რუსეთის ხელისუფლებაში, ეკლესიაში, იდეოლოგების, პროპაგანდისტების ფლანგზე თუ არმიაში - უკვე შეხმატკბილებულად ლაპარაკობენ უკრაინაში სატანის მიმდევრების დევნისა და ანტიქრისტეს გამოჩენის წინააღმდეგ „წმინდა ომის“ აუცილებლობაზე.
მაგრამ პუტინის გეგმით წამოწყებული და პრობლემებით დამძიმებული ომისთვის ახალი, საკრალური შინაარსის მინიჭება, ექსპერტების თვალით, ჯერჯერობით ვერ ამართლებს. რუსი ორატორები ტერმინებსა და ცნებებში იბნევიან.
ეშმაკების დევნა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე, ალექსანდრ პავლოვი თავის სტატიაში წერს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სულ უფრო აუცილებელი ხდება უკრაინის დესატანიზაცია. უკრაინელების სატანისტურ გამოვლინებებს კი ის - „რუსების დახოცვის მოწოდებებსა“ თუ „ჯადოს გაკეთებაში“ ხედავს.
პავლოვი წერს, რომ ეთანხმება ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინიციატივას უკრაინის „დეშაითანიზაციის“ შესახებ და თუკი საერთო სურათს გადავხედავთ, დესატანიზაციის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია თავად პრეზიდენტ პუტინის, რუსეთის ეკლესიისა თუ კრემლის იდეოლოგების მესიჯებთან.
რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი წერს, რომ უკრაინელებმა სატანის გზაზე სიარული 2013-2014 წლებში დაიწყეს, როცა რევოლუციის შემდეგ, თითქოს, უარი თქვეს „მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და ფასეულობებზე“.
რას ნიშნავს ეს?
ანალიტიკოსები, უკრაინასა თუ რუსეთში, თვლიან, რომ „სატანისტურ ძალებთან ბრძოლისა“ და „წმინდა ომის“ ლოზუნგების შემოღება რუსეთში პრობლემური და ხმაურიანი მობილიზაციის გამო გახდა აუცილებელი; მაშინ, როცა უკრაინაში დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გეგმამ არ გაამართლა.
ტარას ზაგოროდნი - პოლიტტექნოლოგი და ექსპერტი, იუთუბარხ „თებერვლის დილას“ ეუბნება, რომ პუტინის მიერ წამოწყებული ომისთვის "ახალი შინაარსების" მოძებნა გახდა საჭირო, რადგან ხალხის მასებში ბრძოლის ჟინი ვერ გააღვიძეს.
„შეაგროვეს ბევრი მობილიზებული ადამიანი და მათ შორის ბევრი აღმოჩნდა მუსლიმი... რუსეთის პროპაგანდა ცდილობს ამ ყველაფრის „წმინდა ომად“ წარმოჩენას (როგორც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სიმღერაშია)... კადიროვმაც თქვა მუსლიმების გასაგონად - ეს „წმინდა ომიაო“, მაგრამ მუსლიმები ამბობენ - ჩვენი რწმენით, „წმინდა ომი“ ურწმუნოთა წინააღმდეგ ომიაო... მოკლედ, წარუმატებელი იქნება ეს მცდელობა. მათთვის [მუსლიმებისთვის] გაუგებრად რჩება, რატომ უნდა იომონ უკრაინაში, როცა ისტორიულად არასდროს ჰქონიათ მტრობა უკრაინელებთან“, - ამბობს ექსპერტი.
სპონტანური ცვლილებებისთვის მზად არ აღმოჩნდა თავად ის ხალხი, რომლისთვისაც "ომის ახალი შინაარსი" მოიგონეს. კონფლიქტი ერთხელ უკვე იარაღის ძალით „გადაწყდა“ მას შემდეგ, რაც მობილიზებულთა მეთაურმა, „წმინდა ომის“ სახელით, მუსლიმების წინაშე ალაჰი შეურაცხყო. გავრცელებული ცნობებით, ბელგოროდის რაიონში, სოლოტის დასახლებაში მდებარე სამხედრო პოლიგონზე 13 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. მოკლულთა შორის ეს მეთაურიც არის.
ასევე ნახეთ ვინ და რატომ მოაწყო სისხლისღვრა სოლოტის პოლიგონზე?უკრაინის დესატანიზაცია, სოციალურ ქსელებში, უკრაინელებს სახუმარო თემად ექცათ. დეეშმაკიზაცია, დელუციფერიზაცია, დედემონიზაცია, დეანტიქრისტეზაცია - უკრაინელები წერენ, რომ დღეს ყველაზე მეტად სწორედ უკრაინას სჭირდება პუტინის ბრძანებით შესეული ავი სულებისგან გათავისუფლება.
„ცისა და ჯოჯოხეთის ომი“ - პატრიარქი კირილი, დუგინი
25 ოქტომბერს, მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების 24-ე ყრილობაზე („მართლმადიდებლობა და მსოფლიო 21-ე საუკუნეში“), რუსეთის პატრიარქმა, კირილმა პრეზიდენტ პუტინს ანტიქრისტესთან მებრძოლი უწოდა.
მისი ლოგიკით - პუტინი ებრძვის ერთპოლუსიან მსოფლიოს და თუკი გლობალიზაცია გაიმარჯვებს, გამოჩნდება ანტიქრისტე, როგორც აპოკალიფსის წინაპირობა; სამყაროს დასასრულის შეჩრება კი მხოლოდ „უმრავლესობის დიქტატურას“ შეუძლია, რომელიც ხმის უფლებას არ მისცემს უმცირესობას, მაგალითად - ლგბტ თემს.
„ბევრ დასავლურ ქვეყანას შურს, რომ რუსეთს ღიად მორწმუნე ლიდერი ჰყავს... დასავლეთში ხომ რწმენაზე ლაპარაკი არ არის მიღებული“, - პატრიარქ კირილის სიტყვებს რუსეთის მედია ავრცელებს.
ყრილობაზე ალექსანდრ დუგინიც გამოვიდა - ულტრანაციონალისტი იდეოლოგი და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიჩნეული ფილოსოფოსი.
მან თქვა, რომ უკრაინაში „ცისა და ჯოჯოხეთის ომი“ მიმდინარეობს. დუგინის საკრალური და ბევრისთვის უაზრო განზომილებებით, ეს ომი შესაძლოა კაცობრიობის ბოლო ომი იყოს და ღმერთის სახელით რუსეთმა უკან არ უნდა დაიხიოს.
„დღეს ერთმანეთს ეჯახება ორი იდეა... ანგელოზები და დემონები... ბრძოლის ველი ზუსტად უკრაინაა. ერთი მხრივ ვართ ჩვენ - წმინდა რუსეთი და ჩვენ წინააღმდეგ არის აბსოლუტური, ისტორიული, მსოფლიო ბოროტება... ამიტომ სულ უფრო ხშირად ვლაპარაკობთ არმაგედონზე, ჟამთა დასასრულზე და აპოკალიფსზე. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. ჩვენ ვმონაწილეობთ ბოლო, ან შესაძლოა - ბოლოს წინა, ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში... შეუძლებელია ომის მოგება სულიერი, იდეოლოგური, ინტელექტუალური განზომილების გარეშე... შეუძლებელია ღმერთის დახმარების გარეშე მოვუგოთ მათ, ვისაც დღეს ჩვენ ვერბრძვით“, - ამბობს დუგინი ემოციურად.
