უკრაინის დახმარება: რატომაა აშშ-ის კონგრესი ჩიხში?

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს კენჭისყრაზე არ გამოაქვს კანონპროექტი, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

უკრაინელებისთვის ომის მესამე წელი მძიმედ დაიწყო - ფულისა და იარაღის მარაგები თავდება. მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ ყველაზე დიდი დონორის, აშშ-ის დახმარება. ამ დროს კი თვეებია, აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის განკუთვნილ $60-მილიარდიან პაკეტს არ ამტკიცებს.

აშშ-ის სამხედრო დახმარების დამტკიცებას კონგრესის ორივე პალატის, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თანხმობა სჭირდება.

ამჟამად, სენატს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ, ხოლო წარმომადგენელთა პალატას - რესპუბლიკელები.

თავდაპირველად, რესპუბლიკელები სენატშიც ბლოკავდნენ უკრაინის $60-მილიარდიან მხარდაჭერას, რომელიც $95-მილიარდიანი პაკეტის ნაწილია და უკრაინასთან ერთად, მოიცავს ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას.

დემოკრატებს სენატში მცირე უპირატესობა აქვთ და ამ პაკეტის დამტკიცებისთვის, მინიმუმ, ცხრა რესპუბლიკელის ხმა სჭირდებოდათ იმ შემთხვევაში, თუ ყველა დემოკრატი დაუჭერდა მხარს.

რესპუბლიკელებმა უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი თავიდანვე მიაბეს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვას - დემოკრატებისგან მოითხოვდნენ, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ, მიეღოთ საზღვრის დაცვის მკაცრი ზომები.

საბოლოოდ, საზღვრის შესახებ შეთანხმება შედგა და დონალდ ტრამპის კრიტიკის მიუხედავად, რესპუბლიკელი სენატორების ნაწილმა მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების პაკეტს.

ახლა კი უკრაინის დახმარება წარმომადგენელთა პალატის თანხმობას ელოდება. ოღონდ პრობლემა ის კი არაა, რომ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერა არ აქვს, არამედ ის, რომ ის საერთოდ არ გამოაქვთ კენჭისყრაზე.

ლიდერი, სპიკერი და პარტია

წარმომადგენელთა პალატის დღის წესრიგის განსაზღვრა სპიკერის პრეროგატივაა. ამჟამად, სპიკერი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, მაიკ ჯონსონია.

სენატის მიერ სამხედრო დახმარების პაკეტის მიღებისთანავე მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში კრახისთვის იყო განწირული.

ამის მთავარი მიზეზი მისი თანაპარტიელები არიან. თავის მხრივ, რესპუბლიკელი სკეპტიკოსებიც ორ ნაწილად იყოფიან. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ამის სანაცვლოდ, კონგრესმა მეტი უნდა გააკეთოს საზღვრის დასაცავად.

მეორე, შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფის წარმომადგენლები კი, უკრაინის დახმარებას საჭიროდ საერთოდ არ მიიჩნევენ.

რესპუბლიკელებში ისეთებიც არიან, ვინც უკრაინის დახმარების დამტკიცებას ისედაც ემხრობა. სწორედ ამიტომ, სკეპტიკოსების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ენდი ბიგსი აღიარებს, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერას მოიპოვებს.

„კენჭისყრაზე რომ გავიდეს, დამტკიცდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ“, - თქვა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა.

მაიკ ჯონსონი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მის თანაპარტიელ კევინ მაკარტის, არჩევიდან სულ რაღაც შვიდ თვეში, რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილის მხარდაჭერით იმპიჩმენტი მოუწყვეს. მათ შორის იყო ენდი ბიგსიც. ამის შემდეგ, ახალი სპიკერის არჩევას სამი კვირა და არაერთი წარუმატებელი მცდელობა დასჭირდა.

ამდენად, ახალი სპიკერი თანაპარტიელების მორიგ ჯანყს უფრთხის.

ბევრია დამოკიდებული დონალდ ტრამპზეც, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში ვერავინ გაუწია სათანადო კონკურენცია.

ტრამპი, ერთი მხრივ, მაიკ ჯონსონს მოუწოდებს, რომ შეთანხმება კენჭისყრაზე არ გაიტანოს, თუ საზღვრის ნაწილი „იდეალური არ იქნება“.

მეორე მხრივ, ტრამპი იმეორებს, რომ უკრაინას დახმარება სესხად უნდა მიეცეს და არც უპირობო უნდა იყოს:

„აღარასდროს უნდა გავცეთ ფული უპირობოდ, ან იმ იმედის გარეშე, რომ დაგვიბრუნებენ. ამერიკის შეერთებული შტატები სულელი აღარ უნდა იყოს!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა 10 თებერვალს საკუთარ სოციალურ ქსელ TRUTH-ზე.

