უკრაინის სამხედრო უწყება საკადრო წმენდის და კორუფციული სკანდალის სამიზნეში

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიური

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიაჩესლავ შაპოვალოვი, ამ რანგის ჯერჯერობით  ბოლო თანამდებობის პირია, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალ ეშელონებში დაწყებულ საკადრო წმენდას შეეწირა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინაში თანამდებობა დატოვა ექვსმა მინისტრის მოადგილემ და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხუთმა ხელმძღვანელმა. ევროკავშირი მიესალმება იმ ფაქტს, რომ უკრაინის ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება ჩინოვნიკების მისამართით გამოთქმულ კორუფციის ბრალდებას. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენელი, ანა პისონერო, იმედოვნებს, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის მიღების პროცესში ქვეყანაში კიდევ უფრო გაგრძელდება მაღალ ეშელონებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ასევე ნახეთ ევროკომისია კიევისგან მოითხოვს მეტ ძალისხმევას კორუფციის ფაქტების გამოსავლენად, უკრაინაში თანამდებობა დატოვა მინისტრების ექვსმა მოადგილემ

ბოჰდან ხმელნიცკი, ვიაჩესლავ შაპოვალოვი და სხვები

როგორც მოსალოდნელი იყო, ომში მყოფ ქვეყანაში ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის გათავისუფლება, რომელიც პასუხს აგებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფასა და მომარაგებაზე.

სკანდალი კი მოჰყვა გამოცემა Zn.ua-ს მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცებისთვის კვებისა და სხვა სახის პროდუქციის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გამოქვეყნებას, რომლის თანახმად, უწყება პროდუქციას საბითუმო ფასებთან შედარებით საგრძნობლად მომატებულ ფასად ყიდულობდა.

ასევე ნახეთ რუსეთთან ომი და კორუფცია - უკრაინის ბრძოლა ორ ფრონტზე

ბრალდებებს 22 იანვარს, კვირას გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო და საგამოძიებო სტატიაში ასახულ ფაქტებს წინასწარ გამიზნული ტყუილი უწოდა. ამასთან, უკრაინული მედიის თანახმად, რეზნიკოვის უწყება ლაპარაკობდა შესაბამისი მასალების მომზადებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაგზავნის გეგმაზე - „ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების“ ფაქტის შესასწავლად. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა „წინასწარ განზრახული მანიპულაციის ნიშნებით“, რაც „დაბნეულობას იწვევს“.

მაგრამ 24 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, თავისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შაპოვალოვის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ღირსეული და ევროპული და დემოკრატიული ტრადიციების შესაბამისი საქციელია და აჩვენებს, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა და სავარძელზე მაღლა დგას.

ასევე ნახეთ თანამდებობა დატოვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ

მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე მხოლოდ ვიაჩესლავ შაპოვალოვის გათავისუფლებით არ ამოიწურება. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, 24 იანვარს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ნოვიკოვმა, თავდაცვის მინისტრს მოუწოდა, რომ დაიწყოს სამსახურებრივი გამოძიება სამხედრო უწყების შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ბოჰდან ხმელნიცკის მიმართ.

თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის მისამართით გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს უფროსი აუცილებლად მიიჩნევს სამსახურებრივი გამოძიების დაწყებას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მიმართ, რათა დადგინდეს, თუ რატომ მიაწოდეს ნაციონალურ სააგენტოს „არასათანადო ინფორმაცია უწყების მიერ ჩატარებული აუდიტორული ანგარიშის შესახებ“.

ალექსანდრ ნოვიკოვის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური სააგენტო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში იკვლევდა კორუფციულ რისკებს სამხედრო უწყების საქმიანობაში, რისთვისაც თხოვნით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, მიეწოდებინათ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ასლი.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს მოთხოვნის პასუხად, ბოჰდან ხმელნიცკიმ მოგვწერა წერილი, რომელშიც აცხადებდა, რომ ასეთი ანგარიში არ არსებობს და მას არ შეუძლია მისი გაგზავნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს მოხელე ხელწერილის ქვეშ გაეცნო აღნიშნულ ანგარიშს დიდი ხნით ადრე, ვიდრე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს მისწერდა, რომ ანგარიში არ არსებობს და მას ვერ მიაწვდის“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს მიმართვაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

„სამხედრო უწყება ყველა ტენდერს ელექტრონული წესით ჩაატარებს“

ამასთან, როგორც თავდაცვის სამინისტროში, ისე სხვა უწყებებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ნორმალურ პროცესს უწოდებენ დამოუკიდებელი უკრაინელი ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ომის დროსაც კი აუცილებელია ფულის გაკეთებისკენ მიდრეკილი ბიუროკრატების შეჯანჯღარება.

