Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაოლოს ივლისი - რას წერენ ისინი, ვინც მწერლის თვითმკვლელობას შეესწრო


მწერალთა სახლის კიბეები: ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე, ვანო რუხაძე, კოტე მაყაშვილი.
მწერალთა სახლის კიბეები: ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე, ვანო რუხაძე, კოტე მაყაშვილი.

რა ხდებოდა მაჩაბლის N13-ში იმ დღეს, როდესაც პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა? მწერალთა სახლში მისი ხსოვნის საღამო გაიმართა, სადაც მსახიობმა მერაბ ნინიძემ მის შესახებ შეკრებილი მოგონებები წაიკითხა. 2022 წელს პაოლო იაშვილის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა.

1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა სახლში მორიგ სხდომაზე შეკრებილი მწერლები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს განიხილავდნენ, როდესაც მეორე სართულზე ორლულიანი თოფი გავარდა - პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. პოეტი ირაკლი აბაშიძე იგონებდა, თოფს ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა რაღაც აფეთქდაო.

2002 წელს ქართული ლიტერატურის მუზეუმმა ორტომეული გამოსცა, რომელშიც პაოლო იაშვილზე მწერლების და არა მარტო მწერლების მოგონებებია თავმოყრილი. კომუნიზმის ეპოქაში პაოლოს მეგობრებს არათუ მოგონებების წერა, მისი დატირებაც კი აუკრძალეს.

პაოლო, ვირი და მარო მაყაშვილი

მწერლები იხსენებენ, რომ პაოლო იაშვილი შეძლებულ ოჯახში დაბადებული, განებივრებული ბიჭი იყო, ლამაზი, არტისტული. პროვიზორი მამის წყალობით ფული არ უჭირდა და ბევრს ეხმარებოდა კიდეც. თბილისში მისი სახლის კარი მუდმივად ღია იყო. შინ მისულს ხშირად უცხოებიც კი დახვედრია, თავისით, უკითხავად იშლიდნენ ხოლმე იატაკზე ლოგინს.

მხიარული, ნიჭიერი და პერფორმანსების მოყვარული კაცი სამეგობროს, ძირითადად ცისფერყანწელების, ლიდერად ითვლებოდა. ის და ტიციან ტაბიძე განუყრელი მეგობრები იყვნენ. კოლაუ ნადირაძისთვის პაოლოზე დიდი ავტორიტეტი არავინ არსებობდა. მათთან იყო ვალერიან გაფრინდაშვილიც, რომელმაც პაოლოსა და ტიციანის სიკვდილის შემდეგ სულ რამდენიმე წელი იცოცხლა.

ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე
ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე

პაოლოს იმპოზანტური ხასიათი კარგად ჩანს მარო მაყაშვილის მოგონებებში.

იმ დღეს მაროს სასწავლებელში წვეულება ჰქონია, სტუმრებს შორის პაოლოც ყოფილა.

სასწავლებლიდან რომ გამოვედით, პაულომ მოტეხა დიდი ტოტი ერთი ხისა, შუა ქუჩაში დადგა და ყვირილი დაიწყო, გაიღვიძე, მინისტრო ევგენი გეგეჭკორო! გეგეჭკორი იქვე სდგას (ცხოვრობს). ქუჩაში ვინც კი არ შეხვდებოდა ხელს ართმევდა, ქუდს უხდიდა და ჰკოცნიდა კიდეც. ერთიტაჩკადაინახა, შიგ ჩაჯდა და ყვირის მცხეთაში მივდივარო, იმ დღეს კურთხევა იყო კათალიკოსის ლეონიდის. იქიდან ჩამოაბრძანეს, ისე ვხმაურობდით, რომ ყველა ფანჯრებში იყურებოდა ღამის საცვლებში. პაულო და კოპალი ქუდს უხდიდნენ და კოცნას უგზავნიდნენ. პირველნი სირცხვილისაგან იმალებოდნენ. შეგვხვდა ერთი დროგი ჭარხლით. პაულომ მისცა მედროგეს 5 მან. და 4 დიდი ჭარხალი ამოაცალა და გადმოგვიგდო, ერთი საჩაიეში შეიტანა და უთხრა, სადილისთვის ჭარხლის სუფი გამიკეთეთო. მეორე მუშას ჩაუჩხირა პირში. ორი ვირი მოდიოდა, ზედ შეაჯდა და გარეკა...“

ცალი ფეხსაცმლის ამბავი

მწერალი სერგო კლდიაშვილი იგონებს, რომ პაოლომ სულ ახალგაზრდამ, 18 წლისამ გამოსცა ჟურნალი. გარშემო ცისფერყანწელები შემოიკრიბა, მათთან ერთად ეძებდა პოეზიაში ახალ სახეებს, რითმებს, მიმართულებებს.... წერდნენ, თარგმნიდნენ, ცხოვრების წესი კი პოეტური, ბოჰემური ჰქონდათ.