ლენდ-ლიზი - შემოვლითი გზა?

უკრაინელებისთვის საბედნიეროდ, კონგრესში გაჭედილი სამხედრო დახმარების პაკეტი არაა ერთადერთი გზა, რომლითაც აშშ-ს მათი დახმარება შეუძლია.

გასულ დღეებში რესპუბლიკელები კვლავ ალაპარაკდნენ ლენდ-ლიზის პროგრამაზე, რომელსაც ნაკლები ეჭვით უყურებს დონალდ ტრამპი და ზოგიერთი ისეთი რესპუბლიკელი, რომელმაც აქამდე კონგრესში მხარი არ დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ლენდ-ლიზი, რაც სიტყვასიტყვით „თხოვება-იჯარას“ ნიშნავს, პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა. პროგრამის ფარგლებში, აშშ მოკავშირეებს შეუზღუდავად უზრდიდა დახმარებას.

2022 წლის 9 მაისს, ლენდ-ლიზით უკრაინის დახმარებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს დიდწილად სიმბოლური აქტი იყო და ქმედება არ მოჰყოლია.

რატომ? როგორც ვაშინგტონი განმარტავს, დახმარება, რომელსაც უკრაინა აქამდე აშშ-სგან იღებდა, ლენდ-ლიზისგან განსხვავებით უფასო იყო. ამდენად, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციას კონგრესი წინ არ აღუდგებოდა, უკრაინა მეტად მომგებიან ვითარებაში იყო.

ახლა კი რესპუბლიკელი სენატორის, მარკუეინ მალინის თქმით, დახმარების სანაცვლოდ, შესაძლოა, აშშ-მ მიიღოს პირველადი წვდომა უკრაინის სასარგებლო წიაღისეულზე.

მალინი, რომელმაც სენატში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგ მისცა ხმა, ამბობს, რომ უკრაინის დამატებითი დახმარების მომხრეა.

იგივე უთხრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა იმ რესპუბლიკელებს, ვინც არ ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარების გახანგრძლივებას.

13 მარტს თანაპარტიელებთან გამართულ შეხვედრაზე მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ წარმომადგენელთა პალატა სენატს დასამტკიცებლად გაუგზავნის უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს, თუმცა დასძინა, რომ შეიძლება დახმარებას სესხის ან ლენდ-ლიზის ფორმა ჰქონდეს.

„არავის უნდა ვლადიმირ პუტინის გამარჯვება. იმ აზრზე ვარ, რომ უკრაინაზე არ გაჩერდება და ევროპაზე გაიწევს. ჩემი შეხედულებით, გვყავს მართალი და მტყუანი, კეთილი ბოროტის წინააღმდეგ და მსხვერპლი უკრაინაა“, - ეს ისევ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის სიტყვებია.

კიდევ ერთი იდეა, რასაც რესპუბლიკელები განიხილავენ, $300-მილიარდიანი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაა.

ასევე ნახეთ “პუტინს უნდა ეშინოდეს რუსეთის - ქვეყნის, რომელსაც მომავალი წაართვა” - ბილ ბრაუდერი

„სამართლიანი იქნებოდა, რუსებს გადაეხადათ უკრაინისთვის, გადაეხადათ აშშ-ისა და მოკავშირეებისთვის უკრაინის შესაიარაღებლად“, - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა.

მაკრონი: არ დავუშვებთ რუსეთის გამარჯვებას

ვაშინგტონში არსებული დაბრკოლებების ფონზე, ბევრად მკაფიო იყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რიტორიკა 14 მარტს ფრანგული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ვითარების გაუარესების შემთხვევაში, მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი ამ ომს ვერასდროს მოიგებს“, - თქვა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თანახმად, ევროპამ საკუთარ თავს წითელი ხაზები არ უნდა დაუწესოს, რადგან კრემლი ამას სისუსტედ აღიქვამს. მისი თქმით, საფრანგეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში დასავლური ჯარის გადასხმა, თუმცა მან თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისგან, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს.

„ყველა, ვინც [უკრაინის დასახმარებლად] შეზღუდვებს აწესებს, ირჩევს დამარცხებას“, - თქვა პირდაპირ ეთერში ემანუელ მაკრონმა.

ასევე ნახეთ როდის აღმოჩნდება გაყინული რუსული აქტივების გაყიდვიდან მიღებული ფული უკრაინაში?

13 მარტს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 5-მილიარდევროიანი სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ.

“გზავნილი ნათელია - ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყველაფრით, რაც გამარჯვებისთვის დასჭირდება”, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.