უმძიმეს სამხედრო დანაშაულთან კავშირის გამო მსჯავრდებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის უფროსი სერჟანტი ვიტალი მარკივი 3 ნოემბერს იტალიის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ მისცა შესაძლებლობა ოჯახის წევრებთან ერთად უკრაინაში დაბრუნებულიყო
ამით წერტილი დაესვა ისტორიას, რომელმაც შეძრა მთელი უკრაინა, ქვეყანა, რომლის დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დასაცავად ვიტალი მარკივი ჯერ კიდევ 2014 წელს ჩავიდა კიევში და იქ ცენტრალურ მოედანზე, მაიდან ნეზალეჟნოსტიზე თავშეყრილ მშვიდობიან დემონსტრანტებს შეუერთდა.
პრორუსულად მიჩნეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, რუსეთში გაქცევის შემდეგ ვიტალი მარკივი ნაციონალური გვარდიის რიგებში გაწევრიანდა, როგორც მოხალისე, და სულ მალე ყველაზე რთულ ბრძოლებში მოუწია მონაწილეობა. იგი უკრაინელი გენერლის, სერგეი კულჩიცკის ხელმძღვანელობით, ნაციონალური გვარდიის შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდა პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ.
მაგრამ ევროპაში გაზრდილი უკრაინელი პატრიოტი მალევე ბრალდებული გახდა ისეთ საზარელ დანაშაულში, რის წინააღმდეგაც იგი თავადვე იბრძოდა მაიდანზეც და აღმოსავლეთ უკრაინის ცივ სანგრებშიც.
2014 წელს, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში მიმდინარე ბრძოლების დროს, ნაღმსატყორცნის ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ იტალიელი ფოტოგრაფი ანდრეი როკკელი და მისი რუსი თარჯიმანი, ანდრეი მირონოვი. გამოძიების კვალი უკრაინელ გვარდიელებამდე და პირადად სერჟანტ ვიტალი მარკივამდე მივიდა. იგი იტალიის ბოლონიის აეროპორტში 2017 წელს დააკავეს, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობის ბრალადებით.
„არ მჯერა. მზად ვიყავი უარესისთვის, მაგრამ უკეთესის მოლოდინიც მქონდა. მხოლოდ ერთს ვნატრობდი, რომ იტალიის სასამართლოს მართლაც დაეცვა ამ საქმის სამართლებრივი მხარე. ვფიქრობდი, თუ მოსამართლეები ობიექტურად მოეკიდებიან მტკიცებულებებს და უკუაგდებენ საქმის ემოციურ მხარეს, მაშინ იმედი გამიმართლდებოდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. სამართალმა გაიმარჯვა“, - უთხრა გათავისუფლების შემდეგ უკრაინელმა ჟურნალისტმა რადიოს თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.
თუმცა იტალიის სააპელაციო სასამართლოს წინ ედო სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვა უემოციოდ შეუძლებელი იყო.
„პირველი მსხვერპლი“
იტალიისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სერჟანტი, ვიტალი მარკივი, ბრალდებული იყო უმძიმეს სამხედრო დანაშაულში, ჟურნალისტების დახოცვასთან კავშირში. იტალიელი ფოტოგრაფი, ანდრეი როკკელი, და მისი რუსი თარჯიმანი, ანდრეი მირონოვი, იყვნენ პირველი ჟურნალისტები, რომლებიც პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ომის დროს დაიღუპნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რის გამოც მათ საქმეს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
ბრალდების მტკიცებით, ჟურნალისტები იმ დანაყოფის სროლის დროს დაიღუპნენ, რომელსაც მარკივი ხელმძღვანელობდა. ბრალდების მთავარი მოწმე იყო ფრანგი ჟურნალისტი უილიამ როგელონი, რომელიც როკკელსა და მირონოვთან ერთად მოყვა სროლაში და დაჭრილმა მოახერხა გადარჩენა. ისინი ამ ტრაგიკული ინციდენტის დროს სეპარატისტების მხარეზე იმყოფებოდნენ და იქიდან აშუქებდნენ საბრძოლო მოქმედებას.
განსასჯელის ადვოკატებისასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტები საბრძოლო მოქმედების ზონაში ამოსაცნობი ნიშნების გარეშე იმყოფებოდნენ და ორმხრივ სროლაში დაიღუპნენ.
შარშან იტალიის ქალაქ პავიის პირველი ინსტანციის სასამართლომ დაცვის მხარის ეს არგუმენტები არ გაიზიარა და ვიტალი მარკივს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„მარკივის განაჩენი იყო ნამდვილი შოკი მთელი ქვეყნისათვის თუნდაც იმიტომ, რომ ბრალდება მთლიანად სეპარატისტების პროპაგანდისტულ ტყუილს ეფუძნებოდა. ის, რომ მარკივი ახლა თავისუფალია, სახელმწიფოს დამსახურებაცაა და უფრო მეტად კიდევ იტალიაში მცხოვრები უკრაინული დიასპორის. მისმა წევრებმა შეაგროვეს ფული და იტალიელი მაყურებლისათვის გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, ამ საქმის გარშემო მოახდინეს ლობირება იტალიურ მედიაში“, - ამბობს საინფორმაციო პორტალ „ევროპეისკაია პრავდის“ მიმომხილველი, იური პანჩენკო.