სერგო კლდიაშვილის მოგონებებიდან ირკვევა, რომ ამბავი, რომელიც დღემდე ანეკდოტად დადის, პაოლო იაშვილს გადახდენია. იმ ბინის ქვევით, რომელიც პაოლოს ეჭირა და რომლის კარიც არ იკეტებოდა, მოხუცი კაცი ცხოვრობდა, როგორც კლდიაშვილი ამბობს, უამრავი გასაჭირის გამო ნერვიული და გაღიზიანებული:

ამას კიდევ ის ერთვოდა, რომ ზედა სართულის მობინადრე გულს უწყალებდა. მოვიდოდა პაოლო შინ გათენებისას, გაიხდიდა ერთ ფეხსაცმელს და დაუდევრად დაახეთქებდა იატაკზე. სანამ მეორეს გაიძრობდა, პაპიროსს მოსწევდა, ზოზინობდა და, აგერ როდის, მეორე ფეხსაცმელსაც დააგდებდა. პირველი დახეთქების შემდეგ გამოღვიძებულ ნერვიულ მოხუცს აღარ ეძინა და მოუთმენლად ელოდებოდა, თუ როდის გაიგონებდა მეორე ფეხსაცმელის ბრახუნს. მას უფრო ამ მოლოდინის წუთები ტანჯავდა. ერთ დღეს მოხუცი ავიდა პაოლოსთან და სთხოვა: - თქვენი ჭირიმე, ან ნუ დაახეთქებთ, ან ორივე ერთად გაიხადეთ, რომ ლოდინი არ დამჭირდეს... პაოლომ მოუბოდიშა და სიტყვა მისცა, რომ ამიერიდან აღარ შეაწუხებდა. გვიან იყო, როცა ერთხელ პაოლო ოთახში დაბრუნდა. მივიდა საწოლამდე, გახდა დაიწყო და უცაბედად, ცალი ფეხსაცმელი ისევ დაახეთქა. მაშინვე მოაგონდა ქვედა სართულის მდგმურისათვის მიცემული დაპირება და მეორე ფეხსაცმელი უკვე ფრთხილად გაიძრო და ძალიან ფრთხილად დადო იატაკზე. დაიძინა კიდევაც, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ გაიღვიძა და რას ხედავს, თავზე დადგომია მოხუცი, რომელსაც ხელში ანთებული სანთელი უჭირავს. - რა მოხდა? - შეკრთა პაოლო. - აგერ ნახევარი საათია ველოდები, როდის გაიძრობთ მეორეს. თქვენი ჭირიმე, გაიხადეთ, მოთმინება აღარ მყოფნის... ისედაც უძილობა მაქვს, სანამ გიცადოთ?“

მეგობრის ცოლი და ჭლექი

კოლაუ ნადირაძე წერს, შეხვედრისას პაოლო ხანდახან ხელზე გვკოცნიდა და ამით უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებდაო. საერთოდ მეგობრებთან მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინო იხსენებს, რას „სჩადიოდა“ პაოლო, როდესაც ის [ნინო] ჭლექით გახდა ავად.

პაოლო, რომელსაც ესოდენ ნაზი და რაინდული სიყვარულით უყვარდა ტიციანი, სულ იმას ცდილობდა, ენუგეშებინა თავისი მეგობარი, ეუბნებოდა, რომ ეს საშიში არ არის, რომ ყველაფერი კარგად და ბედნიერად დამთავრდება; გარდა ამისა, რას არ აკეთებდა პაოლო, რომ ჩემი მდგომარეობა შეემსუბუქებინა - ყოველდღე ყვავილებით ავსებდა ჩემს ოთახს. როცა მწარე წამლის დალევა გამიჭირდებოდა, სვამდა წამალს ჩემთან ერთად“.

1937 წელი

1937 წლის მაისში კომპარტიის ყრილობაზე კომპარტიის პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ კულტურის სფეროზე ილაპარაკა და თქვა, მწერლები ძველი სენტიმენტებისგან ჯერაც ვერ გათავისუფლდნენ, ზოგიერთი კი დღემდე „ხალხის მტრებთან“ მეგობრობსო.

ამ დროს მწერლების ნაწილი უკვე დაპატიმრებულია. დანარჩენებს სხდომებზე წნეხის ქვეშ ატარებენ. პაოლოს დაკითხვებზე იბარებენ. გამომძიებელები აიძულებენ, რომშეთქმულებაშიმონაწილეობა აღიაროს“, - ჰყვება ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი.

