა 2021 წელს.
5 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა გამოიხმო მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი კუხოში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ОДКБ), ვიქტორ ბიაგოვი. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო „პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციაზე დაყრდნობით“. იგი ნიდერლანდში ელჩად დანიშნეს. ვინ იქნება მისი შემცვლელი, ჯერჯერობით უცნობია.