„თუ გამოაშკარავდება, რომ სამინისტრო პროდუქტებს მართლაც გაზრდილი ფასებით იძენდა, დარწმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან ისინი, ვინც ეს დაუშვა. თუმცა, ამ პროცესების პირდაპირ შედეგად იქცა დღეს (24 იანვარს) უკრაინის პარლამენტში შემუშავებული ახალი კანონი „თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შესახებ“, რომელშიც ნათქვამია, რომ ელექტრონული შესყიდვით და ელექტრონული ტენდერებით უნდა მოხდეს ყველა შესყიდვა, გარდა საიდუმლოსი. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში შემოღებულ იქნა სამხედრო მდგომარეობა, ელექტრონული შესყიდვები საგანგებო პერიოდში გაუქმდა. ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა კორუფციულ ქმედებებს. ახლა, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ასეთი ქმედებები შეუძლებელი გახდება ან მინიმუმამდე დავა“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს დამოუკიდებელმა უკრაინელმა ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო „ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების“ ფაქტის შესასწავლად, შესაბამისი მასალების მომზადებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მათ გაგზავნას გეგმავდა. უკრაინელი ექსპერტებისთვის ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ოლექსეი რეზნიკოვი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ ისინი კატეგორიულად არ იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ კორუფციაზე ლაპარაკი და ასეთი ფაქტების მხილება თითქოს ზიანს აყენებდეს ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს და ასუსტებდეს უკრაინელი ხალხის შესაძლებლობას, განაგრძოს ომი რუსეთის წინააღმდეგ.

მიხაილო სამუსი

„მე ვფიქრობ, რომ პირიქით. როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში დროულად ააშკარავებენ კორუფციის მცდელობას და, მით უფრო, შეიარაღებული ძალებისთვის ზარალის მიყენების მცდელობას, - ეს აძლიერებს ხალხისა და ერის შესაძლებლობას, რომ განაგრძოს ეფექტიანი ომი. მით უფრო, რომ უკრაინას ახლა ძალიან ბევრი ქვეყანა ეხმარება ფინანსებით, ტექნიკითა და სხვა საშუალებებით და მიმაჩნია, რომ ასეთი ფაქტები, თუ ისინი ნამდვილად მოხდა, ყველაზე უფრო მკაცრად უნდა იქნეს დასჯილი. რადგან ამ ვითარებაში ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლინება ჩრდილს მიაყენებს მთელ უკრაინას და მთელ ხალხს. ეს კი დაუშვებელია“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

  • "უკრაინამ მომავალში მეტს უნდა მიაღწიოს კორუფციის გამოვლინების საქმეში", აცხადებს ევროპის კომისია და, ამავე დროს, მიესალმება კორუფციაში ბრალდებების გამოძიებას, - განაცხადა კომისიის პრესმდივანმა, ანა პისონერომ. ის არ შეხებია უკრაინაში მთავრობის წარმომადგენლების ბოლოდროინდელ გადადგომას, რაც კორუფციის სფეროში გამოძიებას უკავშირდება. თუმცა თქვა, რომ ანტიკორუფციული ზომების გატარება მნიშვნელოვანი პირობაა საფინანსო დახმარებისთვის, ასევე ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებისთვის.
  • კომისია მჭიდრო კავშირშია კიევთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კიევისთვის მიწოდებული დახმარების სასარგებლოდ გამოყენება, განაცხადა პრესმდივანმა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კორუფციის შესახებ ევროკავშირის ანგარიში კრიტიკულია, კომისია ცდილობს დაიცვას უკრაინა მიღწეული წინსვლის გამო.
  • ევროკავშირმა უკრაინას გასულ კვირაში გადაურიცხა 3 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი. წლის ბოლომდე ეს თანხა 15 მილიარდი ევროთი უნდა გაიზარდოს.