პაოლო იაშვილის წერილი შვილს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:45 0:00

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში პაოლო იაშვილი თოფით მივიდა, გასაყიდად წამოვიღეო. ძალიან არეული ჩანდა. ბუფეტის გამგეს რიფსიმეს ვალი, 7 მანეთი, გადაუხადა, სიმონ ჩიქოვანს მოუბოდიშა, შენ გულში წყენა გქონდა, მაგრამ იცოდე, რომ მე კეთილშობილი, პატიოსანი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ამას მალე დაგიმტკიცებო. ვიღაცამ პაპიროსი სთხოვა, პაოლომ მიაწოდა და სულ ჩემს კმაყოფაზე როგორ უნდა იყოო, გაეხუმრა... თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მერე პაოლო მეორე სართულზე ავიდა და ცოტა ხანში თოფის ხმაც გაისმა.

ყველანი თავგზააბნეული წამოვცვივდით, რა მოხდა? ვინ საით, ვინ საით. აფეთქება? მაგრამ სად? რისი? კედლებიც და ყველაფერიც თავის ადგილზეა. მაშ სად? და ამ დროს მეორე სართულიდან კიბეებზე ჩამორბის დამლაგებელი ქალი ანა, წივილ-კივილით - იაშვილი, იაშვილი! - წერს ირაკლი აბაშიძე,- სულ ხუთიოდე წუთში გაჩნდნენ ადმინისტრაციული დაწესებულების წარმომადგენლები და სასახლის კარებიც დაიკეტა. ისევ სამარისებური სიჩუმე; ახლა უფრო მეტი. ახლა უფრო სამარისებური. მხოლოდ ერთხელ გაისმა მიხეილ ჯავახიშვილის დაგუბული ხმა: - ნამდვილად ვაჟკაცი ყოფილა, გეთაყვათ! და მე მხოლოდ ახლა მოვედი აზრზე: რას ნიშნავდა მისი სიტყვები ნახევარი, სულ ნახევარი საათის წინ: - მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარო!“

სიმონ ჩიქოვანის მოგონებები
please wait

No media source currently available

0:00 0:07:12 0:00

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ პროტესტის ეს სასოწარკვეთილი ფორმა იმ ეპოქაში იშვიათობა არ იყო, ადამიანები, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ პატიმრობა და წამება ემუქრებოდათ, იმის შიშით, სხვები არ დაესახელებინათ, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ისწრაფებდნენ.

პარტიული ხაზით საკმაოდ გავლენიანმა ბესარიონ ლომინაძემ მოიკლა თავი, ძველმა ბოლშევიკმა თენგიზ ჟღენტმა და კიდევ ბევრმა, ვისი სახელებიც ისე ცნობილი არ არის, როგორც პაოლოსი“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი

მწერალთა სახლის დირექტორი ნატალია ლომოური ამბობს, რომ 1921 წლიდან მოყოლებული საქართველოში 140 მწერალს შეეხო სხვადასხვა სახის რეპრესია. ამჟამად მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმის მოწყობა იგეგმება.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი

„მუზეუმის გაკეთება რატომ გადავწყვიტეთ? მწერალთა სახლში ძალიან ხშირად მოდიან მოსწავლეები. როდესაც ვუყვებით ამ სახლის ისტორიას და მივდივართ რეპრესიებამდე, ირკვევა, რომ თუ ოჯახში ვინმე არ ჰყავდათ რეპრესირებული, ამ საკითხზე არაფერი იციან“.

პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის შემდეგ რეპრესიები გავრცელდა მის ოჯახზეც. რამდენიმე თვეში დააპატიმრეს და დახვრიტეს პაოლოს განუყრელი მეგობარი ტიციან ტაბიძეც. ასევე დააპატიმრეს და დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი.

კოლაუ ნადირაძე, რომელიც ამ რეპრესიებს ცოცხალი გადაურჩა, პაოლო იაშვილზე მოგონებებში წერს:

ვზივარ ჩემს ოთახში განვლილი ოთხმოცდაათი წლის სიმძიმით ოდნავ დაღლილი და ვფიქრობ იმაზე, თუ რარიგ ადვილი ყოფილა, რარიგ შესაძლებელი, შეინარჩუნო ხელშეუხებლივ ადამიანობა, გახადო იგი სათაყვანებელ საგნად და შეეწირო შენს ხალხს შენი სინდისით, შენი უანაგრო სიყვარულით და პოეტური შთაგონებით გამთბარი!..

ამ გაზაფხულზე ისევ მოგიტან შენ საყვარელ ბროწეულის ყვავილს! შენს საფლავზე!..“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG