უსაფრთხო გზები ველოსიპედისტებისთვის

თბილისში ველო მოყვარულებმა პატივი მიაგეს დაღუპული ველოსიპედისტის ხსოვნას, რომელსაც 28 იანვარს ველოსიპედით სიარულისას მანქანა დაეჯახა.

თბილისში ზოგ ადგილზე ავტომობილები 50-60 კმ/საათ სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილდებიან. ტრანსპორტის სპეციალისტი, გელა კვაშილავა ამბობს, რომ კვლევების თანახმად ასეთ შემთხვევაში ავარიის დროს ქვეითებისა და ველოსიპედისტების დაღუპვის რისკი 80 პროცენტამდეა. ხოლო თუ ავტომობილები 50 კმ/საათ სიჩქარეზე ნელა მოძრაობენ, ავარიის დროს გადარჩენის შანსი 70 პროცენტამდე იზრდება.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი 2 წელია, რაც თბილისში თითქმის ყოველ დღე მოძრაობს ველოსიპედით.

ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის თქმით ამისთვის საკმაოდ ძლიერი ნერვებია საჭირო, რადგან მძღოლების დიდი ნაწილი ველოსიპედისტების მიმართ მტრულადაა განწყობილი: „ახლაც, ამ აქციეზე რომ მოვდიოდი, გზაში ერთ-ერთმა მძღოლმა შემაგინა. ჩემთვის აქ მოსვლა არის პოლიტიკური პროტესტი. უარს ვამბობ მანქანაზე, ვფიქრობ, რომ ნაკლები მანქანა უნდა იყოს ამ ქალაქში და მგონია, რომ ამას ვემსახურები ველოსიპედით სიარულისას.“

მარიკა ჯამასპაშვილი: „ხანდახან, ალბათ გოგო რომ ვარ და ველოსიპედით დავდივარ გზის ნაპირთან, მანქანები მიახლოვდებიან, მისიგნალებენ ან მაშინებენ. მინდა, რომ ასე აღარ ხდებოდეს.“

თბილისში სპეციალურად გამოყოფილი ველო ბილიკი მხოლოდ პეკინის გამზირზეა. ველოსიპედისტებს უნდათ, რომ ქალაქი მეტად იყოს ადაპტირებული ამ ტრანსპორტისათვის.

ირაკლი გელეიშვილი 2 წელია, თბილისში რეგულარულად მოძრაობს ველოსიპედით.

ირაკლი გელეიშვილი: „ზოგი ამბობს, თბილის რელიეფი არ არის ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი არ არისო. არ არის ასე, უბრალოდ გადართავ დაბალ სიჩქარეში და ცოტა ნელა, მაგრამ მაინც მიხვალ იმ ადგილას სადაც გინდა.“

მარიამ დარახველიძე: „დილას სამსახურში რომ გავდივარ ვლოცულობ, რომ სახლში ცოცხალი დავბრუნდე“.

რადგანაც, ველო ბილიკები არ არის, ველოსიპედისტებს სიარული გზის განაპირას ან ტროტუარზე უწევთ, რაც მოუხერხებელი და საშიშია.

ტრანსპორტის სპეციალისტი, გია კაკაჩია ამბობს, რომ თბილისში შესასწავლია ე.წ. შავი წერტილებიც, ანუ ადგილები გზებზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება უბედური შემთხვევები.

გუგა დუდუჩავამ ველოსიპედის ტარება სულ 1 წელია ისწავლა, თუმცა აქციას მაინც შეუერთდა.

„ველოსიპედი არის ჩვეულებრივი ტრანსპორტი. თუ ვამბობთ, რომ ავტომობილების რაოდენობა უნდა შემცირდეს, მაშინ მერიამ, ქალაქის მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ ტრანსპორტის განვითარებას“.

მანუელ სალგადო თბილისში 2018 წლის მარტიდან ცხოვრობს და ველოსიპედით სიარულისას უკვე რამდენჯერმე მოხვდა სახიფათო სიტუაციაში:

„თუ ველოსიპედისტებს საშიშროების გარეშე გადაადგილება შეეძლებათ, თბილისი უფრო ადამიანური ქალაქი გახდება არამარტო ველოსიპედისტებისათვის, არამედ ყველასთვის.“

ველო მოყვარულები ამბობენ, რომ ველოსიპედით სიარულისას განსაკუთრებული კონცენტრაციაა საჭირო - ყველაფერი უნდა გათვალო, რომ საშიშროება თავიდან აირიდო. თუმცა არანაკლებ ყურადღებით უნდა იყვნენ ავტომანქანების მძღოლებიც.

ზაზა სუხიტაშვილი, რომელიც ორწელიწად-ნახევარზე მეტია, თბილისში თითქმის ყოველ დღე მოძრაობს ველოსიპედით, ამბობს რომ ეს ყოველ დღე უფრო და უფრო რთული ხდება:

„ჩვენ ძალიან ცოტა ველო ბილიკი გვაქვს, ველოსიპედით გადაადგილება იმდენად რთულია, რომ არის საშიშროება კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპოს.“

აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ ადამიანის დაღუპვა სიგნალი იქნება ქალაქის მთავრობისთვის რათა მეტი ყურადღება მიექცეს უსაფრთხოებას თბილისის ქუჩებში.