„შემობრუნების მომენტი“
თუმცა იტალიური მედიისა და საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება მარკივისკენ იოლი არ იყო.
2014 წლის 25 მაისს Corriere della Sera-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია იტალიელი ფოტოჟურნალისტისა და მისი თარჯიმნის დაღუპვის თაობაზე. ამ სტატიის საფუძველზე გავიდნენ იტალიელი გამომძიებლები ვიტალი მარკივზე.
ამ საქმის შემდეგ უკრაინაში ნაბრძოლი მოხალისეების ჩასვლა იტალიაში გარკვეული დროის განმავლობაში სარისკო გახდა, ამბობს მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მოქმედი ქართველ მოხალისეთა დანაყოფ „ქართული ლეგიონის“ მეთაური.
„ფაქტიურად, მარკივი არ არის პირველი, ვისაც იტალიაში შეექმნა პრობლემა. ბევრ ჩვენს თანამებრძოლს დაურეკავს იტალიიდან და უთქვამს, რომ დაკავებული იყვნენ იტალიის საზღვარზე უმიზეზოდ, არიან ცუდ პირობებში და უტარებენ ზედმეტ შემოწმებას. რამდენიმე დღის წინ ვნახე სია იტალიური ორგანიზაციების, პატარა-პატარა, კომუნისტური ყაიდის სამოქალაქო ორგანიზაციების. აშკარაა, რომ ისინი რუსეთისგან ფინანსდებიან. ამიტომ არა მარტო მარკივისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მეტ-ნაკლებად ცნობილია უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობის გამო, საკმაოდ საშიშია იტალიაში გადაადგილება“, - უთხრა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მაგრამ 31 წლის უკრაინელი სერჟანტის გასათავისუფლებლად უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც აქტიური საქმიანობა გაიშალა. ვეტერანი მებრძოლები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები მოუწოდებდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაეცვა თავისი მეომრის ღირსება და სიმართლე.
ამ ზეწოლას მალე მოჰყვა შედეგი. ვიტალი მარკივის ადვოკატებს მხარში ამოუდგა უკრაინის სახელმწიფო, რომელმაც სააპელაციო სარჩელი შეიტანა მილანის ტრიბუნალის წინაშე. უკრაინის მხარე აცხადებდა, რომ მარკივს აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ომის დროს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტთან და რომ არ არსებობდა მისი დანაშაულის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი.
3 ნოემბერს მილანის სააპელაციო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს სააპელაციო სარჩელი და დანაშაულის არარსებობის გამო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს 31 წლის უკრაინელი გვარდიელის მიმართ.
იმავე დღეს ვიტალი მარკივმა დატოვა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საპატიმრო, სადაც იგი სხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებთან ერთად მკაცრი რეჟიმის პირობებში იმყოფებოდა წელიწადზე მეტხანს.
„სამართალმა იზეიმა“ , - ასე გამოეხმაურა იტალიის სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ასევე ნახეთ მილანის სასამართლომ გაამართლა უკრაინელი სერჟანტი, ბრალდებული იტალიელი ჟურნალისტის მკვლელობაშიმაგრამ ვიტალი მარკივი აპირებს სამართლიანობისათვის დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და იტალიის მთავრობისგან კომპენსაციის მოთხოვნას ციხეში უდანაშაულოდ გატარებული სამი წლისთვის. ამბობს, რომ არ არის განაწყენებული იტალიაზე, რომელმაც იგი აღზარდა და მისცა ევროპული განათლება.
„მე არ განვიკითხავ იტალიას ცალკეული პირების ქმედებისთვის, რადგან ეს იქნება უსამართლობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც შემიფარა, მომცა განათლება და ევროპაში ცხოვრების შესაძლებლობა. თქვენ მართალი ხართ, მთელი ამ ხნის განმავლობაში მე არასოდეს მქონია ბრაზი იტალიელ ხალხზე. მე არ გავუსამართლებივარ იტალიელ ხალხს, და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ განაჩენი იტალელი ხალხის სახელით გამომიტანა, ბევრი ადამიანი, თუ შეეკითხებით, ნამდვილად გეტყვით, რომ არ იზიარებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ვიტალი მარკივი.
რაც შეეხება უკრაინას, მის მეორე სამშობლოს, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვიტალი მარკივი აღდგენილია სამხედრო სამსახურში და შეუძლია იმსახუროს იქ, სადაც მის სამშობლოს დასჭირდება.
„მე მსურს დავიცვა ჩემი ქვეყანა, ვაკეთო ის, რითაც ჩემი ოჯახის წევრები იამაყებენ. მსურს განვაგრძო ჩემი სამხედრო კარიერა. ჩემი მომავალი მხოლოდ უკრაინაა! მან მომცა მე ის ცეცხლი, რომელმაც გააღვივა ჩემი სიამაყე, ყოველთვის რომ მეუფლება ამ ყვითელ-ლურჯი დროშის დანახვაზე“, - უთხრა ვიტალი მარკივმა რადიო თავისუფლებას.