უკრაინის სანქციების სიაში შეტანილი საქართველოს ორი მოქალაქე კიევისგან პასუხს ითხოვს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა დღეს დილით რადიო თავისუფლებისგან შეიტყო, რომ ის იმ 848 ფიზიკურ პირს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც უკრაინამ სანქციები დაუწესა ქვეყნის საწინააღმდეგო სხვადასხვა სახის მოქმედებისთვის. მას შემდეგ, რაც ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზეც გადაამოწმა და ვერ ნახა განმარტება, თუ რატომ შეეხო მას უკრაინული სანქცია, ამ ფაქტს უცნაური და გაუგებარი უწოდა, რადგანაც ის არასოდეს ყოფილა უკრაინაში.

მერაბ ხალვაში ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს სევასტოპოლში 2017 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ანტიკური პერიოდის შესახებ. რექტორის ინფორმაციით, კონფერენცია ტარდებოდა უკრაინის ყირიმში მდებარე ტავრიის ხერსონესის მუზეუმ-ნაკრძალში და იქ მოხსენებისთვის მიიწვიეს, როგორც ანტიკურობის მკვლევარი და ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი, თუმცა მან კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა:

„ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩემი დამოკიდებულება მაქვს და მეორე, ის, რომ იქ მონაწილეობდა „რუსეთის ანტიკურობის ასოციაცია“. ამიტომ ჩვენ არ გავუგზავნეთ მოხსენებითი ბარათი და არც მონაწილეობა მივიღეთ. რა თქმა უნდა, არ ჩავსულვარ ამ მიზეზების გამო. ეს არის სრული გაუგებრობა და მე ვფიქრობ, რომ თითოეულ სახელმწიფოს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა როცა ადგენენ ასეთ აქტს. მე ვაპირებ მივმართო ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის საელჩოს უკრაინაში“.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ განმარტებისთვის მიმართავს აგრეთვე უკრაინის საელჩოს საქართველოში, რისთვისაც ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს.

ასეთსავე მიმართვას ამზადებს მეორე ქართველი მეცნიერი, რომელსაც სანქციები შეეხო. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა მირანდა თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ რამდენიმე წლის წინ სევასტოპოლიდან მიიწვიეს საერთაშორისო კონფერენციაზე, თუმცა მასში მონაწილეობა არც უფიქრია, რადგან ითვალისწინებს უკრაინის სახელმწიფოს ინტერესებს.

მირანდა თურმანიძე ამბობს, რომ მიმწვევს აინტერესებდა, თუ რაზე მუშაობდა, ამიტომ ერთადერთი, რაც საპასუხოდ გაგზავნა, იყო აბზაცი იმის შესახებ, რომ მუშაობს შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილ ანტიკური ხანის სამკაულებზე:

„რუსეთ-უკრაინას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ჩვენც ასეთივე მდგომარეობაში ვართ და ჩვენ თავისთავად ვითვალისწინებთ უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, არც გვიფიქრია, რომ უნდა წავსულიყავით. უპირველესად მივმართავ უკრაინის საელჩოს საქართველოში, გავარკვევ მდგომარეობას. ასე, ჰაერზე, ადამიანი გამოაცხადო არასასურველ პერსონად, მე ვფიქრობ, ცოტათი უხერხულია“.

თბილისში, უკრაინის საელჩოში, რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათ ჯერ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ მიუღიათ ოფიციალურად პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სანქციების სია. საელჩოში უარი განაცხადეს ოფიციალურ კომენტარზე, ელჩის ადგილზე არყოფნის გამო, თუმცა დაადასტურეს, რომ ქართული მედიით უკვე შეიტყვეს ამ სიაში მირანდა თურმანიძისა და მერაბ ხალვაშის მოხვედრის ამბავი. როგორც საელჩოს წარმომადგენელმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, თუ მირანდა თურმანიძე და ნოდარ ხალვაში მიმართავენ და წარმოადგენენ დამადასტურებელ ინფორმაციას, უკრაინის საელჩო საქართველოში დაეხმარება მათ, რომ სათანადო კომპეტენტურმა ორგანოებმა უკრაინაში დროულად და ოპერატიულად მიიღონ ეს ინფორმაცია, გაერკვნენ სიტუაციაში და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 20 მარტს მოაწერა ხელი ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო სანქციები დაუწესდა 294 იურიდიულ და 848 ფიზიკურ პირს, მათ შორისსაქართველოს ორ მოქალაქეს.

სანქციების მიზეზებად დასახელებულია:

  • ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა;
  • უკრაინის სამხედრო გემებისა და მეზღვაურების დატყვევებასთან კავშირი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგნიზებისა და ჩატარებისთვის ხელშეწყობა;
  • ყირიმში უკანონოდ ჩასვლა;
  • ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება;
  • უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება.

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაბლოკვას.