რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს კრემლში, უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთთან შეერთების საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო დასავლეთის მწვავე კრიტიკას.
„დასავლეთი ეძებდა და ეძებს ახალ შანსს, დაასუსტოს და დაშალოს რუსეთი. მათ მოსვენებას არ აძლევს ის, რომ მსოფლიოში არსებობს ასეთი დიადი ქვეყანა, უზარმაზარი ქვეყანა თავისი ტერიტორიით, ბუნებრივი სიმდიდრით, რესურსებით“.
პუტინის თქმით, დასავლეთის ელიტების დიქტატურა მიმართულია ყველა საზოგადოების, მათ შორის თავად დასავლეთის ქვეყნების ხალხების წინააღმდეგ.
„ეს არის გამოწვევა ყველასთვის, ადამიანის სრული უარყოფა, რწმენისა და ტრადიციული ღირებულებების დამხობა, თავისუფლების დათრგუნვა იღებს უკუღმა რელიგიის, აშკარად სატანიზმის ნიშნებს“, - თქვა პუტინმა. მან სახარების სიტყვები მოიშველია და თქვა, რომ დასავლეთის „ნაყოფი“ „შხამიანია“.
პუტინის სიტყვებით, დასავლეთში „სიმართლე ჩაახრჩვეს მითების, ილუზიებისა და ფეიკების ოკეანეში. ამისთვის იყენებენ ზღვარგადასულ აგრესიულ პროპაგანდას... გებელსივით იტყუებიან: რაც უფრო წარმოუდგენელია ტყუილი, მით უფრო სწრაფად დაიჯერებენ მას. აი, ასეთი პრინციპით მოქმედებენ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დასავლეთში მიჩვეული არიან, „შაბლონით იმოქმედონ, ყველაფერი მოიპოვონ თავხედურად, შანტაჟით, მოსყიდვით, დაშინებით და საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ეს მეთოდები მარადიულად იმუშავებს, თითქოს წარსულში გაქვავდნენ და გაშეშდნენ.“
პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი თავდაჯერებულობა „პირდაპირი შედეგია არა მხოლოდ საკუთარი გამორჩეულობის ყბადაღებული კონცეფციისა, თუმცა ესეც განცვიფრებას იწვევს, არამედ ნამდვილი საინფორმაციო შიმშილისა დასავლეთში“, - დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა გენდერული პოლიტიკა დასავლეთში. მისი თქმით, დასავლეთმა „გააფრინა“ თავისი გენდერული განათლებით.
„დასავლეთი უარყოფს ზნეობრივ ნორმებს, რელიგიას, ოჯახს. განა გვინდა, რომ რუსეთში დედისა და მამის ნაცვლად იყონ მშობელი ნომერი 1, 2, 3? მთლად შეიშალნენ ჭკუიდან, -“ თქვა პუტინმა.
დასავლეთის კრიტიკისას პუტინი შეეხო აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ურთიერთობებს. მისი თქმით, ვაშინგტონსა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობები არის არა მოკავშირეებს შორის ურთიერთქმედება, არამედ „სირცხვილი“.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ, მისი თქმით, აშშ-ს ჯერაც ოკუპირებული აქვს ისეთი ქვეყნების ტერიტორიები, როგორებიცაა გერმანია, იაპონია, სამხრეთი კორეა, ასევე სხვა ქვეყნები.
„ამასთან, ისინი ცინიკურად უწოდებენ მათ თანაბარუფლებიან მოკავშირეებს. საინტერესოა, რა მოკავშირეობაა ეს. მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს უთვალთვალებენ, ამ სახელმწიფოების პირველ პირებთან აყენებენ მოსასმენ მოწყობილობებს, არა მხოლოდ სამსახურებრივ, არამედ საცხოვრებელ შენობებშიც. ეს ნამდვილი სირცხვილია იმათთვის, ვინც ამას აკეთებს, და იმათთვისაც, ვინც მონასავით, უსიტყვოდ და წინააღმდეგობის გარეშე ყლაპავს ამ უხეშობას“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა დასძინა: „საკუთარი ვასალების მიმართ ბრძანებებს და უხეშ შეურაცხმყოფელ მოქცევას ისინი ევროატლანტიკურ სოლიდარობას უწოდებენ, ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობას, ცოცხალ ადამიანებზე ცდებს, მათ შორის უკრაინაში - კეთილშობილ სამედიცინო კვლევებს. სწორედ თავიანთი დამანგრეველი პოლიტიკით, ომებით, ძარცვით მოახდინეს მათ დღევანდელი კოლოსალური მიგრაციული ნაკადების აფეთქების პროვოცირება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
დღეს კრემლში ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.