„მე ვარ თურქეთის, ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთის ჯაშუში“ - უცხო ქვეყნის აგენტები საბჭოთა დროს

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი

უცხო ქვეყნის აგენტი - ამ ბრალდებით ხვრეტდნენ საბჭოთა კავშირში რეჟიმისთვის მიუღებელ ადამიანებს, მათ შორის არიან: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი და ქართული ინტელიგენციის კიდევ ბევრი წარმომადგენელი.

საბჭოთა პერიოდში ეს ძალიან გავრცელებული ბრალდება იყო. ზოგს გერმანიის აგენტობა ბრალდებოდა, ზოგს ინგლისის, ზოგს - ამერიკის. კორპორაციადურუჯი“, რომელიც რუსთაველის თეატრში 1924 წელს შეიქმნა და შემოქმედებითი და ორგანიზაციული ცხოვრების გარდაქმნას ემსახურებოდა, ფაშისტურ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ამ ჯგუფის წევრების ნაწილი დაიხვრიტა“, - ამბობს გია ცქიტიშვილი, თეატროლოგი, რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ასევე ნახეთ ტიციან ტაბიძის უკანასკნელი მისამართი

გია ცქიტიშვილი ჰყვება, რომ აგენტობას ადამიანს ხშირად სწორედ იმიტომ აბრალებდნენ, რომ ამას დამტკიცება არ სჭირდებოდა. ბრალდებულები ბრალს წამების შედეგად აღიარებდნენ. ასეთი ბრალდებებით დახვრიტეს რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მხატვარი პეტრე ოცხელი, დირიჟორი ევგენი მიქელაძე.

მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არ გატყდა, ერთ-ერთი იყო ვანიკო აბაშიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, დოდო აბაშიძის მამა. სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს და ბოლოს დახვრიტეს. აქედან რომ უყურებ, იოლია, მაგრამ იმ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცეოდა არავინ იცის. სანდრო ახმეტელიც კი გატყდა თვეების შემდეგ და ბრალი ნაწილობრივ აღიარა, - ამბობს გია ცქიტიშვილი, - გარდა იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ეს ხალხი საიმედო არ იყო, ამას თან პირადი მტრობაც ერთვოდა. 1921 წლიდან - 50-იან წლებამდე სხვადასხვა ორგანოებში 7 მილიონამდე საჩივარია შესული. ამას ხომ ჩვენი მოქალაქეები აკეთებდნენ. ზოგს ვიღაცის თანამდებობა შურდა, ზოგს ვიღაცის ცოლი, ზოგს - ბინის დასაკუთრება უნდოდა“.

პოეტი კატო ჯავახიშვილი აღწერს, თუ როგორ იყენებდა პარტია აგენტობის ბრალდებას ლიტერატორების წინააღმდეგ. 1921 წლის ოკუპაციის პირველ წლებში ხელისუფლება მწერლების მიმართ ლოიალური იყო. შემდეგ დამკვიდრდა სოციალური რეალიზმი, რაც იმას გულისხმობდა, რომ მწერალს მხოლოდ აღმატებულ თემებზე უნდა ეწერათ. ამავე პერიოდში მკვიდრდება ცნობილი თეზისიც - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენ წინააღმდეგაა. მწერლებიდან ბევრი საკუთარი თავისა და შემოქმედების გადარჩენის მიზნით პარტიასთან თანამშრომლობას იწყებს. ვითარება სულ უფრო რთულდება...

„მწერლებს ერთმანეთზე დააწერინეს დამაბეზღებელი წერილები. ცნობილია მიხეილ ჯავახიშვილის ძალიან მძიმეაღიარება“, რომელშიც ბევრ ადამიანს ასახელებს, - ამბობს კატო ჯავახიშვილი, - უცხო ქვეყნის ჯაშუშობა ყველაზე კარგი საშუალება იყო პარტიისთვის, რომ ხალხის დახვრეტა გაემართლებინა“.

აგენტობაში დადანაშაულება მხოლოდ ინტელიგენციის „პრეროგატივა“ არ იყო. აპატიმრებდნენ გლეხებსაც და ყოფილ კომუნისტებსაც, - ყველას, ვისი მოშორებაც რეჟიმს სჭირდებოდა. აგენტურა, ნაციონალიზმი, შპიონაჟი - 1950-იან წლებში, ე.წ. მეგრელების საქმეზე ამ ბრალდებებით 40-მდე თანამდებობის პირი დაიჭირეს.

ასევე ნახეთ „მეგრელთა საქმე“, ანუ „იების კრეფის“ სეზონი

ერთ-ერთი დაპატიმრებული, კირილე ბეჭვაია ჩვენებაში წერს: პოლკოვნიკმა სტეპანოვმა ბრალად დამდო, რომ მე ვარ თურქეთის, ინგლისის, ამერიკის, საფრანგეთის ჯაშუში. ბოლოს რატომღაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, ბრაზილიის ჯაშუშიც ხარო, რის თაობაზეც მოგვიანებით სპეციალურად დამკითხეს“.

თავად ლავრენტი ბერიაც კი, რომელიც სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, 1953 წელს ხალხის მტრის ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს.

გარდა იმისა, რომ ადამიანებს ამ ბრალდების გამო სიკვდილით სჯიდნენ, წლების განმავლობაში მათი ხსენებაც იკრძალებოდა. ამის გამო რეპრესირებული მწერლების შემოქმედება ხალხმა მხოლოდ წლების მერე, მათი რეაბილიტაციის შემდეგ გაიცნო.

ასევე ნახეთ QUIZ: რამდენად კარგად იცნობთ ქართველ რეპრესირებულ მწერლებს?