და ასე დაუსრულებლად, რადგან სიზიფე ჰადესშია, ჯოჯოხეთი კი უცვლელობის ადგილია.
ალბერ კამიუ სიზიფეს მითში ადამიანური ეგზისტენციის ტრაგიკულ მეტაფორას ხედავდა - ყოფიერების ამაოების მიუხედავად, ის რომ მაინც ცდილობს ქმედებას, რადგან უმოქმედო ადამიანი იქნებ არც იწოდება ადამიანად...
განა ჟან-პოლ სარტრიც იმავეს არ გვამცნობს თავის კლაუსტროფობიულ პიესაში No Exit („ცხრაკლიტული“), ჯოჯოხეთი რომ უმიზნობას ნიშნავს, ჩარაზული ოთახიდან გაუსვლელობას, წინსვლისა და მოძრაობის ატროფიას, ფუნქციის გაქრობას უსარგებლო ცნობიერების შენარჩუნების სანაცვლოდ...
Your browser doesn’t support HTML5
სარტრის ცოცხალი (სინამდვილეში, უკვე მკვდარი) პერსონაჟები ერთ სივრცეში არიან გამოკეტილი და ვერც ერთმანეთს ეხსნებიან და ვეღარც გასვლას ახერხებენ ცხრაკლიტულიდან, რადგან ახლოს მყოფი სხვებისგან დაუხსნელობისა და გაუსვლელობა-უმოძრაობის განაჩენი ჯერ კიდევ სიცოცხლეში გამოუტანეს ერთმანეთს.
უმოძრაობის კოშმარზეა სემუელ ბეკეტის შედევრიც, „გოდოს მოლოდინში“, სადაც ორი დეპრესიული გმირი სიტყვიერად არაერთხელ გადაწყვეტს უდაბური ადგილიდან დაძვრას - წავიდეთო, - მაგრამ ნაბიჯის გადადგმას კი ვერცერთი ვერ ბედავს, ვაითუ გოდო მოვიდესო. არადა, გოდო არ მოდის, რადგან გოდო (God?) ჯოჯოხეთში აღარასდროს ჩამოვა, ორ სახარებისეულ ავაზაკს დაუსრულებლად მოუწევს საუკუნესავით გაჭიმული უძრაობის ბეკეტისეულ პაუზაში ყოფნა.
სიკვდილიც კი ცვლილებაა (ე. ი. მოვლენა) ვაგნერის ოპერის გმირი მფრინავი ჰოლანდიელისთვის, რომელიც თავისი უკვდავებით არის დაწყევლილი.
სიზიფეს, გოდოს თუ სხვათა ხსენების შემდეგ, მიწაზე მძიმედ დანარცხებად მესახება ჩვენს ისტორიულ თუ პოლიტიკურ რეალობამდე დასვლა, მაგრამ ამ უცვლელობას, რაშიც ჩვენ ვართ, უთუოდ დაკრავს ჯოჯოხეთური ელფერი, რადგან უკვე დიდი ხანია აღარაფერი იცვლება და თუ იცვლება - იმიტაციით, ცვლილების მდარე ილუზიის შესაქმნელად, როგორც ეს სიზიფეს მითშია, თუმცა სიზიფე ამაოდ ირჯებოდა მაინც, შრომობდა, აქ კი გარჯაც კი არაა, ლოდებივით გვაგორებენ აღმა-დაღმა...
მმართველი, რომელიც არ მართავს, ისევ უმართავად განაგებს ქართულ უცვლელობას - აგერ, თავის თოჯინურ წყვილსაც ბეკეტის ორი პერსონაჟივით ათამაშებს მკაცრად მონიშნულ ტერიტორიაზე: „ახლა შენ წინ წახვალ, მმართველი გახდები, შენ უკან დაიხევ, მმართველობას დაკარგავ, მაგრამ ნაბიჯს არავინ და არსად გადადგამთ - არც წინ, არც უკან“.
და, პარადოქსია, ცვლილების ეს იმიტაცია, ანუ უცვლელობის არსებული მარაზმი შესაძლოა სტაბილურობის განცდასაც კი უჩენდეს უმრავლესობას, რადგან, მართალია, შვება და წინსვლა არაა, მაგრამ უსაშველოც თითქოს არაფერი ხდება - რა ეპოქაშიც ვართ, ის რეალობაა ჩვენს უმოძრაოდ გატრუნულ, ლოდადქცეულ საქართველოშიც.
გასასვლელის თავზე კი ჯერჯერობით ისევ მელანქოლიურად ბჟუტავს შეჩვეული წარწერა: No Exit...
ვერც წინ მივიწევთ და აღარც უკან დაბრუნება გვინდა.
ჰოდა, ბეკეტის პერსონაჟის არ იყოს: „სულ ასე იქნება, ეს განაჩენია?“
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.