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლური იდეოლოგია სატანიზმის ნიშნებს იძენს
რადგან უკრაინასთან ომში მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ არიან გაწვეული, დუგინი შეეცადა, რომ რაღაცნაირად სხვა კონფესიებიც ეხსენებინა:
„ჩვენ ვერასდროს გავიმარჯვებთ, თუკი არ შევინარჩუნებთ ჭეშმარიტებას; თუკი არ შევინარჩუნებთ სრულ სიმრთელეს ქრისტიანული.... სხვა ტრადიციული კონფესიების რელიგიური სწავლებისა... თუკი არ შევინარჩუნებთ საღმრთო ვერტიკალს... აი რა არის ყველაზე მთავარი... შესაბამისად, მეცნიერებაც, პოლიტიკაც, კონსტიტუციაც და ჩვენი იდეოლოგიაც ამ ვერტიკალიდან გამომდინარე უნდა აშენდეს“.
გამოსვლის დროს დუგინმა გაიხსენა პუტინის მიერ 30 სექტემბერს ნათქვამი სიტყვები, რომ დასავლეთის ცილივილიზაციას სატანიზმის ნიშნები აქვს. „ეს არ არის მეტაფორა“ - ამბობს დუგინი.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა, დასავლეთის მიერ სანქცირებულმა ვლადიმირ სოლოვიოვმა, 25 ოქტომბერს, უკრაინაში მიმდინარე ომს „სახალხო ომი“ უწოდა; თქვა, რომ ეს ყველას საქმე გახდა და რუსეთის თითოული მოქალაქის ვალია წავიდეს ომში; დეზერტირებს კი - ლარსისკენ [ანუ საქართველოსკენ] აქვთ გზა ხსნილიო.
„ღიად მორწმუნე“ პუტინი
თავად პუტინი კარგა ხანია საკრალური სცენარებით ხელმძღვანელობს და მესიის როლის მორგებასაც ცდილობს; თუმცა უკრაინასთან ომის ფონზე, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მისწრაფება კიდევ უფრო მკაფიო გახდა.
რუსი ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ მართლმადიდებელ პუტინს არაამქვეყნიური ბნელი ძალების სჯერა.
ასევე ნახეთ რატომ ეშინია პუტინს იაკუტელი შამანის?პროფესორ ვალერი სოლოვეის არაერთხელ აქვს მოყოლილი ისტორია იმის შესახებ, რომ, უკრაინაში შეჭრის წინ, პუტინის რეზიდენციაში შამანების ჯგუფი მიიყვანეს და პარალელურად, მისი მოთხოვნით, შამანების მეორე ჯგუფი რიტუალს ციმბირშიც ატარებდა. სტუმარი შამანები, სოლოვეის თქმით, პუტინს დაპირდნენ, რომ იოლად „მიაღწევდა დიად გამარჯვებას და მთელ მსოფლიოზე ბატონობას“.
„მაგრამ უკვე მარტში ეს შამანები გაამგზავრეს სულების სამყაროში; მათი თავები კი იმ სახლების ზღურბლთან გამოკიდეს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ... ეს მოხდა მათ დასანახად, ვისი წინასწარმეტყველებებიც არ ემთხვევა რეალურ შესაძლებლობებს“, - ამბობს სოლოვეი „Телеканал Прямий“-ის ეთერში და ამატებს, რომ პუტინი ოქტომბერშიც დაეკითხა შამანებს, რომელთა მომსახურებაც „15 მილიონი დოლარი ჯდება“ და რომლებთანაც ის სულ თავიდან, თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დააკავშირა.
„ვლადიმირ ვლადიმირის ძე [პუტინი] ირაციონალური და ოკულტიზმისკენ, მისტიკისკენ მიდრეკილი რუსული ელიტის სიმპტომური გამოხატულებაა “, - ამბობს სოლოვეი და „სარწმუნო წყაროებზე“ დაყრდნობით ყვება, რომ ბოლო შეხვედრაზე „დასმული შეკითხვა ბირთვულ იარაღს უკავშირდებოდა“. შამანებმა პუტინს უთხრეს, რომ „ხედავენ ცეცხლოვან ჩიტს, რომელსაც მოაქვს - ნგრევა, სიკვდილი და გამარჯვება“, მაგრამ არ დააკონკრეტეს - ვისთვის მოაქვს ეს ყველაფერი.