„სიკვდილი არ არის საშიში, ვნახე უკვე“ - უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

26 წლის ზურაბ შვანგირაძეს 9 თვის შვილი დარჩა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 26 წლის ზურაბ შვანგირაძე, 19 ნოემბერს დაკრძალეს თბილისში, ვაზისუბნის სასაფლაოზე.

ის 8 ნოემბერს, დნეპრში (უკრაინულად დნიპრო), მეჩნიკოვის სახელობის კლინიკაში, თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც მისი თანამებრძოლი, კოკა მურაჩაშვილი უყვება რადიო თავისუფლებას, ზურაბ შვანგირაძე სექტემბრის მიწურულს, ბახმუტის მიმართულებით, ერთ-ერთი დავალების შესრულებისას დაიჭრა. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს:

„რამდენიმე მებრძოლთან ერთად იმყოფებოდა ოპერაციაზე, ე.წ. შენობის წმენდაზე. სწორედ იქ დაჭრა რუსმა სამხედრომ. სახეში მოარტყა ტყვია. ევაკუაციის შემდეგ დნეპრში, კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა, სამწუხაროდ, მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო“.

ასევე ნახეთ „დრონმა მოგვიკლა სიცოცხლითა და იუმორით სავსე ბიჭი“ - უკრაინაში 24 წლის ლევან ლოხიშვილი დაიღუპა

ზურაბ შვანგირაძე მოტომრბოლელი და ავტომექანიკოსი იყო. უკრაინაში პირველად 2022 წელს წავიდა, თუმცა, მალევე დაბრუნდა საქართველოში, დაქორწინდა და შვილი შეეძინა. 2024 წლის მაისში კი კვლავ უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა და მრავალეროვნულ დანაყოფს, სპეცდანიშნულების რაზმ „შავ არწივს“ შეუერთდა.

ნინო ღაღანიძე ქმარს უკანასკნელად გარდაცვალების წინა ღამეს ელაპარაკა:

„ოთხი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ტყვია ყბა-სახის არეში ჰქონდა მოხვედრილი და საძილე არტერიის სიახლოვეს იყო გამოსული. ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაურთულა. სიცხეები ჰქონდა. წინა ღამესაც, როცა ველაპარაკე, მითხრა, სიცხე მაქვსო“, - უყვება რადიო თავისუფლებას ნინო ღაღანიძე.

მისივე თქმით, ზურაბს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რატომ მიდიოდა ომში:

„უკრაინაში წასვლა, რა თქმა უნდა, ჩემთან შეათანხმა. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. მამაჩემიც სამხედროა, ვიცი, რას ნიშნავს ვაჟკაცი ადამიანისთვის ომში წასვლა და არც კი მიფიქრია, რომ ზურასთვის წინააღმდეგობა გამეწია. წავიდა იმ შემართებით და სულისკვეთებით, რა შემართებითაც დანარჩენი ქართველები იბრძვიან უკრაინაში - საერთო მტრის, რუსეთის დასამარცხებლად.

ბუნებით მამაცი იყო. არ არსებობდა მისთვის ისეთი სირთულე, რომლის დაძლევაც შეაშინებდა. პირიქით, აქეთ ამხნევებდა ხოლმე ყველას. მიზანდასახული იყო. იმ სამხედრო ოპერაციისას, როდესაც დაიჭრა, იმის ნაცვლად, რომ დროულად დაეტოვებინა ბრძოლის ველი, გადაწყვიტა, რომ მაინც გაეგრძელებინა ბრძოლა. მასთან ერთად კიდევ ერთი მებრძოლი დაიჭრა ძალიან მძიმედ, თავში. თავადაც დაჭრილმა ზურამ, საკუთარი ხელით გადაუხვია მას ჭრილობა და გამოიყვანა ბრძოლის ხაზიდან. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქიდან დანაკარგის გარეშე გამოსულიყვნენ. იმ დღეს სწორედ ის მეთაურობდა სამხედრო ოპერაციას“, - ამბობს ნინო ღაღანიძე.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022-2024

„სიკვდილი არ არის საშიში, ვნახე უკვე“, - ეს არის ზურაბ შვანგირაძის უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც მან გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე დაწერა.

ზურაბ შვანგირაძეს 9 თვის შვილი დარჩა.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 70-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია.

ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას