უცხოელი ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ

უცხოელი ექსპერტები ერიკ დევიდ გოლდსმითი და ონდერ ოსქალიფჩი

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს 2 უცხოელი ექსპერტი შეხვდა. მათ გარდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ 3 საერთაშორისო სპეციალისტი შეაფასებს.

მათ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა მოამზადონ, რომლის შემდეგ ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ერთიან შეჯერებულ პოზიციას წარადგენენ.

დღეს, 29 აგვისტოს სამედიცინო ცენტრ "ვივამედში" ამერიკელი ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი, ერიკ დევიდ გოლდსმითი და გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი შვეიცარიელი ონდერ ოსქალიფჩი იმყოფებოდა. მათ კლინიკა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს.

უცხოელმა სპეციალისტებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასონ. თუ საექსპერტო ბიურო დაწერს, რომ სააკაშვილი მძიმე პაციენტია, ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართავენ.

"რაც შეეხება დანარჩენ სამ ექსპერტს, ორზე შეტანილია [განცხადება] ჯანდაცვის სამინისტროში, პარასკევს, ჩვენ როგორც ვიცით, კომისიის სხდომა იყო და დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან რაღაც პასუხი უნდა მივიღოთ. ხვალ დილით უკვე შევა მესამე ექსპერტი, რომელიც გასტროენტეროლოგი გახლავთ", - ამბობს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

ჟურნალისტების კითხვების პასუხად, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს თქვა, რომ საექიმო საქმიანობის ლიცენზიას რეგულირების სააგენტო იხილავს. განხილვის მინიმალური ვადა 6 თვიდან ერთ წლამდე შეიძლება იყოს.

"ახლა, როგორც ვიცი, ერთ წელზე აქვთ შემოტანილი. აქედან გამომდინარე, ძალიან სკრუპულოზურად სწავლობენ ყველა დოკუმენტაციას. ვერ დაგეთანხმებით, რომ რამე ჭიანურდება. რადგან მოთხოვნილია გრძელვადიანი საექიმო საქმიანობის უფლება საქართველოში, ამიტომ უწევს დეტალური შესწავლა", - აღნიშნა აზარაშვილმა.

ორივე ექსპერტი ქვეყანას ხვალ დილით დატოვებს. თავიანთ შეხედულებებს ისინი ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" მიაწვდიან, რომელიც შეჯამდება და დასკვნას "ემპათია" წარადგენს.

"მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო ექსპერტები ერთვებიან და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ერთიანი შეჯერებული პოზიცია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ადგილობრივი სასამართლოსთვის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც, თუკი საჭირო გახდა", - ამბობს ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

მარიამ ჯიშკარიანი

მისივე თქმით, უცხოელმა სპეციალისტებმა ასევე უნდა შეაფასონ ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის მომენტიდან.

"შემდგომში შეფასდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში მოხვედრამდე და გაცემული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორი უნდა იყოს მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია მომავალში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია", - აღნიშნა ჯიშკარიანმა.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია დარწმუნებულია, რომ მოწვეული ექსპერტების დასკვნა ობიექტური იქნება, რომლის შემდეგ ის ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებას ელოდება.

გიული ალასანია

"იმედი მაქვს, რომ ეს დასკვნა იქნება იმის შესაბამისი, რაც აქ გვქონდა ისედაც ქართველი ექიმებისგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს დაავადებები, რომლებიც მას აქვს, არის ისეთი სიმძიმის, რომ აქ ძნელია მისი განკურნება. ამ კლინიკაში რთულია ეს ყველაფერი. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ უნდა შეწყდეს, გადაიდოს მისი სხვა საქმეები და მიეცეს ინტერვალი ადამიანს, რომლის დროსაც მას მიეცემა შესაძლებლობა თავის ჯანმრთელობას მიხედოს", - თქვა გიული ალასანიამ.

დღესვე, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება არ გამორიცხა. კიდევ ერთი ექსპერტიზის მიზანი მან ასე განმარტა.

"ჩვენ არავის საპასუხოდ არ ვაპირებთ [ექსპერტიზის ჩატარებას]. ეს არის დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რასაც ატარებს ცენტრი „ემპათია“. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ ექსპერტიზა და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა, იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. ვინ ჩაატარებს, ამის შესახებ თუ იქნება მიღებული ჩვენი მხრიდან, შემდეგ გაიგებთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას არ გამორიცხავს

კლინიკა "ვივამედმა" სააკაშვილის პირად ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს ავადმყოფობის ისტორია მაისის ბოლოს გადასცა. 13-დღიანი მკურნალობისა და კვლევების ამსახველი ავადმყოფობის მრავალგვერდიან ისტორიაში ექსპრეზიდენტის დიაგნოზთა ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა:

  • დადასტურებული პოლინეიროპათია;
  • ადაპტაციური აშლილობა პროლონგირებული დეპრესიით;
  • ეროზიული გასტრიტი;
  • თალასემიით გამოწვეული ანემია;
  • პრედიაბეტი.

მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" 12 მაისიდან მკურნალობს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის შეწყვეტას დასთანხმდა, თუ სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.